შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არაიურიდიული განაჩენი

ცოტა ხნის წინ, ერთი დიდური დისკუსიისას (ტელევიზიები რომ აშუქებენ ხოლმე, იმგვარი დიალოგის დროს), ჩვენ მოვთქვამდით ქართული კულტურის უკულტურობაზე. ნაწარმოების ესთეტიკა არაფერ შუაში გახლდათ და არც მაინცდამაინც ნატურალიზმს უარვყოფდით, – პირიქით.

 

მე ვამბობდი, რომ:

ვერაფრით შევძელით ძველი თემებისგან თანამედროვე პროდუქტის შექმნა პათოსის ან ზედმეტად არტისტული, შესაბამისად, ნაყალბევი ფორმების გარეშე, მაშასადამე, ქართული კულტურა ყოვლად უკულტუროა;

ჩვენი პოეტური ხმა ახლა უფრო ისტერიკაა. ამ ისტერიკას დასავლეთი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის შუა წლებში გასცდა და რადგან ისტერიკა საკმაოდ ხმამაღალი რამაა და ხმამაღლობა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი იმაზე მეტად გვაწუხებს ხოლმე, ვიდრე დაუდევარი მძღოლის ვერდამორჩილებელი საჭე და არასასიამოვნო ტრიუკები, მაშასადამე, ქართული კულტურა ყოვლად უკულტუროა;

ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ ეროტიკული პასაჟებით გავალთ ფონს. ამგვარ ეპატაჟზე გათვლილი ტექსტი ინტელექტუალური სიმწირის გამო საბოლოოდ ემსგავსება იაფფასიან პორნოს, რომელშიც ქალის სიშიშვლე არა სილამაზის – სიმახინჯის საწყისია და სიმახინჯე ზოგჯერ თუ მართლა შეიძლება იყოს ლამაზი, ეს ის ბედნიერი გამონაკლისი არ გახლავთ. შესაბამისად, ქართული კულტურა ყოვლად უკულტუროა.

ეს უკულტურობა, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს წარსულთან დაბრუნების საჭიროებას და ლექსების წერას მტკვრის პირას მჯდომარე ჰაბიტუსით. არც “არასდროს არაფერი გვეშველება”-ს სინდრომს და ხელის ჩაქნევას (რადგანაც მრავალჯერ გვეშველა). “ყველაფრის ჩაქნევის უფლება გაქვთ, ბატონებო, გარდა კალმისა თუ კლავიატურისა, ფუნჯისა, ფოტოაპარატისა თუ კამერებისა – რამდენი რამაა დასაწერი, დასახატი, გადასაღები, ოღონდ – სხვანაირად”, – ასე მარტივად ვფიქრობდი დისკუსიიდან გამოსული და საკუთარ თავს ვსაყვედურობდი ჩემს დამაჯერებელ ტონს დიალოგისას და ბევრ უცხო სიტყვას, რომელსაც თავი ვერაფრით ავარიდე. ასეთ დროს ყოველთვის ძალიან მრცხვენია ხოლმე: თითქოს დისკუსიების ფუნქცია მხოლოდ საკუთარი “ყოვლისმცოდნეობის” აფიშირებაა და ჩვენც თავი მოგვაქვს ჩვენი კომპეტენტურობით. მოგვაქვს და მოგვაქვს თავი, არადა, აჯობებდა, ეს თავები წაგვეღო და ისეთ ადგილას დაგვედო, სადაც მეტ თავმდაბლობას გვასწავლიდნენ და ნაკლებ ყოყლოჩინობას.

“ამოდის მთვარე და ცალი თვალით/ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,/მე კი ოთახში შემომყავს ძალით/და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად”, –აი, ჩვენი თავების ადგილი.

 

თავი 1. სიმშვიდე

არ გეგონოთ, ძილისკენ მოგიწოდებდეთ – მთვარის ფუნქცია, მაგალითად, მოგზაურთათვის და არა მხოლოდ მათთვის თუ ბნელი ღამის განათებაა, პოეტებისთვის შთაგონება გახლავთ. ოთარ ჭილაძის მთვარე გარემთვარე აღარაა, ის უკვე სახლის მთვარეა, შინაური და ახლობელი. იმდენად ახლობელი, რომ საყვარელი ადამიანისთვის ფუმფულა ბალიშის ფუნქციასაც ითავსებს. აი, ასე: ზოგიერთი პოეტის ლექსის კითხვისას მთელი სხეული გეჭიმება, ძარღვებიდან საკუთარი სისხლის ხმაური გესმის, გრძნობ, რომ დამანგრეველი ძალაა ლექსის ფორმით მოწოდებული, ზოგჯერ კი, გამოჩნდება ოთარ ჭილაძე და თითქოს საკუთარ აივანზე, სარწეველა სკამზე ზიხარ პლედმოხვეული. ნუ დაგაბნევთ უეცარი პარალელი დისკუსიიდან ჭილაძეზე: ერთმანეთს შეადარეთ რთული, დამღლელი სამუშაო დღე და ძილისწინა შხაპი, მორთულ-მოკაზმული საქორწილო ტორტი და სახლში, დედის გამომცხვარი ვაშლის ნამცხვარი, სავალდებულო წვეულებაზე თქვენი სავალდებულო ყოფნა სავალდებულო სამოსით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გახდისას მოგვრილი სიამოვნება…

სიმშვიდე პროტესტის არქონას არ გულისხმობს და, სხვათა შორის, არც პროტესტი გულისხმობს ხმაურს. ამიტომაც ნუ ჩავთვლით, რომ ჭილაძის ლექსები ის “ვარდბულბულიანი” პოეზიაა, რომლის კითხვისასაც ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ბევრი თაფლი ჭამე – გულზე ზედმეტი სიტკბო რომ გაწევს და არ იცი, რა მოუხერხო. პირიქით, ამ სიმშვიდეში რა აღარ ხდება, პოეტი ზედმეტი პათეტიკის გარეშე იმაზე მეტს გვეუბნება, ვიდრე სხვები, რომელთა ხელობაც მხოლოდ სტრიქონთა ფასადების მოჩუქურთმებაა. “მის ლექსებში არც ადამიანები დაქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები, – ამბობს შოთა იათაშვილი ერთ წერილში და მართლაც, ამ სიმშვიდეს მხოლოდ თოვლი თუ დაარღვევს, თოვლი, რომელიც მისი ლექსების ხშირი სტუმარია.

 

თავი 2. არაიისფერი თოვლი

“ის თოვლი ჰგავდა დაქანცულ ლტოლვილს/და სიბერეზე გადაკრულ სიტყვას./ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი,/ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს”.

 

ან

 

“მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი/და გადმოფინოს თეთრი აფრები/და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით/ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი”.

 

ჭილაძის თოვლი არც იისფერია და არც მაინცდამაინც სიცივის საწყისი: აქ უფრო თოვლის მეორე ბუნება ჩანს, საბნად დადების,ყინვებამდე დროებითი სითბოს მომტანის. შოთა იათაშვილი იმ წერილში კიდევ ბევრ კარგ რამეს ამბობს: “ეს თოვლია, თვალს რომ არ აცილებს ადამიანებს, მათ სულში იხედება, მათ სხეულს მსჭვალავს, ასუფთავებს, ამცივნებს, ათბობს… მიდის ადამიანებთან და ეგზისტენციალურ, მეტაფიზიკურ კითხვებს უსვამს, და თოვლის გამომცდელ კითხვებს თავს ვერავინ აარიდებს... ამიტომაა, რომ მის ლექსებში ყველა გრძნობს თოვლის ყოვლისმომცველ მზერას, მის ძალას. გრძნობენ, შესაძლოა, თვით საგნებიც კი.

 

საინტერესოა, რატომ იქცევა ხოლმე ბუნების ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ქარი, წვიმა თუ თოვლი, პოეტების შთაგონების წყაროდ?! – წარმოვიდგინოთ სიტუაცია: შუადღის პლაჟი, ორმოცი გრადუსი სიცხე, ირგვლივ – ხმაური და სიმინდის მთელი აჭარული მოსავალი. “სიმინდიიიი, სიმიინდიი, კააიიი სიმინდიიი!..” ნახეთ, ამ სიტუაციას როგორ არ უხდება ფიქრი, მით უმეტეს -კაბა, როგორც ნანადირევი. ან კაბას რომელ ტალღაზე ჩამოჰკიდებს თქვენი პოეტური ბუნება?

 

“მზად ვარ გისმინო და გემსახურო./ქარში იშლება დეკემბრის თოვლი/და მღერის შენი მძიმე საყურე,/გაბრუებული დეკემბრის თოვლით./(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,/მაგრამ ვიქნები სულ მხიარული./ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს/და სარკეებში ნასწავლ სიარულს)./სარკმელში ისევ თოვლი ირევა/და ჰყვება თავის უბრალო ამბავს./და სკამზე, როგორც ნანადირევი,/ჰკიდია შენი ლამაზი კაბა”.

 

მე ჭილაძის თოვლის უბრალო ამბები ყოველთვის უფრო მეტად მაინტერესებდა, ვიდრე გვირგვინოსანი პოეტების სიმძიმე და ჩუქურთმები. რითმების სისადავე და სიმარტივე, ათმარცვლიანი ლექსი და სავსებით სტანდარტული ლექსიკა თითქოს საწყისი უნდა გამხდარიყო პრიმიტიული, გაუწაფავი, ბავშვური ხელით დაწერილი ლექსის დაბადებისა, მაგრამ ოთარ ჭილაძე (შემდგომში – დიდი რომანისტი) არც აზრობრივ პრიმიტივიზმს უჩიოდა და ლექსის ესთეტიკაც მშვენივრად ესმოდა. ჰოდა, ისიც მოვიდა სადა და ყველასთვის ახლობელი ლექსებით, ლექსებში უცბად შემოვარდნილი ბასრი და დასამახსოვრებელი ფრაზებით და მინიმუმამდე დაყვანილი, თითქმის სრულიად არაპათოსური პატრიოტიზმით.

 

თავი 3. პატრიოტიზმი?!

 

როდესაც ასე ახლოა გრემი, /მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,/რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით/რაღაც ახალი, სულმთლად ახალი./და თუმცა გრემი არის ბებერი,/არის დაღლილი და დანგრეული,/მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,/როგორც საყვარელ ქალის სხეული./მე მაინც კეთილ ფიქრებითმავსებს/სახეგაპობილ კედლისალმური/და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე/ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც./მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,/მე ყველაფერი მგონია ჩემი,/როდესაც ასე ახლოა გრემი,/როდესაც ასე ახლოა გრემი!

 

ბავშვობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ ინტუიციით აღიქვამ ცუდსა და კარგს და გუმანით ხვდები, რა უნდა მოიწონო და რას გადააბიჯო, ამ ლექსს პატრიოტიზმის ხმამაღალი იარლიყი ჩამოჰკიდეს და ასე მასწავლიდნენ – გულზე მჯიღის ცემის ფონზე. მე მაშინ უკვე ვხვდებოდი, რომ სამშობლო მხოლოდ დაბადების ადგილი არაა, იმასაც ვხვდებოდი, რომ ამ “რაღაცას” ყველაზე ნაკლებად ყვირილი და პათეტიკა უხდებოდა. ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ეს ლექსი არა გრემის სიმაღლის, არამედ პოეტის სიმაღლით შემეფასებინა და მთავარი დამენახა: მშობლიური სიძველის ფონზე გამოკვეთილი პორტრეტი. ამ პორტრეტზე გამოსახული ადამიანის მცდელობა ძველ წიაღში არდაბრუნებისა და სიახლისკენ სწრაფვა. მე მაშინ მართლაც ძალიან პატარა ვიყავი და ვერც ინტუიცია დამეხმარა: ოთარ ჭილაძე აღარასოდეს დროს წასაკითხ პოეტთა ნუსხას ხელის აუკანკალებლად მივამატე.

დიდობისასკი, თავმობეზრებულს ახალგაზრდა პოეტთა ვერშემდგარი ექსპერიმენტებით, გულუბრყვილო პოეტური ორდენებით, ლექსების გარმონიკის ეფექტით – ფორმობრივი თუ შინაარსობრივი, ყოველმხრივ გაწელვისა თუ შეკუმშვის მცდელობით და ათასი მოდერნისტული (უფრო კი – პოსტ) სითამამითა და მერე ამ სითამამეების ფინალური კრახით: “თურმე ასე უკვე უთქვამთ” და “როგორ დაემსგავსა ყველა ლექსი ერთმანეთს” სიმართლით, გადმოვიღე დავიწყებული პოეტი (მაგრამ მაშინ უკვე საყვარელი პროზაიკოსი) და გამიკვირდა. გამიკვირდა, როგორც ქუჩაში შემთხვევით დანახული სადა და ძალიან ლამაზი გოგო, გამიკვირდა, როგორც წინა დღით დაბადებული ჩემი თოთო ძმისშვილი, გამიკვირდა, როგორც მთის ღამეული, ძალიან მაღალი ცა – რომ გეშინია, თავზე არ ჩამოგექცეს, ისეთი.

 

თავი 3. პოეტებიც წერენ რომანებს და პროზაიკოსებიც – ლექსებს

ვიღაცები ოთარ ჭილაძე-პროზაიკოსსა და ოთარ ჭილაძე-პოეტს ერთმანეთს ისე ადარებენ ხოლმე, როგორც სპორტსმენს, რომელიც ჭოკზე ხტომაშიც მაგარია და მარათონულ სირბილშიც, მაგრამ ჭოკზე ხტომის მოყვარულები თავისკენ ეწევიან, მარათონის მოტრფიალენი – თავისკენ. ის კი, ძალიან უბრალოდ, მაშინ, როცა მეტი სათქმელი დაუგროვდა და ალბათ, იმასაც მიხვდა, რომ კონვენციური ლექსი ბუნებით ვერ იქნებოდა მოაზროვნე და თუ ის მაინც გახდებოდა მეტად მოაზროვნე და ფილოსოფიური, მაშინ ვერლიბრისკენ უნდა წასულიყო, რომანისკენ წავიდა. წავიდა და დარჩა. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე წერდა ლექსებს. ჩემთვის სიურპრიზი გახლდათ გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ ახლახან გამოცემული ამ დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი “ჩანაწერები”, მისი შინაგანი ლაბორატორია 1955 წლიდან გარდაცვალებამდე (2009). ამ პროზაულ სიურპრიზამდე გამომცემლობა “პეგასმა” ლექსის მოყვარულებს პოეტური სიურპრიზი მოუმზადა: ოთარ ჭილაძის მთელი პოეტური შემოქმედების (ლექსები, პოემები) სრული კრებული. და ახლა, როცა ორივე წიგნი თანაბარი სიყვარულით მიყვარს, მწარედ მეღიმება ხოლმე ჩემი ბავშვური ხელების საოცარ, ბავშვურ მდგრადობაზე: განაჩენი, არა ჭილაძეს, ხელის აუკანკალებლად რომ გამოვუტანე საკუთარ თავს. კიდევ კარგი, მსგავსი განაჩენები შემდგომ განხილვას ექვემდებარება, თორემ, აბა, ამაზე დიდი და სამუდამო სასჯელი სხვა რა იქნებოდა.


 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი