შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვები საქართველოდან

ცოტა შორიდან მოგიყვებით: ისე გავიზარდე – მშობლები, რომლებიც მოულოდნელად გაღარიბდნენ, ისევე, როგორც სხვები იმ უმძიმეს წლებში, წელზე ფეხს იდგამდნენ. თვითონ იკლებდნენ და მე არ მშიოდა. არც მციოდა. მამაჩემი თხილის ხისგან მშვილდისარს რომ მიკეთებდა, ამით ისრის სროლას კი არა, სიხარულს მასწავლიდა. ირგვლივ გამქრალ და მივიწყებულ სიხარულს. სიგარეტს აღარ ეწეოდა და იმ დაზოგილი ფულით, ცხრა ქუჩის გადაღმა მივდიოდით, საღეჭი რეზინი რომ გვეყიდა. ის გზა, სახლიდან ტონიას ბუტკამდე, ბედნიერების პირველად შემჩნევისა და განცდის გზა იყო. მაგრამ ცხადია, ბევრი რამ მაკლდა. ძალიან ბევრი. მეტს საბანი ვერ სწვდებოდა. და ზუსტად, ძალიან ზუსტად ვიცი, რომ ის ოცნებები, რაც მაშინ მქონდა, ის სურვილები, რაც მაშინ დამებადა, ახლა მთებიც რომ გადავდგა, ვეღარ ახდება. აბა, რად მინდა დღეს ჯინსის შარვალი ჯიბეზე მიქარგული ფეხბურთელით? არ ჩამეტევა. ან ტეტრისის ყუთი? ათასიც რომ ვიყიდო, უსიხარულო იქნება ეს ამბავი. ბავშვობას ვერსად აინაზღაურებ. ცრუ იმედია. სულ ტყუილია იმის დასაყრდენებაც, რომ სირთულეში გაზრდილები უფრო დიდ სიმაღლეებს წვდებიან. კი, სწვდებიან, მაგრამ ეს ბავშვობას ვერ შველის. ბავშვობა დგას ზურგს უკან და ჩამქრალი თვალებით გიყურებს. შენ სხვა ხარ და ის სხვა.

სულ მძულდა სიტყვა ,,უნდა”. ყოველთვის გავურბოდი. ახლაც. სხვისი ნაკარნახევის აუცილებლობად ქცევის განზრახვა მგონია. მაგრამ არის დრო, როცა ,,უნდა” გარდაუვალია:

…ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.

…ბავშვებს არ უნდა სციოდეთ.

…ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში.

…ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა.

…ბავშვებს უნდა შეეძლოთ სიხარული.

რომელიმე პარტიის აღარცმთლად ნორჩი აქტივისტი გეგონეთ? არა! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინც კვირაში ბარემ ათამდე სოფელს სტუმრობს. და იქ მესმის: ნიკას ინტერნეტი არ აქვს, არც კომპიუტერი, მასწავლებელი ურეკავდა მეზობლის ტელეფონზე და ასე კარნახობდა გაკვეთილებს. ლელას რვეულები არ ჰქონდა და მეგობრის რვეულს იყენებდა, რომელიც მხოლოდ ცალ გვერდზე წერდა და მერე ლელას აჩუქა. მერე მეორეზე ლელა წერდა. ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის. ძალიან რცხვენია და სიცხე მაქვსო, მამიდას აბარებს. ობოლია, მამიდა ზრდის. ნინის შოკოლადი უყვარს. იმ დღეს ოცნებების დახატვა ვთხოვეთ და დიდი მთა დახატა შოკოლადის ფილებით და მიაწერა: ,,ფული რომ მექნება, შიკოლათს ვიყიდი”. ლაშას, ეკა, ნოდარს, ლუკას, ლიკას, გვანცას…

ჩემი ცხოვრების გზის უმთავრესი განცდა ეს ბავშვები არიან. არც ეკრან-ეკრან ხეტიალს ვაპირებ და არც ბრტყელი სიტყვებით პირის გასველებას. ხედავთ, ალბათ, ძალიან ვერიდები საჯაროდ ამ ფორმით გამოჩენას, შოუებიდან მოძღვრას და სახეზე კამერის წინ ღრმა ფიქრის მორგებას. ვერიდები, თუმცა ყველას ვთხოვ: ამ შოუს ხალხსაც და შოუს გარეთ მყოფთაც, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეთაც, დიდი და უფრო დიდი ფულის მქონეთაც – ეძებეთ ასეთი ბავშვები. ეძებეთ. იოლად იპოვით. უბრალოდ თვალი გაახილეთ და გვერდით გაიხედეთ.

ბავშვებს დახმარება სჭირდებათ.

ბავშვებს დახმარება უნდათ.

 

***

უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!

კი, ისევ ბავშვებზე უნდა მოგიყვეთ. და საერთოდ – მათზე ხშირად მოგიყვებით. ეს იქნება ჩემი მთავარი მოსათხრობი საქმე.

გუშინ დუშეთიდან ლამის ფასანაურამდე ავუყევი. აქ ისეა, რომ ყოველ მოსახვევზე მცირე საძოვარია, მერე აკლაკნილი გზა და მერე პატარა სოფელი. და ამ საძოვრებზე, აუცილებლად შეგხვდებათ ბავშვი მწყემსი, ორმოციოდ ძროხას რომ მოუძღვება, ჯარისკაცის უზარმაზარი საწვიმარი აცვია და ორი ზომით დიდი ქუდი ახურავს. განა ამბავს ვამხატვრულებ და ვამძაფრებ – ზუსტი სურათია, ზეპირი. ჰო, კიდევ ერთი დიდი ბოთლი, წყლისთვის და პარკი, სადაც ალბათ რამე წასალუკმი უდევს. ყველი. პური. ასეთი ბავშვი გუშინ სამი შემომხვდა. სამივე სხვადასხვა სოფლიდან. სამივე დიდი სევდით და მორცხვი ღიმილით. სამივე საგანგებო დავალებით – ,,თუ ვინმე საეჭვომ გკითხოს, აუცილებლად უთხარი, რომ ეს ერთხელ გამოხვედი სამწყემსად და მანამდე არ ყოფილხარ”. შენ მაინც ეკითხები და ისინი იმეორებენ ამ დავალებას: ,,აი, ძია, ძალიან იშვიათად ვეხმარები ხოლმე, ძალიან, თუ ავათ არიან” და წვიმს, წვეთები ქუდიდან სახეზე ეწურებათ, სახე დახრილი აქვთ და მზერას ქვევით, უკვე შემხმარ ბალახებში მალავენ. მერე მე ვეკითხები სკოლის სახელს, საღამოს ვეძებ დირექტორს ან მასწავლებელს და ისინი მიყვებიან, რომ ,,თედო, რაც სკოლა დაიწყო, კლასში არა ყოფილა. კომპიუტერი? ვინ მისცემს მაგას კომპიუტერს? რომც აჩუქოთ, ზედ ვინ დასვამს? ისეთი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდა, დიდია. მაგ ბავშვსა, ბავშვობა არა ჰქონია, თვალით არ უნახავს. გული დაგეწვება, გული. მეზობელმა მითხრა, დილით ექვსზე რომ წამოაგდებენ, მიაჩეჩებენ რაღაცას საგზალივით და წავიდა ძროხაში. ნუ იტყვით, ნუ იტყვით. ხან სახელმწიფოს ხალხი მივიდა, ხან ნათესავი, მაგრამ ბავშვი ისე ჰყავთ დაშინებული, სულ კარგს ამბობს და სულ მათ ქებაშია”.

 

და განა თედოა მხოლოდ ასე, განა მხოლოდ ნიკო ან ზვიადი. ან განა მხოლოდ დუშეთიდან ფასანაურამდე მიდის ეს გზა? ის აჭარიდან იწყება და კახეთის ბოლოს სწვდება. ალბათ საზღვარსაც ცდება, მაგრამ მე უფრო ჩვენი ამბავი მაინტერესებს. და ამ გზაზე დგანან ბავშვები, რომელთაც მშობელმა, ან ბიძა-ბიცოლამ ან ვინმე ნათესავმა, ვისთანაც იზრდება, ადგა და ბავშვობა გამოგლიჯა ხელიდან. ბევრი ოცნება და ცოტა სიზარმაცე, ბევრი თამაში და ცოტა წიგნიც – აი, ასე გამოგლიჯა, ხელში სახრე შეაჩეჩა და გაუშვა. ამ გზაზე. ეს გზა კი არსად არ მიდის. ის არც ტაძრამდე მიიყვანს ამ ბავშვებს და ასე განსაჯეთ, არც უფსკრულამდე. ეს გზა არის და არც არის. გაყინული გზაა. საზარელი საცობი. ამ გზაზე დგანან ეს ბავშვები. აწვიმთ და იღიმიან. ახლა ის არ მითხრათ, რომ ოჯახს უჭირს. ვიცი და ამაზე ვილაპარაკე. კიდევ ვილაპარაკებ. და კიდევ. სახელმწიფო. საზოგადოება. მაგრამ ამ უბედურების ამ ნაწილზე ვწერ და ცხადად ვიცი, რომ არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე ბავშვისთვის სწავლის უფლების წართმევა და ღიმილის უფლების წართმევა და ცელქობის უფლების წართმევა და კიდევ ბევრი, ბევრი რამის წართმევა. თან ეს წართმევა ისეთია, რომ ვერავინ დაუბრუნებს და ვერც თვითონ. სხვა ოჯახებსაც უჭირთ მათ მეზობლად, იმავე სოფელში და იმავე ქუჩაზე. მაგრამ იკლებენ და ბავშვს აძლევენ. ჩემებსაც უჭირდათ მაშინ, მაგრამ სკოლაში წასვლის წინ ყიყლიყოს და გაპრიალებულ ჩანთას მახვედრებდნენ. თვითონ სხვა რამეს ჭამდნენ. სხვა რამეს იცვამდნენ. განა მე არ ვეხმარებოდი მშობლებს? ვეხმარებოდი და აქ არც სამარცხვინოა რამე. მაგრამ სადაც საქმე სწავლაზე მიდგებოდა, მშობლები უკან დგებოდნენ და წინ მიშვებდნენ. ეგ არის – თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, საკუთარს უნდა მოაკლო. საგანგებოდ გავყევი სახლისკენ ამას წინათ ერთ მათგანს, ობოლ ბიჭს და დავინახე სახლის წინ, პატარა აივანზე ტელევიზორი იდგა, დეიდამისი და კიდევ ერთი ქალი რაღაც ბოდვას უმზერდნენ და იცინოდნენ, ბიძა კიდევ ჭიშკრის წინ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ვიფიქრე, მივალ, ვეტყვი რამეს, მაგრამ მერე ისიც ვიფიქრე, რომ მე წავალ და ეს მოზარდი იქ დარჩება. და რომ დარჩება, თქვენც ხვდებით, რა დღესაც დააწევენ.

ჰოდა, იქ ვერ ვთქვი და აქედან გეუბნებით: უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი