ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მადლობა, ვიქტორ!

Земля – Небо. Между Землей и Небом – война.”

ცოი

მე 1990 წლის 2 ნოემბერს დავიბადე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა. ჩემი დაბადების მოწმობაც მწვანე ფერისაა, ამიტომაც თამამად შემიძლია ვთქვა საკუთარ თავზე – ‘”Рожденный в СССР”

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ საბჭოთა კავშირზე. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზედმეტად ხშირადაც კი. ნოსტალგიას ვერ დავარქმევ, რადგან ვფიქრობ, ნებით თუ უნებლიედ, მაინც კარგად იმუშავეს პროპაგანდისტულმა მანქანებმა ჩემზე. იმაზეც ვფიქრდები, კარგია თუ ცუდი ანტისაბჭოთა პროპაგანდა.. მაგრამ ფაქტი ერთია, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დღეს საბჭოეთის გაუცნობიერებელი, უარგუმენტო სიძულვილითაა შეპყრობილი.. არადა, რომ ვაკვირდები, რამდენი რამაა არგუმენტირებულად საზიზღარი.. თუმცა ისეთი სისტემის პირობებშიც კი, როგორიც სსრკ იყო, არსებობდნენ ძალიან ძლიერი, დადებითი ენერგიით დამუხტული პიროვნებები.

ჩემს დაბადებამდე დაახლოებით 2- თვე – ნახევრით ადრე, 15 აგვისტოს, ლატვიაში ერთი ძალიან არასასიამოვნო ამბავი მოხდა.. ქალაქ ტალსის მიმართულებით, დიდი სიჩქარით მოძრავი საბჭოთა წარმოების მოსკვიჩი ავტობუსს შეეჯახა.. ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსკვიჩის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

ორი დღის შემდეგ, 17 აგვისტოს საბჭოთა გაზეთ “Комсомольская Правда”- ში გამოქვეყნდა სტატია გარდაცვლილი მუსიკოსის შესახებ, რომელშიც ეწერა: “ის ჩვენი ახალგაზრდებისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი, ცნობილი ადმიანი ან მწერალი. ეს იმიტომ, რომ ის არასდროს იტყუებოდა და არასდროს იყიდებოდა. ის არ ღალატობდა საკუთარ პიროვნებას. ეს ადამიანი ერთადერთი როკ მუსიკოსია, რომელიც ცხოვრობდა ისე, როგორც მღეროდა და არ განსხვავდებოდა მის მიერ შექმნილი იმიჯისგან.. ის როკის უკანასკნელი გმირია..”

გარდაცვლილი მუსიკოსი ჯგუფ “Кино”-ს სოლისტი და ახალგაზრდების ნამდვილი კუმირი, ვიქტორ ცოი იყო. ახალგაზრდა ვარსკვლავის გარდაცვალება იმდენად დიდი შოკი იყო საზოგადოებისთვის, რომ მომდევნო დღეებში მისმა, დაახლოებით 45-მა თაყვანისმცემელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ცუდია, მაგრამ ფაქტია).

90 წლის დეკემბერში ჯგუფმა “Кино”-მ მე-7, ბოლო ალბომი გამოუშვა, რომლის ვოკალის ჩაწერაც ვიქტორ ცოიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა. ალბომის გარეკანი ძალიან სადა, სრულიად შავი ფერის იყო და ზედ მხოლოდ ჯგუფის სახელწოდება ეწერა. ბენდის დანარჩენმა წევრებმა სახელიც შესაბამისი მოიფიქრეს – “შავი ალბომი”.

ვიქტორ ცოი 1962 წელს, პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) დაიბადა. წარმოშობით კორეელი ვიქტორი ბავშვობიდანვე ჩაკეტილი პიროვნება იყო, რისი მიზეზიც, ძირითადად, გარეგნული განსხვავებულობა გახლდათ. მცირეწლოვანი სულ უფრო და უფრო იკეტებოდა, თავის ფიქრებს კი ნახატებით გამოხატავდა. 12 წლის ცოი დედამ სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, თუმცა ცოტა ხანში გაირკვა, რომ მისი მოწოდება ხელოვნების სხვა დარგთან უფრო მეტ კავშირში იყო.

ჯერ კიდევ თინეიჯერი ცოის პირველი შეხება როკთან ლეგენდარული ჯგუფის, “The Beatles”-ის დახმარებით მოხდა.. “ხოჭოებმა”,  მას ახალი სამყარო აღმოაჩენინეს – განსაკუთრებული, გიჟური და, რაც მთავარია, არასაბჭოთა.. შემდეგ იყო “Rolling Stones”, “Pink Floyd”.. ოდნავ მოგვიანებით ის საკმაოდ ახლოს გაეცნო პანკ კულტურას. 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში როკმუსიკა ე.წ. “ანდერგრაუნდში” იყო, შესაბამისად, იმდროინდელი ჯგუფებიც მუსიკოსების სახლებში, სარდაფებსა და მსგავს ადგილებში მართავდნენ კონცერტებს მცირე რაოდენობის მსმენელისთვის. ვიქტორიც არ იყო გამონაკლისი, ხშირად ესწრებოდა მსგავს საღამოებს და თავადაც უკრავდა.

ჯგუფი “Кино” ცოიმ 1981 წელს შექმნა. ამ დროისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება იყო იმ წრისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირში როკმუსიკით ინტერესდებოდა. პირველი, პოსტ-პანკ ჟანრის ალბომი 1982 წელს გამოვიდა. კრებულს “45” ერქვა და მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრეკი “ელექტრიჩკა” გახლდათ.. თემა, რა თქმა უნდა პროტესტია – სიმღერაში საუბარია ელექტრომატარებელზე, რომელიც მუსიკოსს მიაქანებს იქით, საით წასვლაც მას არ სურს.. რეალურად, საბჭოთა სისტემა სწორედ ასეთ ჩაკეტილ “ელექტრიჩკას” ჰგავდა, საიდანაც გასვლა თითქმის შეუძლებელი გახლდათ..

პროტესტის გამოხატვა საბჭოთა კავშირში ძალიან რთული იყო. შეიძლება რეპრესიული პოლიტიკა 1980-იანი წლებისთვის იმდენად მკაცრი არ იყო, როგორიც 30-იან ან 40-იან წლებში, თუმცა სასიცოცხლო რისკი მაინც არსებობდა (გარკვეული დროის შემდეგ ცოის სიკვდილის ალტერნატიული ვერსიაც გაიჟღერებს, თუმცა საბჭოთა სპეცსამსახურების კვალის დამტკიცება ამ საქმეში ძალიან რთულია).

ცოის შეეძლო ხმამაღლა ეყვირა, დაესვა კითხვები, თუ რატომ აიძულებენ იცხოვროს ისე, როცორც სხვას უნდა.. ყველაზე დიდი პროტესტი სიმღერა ‘”Перемен”-ში გამოხატა, რომლის ტექსტშიც ის ამბობს:

“წითელი მზე ბოლომდე იწვება..

..ცვლილებას ითხოვენ ჩვენი გულები!

ცვლილებას ითხოვენ ჩვენი თვალები!

ჩვენს სიცილსა და ცრემლებში,

ჩვენი ვენების პულსაციაში,

ცვლილებას! ჩვენ ველით ცვლილებას!”

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა ვიქტორმა 1986 წელს, 15 ათასი ადამიანის თანდასწრებით, საკონცერტო დარბაზის სცენაზე შეასრულა.. სწორედ ამ კონცერტმა შეიტანა გარდამტეხი როლი მუსიკოსის კარიერაში. მან უკვე იგრძნო, რომ შეეძლო მართლაც მოეტანა ცვლილებები ერთფეროვანი ცხოვრებისგან დაღლილი ხალხისთვის..

ხალხიც აჰყვა..

აჰყვა იმდენად, რომ 80-იანი წლების ბოლოს ცოი უპრობლემოდ ატარებდა კონცერტებს მოსკოვისა თუ პეტერბურგის გადაჭედილ საფეხბურთო სტადიონებზე. სისტემაც მაინცადამაინც აღარ ეწინააღმდეგებოდა, “პერესტროიკის” ხანამ სრულად გაუხსნა ფრთები ალტერნატიულ შემოქმედებას. “Кино”, “ДДТ”, “Аквариум” და სხვა ჯგუფები ნელ-ნელა უკვე ახერხებდნენ ჩრდილიდან გამოსვლას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველაზე უკეთ დროზე მორგება მაინც “Кино”-მ მოახერხა, რომელმაც არაერთი ხმაურიანი საღამო აჩუქა თავის მსმენელს მთელი რუსეთის მასშტაბით. ხალხისთვის ვიქტორ ცოი ერთგვარ გმირად იქცა. გმირად, რომელიც ასე სჭირდებოდა საბჭოთა ხალხს. გმირად, რომელსაც ბევრი რამ უნდა შეეცვალა.. “Кино” ბრენდი გახდა, ცოი – უზომოდ პოპულარული ადამიანი. სთხოვდნენ ავტოგრაფებს, უღებდნენ სურათებს და უკვე ვეღარავინ წარმოიდგენდა, რომ პოპულარობის მოპოვებამდე რამდენიმე წლით ადრე ცოი თავს პლაკატების ხატვით ირჩენდა, რომელსაც ქალაქში, მეტროსადგურთან სულ რაღაც 5 რუბლად ყიდდა ხოლმე..

ბოლო კონცერტი 1990 წლის ივნისში, “ლუჟნიკებზე” ჰქონდა.. როგორც ცოის ბავშვობის მეგობარი, მაქს პაშკოვი იხსენებს, უკანასკნელი კონცერტის მერე ვიქტორმა მას უთხრა, რომ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი იყო და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა..

მცირე ხნის შემდეგ ოჯახთან ერთად ლატვიაში წავიდა. შემდეგ იყო უბედური შემთხვევა…

თაყვანისმცემლებს დაჯერება გაუჭირდათ.. ცოი ხომ მათი გმირი იყო, გმირები კი უკვდავნი არიან. სწორედ ამიტომ, დღესაც, მოსკოვისა და პეტერბურგის რამდენიმე ქუჩაზე დაინახავთ ვიქტორის სახელობის კედელს, რომელიც გრაფიტითაა დაფარული. ასეთ კედლებზე ხშირია წარწერა: “Цой Жив!”

დიახ, მუსიკოსი ცოცხალია მანამ, სანამ მის მაგივრად მისი შემოქმედება ლაპარაკობს. ვიქტორის შემოქმედება კი დღესაც არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე 80-იან წლებში იყო. რუსული როკის პიონერი მუდამ დარჩება საბჭოთა ხალხის “უკანასკნელ გმირად.”

მე კი მხოლოდ იმის გამო ვიამაყებ ჩემი დაბადების მოწმობით, რომ მე და ცოი ერთ ქვეყანაში დავიბადეთ 🙂

დაბადების დღეს გილოცავ, ვიქტორ! დღეს 50-ს გახდებოდი…

და მადლობა! შენ ჩვენ შეგვცვალე! 🙂

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი