პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქცევის წამყვანი ფორმა და მისი როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

ერთხელ, ორ ახალგაზრდა ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „არ მესმის რა ხდება,  ჩემი პატარა საბავშვო ბაღში დამყავს და ისეთი განცდა მაქვს თითქოს სკოლის მოსწავლეა – ასწავლიან წერას, კითხვას, უცხო ენას, კონტინენტებს და ადამიანის აგებულებასაც კი“ – აღშფოთებას ვერ მალავდა 5 წლის გიოს დედა. „თუკი ამდენ რამეს ასწავლიან, რატომ არის ეს ვითომ ცუდი, ჩემი მარიამი სკოლის მოსწავლეა და მთელი გაკვეთილი თამაშით არიან დაკავებული, მასწავლებელს რომ ვუსაყვედურე, დამამშვიდა,  თამაში სწავლების ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდიაო“ – მეორეკლასელი მარიამის დედიკომ მეგობარს შესჩივლა თავისი გასაჭირი. „მე ნამდვილად არ ვიქნები უკმაყოფილო, თუ ჩემს შვილს ბევრი ეცოდინება“ – თავს იმშვიდებდა გიოს დედა – „მაგრამ, მაინც მაინტერესებს, ეს ნამდვილი ცოდნაა, თუ ბავშვი უბრალოდ თუთიყუშივით იმეორებს იმას, რასაც მასწავლებელი ეუბნება, ან საერთოდ სჭირდება კი ამ  ასაკის ბავშვს წერა-კითხვის, უცხო ენის და მითუმეტეს გეოგრაფიის და ბიოლოგიის ელემენტების სწავლა, ამით მას ბავშვობას ხომ არ ვართმევთ, ხომ არ აჯობებდა სკოლაში სწავლის დაწყებამდე ის უფრო მეტად თამაშით ყოფილიყო დაკავებული“.

ვფიქრობ, ზემოაღნიშნულ სიტუაციაში წარმოდგენილი ქალბატონები გამონაკლისები ნამდვილად არ არიან. უკანასკნელ ათწლეულში საბავშვო ბაღებში აქტიურად მიმდინარე სასწავლო პროცესმა საგონებელში ჩააგდო ბევრი მშობელი, რადგანაც მათ საკუთარ თავზე იწვნიეს, თუ რას ნიშნავს წერა-კითხვის მცოდნე ბავშვის შეყვანა პირველ კლასში, სადაც პატარები სასწავლო გეგმის მიხედვით ასოებს  და მარცვლებს სწავლობენ, ცალკეული ბავშვები კი უკვე გამართულად კითხულობენ. როგორც წესი, ასეთი ბავშვების დიდ ნაწილს ადვილად ეკარგება ინტერესი სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ, რაც მშობლებსა და პედაგოგებს უკვე ახალი პრობლემის წინაშე აყენებს. რომ არაფერი ვთქვათ მოვლენების ასეთ განვითარებაზე, სამართლიანად ჩნდება შეკითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილი და საჭიროა ქცევის სხვადასხვა ფორმების გამოყენება ცალკეულ ასაკობრივ საფეხურზე.

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ადამიანის ფსიქიკური განვითარება ყველა ასაკობრივ საფეხურზე სხვადასხვა სახის ქცევის მიმდინარეობის პროცესში ხორციელდება. სწორედ ქცევის, მოქმედების დროს ეუფლება პატარა იმ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც დაგროვილი აქვს კაცობრიობას – ითვისებს ცოდნას, იძენს ადამიანისთვის დამახასიათებელ ფსიქიკურ თვისებებს და უმუშავდება საჭირო უნარ-ჩვევები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქცევის ცალკეულ ფორმებს (თამაში, სწავლა, შრომა) განვითარების ყველა ასაკობრივ საფეხურზე ერთნაირი მნიშვნელობა არა აქვს ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის. ბავშვის განვითარების თითოეულ ასაკობრივ საფეხურზე ქცევის რომელიმე ერთი ფორმა ხდება წამყვანი, დომინანტური. ის მთავარ როლს თამაშობს კონკრეტულ ეტაპზე ბავშვის განვითარებაში. ქცევის სხვა ფორმები მას ემორჩილებიან და მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. ქცევის წამყვანი ფორმა მთელ ასაკობრივ საფეხურს თავისებურ იერს აძლევს და ამ ასაკობრივი საფეხურის თავისებურებათა გასათვალისწინებლად მის შესწავლას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ბავშვის განვითარებაში ქცევის სხვადასხვა ფორმის ხვედრითი წილის შესაფასებლად აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ქცევის წამყვანი ფორმა განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე ის კი არ არის, რომელიც უბრალოდ ყველაზე ხშირად გვხვდება, ან რომელსაც ყველაზე დიდ დროს უთმობს ბავშვი, არამედ ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ასეთი ფორმის ქცევის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. როგორც წესი, ის ხასიათდება სამი მთავარი ნიშნით:

  1. ქცევის წამყვანი ფორმის შიგნით ჩნდება და ვითარდება ქცევის სხვა ფორმები, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით, განვითარების შემდგომ ეტაპზე თავად გახდნენ დომინანტური და შეიძინონ წამყვანი ქცევის მნიშვნელობა. ასე მაგ. სწავლა თავდაპირველად თამაშის ფორმით იჩენს თავს –  ბავშვი სწავლას, როგორც წესი თამაშით იწყებს და სწორედ თამაშის პროცესში სწავლობს კიდეც;
  2. ქცევის წამყვანი ფორმა ცალკეული ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობი ხდება. კერძოდ თამაშით ვითარდება ხატოვანი აზროვნება, წარმოსახვა, სწავლის პროცესში კი – ლოგიკური აზროვნება;
  3. წამყვან ქცევაზე დამოკიდებულია ბავშვის პიროვნების ფორმირება, ძირითადი ცვლილებები მის პიროვნულ განვითარებაში კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე. მაგ. თამაშის პროცესში სკოლამდელი, ერთი მხრივ, ითვისებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ქცევის ნორმებს, წესებს, მეორე მხრივ კი, სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, მათთან საკუთარი მოქმედების შეთანხმებას.

სკოლამდელ პერიოდში ქცევის წამყვან, დომინანტურ  ფორმას თამაში წარმოადგენს. სწორედ თამაშის პროცესში ხდება ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარება. რაც შეეხება სასკოლო ასაკს, ქცევის მთავარი ფორმა, რომელიც მთელ ასაკობრივ საფეხურს სპეციფიკურ სახეს აძლევს და ბავშვის განვითარების ხელშემწყობი ხდება, სწავლაა. სწორედ სწავლა იქცევა ამ პერიოდში ქცევის ძირითად, წამყვან, დომინანტურ ფორმად. მაგრამ, სწავლა სხვა ასაკობრივ საფეხურზეც გვხვდება და ნამდვილად არ შეიძლება იმის თქმა, რომ სწავლა მხოლოდ სასკოლო ასაკში იწყება. ყოველდღიურ მეტყველებაში სწავლის ცნებას ადამიანები ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან ვიყენებთ მის განვითარებაში წინსვლის და წარმატების არა ერთი მომენტის დასაფიქსირებლად  – ბავშვი ჭამას, სიარულს, ლაპარაკს სწავლობს, ცოტა მოგვიანებით პატარ-პატარა ლექსების, ზღაპრების და კიდევ ბევრი სხვა რამის სწავლას ახერხებს. თუმცა, ამ პერიოდში სწავლა თამაშის ისეთი ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, რომ ის თამაშის ერთ-ერთ სახედ უფრო ითვლება, ვიდრე ნამდვილ სწავლად. სკოლამდელ პერიოდში სწავლას მექანიკური ხასიათი აქვს და მას სწორედ ასე – მექანიკური სწავლის სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის სწორი მიმართულებით განვითარების ხელშესაწყობად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ ქცევის რომელი ფორმაა კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე წამყვანი, მთავარი, დომინანტური და ჩვენი ურთიერთობა ბავშვთან, მისი განვითარებისკენ მიმართული ქმედებები სწორედ ქცევის აღნიშნული ფორმის თავისებურებების გათვალისწინებით განვახორციელოთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი