პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

 პოეტი-ფენიქსი    თამაზ ბაძაღუა

„მზე ჩადის… ჩადის და შენც ასევე

ჩადიხარ, როგორც უსასრულობა“, _ ვკითხულობთ სტრიქონებს და გამოუცნობი სევდა გვეუფლება.   27 წლის იყო თამაზ ბაძაღუა, როდესაც მოულოდნელად შეაღო სიკვდილის შავი კარი, თუმცა მანამდე პოეზიის გზით მოხილული ჰქონდა მისი სანახები. ისიც იმ ხელოვანთა  დასში ჩაეწერა, რომელთა ამქვეყიური სიცოცხლე ხანმოკლე იყო, მაგრამ თავიანთი შემოქმედებით გააფართოვეს არსებობის საზღვრები და მხატვრული დრო-სივრცის მარადიულ თანამგზავრებად იქცნენ. მისი ლექსები, პიესები, თარგმანები თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ფურცლებს ქმნიან. მის პოეზიასთან ყოველი შეხება მკითხველს დაანახვებს მხატვრული აზროვნების ამოუწურავ შესაძლებლობებს, ამიტომაც დაუვიწყარი ხდება ის განცდა, ფიქრი, ემოცია, რომელიც მასთან „დიალოგისას“ ჩნდება. იდუმალ სამყაროსთან მედიუმი მისი ლექსებია, რომლებიც უცნაური მაგიით გიზიდავენ, გაღვიძებენ და უხილავის დანახვისათვის აღგძრავენ.

ის, ვისკენაც გამუდმებით მიისწრაფვის თამაზ ბაძაღუას ლექსების ლირიკული გმირი,  განფენილია მთელ სამყაროში. მის გამოჩენას, უფრო სწორედ, აღმოჩენას ხელს უშლის  ყოფის ჯოჯოხეთი, მაგრამ იგი  თავისი პოეტური „ხილვებით“ გაარღვევს ამ ბურუსს და მიაგნებს იმას, რაც სიცოცხლის საყრდენად ექცევა. ამ დიდი და პატარა სინათლეების აღმოჩენაზეა დაწერილი მისი ლექსები:

„შენ არ გიცხოვრია ვარდების ფერისა და ცისფერის საუკუნეებში,

იამბიკოსა და მაღალი შაირის სამლოცველოში,

არ გიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი,

არ ჩაგიყვინთავს ქრისტიანი ბავშვის სიზმარში.

შენ ფრთა ხარ_ ჩუმი და მოტეხილი,

რომლის ბოლოში განუწყვეტლივ შრიალებენ

ძველი ქარები და დროშები.

შენ იმ მიწიდან, ფესვებიდან ამოთხრილი ყვავილი ხარ,

რომელსაც დილით წყალს თუ დაუსხამ,

ოთახშიაც მშვენივრად გაძლებს,

მშვენივრად გაძლებს და იყვავილებს,

სანამ ფესვები გულში ამოვა“.

რაც მთვარია, ხან პირდაპირ, ხან კი უცხო მეტაფორებად, შედარებებად, ეპითეტებად თუ სხვა მხატვრულ სახეებად გარდაქმნილი მისი გრძნობა, ემოცია გამოძახილს პოულობს მკითხველის გულში, სულსა და გონებაში და მასაც მოანატრებს შორეულსა და მიუწვდომელს. ის გაჯერებს, რომ მისთვის ხელის გაწვდენაზეა `წმინდა სამოთხე~:

`მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები,

თუმცა ისინი არასოდეს აქ არ მინახავს~ (`მარტვილის მონასტერთან~).

ეს განცდა გადაედება მკითხველსაც და ისიც `წყნარად, წყნარად მაღლდება დაკარგული სიხარულისკენ~, მიიკვალავს გზას ირაციონალურის, მისტიკურის, მეტაფიზიკურისკენ. აქ მოიხსნება ის სიძნელე, ბარათაშვილი რომ ასე გამოთქვამდა: „აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან, /მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).

მისი პოეზიიდან სამყარო შემოგვცქერის მირიადი თვალებით, ელის ჩვენს შეხებასა და შეხმიანებას. ლირიკული გმირი  ლაღად და თავისუფლად უსმენს სულიერისა თუ უსულოს ჩურჩულს და  მკითხველს გამოუთარგმანებს საოცარი, ექსპრესიული მეტაფორებითა და სხვა მხატვრული სახეებით:

„ფანჯარამ ღამეს გადასძახა, ღამემ_ ვარსკვლავებს

და შენს თვალებში არ დატოვა არცერთი ლოცვა.

მე იმ თვალების სიღრმეებში ყაყაჩოების სისხლს ვუმატებდი,

რომ ცრემლს სიმძიმე დაეკარგა… მე იმ თვალების ცარიელ ღამეს

მარტო შევრჩი და ვარსკვლავებმაც მაშინ მიბიძგა

ლოცვასა და არაფერს შორის დარჩენილი ვიწრო ფანჯრისკენ,

რომელსაც ჰქვია სიყვარული, ბრმა ფრინველივით

რომ ეხეთქება საკუთარ ფრთებს სინათლის ცაში“

ეს უსათაურო ლექსები თითქოს თავშესაფარს დაეძებენ მკითხველთა გულებში. ლირიკული გმირი, მარტოსული და სასოწარკვეთილი, მარადიულ განზომილებაში მოიპოვებს უბადრუკი არსებობის გამართლებას, ამიტომ ლექსებში ბუნებრივად შემოიჭრება ფიქრი უზენაესზე. აქ სამყაროს შემოქმედი ხან პირდაპირ არის დასახელებული, უფრო ხშირად კი მინიშნებაა მასზე. მეორე ნაპირი, რომელსაც მიელტვის პოეტი, ხან შავი, სულისშემხუთველი მიწაა  და ხან ცისფერი, გამჭვირვალე ლაჟვარდი, თუმცა ორივე მშვენიერია და მიმზიდველი და იმაზე უკეთესი, როგორიც რეალობის სახით წარმოუდგება ლირიკულ გმირს, პოეტის ალტერ ეგოს.  იქ, სიტყვებით „შექმნილ“ მიწასა თუ ზეცაში, ფიქრს ვერაფერი შეაჩერებს, განსხვავებით აქაურობისაგან, სადაც ხელშესახები, აღსაქმელი საგნები მზერას ეღობებიან, აბრკოლებენ, თუმცა, უპირველესად, სწორედ ამ წინააღმდეგობას გადალახავს პოეტი, წარმოსახვის ჩარჩოებსა და ბარიერებს იოლად არღვევს, ამიტომაც ჩნდებიან  მისი პოეზიაში აბსტრაქტული, ერთგვარი სიურეალისტული, სიზმრისეული სახეები, ფერებისა და ხმების გრადაციებით:

„წამოდი ჩემკენ, _კვნესოდა მგზავრი,_

მე უფრო ღრმა ვარ და საიმედო,

ჩემი მკერდი უფრო გრილია,

მთრთოლვარე და იდუმალი,_

შავ ანთრაციტზე მისხლტება ფეხი.

მეორე ქვეყნის ნაპირიდან იღვრება სხივი.

_თურმე ის მგზავრი იყო ბალახი,

ის ბალახი კი დედამიწის სიტყვები იყო“ .

თამაზ ბაძაღუას პოეზიაში იგრძნობა საოცარი სისავსე. მასაც შეეძლო, ბარათაშვილივით ეთქვა, `მაგრამ მე სული გვამში ვეღარ მომთავსებია~ („ნაპოლეონ“).  მასაც სხეული, როგორც ჩარჩო, როგორც მცირე ჭურჭელი  ევიწროება, სუნთქვა უძნელდება, ამიტომაც უხარია მხოლოდ მაშინ, როდესაც პოეზიის გზით თავს დააღწევს ამ ტყვეობას, ამ დროს თითქოს მისი ხორცის სამანები მოირღვევა და ოთხი ელემენტი: ჰაერი, მიწა, წყალი, ცეცხლი,  ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად იწყებს  მოძრაობას, ასე გაიშლება თუ გაიფანტება პოეტი მთელ სამყაროში და მოიხილავს მის  უჩინარ ჰორიზონტებს.  ამ დროს უმძაფრდება შეგრძნებები, იგი თანაბრად აღიქვამს მზის, მთვარის ვარსკვლავების ფეთქვასა თუ ბალახის შეკრთომას.

ყოველდღიური ერთფეროვნებით მოქანცულ პოეტს პოეზია მოევლინება მშველელად. თუმცა ეს უფრო ამძაფრებს კონტრასტის შეგრძნებას.   შავისა და თეთრის, ამაღლებულისა და დაცემულის შეხლიდან იბადება შთამბეჭდავი ექსპრესიული სახეები, რომლებიც მის ნებისმიერ ლექსს სიცოცხლეს მატებენ.  ყველა ლექსი ძნელი, ციცაბო აღმართებით მწვერვალზე ასვლას მიაგავს, ტანჯვით მიიწევს წინ და ბოლოს მაინც შეიგრძნობს სიმაღლეს:

`ათასი კაცი ვარ თვითონ,

და ათასივე მარტო კვნესის,

სანამ პატარა ჩიტი შობს დილას~.

ჩიტის მიერ დილის შობა იმგვარი მეტაფორაა, რომელიც ხილვას ედარება, რადგან ამ სახით პოეტი სამყაროს გამოუთქმელ, გონებით მიუწვდომელ, სიცოცხლის განმაპირობებელ ეგზისტენციურ  კანონზომიერებას მოიხელთებს.

ყოფის უდაბნოში მას  წინ მიუძღვის უცხო მგზავრი _ ეშმაკი თუ ანგელოზი? ეს ეჭვიც ხშირად გაკრთება მის პოეზიაში, მაგრამ სასოება, სიყვარული და რწმენა მის შერყეულ სულს წონასწორობას უბრუნებენ.  და პოეტი მოულოდნელად აღმოაჩენს: Aეს მგზავრი თვითონ მიწაა, სიმშვიდეს და სიყვარულს რომ ჰპირდება.

გრძელდება ჭიდილი მიწასა და  ცას შორის, თუმცა მიწა ხომ თვითონვეა, რადგან მისგან მოიზილა მისი სხეული, ამიტომაც, სინამდვილეში მიწა და ცა განუყოფელია, როგორც ცოცხალ ადამიანში სული და მატერია. სიმშვიდის მომგვრელია ამის განცდაც: `და ზეცასავით იხსნება მიწა და მიწასავით ღამდება ზეცა~.

ლექსებში წარმოჩნდება თანამედროვეობის სულიერი კრიზისი, უსაშველო სიცარიელის განცდა, ილუზიების მსხვრევა, რეალობასა და წარმოსახულს შორის გაჩენილი უფსკრულები:

„ნუ მეუბნებით, ნუ მატყუებთ_

რომ ოდესმე ვარსკვლავები ჩაეხვევიან

ჩვენს ნაფეხურებს და ზეცისკენ გაგვიტაცებენ,

ნუ მეუბნებით, ნუ მატყუებთ, _

რომ ოდესმე გაიფოთლება სიყვარულის ბერწი მცენარე,

ის უკვე ნაყოფს ვერ გამოისხამს,

არამედ ცივ და შხამიან ეკლებს

და იმ ეკლიდან ჩვენს სამსხვერპლო ჯვარს გამოთლიან“ („შესაძლებლობა“).

ის მიელტვის სამყაროს დასაბამიერს, პირველსაწყისს, განუყოფელს, ამიტომაც მოძრაობას, ცვალებადობას განიცდის, როგორც სიკვდილს. პოეზიით უბრუნდება იმ ბიბლიურ, შესაქმისეულ  ჟამს, როცა სული იქცეოდა წყალთა ზედა. თვითონაც ამიტომაა `წყლის კაცი~:

„მე წყლის კაცი ვარ და ზეციურ წყლისკენ მაბრუნებს

ჩემი გუგუნის ცივი ექო_ სასოწარკვეთა,

რომელსაც გული წინასწარ გრძნობს, როგორც პირუტყვი

მიწისძვრას, როგორც ზამთარს მერცხალი,

მაგრამ სად არის თბილი ქვეყანა, სად არის წყარო, სად არის ჩრდილი,

სად არის სიტყვა მინერალების შუქივით სუფთა და პირველქმნილი“.

წყალი მის პოეზიაშიც განახლების, მეორედ შობის სიმბოლოა. ამ დასაბამიერი სისავსის მოპოვება  განაცდევინებს მას სამყაროს, როგორც ერთ მთელს, ამიტომაც ქარი, ვარკვლავი, მთვარე მისი სხეულის ნაწილებია, გრძნობის ორგანოებია: `ნისლით ვცდილობ გაღიმებას~ და გვახსენდება ვაჟას `ნისლი ფიქრია მთებისა~. მთები და ადამიანი ერთი გზით გამოხატავენ თავიანთ შინაგან მღელვარებას: ადამიანი ნისლის სახით იღიმება, მთები ნისლის სახით ფიქრობენ, და სწორედ ამგვარი განცდების აღძვრისას  სამყარო მისტიკურად მთლიანდება და მკითხველს ეუფლება ჩუმი სიხარულის, ჰარმონიის განცდა. ისიც მონაწილეა პოეტის `აღმოჩენისა~:

„ჯერ ნუ დამიტირებ, სიყვარულო,

ნუ გამოშლი შუაღამისფერ თმებს ჩემს ჭიშკართან,

იქ ბროწეული აყვავდა წუხელ,

თითქოს წითელმა ქარმა დაკოცნა სველი ტუჩებით.

ჯერ მას უწამლე უნუგეშოდ გაწვდილ ტოტებზე _

მარტოობის გრძელ სიმღერაზე“.

თამაზ ბაძაღუას პოეზიის კითხვისას მკითხველსაც  უჩნდება სამყაროსთან ამგვარი უშუალო ურთიერთობის სურვილი. ისიც  ერთვება პოეტური სამყაროს  მძლავრ მიმოქცევაში და იწყებს გარემომცველ საგანთა გადასხვაფერებას. ეს მძლავრი იმპულსი თუ მუხტი შეიგრძნობა მისი ლექსების კითხვისას და გასაგები ხდება ელიოტისეული ფრაზა: `პოეზია მანამ მოდის ჩვენამდე, სანამ გავიგებდეთ~.

ვერლიბრის ფორმა აქ უაღრესად დახვეწილია. მისი სტრიქონების რიტმულობას, მუსიკალურობას განაპირობებს რაღაც ძლიერი შინაგანი მუხტი, თითქოს სიტყვები თავისუფლდებიან, ნაჩვევ შინაარსებს ძველი სამოსივით იხდიან და მკითხველის წინაშე სრულიად ახალი სახით ჩნდებიან:

„ღამის ქალაქი_

მაწანწალა ძაღლების ჰიმნი,

და იმ ჰიმნის ქვეშ მაღალი და ლურჯი ხეები,

იმ ხეების ქვეშ ჩვენი ჩრდილები,

ჩვენი ჩრდილების დასასრულს კი მდინარე მიდის“.

თამაზ ბაძაღუას პოეტური ფილოსოფია და ესთეტიკა ეფუძნება ქართული და მსოფლიო პოეზიის მდიდარ ტრადიციას. ძნელია  კაცობრიობის გამოცდილების ამ უკიდეგანო  სივრცეში საკუთარი ხმით გამორჩევა, მაგრამ ის ამ სიძნელეს გადალახავს და თავის მშვენიერ ინდივიდუალურ ანაბეჭდებს ტოვებს მკითხველის გულში.

თამაზ ბაძაღუა წარმოჩნდება, როგორც პოეტი – ფენიქსი, რომელიც ყოველ ლექსში იფერფლება და აღდგება, იტანჯება და განიწმინდება და მკითხველსაც ამგვარად განაცდევინებს სიკვდილისა და სიცოცხლის სიტკბო-სიმწარეს:

„მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი,

და უიმედოდ ვებღაუჭები

იმ ძველ ფურცლებში ჩაყვითლებულ სტყვებს: სიმშვიდე,

სიხარული, თანაგრძნობა,აღფრთოვანება,

ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი“ (ლექსები დამოწმებულია კრებულიდან „სიზმარში მაინც ვხვდებით ერთმანეთს“, თბ. 2009).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი