ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

აგური კონფორმიზმის კედელში

“პინკ ფლოიდის” “კედელი” ხომ ყველას გახსოვთ? ცნობილი “Another brick in the wall” მაინც გეხსომებათ. სიმღერის ტექსტიც და ვიზუალური ნაწილიც ძალიან ექსპრესიული და მეტყველია და განსაკუთრებულ ინტერპრეტაციას არ მოითხოვს; როჯერ უოტერსი მხოლოდ ბრიტანულ სკოლებს კი არ აქილიკებს, არამედ აპროტესტებს, რომ მასწავლებლები ხელს უშლიან მოსწავლეების შემოქმედებით აზროვნებას, დასცინიან პოეზიითა და მუსიკით გატაცებას და მხოლოდ მათემატიკისა და ზუსტი მეცნიერებების სწავლას მოითხოვენ, რადგან საზოგადოებაში მოთხოვნა სწორედ ასეთ ადამიანებზეა.

 

წარმომიდგენია, “კედელის” გახსენებისას როგორ წარიმართება სკოლის როგორც არასრულყოფილი ინსტიტუტის კრიტიკოსთა დისკუსია მოსწავლეებში კრეატიულობის ჩახშობის შესახებ – რა ცოდოები არიან ბავშვები, რომლებსაც სტანდარტიზებული ტესტების დაზუთხვა უწევთ, ამ დროს რა მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლებისა და შემოქმედებითობის ხელშეწყობა, რა ცუდია, რომ სკოლა შემოქმედებითობას კლავს და საერთოდ, მართალი იყო ილიჩი (ვლადიმირ ილიჩი კი არა, ივან ილიჩი) – სკოლა როგორც ინსტიტუტი უსარგებლო, მოძველებული და მოსაშლელია.

მე კი გიგანტურ ხორცსაკეპ მანქანაში მორჩილად ჩაცვენილი ბავშვების დანახვაზე შემოქმედებითობა არ მახსენდება. სავსებით შესაძლებელია, ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ გასცენ სტანდარტიზებულ ტესტებს ყველასათვის მისაღები და სწორი პასუხი ისე, რომ მათი კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარი არ დაითრგუნოს. ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

უფრო ძნელია, მოსწავლეებს თავს არ მოვახვიოთ ის, რისიც გვწამს და, ამასთან, გვჯერა, რომ ჩვენი რწმენა ერთადერთი და ჭეშმარიტია.

* * *

იმიტომ არა, რომ საკუთარი ცხოვრებით აღფრთოვანებული ვარ, არც იმიტომ, რომ მაგარი ტიპი მგონია თავი და მიმაჩნია, რომ სწორად ვცხოვრობ – ბანალურ კითხვაზე: “რომ შემეძლოს, რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში?” – მკაფიო პასუხი მაქვს: ძალიან ცოტას. ზუსტად ვიცი, რომ მაშინ, როდესაც პირველად აღმოვჩნდი სრულ უმცირესობაში, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი საკუთარი არჩევანის სისწორეში, ბოლომდე დავიცავდი ჩემს პოზიციას. ეს ამბავი სკოლაში გადამხდა თავს. დამაინტრიგებლად ჟღერს, მაგრამ მის მოყოლას ახლა არ ვაპირებ. რომც მოვყვე, ჩემი მაშინდელი კომპრომისი ბევრს გააცინებდა. არადა, თითქოს წვრილმანია… თანაც, დარწმუნებული ვარ, დღეს ეს ამბავი აღარავის ახსოვს.

მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რამდენად დიდი ზიანი მოაქვს შენს გადაწყვეტილებას, არამედ ის, რამდენად მტკიცეა იგი. ჩემი არასწორი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი, სრული სიცხადით ვხედავდი, რა დიდ შეცდომას ვუშვებდი და ვაცნობიერებდი, როგორ დამტანჯავდა ეს შეცდომა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სწორედ სკოლაში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში კონფორმიზმი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, დიდი ხნით დამკვიდრდა. კონფორმისტული გადაწყვეტილება მას შემდეგაც ბევრჯერ მიმიღია და ყველაფერს ჩემს პირველ მარცხს ვაბრალებდი.

ბევრჯერ გამიგონია, რომ კონფორმიზმი საშინელებაა, სპობს და შლის პიროვნების ინდივიდუალობას, თუმცა შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც, თავიანთი პრინციპებისა და ღირებულებების მიუხედავად, უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ავტორიტეტების, მშობლების, მეგობრების, მეზობლების, მასწავლებლების, ნაცნობებისა და უცნობების ნებას.

კონფორმიზმი სპეციფიკური სტანდარტის, საზოგადოების, თემის, ავტორიტეტებისადმი საკუთარი ქცევის, რწმენისა და მოქმედებების დამორჩილებასა და მორგებას გულისხმობს. ადამიანები კონფორმისტები ხდებიან, რათა შეესაბამებოდნენ დაწესებულ ნორმებს და თავი აარიდონ სოციალურ გარიყვას.

კონფორმიზმი ყველაზე ხშირად ჩვენს ყოველდღიურ ქმედებაში ვლინდება, როდესაც ვიცვამთ და ვსაუბრობთ ერთნაირად, ვუსმენთ ერთნაირ მუსიკას და თაყვანს ვცემთ საერთო ავტორიტეტებს. ცნების ასეთი მშრალი დეფინიციიდანაც ჩანს, რომ სკოლა კონფორმისტების სამოთხეა.

ამაზე ფსიქოლოგებიც თანხმდებიან. სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით – დამამთავრებელ კლასებში, ე. წ. კონფორმიზმის პერიოდს გადიან. ფსიქოლოგებისავე შეფასებით, ამ ეტაპზე რჩება უკვე ზრდასრული ადამიანების დიდი უმრავლესობა. კონფორმისტისთვის მნიშვნელოვანია, რომელიმე ჯგუფს, სოციუმს ეკუთვნოდეს და აღიარება მათგან მოიპოვოს. ქმედებებსა და ადამიანებს სტერეოტიპების- პირობითი განზოგადებების მიხედვით განსჯიან. ინდივიდი საკუთარ თავს მხოლოდ ამ ჯგუფში, კონკრეტულ საზოგადოებაში ხედავს. სამყაროც ნელ-ნელა ლაგდება მის გარშემო: რაც ჯგუფს სწორად მიაჩნია, სწორია და პირიქით; ყოველგვარი სიტუაციისთვის არსებობს უნივერსალური წესი და მორალი; ყველა, ვინც ჯგუფის დადგენილ წესს გადაუხვევს, სასტიკი სასჯელისთვის – სირცხვილისთვისაა განწირული, ამიტომ სირცხვილი ჯგუფისთვის მანიპულირების საშუალებადაც შეიძლება იქცეს… რაც უნდა სასტიკად და უტრირებულად ჟღერდეს ეს აღწერა, სკოლის რეალობა ხშირად სწორედ ასეთია. ასე ხედავენ მოსწავლეები სამყაროს და ეს ჩვეულებრივი რამაა. გაგიკვირდებათ და, ეს ნამდვილად არ არის მასწავლებლების ბრალი. სკოლის სოციალურ წესებს მეტწილად მოსწავლეები ამკვიდრებენ. მაგრამ მასწავლებლებს ნამდვილად შეუძლიათ მოსწავლების დახმარება, რათა ისინი ამ კომფორტული კონფორმული ზონიდან გამოვიდნენ და კმაყოფილება საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნებაში ეძებონ. თუმცა ეს მასწავლებლის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და დაკვირვებულობას მოითხოვს. მორცხვი, ადვილად სამართავი, პროგნოზირებადი ყოფაქცევის, საშუალოზე დაბალი თვითშეფასების მქონე, ბეჯითი, მაგრამ უამბიციო მოსწავლე მასწავლებლის ოცნებაა, ჩვენ კი მასწავლებლებს ამ ოცნების დათმობას და მოსწავლეებში მეამბოხე სულის გაღვივებას ვთხოვთ!

სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, რა აუცილებელია, მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებელმა შეასრულოს ერთ-ერთი მთავარი როლი, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა: რატომ უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა კონფორმიზმთან შეუგუებლობა სკოლაში? რით არის ეს მნიშვნელოვანი? რას სძენს კონფორმიზმთან შეუგუებლობა ადამიანს და რას სძენს ასეთი ადამიანი საზოგადოებას?

უამრავი არგუმენტი არსებობს. ეს არგუმენტები სამყაროსავით ხანდაზმული და ღრმა მორალური ხასიათისაა. ამიტომ ყველაზე მარტივით შემოვიფარგლები: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით, “სასკოლოგანათლებამუნდაგანუვითაროსმოზარდსპირად, ოჯახურდასაზოგადოებრივცხოვრებაშიდამოუკიდებელგადაწყვეტილებათამიღებისუნარ-ჩვევები“, ისევე, როგორც უნდა “მისცესმასსასიკეთოგადაწყვეტილებათამიღებისადააქტიურიმოქმედებისშესაძლებლობა“.

მაშ, როგორ უნდა ასწავლონ მასწავლებლებმა კონფორმიზმის დაძლევა? პედაგოგებმა კარგად იციან, რომ პიროვნების ჩამოყალიბება დეტალებით იწყება. მაგალითად, დღეს კლასის მართვა, იგივე კლასის მენეჯმენტი ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. შეუძლებელია კლასი ისე მართო, რომ მოსწავლემ გადაწყვეტილების მიღებისას სრული დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. მაგრამ თუ მოსწავლე გაიგებს, რატომ არის აუცილებელი კლასში დისციპლინის არსებობა და დაინახავს საკუთარ როლს მის დაცვაში, თავად გადაწყვეტს, წესრიგზე პასუხისმგებელი გახდეს. პასუხისმგებლობის აღიარება კი არჩევანის გაკეთებასაც გულისხმობს. მოსწავლეს აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება იმ გარემოს შესახებ, სადაც სწავლობს და აღარ უჩნდება პროტესტი იმის გამო, რომ ყოველთვის უპირობოდ უნდა დაემორჩილოს პედაგოგის როგორც ავტორიტეტის ნებას.

მეორე მიზეზი, რაც მოსწავლეებს კონფორმისტებად აქცევს, უშუალოდ სწავლისა და სწავლების პროცესია, სადაც კითხვების უმრავლესობას მასწავლებელი სვამს. ხშირად ამ კითხვებზე ისევ მასწავლებლები იძლევიან პასუხს, რადგან გაკვეთილზე არ არის საკმარისი დრო, მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ, როგორ უპასუხონ დასმულ შეკითხვებს – მასწავლებელმა ხომ უნდა “დაფაროს” ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული პროგრამა, ამოწუროს ყველა საკითხი, რაც კი მოსწავლეს ტესტირებასა თუ გამოცდაზე შეიძლება შეხვდეს; მოსწავლისთვისაც უფრო მოხერხებულია, მიიღონ მზა პასუხი, რომლის დუბლირება და გამეორება მას მასწავლებლის, საზოგადოდ, სოციუმის აღიარებას მოუტანს. იოლი მისახვედრია, რამდენად მარტივი, მაგრამ მავნეა ასეთი მიდგომა.

სასურველია, მასწავლებლებმა ჩართონ მოსწავლეები დიალოგში, ექსპერიმენტებსა და კვლევებში, სადაც გარემო უბიძგებს მათ, ისაუბრონ და დასვან შეკითხვები, არ ჩაიხშონ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და არ შემოსაზღვრონ სწორი პასუხების არეალი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, მასწავლებელი მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში დაეხმაროს, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მცდარმა არჩევანმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მაგივრად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი