ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთმანეთის გასამხნევებლად

თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მშობიარობის შემდეგ დეპრესიას – როცა არც შენი განწყობები და არც შენი სხეული დიდად შენ არ გეკუთვნის, ახალ რეალობაში ჯერ არ იცი, როგორ იცხოვრო და ძველი რეალობა აღარასოდეს დაბრუნდება. როცა ზრუნვა, ყურადღება, სიყვარული და მოთმინება მოგეთხოვება, შენ კი სინამდვილეში არაფერი შეგიძლია, ტირილის გარდა. ერთადერთი, რაც გინდა ისაა, გაჩერდე და ღრმად ისუნთქო, მიხვდე, სად ხარ და იქნებ სადმე გასასვლელი დაინახო.

 

ახლა ვიცი, რომ ეს მშობიარობის შემდეგ დეპრესიაზე ბევრად მძიმე გამოცდილებაა და ალბათ ყველაზე მეტად ომს ჰგავს – ისეთ მტერთან ომს, რომელსაც ვერ ხედავ და რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს: შენს სიყვარულებს, თავისუფალ დროს, სილაღეს, ადამიანებს, რწმენას, იმედს და სრულიად მარტოს და დაუცველს გტოვებს შიშებთან, გაჩვევს იზოლაციას და გიკარგავს მომავლის კონტურებს. ეს ომია, რომელსაც მოაქვს სიღარიბე. ომია, რომელიც ბავშვებს სკოლის გარეშე ტოვებს. ამ ომშიც მარტო კვდები და თუ სხვა ომებში შეიძლება არსებობდეს მიზეზი ბრძოლისა და თავგანწირვისთვის, ეს ისეთი ომია, რომელიც ჩვენ არ წამოგვიწყია.

 

როგორც ყველა ომი, ოდესმე ესეც მორჩება და მთავარი ამბებიც მერე დაიწყება – ომში დაკარგულების დათვლა და ცხოვრების ხელახლა დაწყების რთული და მტკივნეული პროცესები, ტრავმების მოშუშებისა და ომის შედეგებთან გამკლავების მცდელობები.

 

ცოტა ხნის წინ ძველ ნაცნობს დავურეკე საქმეზე – იმასაც ორი გოგო ჰყავს, ჩემს შვილებზე ცოტა დიდები – მოვიკითხე და მითხრა, რომ ინტერნეტდამოკიდებული გახდნენ უკვე რახანია, თამაშებში ცხოვრობენ და ვერც ვერაფერს ვთავაზობს სხვას უკეთესს. მე მთელი დღე ვმუშაობ და სახლის საქმეებს ვაგვარებ, არაფრისთვის დრო არ მრჩებაო.

 

ერთი კვირის წინ ხატვის სკოლაში ბავშვებს ველოდებოდი. სხვა ბავშვის მშობელი მოვიდა და მითხრა – რა კარგია, აქ რომ მაინც შეგვიძლია ვატაროთ ბავშვები, ჩემი შვილი მარტოა სახლში, არც და ჰყავს, არც ძმა, უკვე სამი წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინა ბოლო 6 თვეში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავის ტოლებს ნახულობს და მთელი კვირა ამ დღეს ელოდება ხოლმეო.

 

მეგობარი მიყვებოდა, სკოლის მოსწავლეს კიდევ რა უშავს – ხან გაკვეთილს ესწრება, ხან კითხულობს, უმცროსი შვილი, რომელიც ბაღის ასაკის არის, საერთოდ ვერ იგებს ამდენი შეზღუდვებით რატომ ცხოვრობს, კედლებს აწყდება და ჩვენ მთელი დღე სამსახურის საქმეებს ვაკეთებთ, ვერ ვიცლით, რომ იმდენი ხნით გვყავდეს გარეთ, რამდენიც ამ ასაკში მისი განვითარებისთვის არის საჭირო. არ ვიცით, რა ვქნათო.

 

მშობლები გვირეკავენ და გვთხოვენ, ნუ გეშინიათ ჩვენი, გამოუშვით ბავშვები ჩვენთან, ვირუსი რომც დაგვემართოს, ისეთი მავნებელი ვერ იქნება, როგორც მთელი დღეები მარტო ყოფნა და ლოდინი, როდის მოვლენ ბავშვები ჩვენთან და მოიტანენ სიხარულსო – ჩვენ მაინც გვეშინია, თუმცა ისიც გვესმის, რაც უფრო დიდხანს იქნებიან მარტო, მეტი იქნება სევდა და უფრო მტანჯველი მარტოობა.

 

არ ვიცი, რა იქნება მერე, მაგრამ ვიცი, რომ ახლა, თუკი გვინდა ამ ბრძოლაში არ დავმარცხდეთ, უნდა ვიპოვოთ სიტყვები და გზები ერთმანეთის გასამხნევებლად. თვალებში ჩავხედოთ პრობლემებს, რაც ამ დრომ მოგვიტანა და ახლავე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება შევამციროთ ზიანი. უდანაკარგოდ, უკვე ცხადია, აქედან ვერ გამოვალთ.

 

ბევრი ვიკითხე და ვიფიქრე ცალკეულ, პარტიზანულ ინიციატივებზე, თვითდახმარების ქსელისმაგვარ სისტემებზე, იმაზე, როგორ ამხნევებენ და ეხმარებიან მშობლები მასწავლებლებს, მასწავლებლები – მშობლებს, დასაქმებულები – დამსაქმებლებს, დასაქმებულები – უმუშევრად დარჩენილებს, ბავშვიანი ოჯახები ერთმანეთს, ექიმები მათ, ვინც ჯანდაცვის სისტემის გარეშე რჩება და ექიმებს სხვები, ვინც ჯერ კიდევ ჯანმრთელადაა. მთავარი პრინციპი ერთია, დავინახოთ სხვები ჩვენი პრობლემების მიღმა და ვუთხრათ, რომ გვესმის მათი, ვიცით, რასაც ის გრძნობს და ამაში უჩვეულო არაფერია, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებითა და შესაძლებლობებით. სისუსტეების არ უნდა შეგვრცხვეს და შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ.

 

მარტივია ვუთხრათ დედას, რომელიც შფოთავს შვილის წარმოსახვითი მეგობრების გამო, რომ ამაში უშვეულო არაფერია და თუკი ბავშვს ისინი ეხმარებიან, უკეთ იგრძნოს თავი, დაე, ჰყავდეს რამდენიც უნდა – ჩვენ შეგვიძლია ისინი გავიცნოთ და ჩვენც ვემეგობროთ.

 

შეგვიძლია მოვუსმინოთ დედას, რომელსაც დრო არ რჩება სამსახურის მიღმა ბავშვების სხვა აქტივობით დასატვირთად, რომ ჩვენც ასე ვართ, უამრავ რამეს ვერ ვასწრებთ და ეს მას, როგორც დედას არ აკნინებს. რომ პირიქით, ამ დროს, როგორც კრიზისულ პერიოდებს ჩვევია ხოლმე, ქალებზე წარმოუდგენლად დიდი დატვირთვა მოდის და შეუძლებელია ვინმე იყოს ერთდროულად ერთნაირად კარგი დედა, კარგი შვილი, კარგი თანამშრომელი, კარგი ცოლი, კარგი მეგობარი და ა.შ.

 

ვუთხრათ მასწავლებლებს, რომ გვესმის, მათ ჩვენზე არანაკლებ რთული დრო აქვთ, გვესმის ონლაინსწავლების გამოწვევები და მადლიერები ვართ მათი ძალისხმევის გამო. სხვებს კი, ვინც ჯერ კიდევ საკლასო ოთახებში ატარებს გაკვეთილებს, ვაგრძნობინოთ, რომ მათი შიშებიც ბუნებრივია, არ გვინდა რისკის ფასად უწევდეთ მუშაობა და ვეცადოთ, ყველანაირად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, მათი ჯანმრთელობის დასაცავად.

 

ბავშვებსაც უნდა ვუთხრათ, რომ ყოჩაღები არიან, როცა ნიღაბს სწორად ატარებენ, ონლაინგაკვეთილებზე წესებს იცავენ და დავალებების შესრულებას არ იზარებენ, როცა ესმით, რომ ყველაფერი არც უფროსებს გამოსდით და იმის მიუხედავად, რომ პატარები არიან, მათ შეუძლიათ ჩვენი გამხნევება. მათთან ერთად ყოფნა ამ პერიოდს უფრო იმედიანს ხდის.

 

ეს სია გრძელია. მთავარია ვიპოვოთ ძალა, მოვუსმინოთ მათ, ვისაც სურს ილაპარაკოს ამ დროის სირთულეებზე და გავამხნევოთ, მისი პერსპექტივიდან დავინახოთ სამყარო.

 

საბავშვო ბაღში ჩემი შვილები მღეროდნენ ხოლმე ერთ კეთილ სიმღერას, სადაც მადლობას უხდიდნენ მზეს, რომელიც ანათებდა, რომლის სხვივების ქვეშაც თამაში უფრო სასიამოვნო იყო, ყვავილები უფრო სწრაფად იზრდებოდნენ და ცხოველები ბედნიერად ცხოვრობდნენ – მაშინ მეცინებოდა ამ გულუბრყვილო ტექსტზე, ახლა ხშირად მახსენდება ხოლმე და ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, სანამ მზე ანათებს და ჩვენ მას ვხედავთ, ყველაფერს ეშველება.

 

ერთმა კარგმა ექიმმა, გასამხნევებელი საუბრისას მითხრა, უხერხულია გამოტოვებულ შვებულებებსა და მოგზაურობებზე ლაპარაკი მაშინ, როცა ხალხმა სიცოცხლე და ოჯახის წევრები დაკარგაო და ვერაფერი ვუთხარი. იმ დროის განმავლობაში, სანამ მე სახლში მყოფ ბავშვებზე ვდარდობდი, ის ადამიანების სიკვდილისგან დახსნას ცდილობდა.

 

ნასტასია არაბული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი