შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გაკვეთილი, რომელიც განსხვავებული ზარითა იწყება

ბევრს ვსაუბრობთ და ვწერთ, როგორი უნდა იყოს გაკვეთილი, როგორ ჩავატაროთ ის სრულფასოვნად სამივე ფაზის გათვალისწინებით, როგორ ავუხსნათ, რა შედეგზე უნდა გავიდეთ გაკვეთილის ბოლოს… ამ დროს მოსწავლე ზის და სხვა რაღაცაზე ფიქრობს. მოსწავლეებისთვის ხშირად გაკვეთილი სკოლის კედლებში ზარით არ იწყება, არა, უფრო შორს და უფრო მძაფრად ირეკება, იქ, სულში და ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ამაზე დავფიქრდეთ, მივყვებით გაკვეთილის სცენარს. ან სხვა რა გზა გვაქვს. ცხოვრება თავისი სცენებით, სინამდვილითა და გამოგონილით, არის ლიტერატურა და რა გვაქვს საპრეტენზიო. შეფარვით, მხატვრულად, სიმბოლოებით, ალუზიებით და გვავიწყდება ცხოვრების რეალური სცენა, არანაკლებ მდიდარი ტექსტებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით, ან თუნდაც, პირიქით – გაკვეთილზე გამოტანილი დასკვნები არ ჰგავს ცხოვრებისას, ის უფრო და უფრო მკაცრია, უმკაცრესია, დაუნდობელია… ასცდა ცხოვრება და ლიტერატურა ერთმანეთს, ცხოვრების ესთეტიკური ხედვა გაყინულია, მშრალია, ცივია, ლიტერატურაში კი ცეცხლი ანთია და ცხოვრებისეული სცენების გულქვაობა მხატვრული სამყაროს უსუსურობაზე მიანიშნებს მოსწავლეებს. არ უკითხავთ თქვენთვის, აქ კი წერია, მაგრამ აბა, ცხოვრებაში მიჩვენეთ მსგავსი მაგალითიო, კარგს, აღმატებულს ვგულისხმობ. დამერწმუნეთ, ბავშვები უფრო დიდ დროს უთმობენ ცხოვრების სცენაზე ნანახ გაკვეთილებს, რადგან ნანახი, მოსმენილი, საკუთარი თვალით აღქმული, უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია მათთვის, გაკვეთილი სხვა ფიქრის ადგილად გადაიქცევა. ფიქრობს იმაზე, რაც მას აწუხებს და არა იმაზე, რასაც ჩვენ ვუყვებით.

და ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი, უმეტესწილად, სანამ ჩვენ გაკვეთილზე ვასწავლით, ცხოვრების დიდი სცენიდან სწავლობენ, როგორ არ უყვარდეთ, როგორ არ დაინდონ, როგორ არ აპატიონ, როგორ არ მიაქციონ ყურადღება სხვის ტკივილსა და ცრემლებს. რა გავაკეთოთ, როგორ დავარწმუნოთ, რომ მწერლებმა მათ კითხვებსაც გასცეს პასუხი… რომ ყველა კითხვაზე პასუხი ლიტერატურაშია. სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავალ, ერთ ამბავს გავიხსენებ სტუდენტური პრაქტიკიდან. მაშინ მეათე კლასში ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიან დედაკაცს“ ასწავლიდნენ. გაკვეთილს ვხსნიდი და უცებ ერთი ყმაწვილი, რომლის სახელი და გვარი არასდროს დამავიწყდება, სწრაფი ნაბიჯით გაკვეთილიდან გავიდა. ვიფიქრე, ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანია… მაგრამ გაკვეთილის შეფასებისას, ქალბატონმა, რომელიც პრაქტიკას ხელმძღვანელობდა, მითხრა, რომ ის ყმაწვილი ჩემ გამო გავიდა. გავიკვირვე, რადგან ამის არანაირი მიზეზი არ მიმიცია. მასწავლებელი ასეთ ამბავს მომიყვა: ამ ბიჭს მამა არ ჰყავს. დედა კი დიდი ხანი არაა, რაც გათხოვდა. ნათესავებმა ის მოიკვეთეს, ბიჭი დეპრესიიდან ძლივს გამოვიდა… თქვენ კი ეს რა გააკეთეთ. თითქმის „დაადასტურეთ“, რომ ქართველი ქვრივი ქალი თავსაფრიან დედაკაცსა და ოთარაანთ ქვრივს უნდა ჰგავდეს. ნუ იქნებით ასეთი რადიკალური, ცხოვრება სხვანაირადაა მოწყობილი, ზოგჯერ ლიტერატურაზე მეტად გვაფიქრებს. მე გპირდებით, რომ ხვალ ბიჭი გაკვეთილზე შემოვა, ოღონდ იცოდეთ, თქვენი მტკიცებითი ტონი შეიცვლება და არა მარტო მას, მთელ კლასს უნდა მისცეთ სხვაგვარად ფიქრის უფლება.

გული მეტკინა, ვიტირე კიდეც, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, რა მექნა ხვალ. ვის არ ვკითხე, მაგრამ ისეთი არგუმენტი, რომელიც ყველასთვის არანაკლებ მყარი იქნებოდა, ვიდრე ნიკო ლორთქიფანიძისა და ილია ჭავჭავაძის იყო, სად უნდა მეპოვა. ნუთუ „ბიბლიაში“ არ იქნება, გამახსენდა, რომ იქ ეწერა, აქვს თუ არა ქვრივს ახალი ოჯახის შექმნის უფლება და დავიწყე კითხვა, რათა სწრაფად მეპოვა ის მონაკვეთი. ვიპოვე და გაკვეთილი, რომელსაც „შეპირებული“ მოსწავლე ნამდვილად ესწრებოდა, ასე დავიწყე: გუშინ ვერ მოვასწარი მეთქვა, როგორია თვით უფლის დამოკიდებულება ქვრივის ხელახალი ქორწინების თაობაზე… არგუმენტმა მთელი კლასი მიახვედრა, რომ ყმაწვილის დედა „დამნაშავე“ არ ყოფილა… ყველას თვალები შეიცვალა, მათაც იპოვეს გზა, როგორ არ უნდა გაკვირვებოდათ, რომ მისი დედა… პრაქტიკის ხელმძღვანელმა კი მითხრა: თქვენგან კარგი მასწავლებელი გამოვა.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს, სანამ გალაკტიონის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ უნდა შემოგთავაზოთ?!

კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ცხოვრების სცენა სრულიად სხვაგვარია, მას სხვა გამოწვევები ახლავს, მაგრამ, ფაქტია, რომ ლიტერატურა ყველა სცენისთვის არგუმენტების, უტყუარი არგუმენტების სალაროა. მთავარია, მისი და ცხოვრების სცენები ერთმანეთთან დავაკავშიროთ და პასუხების ძიებისას მარტოსულები კი არ გავხდეთ, არამედ შევძლოთ თუნდაც გალაკტიონის მსგავსად ლამაზი მეძავი ქალის ცრემლმა შთაგონება გაგვიღვიძოს. ვისწავლოთ, დიახ, ლიტერატურის გაკვეთილებზე, რომ ჩვენი შინაგანი ემოცია, სულში დარეკილი ზარი, ყველაზე ძლიერია და დავიმახსოვროთ უმთავრესი, ყველა ზარი საბოლოოდ სიყვარულის გასაღვივებლად, სიყვარულის განსამტკიცებლად… სიყვარულისთვის ირეკება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი