ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორი არ უნდა იყოს ლიტერატურის მასწავლებელი

(ჯონ აპდაიკის მოთხრობის მიხედვით)

 

დისტანციურმა სწავლებამ და ტელესკოლის პროექტმა უამრავი საფიქრალიც გაგვიჩინა, ფერადი ამბებითაც გაამდიდრა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე, ბევრი უკმაყოფილება და პრეტენზიაც გაჩნდა, როგორც ხდება ხოლმე ყოველი ცოცხალი და მასშტაბური პროექტის ფარგლებში და მაინც… ტელესკოლა არის და დარჩება ჩვენი განათლების აქტუალურ და სასარგებლო პროდუქტად.

ტელესკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფს ჰყავს არაჩვეულებრივი ლექტორი  გია მურღულია, რომელიც, გარდა საინტერესო ლექციებისა, მრავალფეროვან რესურსებსაც გვიზიარებს ხოლმე. მის პროექტებს შორის უაღრესად აქტუალურია „მცირე პროზის“ სერიით მომზადებული მსოფლიო მწერლობის რჩეული მოთხრობების კრებული, თანდართული ავტორთა ბიოგრაფიებითა და გონებამახვილური გზამკვლევებით. თითქმის ყოველდღე ბატონი გია ტელესკოლის ჯგუფში დებს ხოლმე მოთხრობებს. ქართულის მასწავლებლებს ვურჩევ, ეს რესურსი აქტიურად გამოიყენონ, რადგან რამდენჯერაც მოვსინჯე ჩემს მოსწავლეებთან ამ მოთხრობების განხილვა, ყოველთვის ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. ბატონ გიას საგანგებოდ აქვს შერჩეული ტექსტები, რომლებიც ფიქრის, თანაგანცდის, ძიების, ტექსტებზე დაკვირვებისა და ლიტერატურული კვლევების მაპროვოცირებელია.

ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ამ სერიის ერთ ნაწარმოებზე – XX-XXI საუკუნეების ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, ჯონ აპდაიკის მოთხრობაზე „ხვალ, ხვალ და კიდევ ხვალ“.

მოთხრობის ფაბულა ასეთია:  პროფესორი მარკ პროსერი ამერიკული კოლეჯის მეთერთმეტე კლასის ლიტერატურის მასწავლებელია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წელია აწავლის, მოზარდებისა მაინც ვერაფერი გაუგია, აშფოთებს მათი უმართავი ქცევა და უმწეოა მათ წინაშე. „რა ეგენი და რა მგრძნობიარე ცხოველები. ჰაერის პატარა ცვალებადობა და უკვე კარგი ბარომეტრივით არიან მომართულები“, – ფიქრობს ის. მაგალითად, ბრუტ იანგსა და ბარი სნაიდერს ლიტერატურის გაკვეთილი და პროფესორი პროსერი სულაც არ ანაღვლებთ. ხმაურით შედიან კალსში. ბრუტი სკოლის ყოჩია, ხოლო პატარა ბარის მასთან სიახლოვე და საიდუმლოს გაზიარება ეამაყება. შექსპირის პიესისთვის სულაც არ სცხელა. მასწავლებელი ამჩნევს, რომ საუკეთესო მოსწავლის, ჯეფრი ლანგერის პერანგი ვიღაცას დაუთრევია. ჯეფრი მუდამ მასწავლებლის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს მლიქვნელურად. მასწავლებელს ყურადღება გაფაციცებული აქვს გლორია ანგსტორმისკენ და ფიქრობს, ნეტა ის დღესაც უსახელო მოვარდისფრო-ქარვისფერი სვიტერით გამოჩნდება? უცნაურია, მაგრამ მასწავლებლის მეხსიერებას არ შორდება გოგონას „ნატიფი, სალუქი მკლავები, რომლებიც მისთვის ისეთივე ვნების აღმძვრელი იყო, როგორც სიყვარულით მთვრალი ნებიერი ქალის სხეული“. აი, გამოჩნდა კიდეც საოცნებო სვიტერი, მაგრამ გოგონას მთელი ყურადღება წითური პიტერ ფორსტერისკენაა, რომელიც თავგამოდებით ცდილობს მის გაცინებას და გამოსდის კიდეც, რაც მასწავლებელს ამ ბიჭის წინააღმდეგ განაწყობს. მწერალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარკს თავად თმა წაბლისფერი ჰქონდა და წითური კაცები ყოველთვის სძულდა. მასწავლებელმა ბიჭზე იმით იძია შური, რომ შექსპირის „მაკბეტიდან“ პირველი კითხვა პიტერს დაუსვა: ,,იქნებ აგეხსნათ ამ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა – ხვალე ხვალს მოსდევს და წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება!” პიტერი გონებამახვილი ბიჭი იყო, თუმცა მასწავლებელმა გააბიაბრუა მისი მსჯელობები.

პროსერის პრობლემას ავტორი ასე გადმოსცემს: „რამდენჯერ მიუხარებიათ მისთვის კოლეგებს – ბავშვები მასხრად გიგდებენ და შენი გულმავიწყობით მარჯვედ სარგებლობენო“. ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებელს „მაკბეტიდან“ მოსწავლეთათვის გაუგებარი საკითხები აეხსნა და დისკუსია გაემართა, დაიწყო ზოგადი მსჯელობები შექსპირის მთელი შემოქმედების გარშემო და მის სხვა ნაწარმოებს მიადგა. ,,შექსპირის ბოლო პიესა მეტად უჩვეულოა. ჩვენ მას ,,ქარიშხლის” სახელწოდებით ვიცნობთ. შემდეგი სემინარი 10 მაისსა გვაქვს. იქნებ ზოგი დაინტერესდეს და წაიკითხოს. პიესა დიდი არაა”, – გამოაცხადა უგულოდ მასწავლებელმა. მან არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა დარჩენილ დროში. ამ დროს ერთი გოგონა პომადას ისმევდა, კლასი განცხრომაში იყო, ბარი სნაიდერი დაფასთან მაიმუნობდა, პოლონელ სიჯეკს, ღამის ცვლაში ნამუშევარსა და გამოუძინებელს,  ბოლო მერხზე ეძინა. უფუნქციოდ დარჩენილი მასწავლებელი ისევ წითურს მიუბრუნდა, რომელიც გულწრფელად გამოუტყდა, რომ მონოლოგი ვერ გაიგო და მისი ახსნა სთხოვა. მარკმა კი მიუგო, რომ პასუხი თავადაც არ ჰქონდა და ახსნას პიტერისგან მოელოდა. კლასში მასწავლებლის უვიცობით გამოწვეული დამცინავი კმაყოფილება გაკრთა. უადგილო იყო მასწავლებლის სიტყვები: „პოეზია არითმეტიკა არ არის. აქ ვერცერთ ზუსტ პასუხს ვერ ნახავთ. არ მინდა საკუთარი აზრები თავს მოგახვიოთ. ამისათვის როდი ვარ აქ!“

  • ,,მაშ, რისთვისა ხარ აქ?” – თითქოს ჰაერში თავისთავად ისმოდა ეს კითხვა.

მასწავლებელმა იეღოვას მოწმე ტერეზას მიმართა კითხვით. გოგონამ უპასუხა, რომ მაკბეტის მონოლოგი ღრუბლების ჩრდილს აგონებდა. მლიქვნელმა ჯეფრი ლანგერმა ტერეზას დასცინა. მასწავლებელს რეაქცია არ ჰქონია. ის მიუბრუნდა გლორია ანგსტორმს, რომლისთვისაც არადამაჯერებელია შექსპირის გმირი. გოგონას უკვირს, როგორ შეეძლო ომის ქარცეცხლში გახვეულ დაქვრივებულ დედოფალს არტისტული მონოლოგების წარმოთქმა, რაზეც პროსერს პასუხი ისევ და ისევ არ აქვს. მოცემულ ეპიზოდში ნათლად ჩანს მასწავლებლის კომპლექსები და მისი გროტესკული მდგომარეობა: „მარკს თითქოს ბზიკმა უკბინაო, ისე შეხტა. რა საშინელი სიცხადით ხედავდნენ ახლა მას მოსწავლეები, რა სასაცილო იყო მათ თვალში – ცარციანი ხელები, მასიურსათვალიანი ოფოფა, ,,ლიტერატურით” გასიებული თავისი თავი ნათლად დაუდგა თვალწინ… მიხვდა, ბავშვებმა დიდსულოვნად შეიბრალეს. ო, რა აუტანელი იყო მათი სიკეთე, რა შიშისმომგვრელი – მათი თავშეკავება, რწმენა. მაინც როგორ მოითმინეს და კლასიდან სიცილით არ მიაბრძანეს!“

უფუნქციოდ დარჩენილმა მასწავლებელმა საზეპირო გამოჰკითხა ბერნარდ ემილსონს, რომელსაც ცუდი მეტყველება ჰქონდა, მაგრამ პროსერი მაინც ფრიადებს უწერდა, რაც ბავშვების თვალში მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდა.

უცებ მასწავლებელმა შენიშნა, რომ გლორია ანგსტორმი პიტერ ფორსტერს წერილს აწვდიდა, გოგონას ნაზი მაჯა დაუჭირა და წერილი წაართვა. ,,მე მგონი, ცდები. ბატონი პროსერი შესანიშნავი კაცია და საინტერესო რაღაცებსაც გვასწავლის. პოეზია ხომ ნეტარებაა მისთვის. იცი, მიყვარს, გეუბნები, მართლა მიყვარს, კი, ასეა”, – წერდა გლორია. მარკმა წერილი ჯიბეში ჩაიდო და გოგონას გაკვეთილების შემდეგ დარჩენა სთხოვა. პროსერმა გლორია სისულელეში დაადანაშაულა, ხოლო მასწავლებლისადმი მის სიყვარულთან დაკავშირებით წარმოთქვა სრულიად უადგილო ტირადა სიტყვა „სიყვარულის“ გაუფასურებაზე. ის გლორიას გამოუტყდა, რომ მის ასაკში ჯეფრი ლანგერს ჰგავდა, რაც დაუჯერებელი იყო გოგონასთვის. გლორია ტიროდა.

გოგონას წასვლის შემდეგ პროსერმა ფიზკულტურის მასწავლებელ დეივ სტრანქისგან შეიტყო, რომ გლორია მერკ მერჩინსონზე იყო შეყვარებული. ამ ამბავმა პროსერი გააღიაზიანა, დეივს უთხრა, რომ ქალაქში ცოლი ელოდებოდა და თავიდან მოიშორა. დარწმუნებული იყო, რომ გლორია ანგსტორმს მასზე გულწრფელად ეტირებოდა.

მართალია, მოთხრობის ფაბულის გადმოცემა გაგვიგრძელდა, მაგრამ შევეცადეთ საგანგებოდ გამოგვეკვეთა დეტალები, სადაც მასწავლებლის „არამასწავლებლური“ ქცევები ნათლად იკითხება.

  1. მარკ პროსერი ვერ ახერხებს კლასში თანამშრომლობასა და კეთილგანწყობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფას. მას არ ესმის თავისი მოსწავლეებისა, სრულიად გაუცხოებულია.
  2. მასწავლებელს აკლია ტოლერანტობა და ჰუმანიზმი. მას აღიზიანებს განსხვავებული ადამიანები. თავად წაბლისფერთმიანია და წითურები სძულს, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისგან მიუღებელია, ხოლო მასწავლებლის მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად დაუშვებელია. ავტორი ხაზს უსვამს, რომ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოსწავლის მიმართ კლასში შეუფარავი ბულინგის ფაქტი გამოვლინდა და მას ამაზე რეაქციაც არ აქვს.
  3. დანაშაულებრივია მასწავლებლის სექსუალური ლტოლვა მოსწავლისადმი, რასაც გლორიასადმი პროსერის დამოკიდებულება ნათლად ამჟღავნებს. პედოფილია უმძიმესი დანაშაულია.
  4. გარდა ღირებულებების დევალვაციისა, მასწავლებელს პედაგოგიური კომპეტენციის პრობლემაც აქვს – გაკვეთილის არაორგანიზებულობა და დაუგეგმაობა მოსწავლეების თვალში მის კომპრომეტაციას იწვევს, ხოლო როცა მოსწავლეთა ნდობა იკარგება, მასწავლებელი სრულიად ამოვარდნილია სწავლა-სწავლების პოზიტიური კონტექსტიდან.
  5. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი თვისება მასწავლებლისა უნდა იყოს გაკვეთილის დინამიკურად წარმართვისა და ლიდერობის უნარი, რისგანაც მარკ პროსერი დაცლილია.
  6. საგნობრივი კომპეტენციის ფლობა უცილობლად ითვალისწინებს მასალის ნათლად ახსნისა და გადაცემის კომპლექსურ უნარებს. სასწავლო მასალის გადამუშავება და მიწოდება მასწავლებელმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად ეფექტურად, მოახერხოს ცოდნის რეფლექსირება, ინდუქცია და დედუქცია, რათა სასწავლი თემა მრავალმხრივ დაანახოს მოსწავლეებს, თუმცა ჩვენი გმირის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ზოგადი, უსაგნო მსჯელობები და მასალის აუხსნელად მიცემა მასაც და კლასსაც ცუდ მდგომარეობაში აყენებს.
  7. შესაძლოა, ის კარგი ლიტერატორია და საკმარისზე მეტ ცოდნას ფლობს, არ აკლია განათლება, თუმცა, ამის მიუხედავად, ამჟღავნებს უვიცობას, რადგან მოსწავლეთა არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, კითხვას კითხვითვე უბრუნებს ბავშვებს და შემოიფარგლება მორალისტური შეგონებებით ლიტერატურის ბუნებაზე.
  8. ასევე აბსურდულია მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება საზეპიროების მოთხოვნით, ანალიტიკური უნარების ფაქტობრივი ცოდნით ჩანაცვლება, რაც არაფრისმომცემია მოსწავლეთა განვითარებისთვის, ამასთანავე, უინტერესოა მოსასმენად, განსაკუთრებით – მხატვრული ლიტერტურის სწავლების პროცესში.
  9. პროსერის მორიგი „აქილევსის ქუსლია“ შეფასება, რადგან არაადეკვატური და არაობიექტური შეფასების თუნდაც ერთი მაგალითი სერიოზულად აზიანებს მასწავლებლის რეპუტაციას, მისადმი მოსწავლეთა ნდობა იკარგება. ის ვერც გამოსადეგ განმავითარებელ შეფასებას სთავაზობს მოსწავლეებს და მისი დაწერილი ქულაც კითხვის ნიშნებს ბადებს.

ჯონ აპდაიკი უაღრესად საინტერესო და მარად თანამედროვე მწერალია. ის ღრმად წვდება პერსონაჟის ფსიქოპორტრეტს, დამაჯერებლად ახერხებს პროტაგონისტის უღრმესი სულიერი ძვრების დემონსტრირებას მკითხველის წინაშე. მისთვის დამახასიათებელია რეალობის შეულამაზებლად წარმოჩენა, ადამიანური ვნებების კრიტიკული აღქმა, შეფარული ირონია ადამიანის ცოდვილი ბუნების წარმოჩენისას. ის არ ცდილობს, რომ შექნას მითი თანამედროვე ადამიანის ანგელოსურ ბუნებაზე და მკითხველი მოატყუოს სინამდვილის რომანტიზებით. მისი გმირებისთვის უცხო არ არის დაცემა, ტკივილი, სინანული, სულიერი მსხვრევა, რასაც მკითხველი უაღრესად შთამბეჭდავ და დამაფიქრებელ მორალურ განსჯებთან მიჰყავს. მწერალი იდეალურს კი არ აჩვენებს, არამედ იმას, რაც არც ისე ჰარმონიულია და სწორედ ამით გვასწავლის სწორ ღირებულებებს. ეს მოთხრობა ნიმუშია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ლიტერატურის მასწავლებელი. მარკ პროსერი დაუვიწყარი სახე-სიმბოლოა.

ჩემს მაღალკლასელ მოსწავლეებს კი ვურჩევ, რომ წაიკითხონ ჯონ აპდაიკის ავტობიოგრაფიული ტეტრალოგია „ბაჭია, გაიქეცი“, რომელიც მოიცავს ადამიანური ყოფის ყველა წახნაგსა და მიმართულებას, უბრალოდ ცხოვრების გზის ზოგადადამიანური მოდელის საუკეთესო ლიტერატურული ილუსტრაციაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი