პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ასო-ბგერების სასახლე

რამდენიმე წლის წინ ჩემმა პირველკლასელმა მოსწავლემ, უსაყვარლესმა და ძალიან კეთილმა ნინომ შემომჩივლა, რომ ვერაფრით გაეგო, რომელი ასო უნდა დაეწერა ხაზს ზემოთ და რომელი – ქვემოთ. ძალიან ღელავდა და ნერვიულობდა, არა მხოლოდ თვითონ, ნერვიულობდნენ მისი ოჯახის წევრები, მოკლედ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემა, ლამის ოჯახის ტრაგედიად ქცეულიყო, რაც თავისთავად პატარაზე მეტ გავლენას ახდენდა.

მე პრობლემას ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი და ვამშვიდებდი, რომ დროთა განმავლობაში ამ გამოწვევას დაძლევდა. თუმცა, ჩემი დამშვიდება და დარწმუნება, რომ დღევანდელ დღეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს ლამაზ კალიგრაფიას, რომ მთავარი აზროვნება და შემოქმედებითი ხედვაა, რაც ჩემს მოსწავლეს არ აკლდა და ილუსტრაციებით საოცარ ამბებსაც თხზავდა, შედეგს არ იღებდა.

როდესაც მივხვდი, რომ დღითიდღე ოჯახის ღელვა ძლიერდებოდა, პატარა კი უფრო დაძაბული და შეშინებული ჩანდა, გადავწყვიტე რამე მეღონა, ისეთი, რაც მას დაეხმარებოდა და კლასის სხვა ბავშვებსაც წაადგებოდა.

ვფიქრობდი, რომ ნინოს პრობლემა ცალკე არ უნდა გამომეყო, რადგან რაც მის სტრესს იწვევდა, ერთ-ერთი, სწორედაც  გამუდმებული ყურადღება და კონტროლი იყო – ოჯახის წევრებისგან. ინდივიდუალური მიდგომა და დავალებები ამ შემთხვევაში პრობლემას უფრო გააღრმავებდა, და შესაძლოა საბოლოოდ საგნის მიმართ მისი პოზიტიური დამოკიდებულება სულ უფრო გამქრალიყო, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა.

ჩემი დაკვირვებით, პირველი კლასელების უმრავლესობას საწერ ბადეში ორიენტაცია უჭირთ, იბნევიან, კონცენტრაციას ვერ ახერხებენ. მათთვის ეს იისფერი ხაზები ერთ დიდ ლაბირინთად და ქსელად ქცეულა, სადაც უფროსების მოთხოვნით ასოები ისე უნდა განალაგონ – ლამაზადაც გამოუვიდეთ, სწორი ადგილიც შეურჩიონ, თანმიმდევორობაც დაიცვან და კიდევ უამრავი კრიტერიუმიც დააკმაყოფილონ. მოკლედ, პატარებს ვთხოვთ დაახლოებით იმას, რაც ქართულ ზღაპარში კონკიას მოსთხოვა დედინაცვალმა: ეს ერთი პური, შენც ჭამე, გამვლელ-გამომვლელსაც აჭამე, და რაც დაგრჩება სახლშიც მოიტანეო. ჰო, ისეც გამოდის, რომ დღევანდელი ჩვენი სკოლა, მასწავლებელი, ნებსით თუ უნებლიეთ, სისტემის მოთხოვნითა თუ საკუთარი ხედვებით დედინაცვლის როლსაც ვირგებთ ხოლმე. ხანდახან კი ისე ვიჭრებით დედინაცვლის როლის შესრულებაში, რომ ჩვენი „მედან“ ვეღარც ვმიჯნავთ მას.

გადავწყვიტე ბადე გვერდით გადამედო და პრობლემის მოგვარება ამბით, ზღაპრით დამეწყო. რადგან ამ ასაკის ბავშვებს ყველაზე უკეთ ზღაპრების ენა ესმით, და  ზღაპარი მასწავლებლის ხელში ჯადოსნურ ჯოხად იქცევა ხოლმე.

ჩემი ჯადოსნური ჯოხი ასო-ბგერების ქალაქის ამბავი იყო.

ამბავი ასე იწყებოდა:

ერთი პატარა ქალაქის ულამაზეს სასახლეში ქართულ ასო-ბგერებს დაედოთ ბინა. სასახლეს გარშემო მუდამ მოციმციმე ოქროს არშია/ლენტი  ჰქონდა შემოვლებული და ღამით ისე ელავრებდა თვალს ვერ მოსწყვეტდით. ამ საოცარ შენობას 33 ოთახი ჰქონდა და ამ 33 ოთახის 33 ფანჯარა პირდაპირ მშვენიერ ბაღს გადმოსცქეროდა, სადაც უზარმზარი შადრევნები ცას წვდებოდა, მაღალი ხეებისა და სურნელოვანი ყვავილების სანახავად ბავშვები საიდან აღარ მოდიოდნენ. ჩვენს ასო-ბგერებს ბავშვების ცქერა და გართობა ძალიან, ძალიან მოსწონდათ. მაშინვე მოაწყდებოდა ფანჯრებს ოცდაცამეტივე და ცდილობდნენ პატარები გაერთოთ. ერთმანეთის ოთახებში გადაფრინდებოდნენ და სიტყვებს ქმნიდნენ. სიტყვები წინადადებებად იქცეოდა, წინადადებები კი ისეთ საინტერესო ამბებად, რომ მათ მოსმენას არაფერი  სჯობდა.

ჰო, მართლა ჩვენს ასო-ბგერებს ულამაზესი ფრთები ჰქონდათ, რომელთა დახმარებითაც ყველგან შეეძლოთ მოხვედრა, თუმცა თითოეულ მათგანს სასახლეში დადგენილი და განსაზღვრული ადგილი ეკავა. მაგალითად: ულამაზესი „ა“ – ცისფერი ფრთებით პირდაპირ სასახლის ოქროს ხაზზე ცხოვრობდა, მწვანე ბაფთიანი „ბ“-ს ფანჯარა ხაზზე კი გამოდიოდა, მაგრამ სულ ცოტა ზემოთაც იჭრებოდა. ვერცხლისფერფრთებიანი „გ“-ს ხაზზე თავი ჰქონდა ამოყოფილი, ტანი კი სულ ცოტა ქვემოთ ჩამოეცოცებინა. ბრილიანტისფეხება „დ“-ც „გ“-ს ბაძავდა. და ასე შემდეგ. 33 -ივე ასოს საკუთარი გარეგნობა  და თვისება მივანიჭეთ, ხასიათიც მოვუგონეთ და სასახლეში საცხოვრებელი ადგილიც განვუსაზღვრეთ. განმტკიცებისთვის, ისიც კი დავამატეთ, რომ თითოეული ასო-ბგერა, საკუთარ სარეცხსაც თოკზე ზუსტად ისე ფენდა, როგორც თავად ცხოვრობდნენ, როგორი წესიც ჰქონდათ.

ამ სახლის დახატვა დიდ ფორმატზეც შეიძლება და PowerPoint-ის დახმარებითაც აწყობა. მე აქ ამ უკანასკნელ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი ფანტაზიით და სურვილით შეგიძლიათ შეცვალოთ. ასოების ცალკე ბარათებზე დახატვა და შემდეგ მიმაგრება ბევრად უფრო კარგია, რადგან შემდეგ გაკვეთილებზე პატარებს სთხოვთ, თითოეულ ასოს სასახლეში საკუთარი ოთახი აპოვნინონ. სიტყვების აწყობით, ხაზზე განლაგებით – მომდევნო დღეებში და წლის ბოლომდეც შეეძლებათ, რომ ივარჯიშონ.  სასვენი ნიშნები ჩვენ მცველებად წარმოვიდგინეთ და სასახლის სახურავზე დავაბინავეთ. იმისთვის, რომ სიტყვა არ დაიშალოს, რომელიმე ასო არ გაფრინდეს – მძიმე ან წერტილი საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ზოგიერთი მცველი ისეთია სიტყვის წაკითხვაშიც რომ დაგეხმარებათ.  შესაძლებელია სასახლეში ან სარეცხის თოკზე ყველა ასო არ მოათავსოთ და შემდეგ სწავლების პროცესში ბავშვებს გამოაცნობინოთ.

ამ ასაკში და შემდეგაც პატარებს უჭირთ „წ“-სა და „შ“-ს, „ძ“-ს და „ხ“-ს გარჩევა, აღნიშნული რესურსი ამ კუთხითაც დაეხმარებათ, შეგიძლიათ ამ ასოებზეც ცალკე ამბავი მოიგონოთ, ტყუპები უწოდოთ, ოღონდ ძალიან განსხვავებული ხასიათებით. „შ“ – სასახლის ყველაზე ლამაზ ოთახში ცხოვრობდა, ის ყოველთვის მზეს და შაშვებს გასცექროდა, ხოლო „წ“-ს საყვარელი საქმიანობა ღრუბლებისა და წეროების ცქერა იყო და ასე შემდეგ. მასწავლებლისა და ბავშვების ფანტაზიას შეუძლია დაუსრულებელი და საოცარი ამბები მოიფიქროს, რაც ძალიან დაეხმარებათ იმ რთული, მომაბეზრებელი და რუტინული სავარჯიშოების შესარულებაში – ასე ძალიან რომ უჭირთ ბავშვებს.

ამბავი რომ მოვყევი, ნინოს კლასში და ამავდროულად სასახლეც წარვადგინე, შეიძლება ითქვას, ყველაზე საუკეთესო და ამაღელვებელი გაკვეთილი გამოვიდა. ამის შემდეგ ჩემ მიერ წარდგენილი სასახლის სუფთა შაბლონები დავურიგე (შაბლონს აქაც დავურთავ), და ბავშვებმა თავად სცადეს ასოების ოთახებში და ფანჯარებში განლაგება. მთელი წელი ვუბრუნდებოდით სასახლეს და მთელი წელი სულ ახალ-ახალ ამბებს ვიგონებდით, იმის მიხედვით, რა გვჭირდებოდა და წერა-კითხვის სწავლების პროცესში რა პრობლემას წავაწყდებოდით. მეორე კლასში დაბრუნებულმა ბავშვებმა პირველი, რაც მოიკითხეს ჩვენი სასახლე იყო. მეორე კლასში უარი ვთქვით მეორე კლასის ბადეზე და პირდაპირ ცალხაზიან რვეულებში გავაგრძელეთ მუშაობა, რაც საერთოდ არ გასჭირვებიათ, პირიქით მათ უკვე კარგად იცოდნენ ჩვენი ასოები სად ცხოვრობდნენ და როგორ გამოიყურებოდნენ. ასოებით სიტყვების შედგენა კი უკვე ცალკე ამბავია და ამასაც როდისმე მოგიყვებით.

კლასში სარეცხის თოკიც გავჭიმეთ და ზედ ყოველთვის გვქონდა ასო-ბგერები გასაშრობად გამოკიდული. ზუსტად იმ წესით, როგორც ისინი სასახლეში ცხოვრობენ.

ნინო ძალიან ხალისით ჩაერთო აქტივობაში, ჩვენ ხომ მის უსაყვარლეს საქმეს: ამბების მოგონებას შევუდექით. სტრესი და დაძაბულობა ნელ-ნელა გაქრა, და საბოლოოდ ის შედეგი მივიღეთ, რომ ახლა ნინო ძალიან კარგად წერს და ყოველთვის ვეუბნები, რომ მისგან ძალიან კარგი მწერალი დადგება. თუ უკვე არ არის.

მოკლედ, რაღაცნაირად უნდა დავძლიოთ „დედინაცვლობა“ და ჩვენი მოსწავლეებისთვის ისეთ ადამიანად ვიქცეთ, ვისაც ყველაზე მეტად შესტკივა გული და განიცდის მათ პრობლემებს. ვინც მოქმედებს არა გაქვავებულ წეს-ჩვეულებებით, არამედ საკუთარი გულის კარნახით, უნდა ვენდოთ ჩვენს მასწავლებლურ ინტუიციას, ის ყოველთვის ამართლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი