პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ლიტერატურული ფრაქტალები და ფრაქტალური ლიტერატურა

ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, ფილოსოფოსი დიდხანს ვერ მიხვდა, ვინ იყო – ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა თუ პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი.

 

რაღაც მომენტში ცუი პენს უნდა ეთქვა: „განვმარტოვდები, რათა წიგნი დავწერო“, მეორე მომენტში კი: „განვმარტოვდები და ლაბირინთს ავაშენებ“. ყველამ ორი პროექტი წარმოიდგინა და არავის მოსვლია აზრად, რომ წიგნი და ლაბირინთი ერთი და იგივეა.

ბორხესი, „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“

 

რა არის ფრაქტალი? რაკი ამ შემთხვევაში ფრაქტალს მეტაფორულად განვიხილავ ლიტერატურულ ტექსტებზე, შევეცდები, მრავალი განმარტებიდან შედარებით მარტივი და გასაგები ავარჩიო: ფრაქტალი არის უსასრულო „თვითმსგავსი“ გეომეტრიული ფიგურა, რომლის ფრაგმენტი (სიმრავლის ნაწილი) „იმეორებს“ სიმრავლის ფორმას უფრო მცირე მასშტაბით. ტერმინი ფრაქტალი ბენუა მანდელბროტმა შემოიღო. ფრაქტალის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია მანდელბროტის სიმრავლე, რომელსაც სახელი მკვლევრის პატივსაცემად ეწოდა. მანდელბროტი მათემატიკის ახალი მიმართულების – ფრაქტალური გეომეტრიის ფუძემდებელია.

ფრაქტალს აქვს დასაწყისი, მაგრამ ეს არის სტრუქტურა, რომელიც არასდროს სრულდება. ფრაქტალები წამოიქმნება უსასრულოდ. ამ პროცესს თვალსაჩინოდ დაინახავთ ამ ვიდეოში:

 

ფრაქტალის იდეასთან ახლოს არის სტივენ სპილბერგის ეს სიტყვებიც: „ადამიანებს დაავიწყდათ, როგორ მოჰყვნენ ამბებს. ამბავს არა აქვს დასასრული, არსებობს მხოლოდ დასაწყისი, რომელიც არასდროს სრულდება…“

ალბათ სწორედ ამის გამო გვხიბლავს დაუსრულებელი ამბები – ლიტერატურაში, კინოხელოვნებაში და საზოგადოდ, ხელოვნებაში; დაუსრულებლობა ინტერპრეტაციათა მრავალფეროვნებას  გულისხმობს. რაც უფრო დიდია ხელოვნების ნაწარმოები, მით უფრო დაუსრულებელია; რა სასრულადაც უნდა გამოიყურებოდეს „ვეფხისტყაოსანის“ სიუჟეტი, ის ერთი ნაწარმოებიც კი არ არის მაშინ, როდესაც მას 100 მკითხველი კითხულობს, რადგან კითხვის პროცესი – ეს არის მაგიური სინერგია ტექსტისა და მკითხველის ცნობიერებისა, თითოეული მკითხველი კი ყოველთვის განსაკუთრებულია და უნიკალური.

ფრაქტალური გეომეტრია ჩვენი ცნობიერების სტრუქტურაა, სემიოტიკური მოდელი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ბუნების მოვლენებზე, ასევე კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში; არსებობს ფრაქტალური არქიტექტურა, ფრაქტალური პროგრამები, ფრაქტალური ფილმები, ფრაქტალური ლიტერატურა და ლიტერატურული ფრაქტალებიც.

დეტალი, რომელიც კვლავწარმოებით ქმნის უნიკალურ და დაუსრულებელ სტრუქტურას.

მაგალითად, 70-იან წლებში 30-წლიანი კვლევის შედეგად ამერიკელმა მწერალმა და ჟურნალისტმა კრისტოფერ ბუკერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებობს 7 არქეტიპული სიუჟეტი, რომელთაგანაც შეიძლება ნებისმიერი ამბავი განავითარო. ეს სიუჟეტებია: ურჩხულზე გამარჯვება, ტრანსფორმაცია, თავგადასავალი, გასვლა და უკან დაბრუნება, ტრაგედია, კომედია, აღდგომა (აღორძინება).

წარმოიდგინეთ, რომ თითოეული სიუჟეტი ფრაქტალია და მისგან იწარმოება უამრავი ამბავი, რომელიც ამ სტრუქტურაში „ჩაჯდება“; რაღაც, რაც თითქოს სასრულია, განმეორებით ქმნის უსასრულობის ციკლს. ამ გაგებით, ენაც ფრაქტალური წარმონაქმნია, ერთი ანბანით (33 ასო-ბგერა) იწარმოება უამრავი სიტყვა, ფრაზა, წინადადება, ტექსტი. ცოცხალი ენა არის ტექსტის კვლავწარმოების ამოუწურავი წყარო.

ალიტერაციაც ფრაქტალურია, ფრაზათა გამეორებაც, სტრუქტურების გამეორებაც… ფრაქტალურობა უნივერსალური მოდელია, რომელიც შეიძლება ყველგან აღმოვაჩინოთ.

ფილოსოფოსისა და პეპლის ამბავი ფრაქტალურად ასეთი იქნებოდა: ჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ფილოსოფოსი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ფილოსოფოსი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა… და ასე შემდეგ, უსასრულოდ.

ფრაქტალურობის საუკეთესო ნიმუშად ხალხური პოეზიიდან მახსენდება სიმღერა „მოდი, ვნახოთ ვენახი“:

 

მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი;

მიველ, ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი.

მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა;

მიველ, ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.

მგელმა – თხა, თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი;

მიველ, ვნახე მგელი, თოფმა ჭამა მგელი.

თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი;

მიველ, ვნახე თოფი, ჟანგმა ჭამა თოფი.

ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ ჟანგი, რამ შეჭამა ჟანგი;

მიველ, ვნახე ჟანგი, მიწამ ჭამა ჟანგი.

მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა;

მიველ, ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.

თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი, თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;

მიველ, ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.

კატამ – თაგვი, თაგვმა – მიწა, მიწამ – ჟანგი, ჟანგმა – თოფი,
თოფმა – მგელი, მგელმა – თხა,

თხამ ვენახი შეჭამა.

 

ფაქტობრივად, ეს სიმღერა დაუსრულებელია, რადგან შეგვიძლია გავაგრძელოთ და ისევ თავიდან დავიწყოთ. ლექსიკური ფრაქტალურობა განსაკუთრებით დამახასიათებელია სიმღერებისა და საბავშვო პოეზიისთვის.

ფერდინანდ დე სოსიური, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა ანალოგიის მოვლენები, აღნიშნავს: ანალოგია ფსიქოლოგიური რიგის მოვლენაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ფონეტიკური მოვლენებისგან მის განსასხვავებლად, რადგან ეს უკანასკნელნიც შეიძლება განხილულ იქნენ როგორც ფსიქოლოგიურნი. საჭიროა, უფრო შორს წავიდეთ და ვთქვათ, რომ ანალოგია გრამატიკული რიგის მოვლენაა.

სოსიურმა აღმოაჩინა აგრეთვე ლექსის წყობის განსაკუთრებული, ანაგრამული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ „ყოველი პოეტური ტექსტის აგება დამოკიდებულია საკვანძო სიტყვის ბგერით შემადგენლობაზე. ტექსტის დანარჩენი სიტყვები შეირჩევა ისე, რომ მათში გარკვეული კანონზომიერებით განმეორდეს საკვანძო სიტყვის ბგერები“.

ანალოგიის კანონი, ანაგრამის თეორია – ფრაქტალურობის საფუძველია!

ფრაქტალურობა ლიტერატურაში ამგვარი მეტაფორით შეგვიძლია გავიაზროთ: წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ერთი წიგნი, რომლისგანაც ყველა სხვა წიგნი იბადება და გამომდინარეობს.

ფრაქტალურობა – ეს არის დერვიშების თავბრუდამხვევი ცეკვა.

ინტერტექსტუალობაც ფრაქტალურია, რადგან ხდება ერთი და იმავე აზრის, ზოგ შემთხვევაში – იდენტურად და ზოგჯერ – განსხვავებული ლექსიკით, ტრანსლირება სხვადასხვა მწერალთან. ეს პროცესი ზოგჯერ ცნობიერია, ზოგჯერ – სრულიად არაცნობიერი.

პროფ. გუჩა კვარაცხელიას საინტერესო ანალოგიები აქვს დაძებნილი პოეზიაში, მაგალითად, ასეთი:

„ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში „ჩემთ მეგობართ“ არის ასეთი სტრიქონები:

„სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს,

და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს“ (1841).

ისინი მოგვაგონებენ ა. პუშკინის ტაეპებს: „Смешон и ветренный старик, Смешон и юноша степенный“ (1817) (გ. კვარაცხელია, ტექსტურ გადაძახილთა მრავალფეროვნება, https://ice.ge/of/wp-content/uploads/2019/03/Kvaracxelia-G._14Tomi_56-79gv..pdf )

ბორხესის წიგნში „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“ ყველა ფიქციაში ადამიანი ხვდება მრავალგვარ ალტერნატივას, რომელთაგან ერთს ირჩევს, სხვებს კი უკუაგდებს. ფაქტობრივად, გაუხსნელი ხლართის – ცუი პენის თხზულებაში პერსონაჟი ერთდროულად ყველა ალტერნატივას ირჩევს. ამით ის ქმნის „რამდენიმე მომავალს“, რამდენიმე დროს, რომლებიც თავად მრავლდებიან და განიტოტებიან. პარალელური მომავლები, არჩევანთა ერთობლიობა – ფრაქტალური წარმონაქმნია. სუპერპოზიციაში ჩვენ ვფლობთ ყველა შესაძლო მომავლის სიმრავლეს. რეალურ ცხოვრებაში – ვირჩევთ ერთ გზას, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წახვედით ყველა გზაზე, რომელიც არ აგირჩევიათ… და, იმავდროულად, სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ეს არა მხოლოდ რიზომატული და დაქსელილი სამყაროა, არამედ უამრავი სამყარო.

ახლა კი – დავალება მასწავლებლებისთვის: თუ თქვენს მოსწავლეებს სხვადასხვა ავტორთან (ამასთან,დროსა და სივრცეში დაშორებულებთან) აღმოაჩენინებთ მსგავს ფრაზებს, სიუჟეტებს, მეტაფორებს, სიმბოლოებს, პერსონაჟებს და ასე შემდეგ, დაეხმარებით მათ სამყაროს ერთიანი და მრავალფეროვანი სურათის გააზრებაში და, ამავე დროს, დაარწმუნებთ, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი