შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კოლაჟი – წიგნის წარდგენის ფორმა

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის აზრით, მკითხველის ერთ-ერთი უფლებაა, წაკითხული წიგნის შესახებ არ ისაუბროს. და მაინც, თუკი საუბარს გადავწყვეტთ, როგორ უნდა ავკინძოთ სათქმელი? ლიტერატურული კაფე მე და ჩემმა მოსწავლეებმა წიგნებზე საუბრისთვის გამოვიგონეთ. ყოველ ჯერზე წიგნის წარდგენის სხვადასხვა მეთოდს ვეძებთ. ამ სტატიის მიზანიც მეთოდია, რომელიც ამ ზაფხულს, რიგით მეთვრამეტე ლიტერატურული კაფესთვის შევარჩიეთ, კერძოდ, მსურს, გაგიზიაროთ კოლაჟის შექმნის გამოცდილება.

რა არის კოლაჟი?

ინტერნეტსივრცესა და მეთოდურ სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით კოლაჟი ფრანგული სიტყვაა და „შეწებებას“ ნიშნავს. განმარტება მიგვანიშნებს მის სიმბოლურ დატვირთვაზე, უფრო დაზუსტებით, კოლაჟი მოიცავს სხვადასხვა მასალისგან აკინძულ, „შეწებებულ“ ნამუშევარს, რომელიც მთლიანობაში მთავარ იდეას ასახავს. საჭირო მასალის მრავალფეროვნება კი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ის შეიძლება იყოს საგაზეთო სტატიიდან ამოჭრილი სურათი, პლასტილინით გამოძერწილი დეტალები, გამხმარი ყვავილები, ხელით შესრულებული ნახატები. რაღაცით დიორამასაც მოგაგონებთ, თუმცა, მისგან განსხვავებით კოლაჟი მოიცავს ტექსტს, ნახატს, სხვადასხვა დეტალს და არ არის სამგანზომილებიანი.

რატომ მაინცდამაინც კოლაჟი?

ხშირად მომიკრავს თვალი კოლაჟისთვის, წამიკითხავს მის შესახებ, მაგრამ  შექმნის სურვილი ქართული მუსიკალური ჯგუფის,  „კოლექტივის“, ანიმაციის ყურების შემდეგ გამიჩნდა. სიმღერის სათაურია „1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ წავედით კოჯორში და უკან აღარ დავბრუნებულვართ“. მისი ტექსტის ადრესანტი მაროზე შეყვარებული იუნკერია. ანიმაციის კადრები კოლაჟის მიხედვით არის აწყობილი. ისინი სიმღერის ტექსტის შინაარსს ეხმიანება და, ძირითადად, მინიმალისტურ ნახატებს, ნაწერსა და გამხმარ ყვავილებს მოიცავს. იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა და ჩვენც გვეცადა კოლაჟის შექმნა.

 მეთოდის გაცნობა

მოძიებულ ინფორმაციას მეთოდის აღწერილობისა და დანიშნულების შესახებ თავი მოვუყარე და მოსწავლეებს გავაცანი. ერთად ვუყურეთ „კოლექტივის“ მუსიკალურ ანიმაციას, Pinterest.com-ზე მოვიძიეთ დამატებითი ფოტომასალა, თუმცა, ლიტერატურული კოლაჟის ნიმუშს ვერსად მივაგენით. საბოლოოდ, ანიმაცია იდეალური მაგალითი აღმოჩნდა კოლაჟის მთავარი იდეის აღსაქმელად.

რა მიზნით გამოვიყენოთ კოლაჟი?

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, კოლაჟი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა წიგნის წარსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა, ვფიქრობ, სტატია დაგარწმუნებთ იმაში, რომ სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება. შესაძლოა, უკვე გაქვთ კიდეც კოლაჟის სასწავლო პროცესში გამოყენების გამოცდილება.

კოლაჟის შექმნისას გასათვალისწინებელია მიზანი – რა გვსურს შედეგად?  ჩვენ დეტალებით მთავარი სათქმელის გამოსახვა ჩავიფიქრეთ.

პირადი მაგალითი

კოლაჟზე მუშაობა მე და ჩემმა მოსწავლეებმა დისტანციურად განვაგრძეთ – 20 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში ვატარებდით აგვისტოს დღეებს და თან ვფუსფუსებდით. მე და ჩემი 10 წლის გოგონა გულმოდგინედ შევუდექით კოლაჟის შექმნას. ვფიქრობ, სტატიის მიზანი კიდევ უფრო ნათელი გახდება თქვენთვის, თუ ჩვენ მიერ შექმნილ კოლაჟს გაგაცნობთ.

„ხოჭო ბიჭი“ – მ.ჯ. ლეონარდი

თანამედროვე ინგლისელი  ავტორის, მ. ჯ. ლეონარდის, სამტომეულის წაკითხვა თეკლას გამო გადავწყვიტე. ის კითხვისას ემოციებს ხმამაღლა გამოხატავდა და მძაფრ სიუჟეტში თანამონაწილეობას მთხოვდა. გარდა იმისა, რომ აღფრთოვანებული ვიყავი მთავარი პერსონაჟის, დარკუსის სიმამაცითა და გონიერებით, წიგნის წაკითხვა თეკლასთვის რჩევების მიცემაშიც დამეხმარა.

სამტომეულის – „ხოჭო ბიჭი“, „ხოჭოების დედოფალი“, „ხოჭოების ბრძოლა“ – პირველ ნაწილში თხრობა  დარკუსის მამის, მეცნიერების დოქტორის, ბართოლომე ქათლის უცნაური გაუჩინარებით იწყება. 13 წლის დარკუსი დედის გარდაცვალებამ გულჩათხრობილი გახადა, მამის დაკარგვამ კი – მებრძოლი.  სამტომეულის წაკითხვის შემდეგ ხოჭოების მიმართ ინტერესი გაგიმძაფრდებათ და  სამყაროს სასიცოცხლო ციკლში ხოჭოების როლზე დაფიქრდებით. ეკოლოგიური პრობლემების, სკოლაში არსებული ჩაგვრის, მამა-შვილის ამაღელვებელი ურთიერთობის, ანტაგონისტ პერსონაჟებზე დაკვირვებისა და 13 წლის ბავშვების არაჩვეულებრივი მეგობრობის ფონზე  ხოჭოების სამყარო კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.

მე და ჩემმა გოგონამ ერთად შევარჩიეთ მთავარი დეტალები, რომელთა მიხედვით სათქმელს გავშლიდით, თან ისიც უნდა მოგვეხერხებინა, რომ სიუჟეტის საკვანძო ეპიზოდების პირველად წაკითხვის ბედნიერება მსმენელისთვის არ წაგვერთმია და თან წიგნის წაკითხვის სურვილი გაგვეჩინა.

მთავარი დეტალების შერჩევის შემდეგ მათზე მუშაობის დრო დადგა. გიზიარებთ ფოტოს, რათა უფრო ნათელი გახდეს კოლაჟის შექმნის თავისებურებები. შევეცდები, თითოეული დეტალის შესახებ მოკლედ გიამბოთ.

ნაქსოვი სვიტერი დარკუსისთვის – დარკუსს აცვია მამის ნაქონი მწვანე სვიტერი, რომელსაც შავ-თეთრ ილუსტრაციებშიც შეამჩნევთ. ამ ჟესტით დარკუსი მამისადმი სიყვარულსა და მონატრებას გამოხატავს. დიდი ზომის ტანისამოსის ტარება თეკლასაც მოსწონს. ხშირად იცვამს დედ-მამის მაისურებს. ამიტომ ერთხმად შევთანხმდით, რომ კოლაჟის ერთ-ერთი მთავარი დეტალი ნაქსოვი სვიტერი იქნებოდა დარკუსისთვის, თან მსმენელის ყურადღების მიპყრობაც დავისახეთ მიზნად.

გამხმარი პეწიანა ხოჭო ვირჯინიასთვის – ორი წლის წინ სოფელში, ოთახში,  მკვდარი ხოჭო ვიპოვეთ, მწვანე, მბზინავი ფრთებით და საგულდაგულოდ შევინახეთ. ამ ზაფხულს სოფელში ჩასულებს თაროზე დაგვხვდა. კოლაჟზე მუშაობისას გაგვახსენდა და ვიფიქრეთ, რომ ნამდვილი ხოჭო არაჩვეულებრივი დეტალი იქნებოდა. დარკუსი მალე ვირჯინიასა და ბერტოლტს დაუმეგობრდება. ხოჭოები – ბაქსტერი, ნიუტონი და მარვინი – კი თავად შეარჩევენ პატრონებს. ვირჯინიას ნაწნავებში ბაყაყისფეხა ფოთლისჭამია დაიდებს ბინას, რომელსაც გოგონა მუსიკოსის, მარვინ გეის, პატივსაცემად მარვინს დაარქმევს. ეროვნულ მუზეუმში ხოჭოების სტენდთან აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი გამხმარი ხოჭო პეწიანა ყოფილა. ჩვენ ის მაინც ვირჯინიას ნაწნავს მივამაგრეთ და მარვინი ვუწოდეთ.

ქაღალდის კულულები ბერტოლტისთვის – კითხვისას ბერტოლტის ქერა, ხვეულმა თმამ ბიჭი კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა. ქაღალდისგან ხვეულები ადვილად დავამზადეთ. თეკლამ პერსონაჟების სახეები დახატა და შემდეგ ძაფის ნაწნავებითა და ქაღალდის ხვეული თმით გააფორმა. თუ დააკვირდებით კოლაჟს, ბერტოლტის თმიდან ციცინათელა, სახელად ნიუტონი, იჭყიტება.

გეოგრაფიული სახელები – ლონდონი, ლოს-ანჯელესი, გრენლანდია, პრაღა, ლისაბონი, ამაზონის ჯუნგლები ისრებით დავაკავშირეთ ერთმანეთთან, რაც პერსონაჟთა სივრცის მრავალფეროვნებასა და მათი მოძრაობის მასშტაბურ ტრაექტორიას გულისხმობს. სიუჟეტის მთავარი ხაზი ლონდონში იწყება და იქვე მთავრდება, თუმცა, პერსონაჟები ლოს-ანჯელესში კინოდაჯილდოების ცერემონიაზე მიფრინავენ, მეორე ნაწილში გრენლანდიაში, დოქტორ იშიკავას მოსანახულებად გაემგზავრებიან, პრაღაში ენტემოლოგთა კონფერენციისთვის გაფრინდებიან, ბოლოს კი დოქტორ ქათლის მოსაძებნად ამაზონის ჯუნგლებში აღმოჩნდებიან. მოზარდის შემეცნებითი სამყაროს გასაფართოებლად მსგავს დეტალებზე დაკვირვება ნაცადი და  ეფექტური გზაა.

ხელით დახატული მარტორქა ხოჭო, სახელად ბაქსტერი – დარკუსის მარტორქა ხოჭოს ბაქსტერი ჰქვია. ამაღელვებელია მათი მეგობრობა და ემპათიის უნარი. სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში მარტორქა ხოჭოს აღმოჩენამ დარკუსი და ბაქსტერი გაგვახსენა. წიგნის მეშვეობით დაუვიწყარი გახდა ათი წლის გოგოსთვის ენტემოლოგიური მიგნებები წიგნსა თუ მუზეუმში. თეკლამ ბაქსტერი დახატა, გამოჭრა და დარკუსს მხარზე დაამაგრა.

ხოჭოს ლათინური სახელწოდებები და ფინჯნების მთა – მეექვსე კლასის ენის სახელმძღვანელოში მთელი თავი ეთმობა ენების ნათესაობასა და გადაშენებულ ენებს. ლათინურ ენაზეც არის გამახვილებული ყურადღება. ვფიქრობ, ხოჭო ბიჭის სიუჟეტის გამოყენება ამ მხრივაც შეიძლება.

Chalcosima Caucasus (კავკასიური მარტორქა), Rhipicera femorata (ფრთარქიანი ხოჭო), Onthophagus taurus (ნეხვის ჭია) –  კიდევ რამდენიმე სახელწოდება ამოვკრიფეთ, თეკლამ ისინი ყავის ფინჯნებზე მოათავსა. ნესტიანი ფინჯნების მთა „ხოჭო ბიჭის“ პირველ ნაწილში შემოგხვდებათ. ფლორისა და ფაუნის სახეობების ლათინური სახელწოდებები ლექსიკონშიც გვხვდება, რაც ინტენრეტსივრცეში დამატებითი ინფორმაციისა თუ ფოტომასალის მოძებნას აადვილებს. სწორედ ამაზე გაამახვილა თეკლამ ყურადღება, რომ წიგნში გაბნეული ხოჭოების ლათინური სახელწოდებებით ადვილად შეგვიძლია ვიზუალურად გავაცოცხლოთ წიგნის პერსონაჟი ხოჭოები.

ამონარიდი წიგნიდან – კოლაჟზე გაბნეულ დეტალებს, რომლებიც მკითხველმა ავტორის გზავნილის სწორად აღსაქმელად ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, სჭირდება ამონარიდი წიგნიდან. თეკლამ ვრცელი აბზაცი შეარჩია: „- იცი ნამდვილი ბრძოლა რა არის? ის, რომ ადამიანებს გააგებინო, თუ რა მნიშვნელოვანი, რა ლამაზია ხოჭო – უკლებლივ ყველა ხოჭო. ადამიანი გარეთ რომ გადიოდეს და თავისი ბაღის ბინადარ მწერებს ესალმებოდეს… რომ იცოდეს, როგორ დაეხმარნენ ხოჭოები იმაში, რომ მიწიდან რამე აღმოცენებულიყო, აღარ შეეშინდებოდა მათი და პესტიციდებით აღარ დახოცავდა“.

 მუხის მულჩით სავსე ფინჯანი – თუ იცით, რას ნიშნავს „მულჩა“? მე და ჩემმა გოგონამ პირველად აღმოვაჩინეთ ეს ულამაზესი სიტყვა, რომლის განმარტებას სქოლიოში წავაწყდით: დამპალი ჩალა, ნახერხი, ფოთლები და ა.შ. ნიადაგის დასაფარავად (მთარგმ. ციცო ხოცუაშვილი). ბავშვები  ფინჯნებს მუხის ქერქის მულჩით ავსებდნენ და ხოჭოებს აბინავებდნენ. ძალიან მოგვწონს მულჩა, ამასთანავე მულჩა მეგობრების მზრუნველ ხასიათზეც მიგვანიშნებს, ამიტომ თეკლამ კოლაჟზე ქაღალდის ფინჯანი დაამაგრა და შიგ „მულჩა“ ჩააფინა.

იმედია, ჩვენი ერთობლივი კოლაჟით თქვენც დაინტერესდით. თეკლამ მთავარი დეტალები ფაზლივით ააწყო და აუდიტორიის წინაშე „ხოჭო ბიჭი“ კოლაჟით წარადგინა.

კოლაჟის გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო ოთახში,  ასევე დისტანციური სწავლებისას. კომპლექსური დავალების მოფიქრებაც მარტივად შეიძლება.

რობერტ რ. მაკკამონის „ბიჭის ცხოვრება“ – ეს წიგნი ჩემი არჩევანი იყო. ექვსასგვერდიანი რომანი ზაფხულის აღმოჩენა გახდა. ვფიქრობ, მასწავლებლების აუცილებლად საკითხავი წიგნების სიაშია შესატანი. 12 წლის ბიჭი, კორი მაკერსონი, პირველ პირში მოგვითხრობს ალაბამას შტატის ქალაქ ზეფირის შესახებ. რომანში უამრავი მნიშვნელოვანი გზავნილის ამოკითხვა შეიძლება, თუმცა, უმთავრესი იმ ადგილისადმი უპირობო სიყვარულია, სადაც ვიზრდებით – არ აქვს მნიშვნელობა, ის ქალაქის გარეუბანი თუ პრესტიჟული ნაწილია, მიყრუებული სოფელი თუ მეგაპოლისია. კორი ამბობს, რომ ჯადოსნურობა ყველგან არის, მთავარი მისი შემჩნევა და დაფასებაა. გიზიარებთ ჩემი კოლაჟის ფოტოს.

ქალაქის ორმაგი ცხოვრება, მთავარი პერსონაჟი კორი, სახლები, სკოლა, რადიო და ბიჩ ბოიზი, არაქისის მილქშეიკი, ბეისბოლის ბურთი, ფინჯანი ყავა, მწვანე ბუმბული, ასანთის ღერის წუმწუმა, ალაბამას შტატი, რძის ბოთლი – ეს ის დეტალებია, რომლებითაც მთავარი სათქმელი შევკარი.

დასკვნა

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რაჭველმა გოგონებმა ყოჩაღად გაართვეს თავი კოლაჟის შექმნას და მისი დახმარებით შერჩეული წიგნის შესახებ საუბარი მარტივად აღსაქმელი გახდა.

გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ წინ ძალიან სასიამოვნო და შრომატევადი ფუსფუსი გელით, თუმცა, თანამედროვე სამყაროში აუდიტორიისთვის ხმის მისაწვდენად სწორედ რომ ამგვარი ქმედებაა საჭირო – წაკითხულის გააზრება და ტექსტზე დაყრდნობით ნაფიქრის ინდივიდუალური წარმოჩენა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი