შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სოციალური ქსელების შორეული ისტორიიდან

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის აქციების ბირჟაზე განთავსებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფეისბუქი საინფორმაციო სააგენტოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამავე დროს, მისმა შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა ჟურნალისტებს თავისი პერსონით დაინტერესების კიდევ ერთი საბაბი მისცა: მან თავის შეყვარებულზე იქორწინა, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. მისი ქორწინების დეტალებისა და ფოტოსურათების პოვნა ინტერნეტში არც ისე ძნელია – ამაში ინტერნეტსაძიებო სისტემები დაგეხმარებიან. მე კი მინდა, ცუკერბერგის მიერ შექმნილ სოციალურ ქსელზე, ფეისბუქზე, გესაუბროთ, უფრო სწორად, იმ პარალელებზე, რომელთაც შორეულ წარსულში მივყავართ.
გთავაზობთ ერთ თავს ჩემი წიგნიდან “სოციალური მედია სკოლაში”. წიგნის სრული ვერსია ინტერნეტშია განთავსებული და მისი ხილვა ამ მისამართზე შეგიძლიათ:
www.glsp.ge/uploads/social_media_at_school_manual.pdf
თავი XI
სოციალური ქსელების ისტორიიდან
ერთობ თავშესაქცევი რამ არის შორეულ წარსულში პარალელების მოძიება. თუკი ძალიან გაერთე ამგვარი საქმიანობით, ისეთი შთაბჭდილება დაგრჩება, რომ არც არაფერი იცვლება და საერთოდ, შეუძლებელია, რამე ახალი მოიგონო კაცმა. მაგრამ, მეორე მხრივ, კაცობრიობა ხომ წინ მიდის და, შესაბამისად, სულ ახალ-ახალ ტექნოლოგიებს ვიგონებთ. ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რა პარალელი შეიძლება მოუძებნო წარსულში, მაგალითად, ბლოგებსა და სოციალურ ქსელებს. მაგრამ, როგორც ჩანს, იმასაც კი, რაც ერთმნიშვნელოვნად თანამედროვეობის პროდუქტად აღიქმება, პროტოტიპები ჰქონია და გამოთქმას, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, ერთობ მოულოდნელი კუთხით მოეძებნება ხოლმე გამართლება.
ვულკანის ფერფლით დაფარული ქალაქი
ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს რომის იმპერიის ქალაქი პომპეი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. მერე კი, ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, ქალაქის მახლობლად ვულკანი ამოიფრქვა და პომპეი ფერფლით დაიფარა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ქალაქის მოსახლეობამ ვერც კი მოასწრო სახლების დატოვება. თითოეული ნივთი, პრაქტიკულად მთელი ქალაქი მყისიერად აღმოჩნდა ფერფლის ქვეშ.
მრავალი საუკუნის განმავლობაში ბუნების მიერ დაკონსერვებული ქალაქი არავის გახსენებია. პომპეის დიდი ხნის შემდეგ, მხოლოდ XVIII საუკუნეში დაუბრუნეს სიცოცხლე. თავად განსაჯეთ, რამხელა სიხარულს ანიჭებს საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებლად შემონახული ქალაქი მკვლევრებს. ამ მკვლევართა შორის რებეკა ბენეფიელიც (Rebecca Benefiel) არის. იგი ვაშინგტონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში (Washington and Lee University) მუშაობს. მისი ნაშრომი პომპეის კედლებზე დატოვებულ წარწერებსა და გამოსახულებებს შეეხება, ერთი სიტყვით, ანტიკურ გრაფიტის.

რებეკა ამტკიცებს, რომ კედლის წარწერები ანტიკური ხანის მარგინალების თავშესაქცევი არ ყოფილა; კედლებზე წერით საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იქცევდნენ თავს – ღარიბები, მდიდრები, მონები თუ თავისუფალი მოქალაქეები. კედელზე წერა, როგორც ჩანს, გასაკიცხ საქმედ არ ითვლებოდა. თავისი თეზისების დასამტკიცებლად რებეკას პომპეის ერთ-ერთი წარჩინებული მოქალაქის ოთხსართულიან ვილაში ნაპოვნი წარწერები მოჰყავს. სახლის კედლებზე გრაფიტი საკმაოდ კარგად იკითხება. სასტუმრო ოთახში მეგობრებმა პატრონს კეთილი სურვილები მიუძღვნეს. სახლის შიდა კიბეების კედლებზე პოეტური ტაეპები იკითხება – როგორც ჩანს, აქ პოეტური პაექრობა მიმდინარეობდა.

ანტიკური გრაფიტი ქალაქ პომპეის კედელზე
წარწერები აღმოაჩინეს სამზარეულოში, მსახურთა ოთახებში და ქალაქის სხვა კუთხეებშიც.
ერთ-ერთ ჭიშკართან ასეთი წარწერაა:
“მარკუსს უყვარს სპენდუზა”;
პინარიას სახლის ატრიუმთან:
“თუკი ვინმეს არ სწამს ვენერასი, მან უნდა ნახოს ჩემი შეყვარებული”;
კაპრისიუს პრიმუსის სახლში:
“ჩემს ქმარს მთელი მსოფლიოს ოქროზეც არ გავცვლიდი”;
ვერუსის სახლში, სახლის ორ კარს შორის:
“სეკუნდუსი გამარჯობას ეუბნება თავის მეგობრებს”;
თეატრის ერთ-ერთ გასასვლელში:
“მეტეს, კამინიუსის მონას, უყვარს კრესუსი. დაე ვენერამ, პომპეის მფარველმა, დაიფაროს ისინი და მათი ცხოვრება ჰარმონიული ყოფილიყოს”;
თეატრების ქუჩაზე:
“ჩემი მაღაზიიდან გაქრა პატარა ქვაბი. ვინც მას დამიბრუნებს, 65 სესტერციას ვაჩუქებ. კიდევ 20-ს მიიღებს ის, ვინც მომაწვდის ინფორმაციას ქურდის შესახებ”.
წარწერები კედლებზე დღესაც საკმაოდ კარგად იკითხება, რაც მოწმობს, რომ თავის დროზე ამგვარ თვითშემოქმედებას არავინ ებრძოდა. მკვლევრის მტკიცებით, ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პომპეის ქუჩები განცხადებათა დაფებს წააგავდა, რომლებზეც პომპეის მოქალაქენი ერთგვარი “ინტერაქტიული თამაშით” ირთობდნენ თავს. ამ თამაშში საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, რაც მას მოქალაქეთათვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.
ანტიკური Facebook-ი
დამეთანხმებით ალბათ, რომ პომპეის მოქალაქეთა ეს თავშესაქცევი ნამდვილად ჰგავს Facebook-ს. Facebook-ის პერსონალურ გვერდს, სადაც ყველა შეტყობინება და ფოტო იყრის თავს, კედელი (wall) ჰქვია. Facebook-ში, ისევე, როგორც ძველ პომპეიში, მომხმარებლები თავის ან მეგობართა კედლებზე წარწერებს ტოვებენ. ზოგი წარწერა ყოველგვარ კონტექსტს არის მოკლებული. ზოგის ავტორი რაღაცას ეძებს ან ვინმეს საჭირო რჩევას აძლევს. ხანდახან ვირტუალურ კედლებზე პოლემიკის მოწმენიც ვხდებით.
როგორც ხედავთ, რაც არ უნდა შექმნას კაცობრიობამ, როგორიც არ უნდა იყოს პროგრესი, ჩვენ ისევ ჩვენი ადამიანური სურვილების გარემოცვაში ვიარსებებთ და ახალი ყოველთვის კარგად დავიწყებული ძველი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი