ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ზიკოს წყალი

ერთადერთი კაცი, ვინც ბოლო წლების ბაბუაჩემის ცხოვრებაში მახსენდება, მისი მეგობარი ბონძი ქირია იყო. არა, მეგობარი და პატივისმცემელი ბევრი ჰყავდა ბაბუას, მაგრამ იმ ერთადერთ შემთხვევაში რაღაც საოცარი ერთგულებისა და თანაგრძნობის მაგალითი ვნახე.

ერთგულების ახსნა რაციონალური საზომით იოლი არაა. დაჯერება გიჭირს, მით უფრო თუ ადამიანი ძალზე შინაურთა წრეს არ მიეკუთვნება. ამიტომ ბატონი ბონძის ყოველდღიურ – ჰო, ასე იყო – სტუმრობას ბაბუაჩემთან თავიდან სხვა, უფრო არამეგობრული, მისიონერული ახსნა მოვუძებნეთ: ბაბუაჩემის მეგობარი „იეჰოვას მოწმეთა“ საზოგადოების აქტიური წევრი გახლდათ სამეგრელოში, კონგრესები მის გარეშე არ იმართებოდა, და ასე გვეგონა, აქაც თავისი მოძღვრების საქადაგებლად იყო მოსული; რამდენჯერმე დაიწყო კიდეც, ჯერ შორიდან მოუარა, ჩემი ინტერესი რომ შენიშნა, საკითხავები მომიტანა, მაგრამ მეოთხე და მეხუთე მოსვლაზე იყო, უხეშად რომ გააწყვეტინა ბაბუაჩემმა, – არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი და თუ პატივს მცემ, შენი ღმერთი აქ მეტჯერ აღარ ახსენოო.

ბონძი შეკრთა, წამოდგა, გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და უსიტყვოდ დაეშვა კიბეზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტად აღარ შემოაღებდა ჩვენს ჭიშკარს, ჭიშკრიდან კიბემდე ვიწრო ბილიკს არ გამოივლიდა, ნაცრისფერი ცხვირსახოცით სახეს არ შეიმშრალებდა ნამგზავრი, აივანზე მჯდომ ბაბუაჩემს არ მიესალმებოდა და პირველ სიტყვად არ იტყოდა:

– ოოხ, ახლა მისწრება იქნება ჩემთვის ზიკოს წყალი!

მეც მაშინვე დავწვდებოდი ხელადას, ჭასთან მივირბენდი, ხმაურით ჩავუშვებდი ვედროს სიღრმეში, სუფთა წყლით გავავსებდი ხელადას და ასვლისთანავე ორ მოზრდილ ჭიქაში ჩამოვასხამდი ფრთხილად, აუჩქარებლად.

…ზაფხულის სიცხეში ისე ხურდება და ქვავდება ჩვენი ჭიშკრის ბოძები და სახელურები, ძლიერი ხელი უნდა, რომ შემოაღო.

– ბონძია მოსული, წამალს დავლევ და გამოვალ, – გამომძახა ბაბუაჩემმა, – შეხვდი და მიაქციე ყურადღება.

ჭიშკარი ერთად გამოვაღეთ ცამეტი წლის ბიჭმა და სამოცდაათს მიტანებულმა ბერიკაცმა. მხარზე ხელი მომითათუნა და სანამ კიბეს აუყვებოდა, ჭისკენ მანიშნა, – სქან ჭირმა, ზიკო, მომისწარი შენი წყალი, სული მომათქმევინეო.

– ბონძ ბიძი, მეგონა არ მოხვიდოდით… – ვუთხარი ჩურჩულით და სავსე ჭიქა მაგიდაზე დავდგი.

– ღმერთი რომ არ იყო, უღმერთობას რომ ქადაგებდა ყველა, ე იმ დროიდან ვიცნობთ მე და ბაბუაშენი ერთმანეთს, – ჭიქა ნახევრამდე ჩაცალა, ღრმად ამოისუნთქა და კეთილი თვალებით გამომხედა, – რა და რა არ გვინახავს, გამოგვივლია და გადაგვხდენია, იმდენ რამეს შევსწრებივართ: საქმე, სუფრები, ქალები… ჩხუბშიც ვყოფილვართ და დროსტარებაშიც… წიგნების ცენტრალური მაღაზია მებარა მე რაიონში, ყველა წიგნი ჯერ ჩემთან მოდიოდა და მერე ვანაწილებდი… ბაბუაშენი სკოლაში იყო, დირექტორი, უერთმანეთოდ ჩვენ არ ვიყავით, ვიცოდით ერთმანეთის ფასი, ერთმანეთის გაგება გვქონდა. გამოცდი მაგას შენც, ერთ-ორ სიტყვაში რომ გესმის ძმაკაცის, ბევრი მიეთ-მოეთი არ გჭირდება. ადამიანების ცნობასაც სწავლობ და რახან ერთად სწავლობთ, ბოლომდე გიჭირს გარჩევა, ამ ნასწავლში შენი თავისგან უფრო მეტია თუ შენი ძმაკაცისგან… და იმასაც უჭირს… ვინ უფრო მეტი მიეცით ერთმანეთს, – ეს კი არა, ზიკო, – შენ რომ შენ ხარ, შეიძლება იმის წილი უფრო მეტი იყოს ამ ამბავში… ხომ გესმის? ძნელია, მარა მოვა დრო და გაიგებ… ჰოდა, იმას გეუბნებოდი, – ცხვირსახოცით ამოიმშრალა ოფლისგან თუ ცრემლისგან დაცვარული თვალის ფართო უპეები, – ჩემი ღმერთისთვის არ მოვდივარ მე აქ, ჩემი ადამიანისთვის მოვდივარ…

ჭიქა აიღო, ბოლომდე ჩაცალა და აივნიდან თვალებმოჭუტვით გახედა გზაზე გამოფენილ ბავშვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი