პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მივიწყებული ტრაგედია, ადამიანებიდან ცხოველებამდე და „აი, ასეთი ამბები“

როცა ქვეყანაში ტრაგედია ხდება, მით უმეტეს, როცა ეს ტრაგედია სტიქიითაა გამოწვეული, ჩვენი სისუსტე და უმოქმედობა ფიქრის საფუძვლად იქცევა. ფიქრი კი ისეთი რამაა, აწმყოს არ სჯერდება და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში წარსულს გადასწვდება ხოლმე. რა შეცდომები დავუშვით, ან რა წვლილი მიუძღვის თითოეულ ჩვენგანს იმაში, რომ სტიქიამ უამრავი ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლე შეიწირა. იქნებ ის, რომ, როცა საჭირო იყო, დაგვეზარა და არ გავაპროტესტეთ ხეების უმოწყალო ჩეხა, ან ბეტონის სიმახინჯეების მშენებლობა, მთელი ქალაქის ჰაერს რომ ისრუტავენ და უკან მხოლოდ მხუთავ ოხშივარს უშვებენ, რომლითაც ძალაუნებურად ვსუნთქავთ ჩვენ და ჩვენი შვილები და ვიწამლებით? ვიწამლებით დაბინძურებული ჰაერით, წყლით, და არამხოლოდ: ვწამლებით დაბინძურებული აზროვნებით, ღირებულებებით, ფსევდოტკივილებით და ბოლოს თავს ვიმშვიდებთ: კიდევ კარგი, მე არ ვიყავი, კიდევ კარგი, ჩვენ გადავრჩით.

სოციალურ ქსელებში ვაზიარებთ და პროფილის ფოტოებად ვაყენებთ, ნიღბებად ვირგებთ შავ ბაფთებს, რომლებიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს ფარისევლურ პოზიციას – სხვის დასანახ სევდას, სინამდვილეში კი ერთ დიდ გულგრილობას, ერთ დიდ „სხვის ჭირს“. ეს კარნავალია, ერთი დიდი, შავი ბაფთებით გაფორმებული კარნავალი. აქ ადამიანები თამაშობენ მწუხარებას. ისე კარგად ირგებენ როლებს, თვითონვე იჯერებენ, რომ ერთი დიდი სამგლოვიარო პროცესიის ნაწილს შეადგენენ, რომლის სიყალბეც ხშირად ისე აყროლდება ხოლმე, როგორც ყარს ყვითელი პრესის შეთითხნილი ტრაგიკული ისტორიები, თითიდან გამოწოვილი სენსაცია მასკულტურაში, ანუ ის, რადაც იქცევა ტრაგედია სულ ცოტა ხანში. ეს უზარმაზარი უბედურება დაწვრილმანდა, ისე დანაწევრდა, რომ სიკვდილმა უცებ სახე იცვალა და გადაუჭრელ დილემად იქცა: ადამიანები უნდა ვიგლოვოთ თუ ცხოველები? ვინც ცხოველებს გლოვობს, მას უყვარს ადამიანები? როდესაც საქმე ადამიანებს ეხება, იქ ცხოველები რა მოსატანია? – და ა. შ. და ა. შ. სიკვდილიც კი გაფერმკრთალდა და უკანა პლანზე გადაინაცვლა. მთავარი გლოვა გახდა. რა თქმა უნდა, აქაც კარნავალის წესებია, წარმოდგენის ფორმა და შინაარსიც მნიშვნელოვანია: რა ფერის ნიღბები გავიკეთოთ? ან სოციალურ ქსელში პროფილისთვის შავი ბაფთა ავირჩიოთ თუ ვეფხვის ფოტო? ან იქნებ ბეჰემოთის? ან სამივე ერთად?..

რატომღაც ყველას დაავიწყდა, როგორი ემოციით კითხულობდნენ ბავშვობაში „შვლის ნუკრის ნაამბობს“, როგორ განიცდიდნენ შვლის მწუხარებას, როგორ შესტკიოდათ მასზე გული. რა მოხდა, როგორ დავშორდით წიგნებს? როგორ დავშორდით სიყვარულს?

წარმოუდგენელია, ადამიანს ცხოველი ეცოდებოდეს და ადამიანი – არა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ სიყვარულს, ჰუმანიზმს, თანაგრძნობას ცხოველების სიყვარულით და მათ მიმართ გრძნობების გამოვლენით ვსწავლობთ. ეს ყველაფერი კი ბავშვობაში იწყება, იწყება ისტორიებით, ამბებით, მოთხრობებით, წიგნებით ცხოველებზე.

იმის თქმა მინდა, რომ ჩვენში ჭეშმარიტი სიყვარულის ჯაჭვი ცოცხალი სამყაროს უმნიშვნელო ბინადრის – ჭიამაიას სიყვარულით იწყება და ადამიანით სრულდება, მთლიანად სამყაროს სიყვარული კი მასზეა განაწილებული. ეს ერთი, შეკრული მთლიანობაა, მისი დაშლა შეუძლებელია. როგორც სამყაროს ჰარმონიული მთლიანობის დარღვევა იწვევს კატასტროფებს, სიყვარულის ჯაჭვის გაწყვეტასაც ამ სიყვარულის გადაგვარება და კვდომა მოჰყვება.

რაკი ბავშვის არსებაში ცხოველის სიყვარული ასეა გადაჯაჭვული ადამიანის სიყვარულთან, ძველად მეზღაპრეები ადამიანების ამბებს ცხოველებს მიაწერდნენ ხოლმე –მორალური დილემები ასე უფრო იოლი გასაგები ხდებოდა ბავშვისთვის. მათ ესმოდათ, რომ სამყაროს შეცნობა მისი უმცირესი წარმომადგენლით იწყება, მაგალითად, სასაცილო წრუწუნათი ან მახინჯი იხვის ჭუჭულით.

რა ხდება, რატომ ვივიწყებთ შვლის ნუკრებს, მშიერ ლეკვებს, ზამთრის ღამეებში გაყინულ ბეღურებს? მხოლოდ იმიტომ, რომ გავიზარდეთ. დიდებს კი მეტი სერიოზულობა მოეთხოვებათ, რაც საბოლოოდ შეუწყნარებლობით და ფარისევლობით სრულდება.

ჩემს ბავშვობაში მეზობლის ბავშვებს ასეთი ტრადიცია გვქონდა: თუ რომელიმეს ცხოველი ან ფრინველი მოუკვდებოდა, შესაფერისი პატივით ვასაფლავებდით: ყუთში ჩავასვენებდით, გარშემო ყვავილებს შემოვუწყობდით, „პორტრეტს“ დავუხატავდით… გულწრფელად დავტიროდით, გულწრფელად გვეცოდებოდა. გავიდა ხანი და ცხოველებზე ნასწავლი სიყვარული, თანაგანცდა თუ სიბრალული განვაზოგადეთ და ადამიანებზეც გადავიტანეთ.

ცხოველებიდან ადამიანებამდე – ეს ის გზაა, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის. ეს გზა ბავშვობაში წაკითხული წიგნებით იწყება – წიგნებით, ცხოველებზე, ბუნებაზე, სამყაროზე.

ჰოდა მინდა ერთ ძალიან, ძალიან მაგარ წიგნზე მოგიყვეთ, რომელიც შეიძლება ბავშვებისთვის იმ სამყაროში მოსახვედრ ბილეთად იქცეს, სადაც ჰუმანიზმი და ემპათია სუფევს, სადაც ცხოველებიც უყვართ და ადამიანებიც, შინაგანი ჰარმონია კი ამ ყველაფერს აბრჭყვიალებს.

ეს წიგნი რადიარდ კიპლინგის „აი, ასეთი ამბებია“.

კიპლინგი ბევრს მოგზაურობდა: ინდოეთში (სადაც დაიბადა და სამშობლოდ მიიჩნევდა), აფრიკაში, იაპონიაში… ნანახს და გაგონილს ტექსტებად აქცევდა. მან შექმნა ახალი ტიპის, კეროლისა და უაილდისგან განსხვავებული ლიტერატურული ზღაპარი.

წიგნში „აი, ასეთი ამბები“ ცხოველთა სამყაროს ფანტასტიკური ისტორიების მოთხრობილი. ავტორი უშუალოდ მიმართავს პატარა მკითხველს და მასაც უფრო და უფრო იტაცებს, უფრო და უფრო უყვარდება „აი, ასეთი ამბები“.

რატომ არ ჭამს ვეშაპი ბიჭებს და გოგოებს, რატომ აქვს მას ასეთი ხახა, ვინ იმარჯვა და გადააჩვია ის ადამიანების ჭამას? რატომ აქვს სპილოს ამსიგრძე ხორთუმი, ლეოპარდს – ლაქები, აქლემს – კუზი? რატომ გაუჩნდა მარტორქას კანზე ნაოჭები? როგორ შეიქმნა პირველი ანბანი? რატომ სეირნოსბ კატა თავის ნებაზე?

ეს პატარ–პატარა ამბები პასუხებია კითხვებზე, რომლებიც ბავშვებს უჩნდებათ მას შემდეგ, რაც სამყაროს აღქმას და შეცნობას იწყებენ. ზღაპრული, ჯადოსნური პასუხები, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ჰო, მართლა – გაინტერესებთ, რატომ აქვს ხორთუმი სპილოს, რომელსაც წინათ ღილივით ცხვირი ჰქონია? სპილუკას ძალიან ჰყვარებია კითხვების დასმა. ჰოდა, ერთხელ თავად ნიანგს მიადგა. რა მოხდა მერე და მიიღო თუ არა კითხვაზე პასუხი პატარა სპილომ, ამის გასაგებად „აი, ასეთი ამბები“ უნდა წაიკითხოთ – წიგნი, რომელიც დიდსაც და პატარასაც ერთნაირად დააინტერესებს, წარმოუდგენლად საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს, ფანტაზიას განუვითარებს და, ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი სამყაროს სიყვარულს გაუღვივებს.

„აი, ასეთი ამბები“ განსაკუთრებით ძილის წინ საკითხავი წიგნია, რომლის წაკითხვის შემდეგაც ტკბილი, მშვიდი ძილი ლამაზი, ფერადი სიზმრებით – გარანტირებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი