პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მაჩაბლის 13

ნოემბერი მარტო შემოდგომის კი არა, მთელი წლის დუღილს აგვირგვინებს ხოლმე, ამიტომ მას ყოველთვის ახლავს რაღაც საიდუმლო, ჯადოსნური ბაკმი. ეს ბაკმი ავარაყებს ადამიანთა გულებს და რა გასაკვირია, რომ ამ გულთა შორის ყველაზე ატკიებულთ და ყველაზე აღელვებულთ ახალი თავგადასავლებისკენ უბიძგებს.

ნოემბრის ეს ოდა გამუდმებით ჩამესმის აქ, მაჩაბლის 13-ში, მწერალთა სახლში. სახლში, რომელიც საუკუნეზე მეტია მასპინძლობს ცნობილ თუ უცნობ, ჩინიან თუ უჩინო, ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს; რომლისთვისაც, ადამიანის არ იყოს, არაფერი უცხო ყოფილა ამ გრძელ ისტორიაში; რომლის კედლებმაც ნახეს სიმდიდრეც, სიყვარულიც, სიკვდილიც, ღალატიც და დიდებაც!..

რამდენიმე თვის წინ „მწერალთა სახლმა“ სარეზიდენციო პროგრამა გამოაცხადა და ქართველ მწერლებსა და მთარგმნელებს მისცა შესაძლებლობა, ორი კვირის განმავლობაში ეცხოვრათ მწერალთა სახლის რეზიდენციაში – სხვენში, რომელიც რამდენიმე სახელობითი ოთახისგან შედგება. ვისაც ეს ოთახები თუნდაც ფოტოებზე უნახავს, ალბათ მაშინვე გასჩენია მათში მოხვედრის სურვილი. ალექსანდრე დიუმას, ნიზამი განჯელის, ბორის პასტერნაკის, უორდროპების და სტეინბეკის პიროვნულ-შემოქმედებითი შთაბეჭდილებით შექმნილი ეს ოთახები უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს არამხოლოდ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ ავტორებს და გამომცემლებს, არამედ ყველას, ვისთვისაც მსგავსი გარემო მოგზაურობის მთავარი ხიბლი და შთაბეჭდილებაა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მივიღე ორკვირიანი „საგზური“ მწერალთა სახლის სხვენში, სადაც ჩემს ახალ რომანზე უნდა მემუშავა. საბედნიეროდ, რომანის დიდი ნაწილი უკვე დაწერილი მქონდა. ასე რომ, შეკითხვას, რაში  მეყოფოდა ორი კვირა,  ლეგიტიმურად ვპასუხობდი – ზუსტად ორი კვირა მჭირდება იმისთვის, რომ უკვე დაწერილი გადავამუშავო, ფინალი გავმართო და ტექსტს გული ჩავუდგა.

ორი კვირა მწერალთა სახლის სიმყუდროვეში, ნოემბრის მზით გამთბარ ბაღში, რუტინული ხმაურისგან დაცულ სიჩუმეში…  პანდემიის გამო მობეზრებული ჩაკეტილობის მიუხედავად, მაინც მთელი გულით გამოცხადებული თვითიზოლაციის ქრონიკა, რომელმაც მწერლებისა და ტექსტების თავგადასავალი უნდა აღბეჭდოს…

და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული სახლი ქალაქის შუაგულშია – ყველანაირი ხმაურისა და ქაოსის ეპიცენტრში – მის სხვენამდე ეს ხმები მხოლოდ მისტიკურ ექოებად აღწევს, ან შესაძლოა ჩვენ ვგრძნობთ ასე, რადგან მწერალთა სახლის მასპინძლები ყველანაირ პირობას ქმნიან იმისთვის, რომ ავტორებს შესაძლებლობა მიეცეთ, მოწყდნენ ყოველგვარ ქაოსსა და რუტინას და თუნდაც ორი კვირით მხოლოდ საკუთარ საქმეზე კონცენტრირდნენ.

ასეთი პროგრამები ევროპაში უამრავია. ალბათ ძალიან ნაყოფიერიც, რადგან დროის, სივრცისა და გარემო პირობების ერთ კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირება ბუნებრივად ნიშნავს კეთილ შედეგს. მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამა პირველად ხორციელდება და უკვე მჯერა, რომ ის ხანგრძლივი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და წარმატებული იქნება. თუმცა, არავის დაავიწყდება ეს პირველი წელიწადი, რომელიც პანდემიას დაემთხვა და მისი ყველა სიმბოლო აირეკლა – იზოლაცია, პირბადე, დისტანცია, დეზინფექცია…

პირველ დღეებში მხოლოდ მე და დათია ბადალაშვილი ვართ – თონეთელი მწყემსი და ბიბლიოთეკარი, როგორც უყვართ ხოლმე მისი მოხსენიება. თვითონ კი საკუთარ თავს იქიდან იხსენებს, როცა ერთ დღესაც, ძველ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი ყდებშემოგლეჯილი წიგნების კითხვით გულმოცემულმა თავადაც მოინდომა, წერა დაეწყო და მალევე მიხვდა, რომ ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნური თავგადასავალი. დათია პროზაიკოსია, მინიატურის ჟანრში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში, ახლაც – რომანს წერს, მაგრამ მინიატურების მოზაიკით, ძველ და ძნელ ამბებს იხსენებს და დროდადრო წერისას ოხრავს, მერე ამ ნაწერს გვიკითხავს ჩვენ და ვარჩევთ, ვმსჯელობთ, ჩუმ-ჩუმად კი ყველანი სათითაოდ იმაზეც ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება ამ ტკივილებით, ამ დარდით და გაუხედნავი სიყვარულით იცხოვროს კაცმა, იცხოვროს და ერთ დღეს ვიღაცის წიგნში აღმოჩნდეს…

ორ-სამ დღეში კატო ჯავახიშვილი გვიერთდება, პოეტი, რომელიც ამჯერად პიესაზე სამუშაოდ განმარტოვდა მწერალთა სახლის სხვენში. კატო 1918-1921 წლების ეპოპეაზე პასტერნაკის სახელობის ოთახში წერს, ამბობს, რომ ოთახის ეპოქალური ფაქტურა და ღამღამობით ყურმოკრული ძველი კიბის ჭრიალი პიესის ატმოსფეროს შეგრძნებაში ეხმარება და იმ დროში გადაჰყავს, რომელიც, პრინციპში, აგერ უკვე საუკუნეა ერთსა და იმავე წრეზე გვატრიალებს ჩვენი საწყალი სამშობლოიანად – თავისუფლება და მონობა, გამარჯვება და მარცხი, ღალატი და თავგანწირვა…

როცა კრემისფერ აივანზე ვსხედვართ და ბაღს ჩავყურებთ, იმაზეც გვეფიქრება, რომ ჩვენ ყველანი ახლა, პირველ რიგში, ამ სახლის უმთავრესი მასპინძლის – დავით სარაჯიშვილის სტუმრები ვართ. ჩვენც და ყველა, ვინც აქამდე იყო და ამის მერე შემოდგამს ფეხს მაჩაბლის 13-ში. დავით სარაჯიშვილის მარმარილოს ბიუსტი დგას ბაღში, ასწლოვანი ნაძვის გასწვრივ, დგას როგორც დროში გამუდმივებული სიმბოლო ღირსებისა და სიკეთისა. სასიამოვნო და საგულისხმო ამბავია ისიც, რომ ჩვენი აქ ყოფნის დღეები დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნასაც ემთხვევა, ამიტომ ყოველდღიური მაყურებლები ვართ იმ დიდი შრომისა, სიყვარულისა და ზრუნვისა, რითაც მწერალთა სახლის ხელმძღვანელი – ნატა ლომოური, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ მუზეუმზე მუშაობს.

ამიერიდან, მაჩაბლის 13-ის სტუმრები დავით სარაჯიშვილის მუზეუმსაც დაათვალიერებენ, თითოეული ფოტო, ნივთი, ესკიზი თუ დეკორაცია იმ ეპოქაში გადაახედებთ, როცა ცხოვრობდა, იღვწოდა, წუხდა და უყვარდა ამ დიდებულ კაცს, საქართველოს გამორჩეულ შვილს, მეწარმეს და მეცენატს, დავით სარაჯიშვილს.

ეს სახლი მან 1903-1905 წლებში ააგო, გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვით. მისი გახსნა კი მეუღლესთან – ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25-ე წლისთავს დაამთხვია. ასე აღნიშნეს მან და მისმა მშვენიერმა მეუღლემ ვერცხლის ქორწილი, ამ თეთრი და ლამაზი სახლის კარის შეღებით.

ისე მოხდა, რომ ამ მადლიანმა ხალხმა ეს კარი პირდაპირ ისტორიაში შეაღო.

მწერალთა სახლში ჩვენს ყოფნას მძიმე დღეები ემთხვევა – მიტინგები, აქციები, ხმაური, აგრესია, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფი ქვეყანა დუღს და მძვინვარებს… ზუსტად ამ დღეებში კიდევ უფრო მკაფიოვდება დავით სარაჯიშვილის ნაღვაწის და ნამოქმედარის მნიშვნელობა, კიდევ უფრო სევდიანია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი დიდბუნებოვანი მოღვაწეები, ასეთი უანგარო, ხალასი და გონიერი სიკეთის მატარებელი პიროვნებები გვჭირდება ახლა. სად არიან, რატომ აღარ ჩანან, როგორ გააქრო დრომ ასეთ სულთა შესაძლებლობა?.. ან იქნებ არიან კიდეც, მაგრამ ეს ზედაპირზე ქაფმოდგმული დროება, ეს რაღაცნაირად შინაარსამოგლეჯილი ეპოქა ყველაფერს თავდაყირა აყენებს, აცამტვერებს და ჩქმალავს?.. იქნებ უკეთესიცაა, სიჯანსაღემ დროებით თავი შეინახოს, საფარველი დაიდოს ჭეშმარიტებამ, რათა ერთ უახლოეს დღეს ყველაფერი თავისი ნამდვილი სახით გაცხადდეს!..

მწერალთა სახლში როცა ხარ, ამ წაბლისფერ, ჩუქურთმებიან კედლებს რომ უსმენ, ამ ძველისძველ, ჭრაჭუნა კიბეებზე ადი-ჩადიხარ, უნებლიეთ გეფიქრება იმაზე, რომ ვიღაცის თუ რაღაცის წინაშე გამუდმებით ვალდებული ხარ. აქ, ამ კედლებში ჩარჩა პაოლო იაშვილის თოფის ხმა, ის შემზარავი გასროლის ექო, ამ კედლებმა შთანთქა რამდენი ტკივილი და რამდენი სინაზე, რამდენი სიყალბეც შეიზილა და რა აღმაფრენაც არ დაიტია, და ყველა სიტყვა, ყველა საქციელი – იყო წუხილი უკეთეს დროებაზე, უკეთეს საქართველოზე, უკეთეს ადამიანზე!.. დღეს ეს წუხილიც გავალდებულებს, ამ წუხილით უშინაურდები აქაურობას, მაჩაბლის ცამეტის უცხო სტუმარო!..

ჩემი ორკვირიანი იზოლაციის მიწურულს მთარგმნელი ქეთი ქანთარიაც გვიერთდება. ქეთი კლასიკური ღამურაა – მთელი ღამე თავაუღებლად მუშაობს, ერთმანეთს ნაშუადღევის მერე ვხვდებით, როცა ჩვენთვის უკვე საქმემოლეული დღე ქეთის ახალი „შრომადღის“ ნაპირს ემიჯნება, თავს ყველანი ცოტაოდენი მოსვენების უფლებას ვაძლევთ, ისევ ქეთის იდეით – მოვაწყოთ ერთობლივი კინოჩვენება – „სხვენის კინოთეატრი“,  „TWIN PEAKS“-ის ახალი სერიები უნდა ვნახოთ, კიდევ – ფონ ტრიერი და ბუნუელიცაა „აფიშაზე“…

ჩემს რომანს, რომელსაც ახლა ვწერ, „დაბადების დღე“ ჰქვია და მოზარდი ტყუპი ძმების თავგადასავალზეა. ფინალურ ეპიზოდში ერთ ფრაზას დავეძებ, რამდენიმე დღეა დაყურსული ვარ, მჭირდება უზუსტესი სიტყვები, რომლითაც ზღვის სანაპიროს შუქურაზე, და-ძმა უნდა შეხვდეს ერთმანეთს…

და სანამ ამ სიტყვებს ვიპოვი, კიდევ ერთხელ შევალ მწერალთა სახლის ბაღში, ნოემბრის ფოთლებში, საფოსა და გალაკტიონის ბარელიეფებს შორის ჩამკვდარ სიჩუმეში,

შევალ სავსე მადლიერებით.

ხანდახან არც გამოითქმის უზუსტესი სიტყვები. ისინი უბრალოდ უნდა იგრძნო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი