დისტანციურ სწავლებაში დანახული ბავშვები, ანუ პანდემიის მოკრძალებული ხიბლი

ცხრა თვე გავიდა და პანდემიამ იმ აზრს შეგვაგუა, რომ მოულოდნელი არაფერია და სულ მზად უნდა ვიყოთ თავს დამტყდარი ყველა ცვლილებისთვის და ახალი ჩვევები უნდა მოვირგოთ.

 

როგორც მშობლისთვის ეს პანდემიური ცხრა თვე ყველაზე მძიმე თვეები იყო. ვფიქრობდი, რომ დავკარგე დამოუკიდებლობა და დავკარგე მოსვენების უნარიც, რასაც თან დაერთო უსასრულოდ გაზრდილი პასუხისმგებლობები.  როცა ეს ამბავი ჩაივლის, ჩვენ ყველას, ძალიან დიდხანს დაგვჭირდება საუბარი და ერთმანეთის მოსმენა ამ მძიმე დღეების სირთულეების გასაზიარებლად და ერთმანეთის გასამხნევებლად, თუმცა ვფიქრობ, არც ახლა იქნება ურიგო ამის დაწყება.

 

წელს ჩემმა მესამეკლასელმა შვილმა ორი კვირა იარა სკოლაში. სკოლაში წასვლის ღამეს სიხარულით არ ეძინა, რომ მეორე დღეს მონატრებულ კლასელებსა და მასწავლებლებს შეხვედროდა. შემდეგ როგორც ხდება, ისე განვითარდა ეს ამბავიც“, „კონტაქტების ძიება” დაიწყო და სკოლაც დაიხურა. ესეც მოსალოდნელი იყო. თუმცა ვფიქრობდი, რომ ის ორი კვირაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის, სკოლიდან ბედნიერი და გაბრწყინებული თვალებით დასაბრუნებლად. მაშინვე დავალებების შესრულებას იწყებდა, საკუთარ სამოსზე და სკოლაში წასაღებ სასუსნავზეც წინდაწინ ფიქრობდა…

 

ახლა, როცა მასწავლებლებს, მშობლებსა და თავად ბავშვებსაც დისტანციური სწავლების მხრივ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ ერთმანეთს ეს გამოცდილება, რომელიც მეტ-ნაკლებად ძალიან ინდივიდუალურია და პირად გამოცდილებასაც ასახავს. ასახავს იმ პირად მონდომებასაც, რომელიც ამ მხრივ გამოვიჩინეთ ყველამ, მშობლებმა, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და, სიმართლე გითხრათ, ყველა მონდომების შემდეგ პატარა გამარჯვებებსაც ვხედავ და ეს მაძლიერებს.

 

როდესაც დისტანციური სწავლება დაიწყო, საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, უფრო ინერციით მივდიოდით და თან ვფიქრობდი, რომ ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, პანდემია დროებითი მოვლენა იყო, რომლის წამალსაც განვითარებული მსოფლიო მალე იპოვიდა. დიდხანს აღარ ვისხდებოდით სახლებში, მალე ყველა ჩვენ-ჩვენს საყვარელ საქმეს დავუბრუნდებოდით და ა.შ.

 

დისტანციური სწავლების დაწყებისთანავე აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილი, რომელიც მეორე კლასში იყო, საერთოდ არ ფლობდა დამოუკიდებლად სწავლის უნარებს. ან იქამდე როგორ უნდა აღმომეჩინა, როდესაც სახლიდან დილის რვა საათიდან გასულები საღამოს რვა საათზე ვბრუნდებოდით შინ და შემდეგ, როგორც ხდება, საღამოს რუტინა, ისევ ფაცხა-ფუცხით მომზადება მეორე დღისთვის. ცოტა საუბარს თუ მოვასწრებდი შვილებთან, ამისთვისაც მადლობელი ვიქნებოდი იმ დღის.

 

რასაც ამ აჩქარებულ რუტინაში სკოლის მოსწავლის ორივე მშობელი ზედმიწევნით ვასრულებდით, ეს იყო, აქტიურად წაგვეხალისებინა მეორე კლასელი შვილის წერა-კითხვის უნარები და ვფიქრობ, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, შესანიშნავადაც გამოგვდიოდა. ამ მხრივ ვერც საკუთარ თავს ვუსაყვედურებ და ვერც მოსწავლე შვილს. თუმცა, თუ რაიმე არ გამოგვდიოდა, ესეც ცხოვრების წესის ბრალი იყო და ალბათ ჩემი, როგორც მშობლის გამოუცდელობისაც, რომ ზედმეტად მივენდეთ მას, ზედმეტად მივენდეთ იმ ადგილს, რასაც სკოლის „გახანგრძლივებული” ჰქვია, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ საღამომდე რჩებოდნენ, პატარა, ხმაურიან და შემჭიდროვებულ კლასებში, სადაც ძალიან რთული გარემო იყო იმისთვის, რომ ბავშვს რაიმე ესწავლა და გაეაზრებინა. საჯარო სკოლების ამ „ლოდინის ოთახებში” ბავშვები საშინაო დავალებებსაც ასრულებდნენ და მეორე დღისთვის მეტ-ნაკლებად „სუფთა” სინდისით მიდიოდნენ სკოლაში. თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ყველაფერი საერთოდ არ იყო საკმარისი.

 

ახლა, როცა პანდემიურმა რეჟიმმა ძველი ცხოვრების რბოლიდან ამოგვაგდო და ყველა ახალ რეჟიმზე გადაგვაწყო, ვხედავ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს დამოკიდებულებებში. პირველ რიგში შეიცვალა ჩემი შვილის სწავლის მიმართ დამოკიდებულება და შეიცვალა ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება, რომ ყველაფერი კარგადაა ან პირიქით… ახლა საკუთარი თვალით დავინახეთ ბავშვების ყველა ჩავარდნა და ყველა წარმატება და ამან, მე პირადად გამომაფხიზლა.

 

პანდემიური ცხოვრების მეცხრე თვეს, უფრო კარგად ვიცით მოსწავლემაც და მშობელმაც, რაზე გვაქვს მეტი სამუშაო და სად უნდა ვიყოთ უფრო ფხიზლად. ახლა მან უკვე თავად აიღო საკუთარ თავზე ყველა დავალების შესრულება და გახდა უფრო მეტად მოტივირებული, შედარებით კონცენტრირებული; ვხედავ, როგორ ახარებს საკუთარი მიღწევები, როგორ გაჰყვირის გაკვეთილზე მათემატიკის ამოცანების სწორი პასუხის მიგნებისას და უბრალოდ, ამ ყოფაში თავისი ადგილი მოძებნა, თავისი პასუხისმგებლობა უფრო მეტად გაიაზრა, თუმცა ისევ ოცნებობს სკოლაზე და საკუთარ კლასელებთან პირისპირ შეხვედრაზე.

 

მართალია, დისტანციურ სწავლებაში ისევ პრობლემაა ტექნიკური ხარვეზი, „ისევ ჭედავს თიმსი”, ისევ რაღაც ითიშება, მაგრამ მშობელთა უმეტესობამ დავინახეთ ჩვენი შვილები და დავინახეთ მათი პრობლემები, მათი გამარჯვებები და მიღწევები და ამ გამარჯვებებში ცოტათი ჩვენი წვლილიცაა.

 

ძველი სკეპტიციზმი, რომელიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მქონდა, დავივიწყე. ახლა, ასეთ რეალობაშიც კი ყველა მონდომება მნიშვნელოვანია, ყველა წახალისება ფასობს და სწავლისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, უკვალოდ არ იკარგება. ახლა, როდესაც ხშირად ჩემი შვილი, ზოგჯერ კამერასაც არ რთავს და ისე ეურთიერთობება კლასს, ვფიქრობ, კარგი იქნება ზედმეტი „ჩაციების” გარეშე დავუტოვო მას ამის უფლება და ვიფიქროთ იმ დროზე, როდესაც პირისპირ ისევ შეხვდება საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს. ცუდი დროა, ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც შეგვიძლია ამ ცუდ დროებაში ჩვენი შვილებისთვის მოვძებნოთ ხელჩასაჭიდი, სინათლის მცირე წერტილები, რომლის გარეშე ყველაფერი უფრო რთული და აუტანელი იქნებოდა ჩვენთვისაც და პატარა ადამიანებისთვისაც.

 

 

 

 

კომენტარები

comments