ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გარდატეხის ასაკის ლაბირინთები

ვფიქრობ, ნებისმიერმა აღმზრდელმა, რომელსაც გარდამავალ ასაკში მყოფ მოზარდთან ჰქონია შეხება, კარგად იცის, თუ რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ამ პერიოდში უფროსი ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. ეს ასაკი, რომელიც დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება, უამრავ თავსატეხს უჩენს, როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს  – ერთ დროს ძალიან მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, უკონფლიქტო, გარშემომყოფთა მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი მოზარდი თითქოს  სრულიად მოულოდნელად ხდება ფეთქებადი, აგრესიული, გაუწონასწორებელი, კონფლიქტური. ან, საკმაოდ  კომუნიკაბილური, ხალისიანი ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ  თავში, გახდეს დეპრესიული და საგონებელში ჩააგდოს მშობელი ასეთი მოულოდნელი ცვლილებების გამო.

მაინც რა იწვევს მოზარდის ხასიათის ასეთ მოულოდნელ ცვლილებებს და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვის განვითარებაში ეს ურთულესი პერიოდი უმტკივნეულოდ და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე გავიაროთ.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გარდატეხის ასაკში მომხდარი უეცარი ცვლილებების საფუძველი განვითარების ამ პერიოდის ახალწარმონაქმნი – „დიდობის“ გრძნობაა. მოზარდი დარწმუნებულია იმაში, რომ ის უკვე პატარა აღარაა და დაჟინებით მოითხოვს გარშემომყოფებისაგან მოეპყრან, როგორც დიდს. თუ უფროსები ამას არ აკეთებენ, პირიქით, ურთიერთობას, როგორც პატარა ბავშვთან ისე აგრძელებენ, მოზარდს უჩნდება პროტესტის განცდა და იწყებს „ამბოხებას“ მათ  წინააღმდეგ – ხდება ჭირვეული, ჟინიანი, გაუგონარი, უხეში, ჯიუტი. რატომ უჩნდება ბავშვს „დიდობის“ გრძნობა სწორედ ამ ასაკში, რა აძლევს მას საფუძველს იფიქროს, რომ ბავშვი აღარ არის და მასთან უფროსები სხვაგვარად უნდა ურთიერთობდნენ. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გრძნობის აღმოცენება გარდამავალ ასაკში შემთხვევითი არ არის და მას წინ უსწრებს განვითარების ყველა მიმართულებით, როგორც ფიზიკურ, ასევე ინტელექტუალურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებები. ამასთან, ამ პერიოდში სულ რამდენიმე წლის განმავლობაში ისეთი სერიოზული და ძირეული ცვლილებები ხდება, რასაც ადამიანის განვითარების სხვა ეტაპზე მთელი ათწლეული დასჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ძირეული და უეცარი ცვლილებები უკვალოდ არ ჩაივლის  და ის სერიოზულ ასახვას პოულობს მოზარდის, როგორც ემოციურ ცხოვრებაში, სოციალურ ურთიერთობებში, ასევე მის ქცევაში. მაინც, რა ცვლილებები ხდება ამ ასაკში ისეთი, რაც ბავშვის ემოციურ და ქცევით მახასიათებლებს ასე სერიოზულად ცვლის:

  • დისჰარმონია ფიზიკურ განვითარებაში – მოზარდი სწრაფად იწყებს ზრდას სიმაღლეში, მაგრამ ეს ძირითადად კიდურების ხარჯზე ხდება – უგრძელდება ხელები და ფეხები, წელს ზემოთ კი სხეული ძველებურ ფორმებს ინარჩუნებს. სწრაფად იზრდება ზომაში ყურები და ცხვირი, რაც ბავშვს ძალიან არ მოსწონს, განიცდის და საკმარისია ვინმემ მის დაგრძელებულ კიდურებზე, წამოზრდილ ყურებზე ან ცხვირზე გაამახვილოს  ყურადღება, რომ ის უცებ იფეთქებს და შეიძლება აგრესიაც კი გამოავლინოს ამ ადამიანის მიმართ. გარდამავალ ასაკში მსხვილი კუნთების განვითარება ბევრად წინ უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, რის გამოც მოზარდის მოძრაობები ტლანქი და მოუხეშავია, აკლია სიზუსტე, დახვეწილობა, რაც ხშირად უფროსების მხრიდან შენიშვნების, უკმაყოფილების და საყვედურების მიზეზი ხდება. აღნიშნული ცვლილებების გამო, მოზარდმა, როგორც არ უნდა მოინდომოს, შეიძლება უფროსების მოსაწონი მოქმედებები ვერ განახორციელოს. ამდენად, კარგი იქნება, თუ გაგებით მოვეკიდებით მასში მომხდარ ცვლილებებს. ისეთი შენიშვნები კი, როგორიცაა: „რა უშნო, მოუქნელი და მოუხეშავი ხარ, ადამიანი ვერაფერს განდობს, ყველაფერი ხელიდან გივარდება“, ან „ამხელა ყურები ტყუილად გაქვს? ამდენს გელაპარაკები და მაინც ვერაფერს გაგებინებ“,  როგორც წესი,   სერიოზულ კონფლიქტებს ბადებს. გულის კუნთის და სისხლძარღვების არათანაბარი განვითარება ასევე შეიძლება პრობლემების და მოზარდთან ურთიერთობების გართულების მიზეზი გახდეს გულის კუნთი სწრაფად იზრდება, სისხლძარღვების დიამეტრი კი კარგა  ხანს ადრინდელ ზომას ინარჩუნებს, რის გამოც გულს ყოველთვის სათანადო რაოდენობით ვერ მიეწოდება სისხლი. აღნიშნული გარემოება იმის მიზეზი ხდება, რომ მოზარდი ხან ენერგიის მოზღვავებას განიცდის, ხან საოცარ დაღლილობას, სრულ მოშვებას და მოთენთილობას, რაც უფროსების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს და საყვედურებით ავსებენ მოზარდს – „რამ მოგადუნა, რამ გაგაზარმაცა ასე, შენს ასაკში მე ჩიტივით დავფრინავდი“. ხშირ შემთხვევაში უფროსს, იქნება ეს მშობელი, თუ მასწავლებელი, აღარ ახსოვს თავისი ბავშვობის ეს პერიოდი და დაუმსახურებელი საყვედურებით საგონებელში აგდებს მოზარდს, რომელიც დიდი მცდელობის და სურვილის მიუხედავად, ყოველთვის ვერ ახერხებს უფროსების მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებას. ასე, რომ გარდამავალ ასაკში ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში მომხდარი ცვლილებები, განსაკუთრებით სწრაფი ზრდა სიმაღლეში (ამ დროს ბევრი მოზარდი მშობელსაც კი უსწრებს სიმაღლეში), ერთი მხრივ, დიდ სიამოვნებას, კმაყოფილებას  ანიჭებს ბავშვს და მასში „დიდობის“ გრძნობის აღმოცენების ხელშემწყობი ხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ის თანამდევი მოვლენები, რაც ფიზიკურ განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს ახლავს თან, მოზარდსაც და უფროსებსაც სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს;
  • არანაკლები სირთულეები შეიძლება შეგვიქმნას მოზარდის ინტელექტუალურ განვითარებაში მომხდარმა ცვლილებებმა – განვითარებას იწყებს აზროვნების ახალი ფორმები. ფსიქოლოგიური აზროვნების წყალობით ბავშვს უჩნდება სურვილი შეიცნოს საკუთარი თავი, შეიცნოს სხვა ადამიანები. ეს ყოველივე კი, სწორი აღზრდის პირობებში, თვითშეცნობისა და თვითაღზრდის უნარების განვითარების ხელშემწყობი ხდება. ფილოსოფიური აზროვნება, რომელიც ფსიქოლოგიურ აზროვნებასთან ერთად აქტიურად ვითარდება გარდატეხის ასაკში, მოზარდს სიკვდილ-სიცოცხლეზე  ფიქრისაკენ უბიძგებს. სიკვდილზე ფიქრის დაწყება მშობლებს ხშირად აშინებთ და პანიკაში აგდებთ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და მასში საგანგაშო არაფერია. გაგებით შევხვდეთ მოზარდის დაინტერესებას აღნიშნული  საკითხებით და საჭირო ინფორმაციის მიწოდებით მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შევეცადოთ. ინტელექტუალურ განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს ასევე თავისი წვლილი შეაქვს მოზარდში „დიდობის“ გრძნობის აღმოცენებაში. იმის წყალობით, რომ დღეს ბავშვები საკმაოდ კარგად არიან დაუფლებული საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საშუალებებს, შეიძლება მათ ბევრ ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი, რაც უფროსებისთვის უცხოც კი იყოს. ამას მოზარდი ძალიან კარგად გრძნობს და თუ უფროსი მასთან ურთიერთობაში არაფერს ცვლის, როგორც პატარა ბავშვს ისე ეპყრობა, ის იწყებს მისთვის ისეთი შეკითხვების დასმას, რომელზეც იცის, რომ პასუხს ვერ მიიღებს და ამით ცდილობს დაუმტკიცოს, როგორც უფროსებს, ისე საკუთარ თავს, რომ ის უკვე დიდია და მოითხოვს ისე ეპყრობოდნენ, როგორც დიდ ადამიანს. თუ ეს ასე არ მოხდება,  ურთიერთობის გართულება და კონფლიქტები გარდაუვალია;
  • ფიზიკური და იმტელექტუალური განვითარების პარალელურად სერიოზული და საყურადღებო ცვლილებები ხდება სოციალური განვითარების მიმართულებითაც. ბევრი ისეთი რამის გაკეთებას, რასაც აქამდე მხოლოდ უფროსების დახმარებით ახერხებდა, ახლა თავადაც კარგად ართმევს თავს. თუ აქამდე მშობლებს ყველგან ხელმოკიდებული დაჰყავდათ, ახლა დამოუკიდებლადაც თავისუფლად შეუძლია გადაადგილება საკმაოდ დიდ მანძილზე. ეს მას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკვე დიდია და სულ არ სიამოვნებს, სცხვენია, ერიდება კიდეც გარშემომყოფების, თუ რაიმე საქმეზე წასულს დედა გვერდით მიჰყვება. იმის გამო, რომ თავს უკვე დიდად თვლის, ის სრულ თავისუფლებას და ყველაფერში დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მოითხოვს უფროსებისაგან. და თუ ის მისთვის სასურველ თავისუფლებას ვერ იღებს, იწყებს ამბოხებას, გამოხატავს პროტესტს, უკმაყოფილებას უფროსების მიმართ. რა თქმა უნდა, ვერცერთი მშობელი ვერ მისცემს შვილს იმდენ თავისუფლებას, რამდენსაც ის მოითხოვს, მაგრამ არც მისი უფლებების და  თავისუფლების სრულად შეზღუდვა იქნება გამართლებული. გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების მშობლებისთვის საუკეთესო რეკომენდაციაა – „მიუშვი და აკონტროლე“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ გვინდა,რომ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდთან ურთიერთობა არ გავირთულოთ და პრობლემები მინიმუმამდე შევამციროთ, ვაღიაროთ, რომ ის უკვე პატარა ბავშვი აღარ არის, მაშინაც კი, თუ მისი ქცევა ამის დამადასტურებელი ნამდვილად არ არის. რაც უფრო ადრე შევცვლით მოზარდთან დამოკიდებულებას და გავითვალისწინებთ მის განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს, მით უფრო უმტკივნეულოდ გაივლის ის ადამიანის განვითარების ამ  ურთულეს პერიოდს და ჩვენც ნაკლები პრობლემები გვექნება მასთან ურთიერთობაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი