შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გამა სხივების მოქმედება გულყვითელების ზრდაზე

პირველ ივნისს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში „აღზრდა ქართულად” 2007 წელს UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის სტატისტიკაა მოყვანილი. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 79,8% – ფიზიკური, 82,3% კი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.

 

ბავშვების ცემა რომ ჩვენში ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, კვლევის გარეშეც დაამოწმებს ადამიანი. მშობლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილებს სავსებით დამსახურებულად სცემენ და ამას მოზარდების კარგი აღზრდის, მათი უკეთესი მომავლისთვის აკეთებენ, ძალადობას არც სხვის თვალწინ ერიდებიან და პირდაპირ ქუჩაში ურტყამენ ბავშვებს, ხშირად – სასტიკადაც.

ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა მხოლოდ სახლში არ ხდება. არ ვიცი, ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ, მაგრამ 2002 წლამდე, როცა მე ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მასწავლებლები ბავშვებს სცემდნენ, თანაც გამეტებით. მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ თანაკლასელს მასწავლებელმა ყური ააგლიჯა. ხშირი იყო თავში წამორტყმა, საჯდომზე და ფეხებში ჯოხის მოხვედრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. რათქმაუნდა, დამნაშავე ყოველთვის მოსწავლე იყო, რომელსაც წონასწორობიდან გამოჰყავდა მასწავლებელი. ფიზიკურზე ხშირი ფსიქოლოგიური ძალადობა გახლდათ. მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებლისთვის ჩვენ ყოველთვის „ხორცის ნაჭრებს” წარმოვადგენდით. კლასის წინაშე მოსწავლეს ყოველდღიურად, ვინ მოთვლის რამდენჯერ ამცირებდნენ. განსაკუთრებით აუტანელი მოსასმენი იყო მასწავლებლის ყვირილი. ყვირილი გახლდათ მისი პასუხი მოსწავლეების ურჩობაზე.

ასეა, ყვირილი სკოლაში, მერე – შინაც… შინ კი შეიძლება სხვა პრობლემებიც იყოს. თუმცა მასწავლებლებს არასოდეს აინტერესებდათ, რა ხდებოდა მოსწავლის ოჯახში. ერთხელ, მესამე კლასში, ჩემი თანაკლასელი გაკვეთილისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. როცა მასწავლებელმა მიზეზი ჰკითხა, თანაკლასელმა უპასუხა, რომ დედას ეპილეფსიის შეტევა დაემართა. მიზეზი საპატიოდ ჩაითვალა და მოსწავლეს ორიანი ასცდა. ოჯახური მდგომარეობით დაინტერესების მეორე შემთხვევა, რომელიც მახსენდება, თავად მე მიკავშირდება: მეოთხე კლასში, როცა რიგით მესამე სკოლაში მომიწია გადასვლა, მასწავლებლის ინიციატივით თანაკლასელების მშობლებმა ჩემი ოჯახისთვის სურსათი შეაგროვეს და სახლში მოგვიტანეს. სხვათა შორის, მეოთხე კლასში ჩემი დამრიგებელი, ქალბატონი მერი კიკნაძე, იყო პირველი და ერთადერთი მასწავლებელი, ვისგანაც მოვისმინე, რომ საკუთარი შვილები არასოდეს უცემია და რომ ცემა მოსწავლის გაკვეთილით დაინტერესების საშუალება არ არის.

ეს ადამიანები სკოლებში დღესაც ასწავლიან. ზოგი მათგანი ასაკოვანია, ზოგიც – არა. რათქმაუნდა, მასწავლებლის მოსწავლესთან კომუნიკაციის პრობლემა ასაკობრივ ფაქტორს არ უკავშირდება და არც ყველა ახალგაზრდა დირექტორია ისეთი, როგორსაც ზაზა ურუშაძის „ბოლო გასეირნებაში” ნახავთ. მაგრამ, წესით, მოსწავლეებთან მასწავლებლის კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდიკა საბჭოურისგან განსხვავებული უნდა იყოს.

საინტერესოა, ითვალისწინებენ თუ არა მასწავლებლების გადამზადების პროგრამები მოსწავლეებთან მოპყრობის, მათთან არაძალადობრივი კომუნიკაციის დამყარების აუცილებლობას. საინტერესოა ისიც, მასწავლებელთა სერტიფიცირებისას მათ პროფესიულ განათლებას ამოწმებენ მხოლოდ თუ პროფესიულ უნარ-ჩვევებსაც.

კარგი იქნებოდა, გადამზადების პროგრამების მსვლელობისას მასწავლებლებისთვის ფილმებიც ეჩვენებინათ. არსებობს უამრავი ფილმი, რომლებიც მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის თემას ეხმიანება, ასევე – ფილმები, სადაც ოჯახში ბავშვებზე ძალადობაა ნაჩვენები. მაგალითად, პოლ ნიუმენის „გამა სხივების მოქმედება გულყვითელების ზრდაზე”. ნიუმენმა, რომელსაც საქართველოში უფრო მსახიობად იცნობენ, ვიდრე კინორეჟისორად, ეს ფილმი 1972 წელს გადაიღო, მთავარ როლებში კი თავისი მეუღლე და ქალიშვილი ათამაშა.

მატილდას, რუთსა და მათ დედას მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ექსცენტრიკული დედა გამუდმებით საგაზეთო განცხადებებს კითხულობს, რომ სარფიან საქმეს გამოჰკრას ხელი და შვილების სარჩენად წელებზე ფეხს იდგამს. რუთს პერიოდულად ნერვული შეტევა ემართება და კრუნჩხვები ეწყება, ისეთი ძლიერი, რომ სახლი ზანზარებს. მატილდა კი საბუნებისმეტყველო საგნებითაა გატაცებული, დასხივებული მცენარეების მუტაციას იკვლევს და ოჯახის წევრებთან თანაცხოვრების პარალელურად საკუთარ სამყაროში არსებობს. ეს სამყარო ატომებითაა დასახლებული. „ატომი – რა მშვენიერი სიტყვაა”, – ამბობს მატილდა ფილმის დასასრულს.

„გამა სხივების მოქმედება…” ძალიან კამერული ფილმია. ზოგჯერ გეგონებათ, მოქმედება სცენაზე მიმდინარეობს, ოღონდ პათეტიკის გარეშე. პერსონაჟები ბევრს ნერვიულობენ: დედა – იმის გამო, რომ ქმარი არ გამოადგა, რომ სამსახურს ვერ შოულობს, რუთი – იმის გამო, რომ დედის გავლენის ქვეშ ყოფნა არ სურს, მატილდა – იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები ბედნიერები არ არიან. ოჯახს შემოხიზნულ მოხუც ბებიას კი, რომელიც ფილმის განმავლობაში ერთ სიტყვასაც არ ამბობს, ისეთი მზერა აქვს, ადგილზე გაგაქვავებს.

დედა (ჯოან ვუდვარდი), როცა რამეს წარმოთქვამს, თითქოს ტრიბუნაზე დგას, მსმენელები კი – ოჯახის წევრები – გარშემო უსხედან. ერთი შეხედვით, ის კლასიკური მოძალადეა. თუმცა ავტორიტარული მშობლის იმიჯი ირყევა ყოველ ჯერზე, როცა მის თავდაჯერებულ გამომეტყველებას მღელვარება, შფოთვა, ბავშვებზე ზრუნვის აუცილებლობა, ოჯახის რჩენის პასუხისმგელობის გააზრება, შეუმდგარი ურთიერთობების სევდა და ყველა ის თვისება ბზარავს, რომლებიც ამ ქალს უკეთესი ცხოვრებისთვის მებრძოლ ადამიანად წარმოგვიდგენს. ყველას ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვს, მათ შორის – ამ პერსონაჟსაც, თუნდაც მათ ბავშვებზე გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა ჰქონდეთ.

ცოტა სევდით, ცოტა ისტერიით, ცოტა რომან პოლანსკის ფილმების მსგავსი პარანოიით შეზავებული კინოსურათი ძალიან ემოციურია. მაყურებელს შეიძლება ხშირად დაეუფლოს უსამართლობის განცდა. მაგრამ უსამართლობას, ისევე როგორც ფილმის ყურებისას განცდილ სხვა შთაბეჭდილებებს, მრავალი სახე აქვს. ეს სახეები ისეთივე უხილავ და ხილულ კავშირებზეა აგებული, რომელთა შესახებაც მატილდას ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, ატომზე საუბრისას ასწავლიან. „ყველაფერი ატომებისგან შედგება, – ამბობს მისტერ გუდმანი, მატილდას საყვარელი მასწავლებელი, – ვინ იცის, იქნებ შენი ხელის ნაწილი უძველეს დროში აფეთქებული ვარსკვლავის ატომს შეიცავს”. სწორედ აქ იგებს მატილდა, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რომ ამქვეყნად ყველა უხილავი ძაფებით არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ჩვენ ერთმანეთზე ისევე ვმოქმედებთ, როგორც რადიუმის დასხივება – მოზარდ გულყვითელებზე. ზემოქმედება მუტაციას იწვევს, მუტაცია კი სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს და საბედისწეროც.

„გამა სხივების მოქმედება გულყვითელების ზრდაზე” ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომლებიც დააფიქრებდა მასწავლებლებს, როგორი მოსწავლეებთან მათი ურთიერთობა, რას ნიშნავს, როცა მოსწავლე სკოლაში მოუმზადებელი მოდის ან საერთოდ არ მოდის, როგორ უნდა ელაპარაკონ მას – ენის მოჩლექით, მბრძანებლურად თუ როგორც თანასწორს.

მატილდას ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მაინც უყვარს, მაინც ისწრაფის ატომებისგან შემდგარი სამყაროს შეცნობისკენ. მატილდა გამორჩეულია. ის ისეთივე გამძლეა, როგორებიც მის მიერ საექსპერიმენტოდ დასხივებული გულყვითელები არიან. მატილდას კიდევ ბევრი გაკვეთილის გაცდენა მოუწევს სახლის დასალაგებლად, მაგრამ ის გარეთ არ დარჩება, როგორც რჩება უამრავი ადამიანი ჩვენ გარშემო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი