ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველა – პანთესიტი თუ ქრისტიანი

(ბუნების არსის, ღმერთის გაგებისათვის ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს შემოქმედებაში)

 

ლეილა თეთრუაშვილს თავის ნაშრომში ,,ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისთვის” ახლებურად აქვს გააზრებული ვაჟას პანთეისტობის, ბუნებისა (ღმერთის) და ,,მიზეზისის” პრობლემები. იგი ემყარება შუა სუკუნეების ევროპელი ერეტიკოს-მისტიკოსების (ჯ. ბრუნო, ნ კუზნელი, ი. ბოემე და ა.შ.), სპინოზას, ანგელუს სილეზიუსის, ლესინგისა და გოეთეს განწყობილებებს და მიიჩნევს, რომ ცნებების: პანთეიზმი, ,,ერესი”, შემოქმედებითი გააზრება მეტ-ნაკლებად მსგავსად ორგანულია გოეთესა და ვაჟას შემოქმედებისათვის.

როგორც ვაჟას, ისე გოეთეს ნაწარმომებებში ბუნებისა თუ ღმერთის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემათაგანია.

,,ბუნება, ანუ ღმერთი” სპინოზას ცნობილი პანთეისტური დებულებაა, რომელიც გოეთეს პოეზიაში ორ ასპექტადაა გამჟღავნებული: 1. ბუნებისა და ღვთაების ტოლ-სწორობა; 2. ღვთაებისა და ადამიანის სწორფრობა.

სპინოზასთან პანთეისტური თეორიის ნაკლია ის, რომ ამ მოძღვრებაში ღვთაებასთან წილნაყარი ნებისმიერი ,,მოდუსის” (სულიერის თუ უსულოს, მათ შორის, ადამიანისაც) არსი გაუფასურებული და ინდივიდუალობადაკარგულია, ხოლო სუბსტანცია (ღმერთი-ბუნება) განყენებულადა და უემოციოდაა წარმოდგენილი. რაც შეეხება გოეთეს, ცნობილი ფილოსოფოსისგან განსხვავებით, მისი ერესი ბუნება-ღვთაების გაიგივებით არ შემოიფარგლება და აღიარებს ღვთაება-ადამიანის ტოლსწორობასაც, ხოლო ეს უკანასკნელი, სამყაროს კანონზომიერებათა ორგანიზატორ-განმასახიერებელი, გონიერიცაა და გრძნობიერიც.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ვაჟას პანთეიზმზე ქართველი მკვლევრები და ლიტერატრათმცოდნეები. ვაჟას პანთეიზმს კატეგორიულად უარყოფდნენ გ. კიკნაძე და ჯ. ჭუმბურიძე და ამ დებულების მომხრეთაგან სამი მთავარი საკითხის დასაბუთებას მოითხოვდნენ: 1. პიროვნული ღმერთის არარსებობა ვაჟასთან; 2. იქიდან გამომდინარე, რომ პანთეიზმისთვის უცნობია მორალური კატეგორიები (სიკეთისა და ბოროტების ცნებები), დასაბუთება იმისა, რომ მწერალი უარყოფს ეთიკურ პრობლემებს; 3. ,,პანთეიზმი გულისხმობს, რომ… ყოველი ცალკეული დაკარგულია ერთ მთლიანობაში, პანთეიზმისთვის საბედისწერო საკითხია, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთოდ ინდივიდუალური სახის არსებობსა” (ჯ. ჭუმბურიძე, ვაჟა რევოლუციამდელ კრიტიკაში, ვაჟას კრებული, თბ.,1970, გვ. 18). განა, ვაჟას გმირები გამორჩეული ინდივიდები არ არიან?!

ქალბატონი ლ. თეთრუაშვილის აზრით, პანთეიზმის ისეთი გაგება, როგორიც ჩვენს ლიტერატურულ კრიტიკაში გამოითქვა, მიამიტურია და ვაჟასთვის შეუსაბამოც. ესაა პანთეიზმის პოპულარული ხასიათის გაგება და არა შემოქმედებით-აკადემიური, აქედანაა გამომდინარე, ტონის კატეგორიულობაცო. ლ. თეთრუაშვილი ყურადღებას ამახვილებს პანთეიზმის ერეტიკულ თუ ფიზიონომისტურ გაგებაზე, რომელიც მე-18 საუკუნეში გამოვლინდა, ე.წ. ,,გოეთესებურ პანთეიზმად”, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წარმართულ-ბერძნულსა და შუა საუკუნეების ერეტიკოს-მისტიკოსთა მსოფლგაგებასა და სპინოზა-ლაიბნიცის შეხედულებებს.

ლ. თეთრუაშვილის აზრით, ვაჟას წარმართობა პირველყოფილობას არ უნდა გულისხმობდეს, ერეტიკსობა – ღვთაების ყოველგვარი გაგების უარყოფას, პანთეიზმი – ზნეობრივი ,,მეს” ანდა ინდივიდუალობის უარყოფას, ხოლო მისტიკა – მისტიციზმს, ანდა მარტოოდენ სულის გამოცხადებას ღვთაებრივად, მატერიის საპირისპიროდ და მათ შორის ისეთ შეურიგებელ, მტრულ დამოკიდებულებას, როგორც ეს, გოეთეს გამოთქმით, ,,სიტყვით განსწავლულებს” ესახებათ.

აქვეა მოსახმობი ო. ჯინორიას შეფასება გოეთესთან მიმართებით: ,,გოეთე უბრწყინვალესი წარმომადგენელია, ე.წ. ფიზიონომისტური პანთეიზმისა, რომელიც   ღმერთში კი არ აქრობს სამყაროს თავისთავადობას, არამედ, პირიქით, ბუნებაში ,,ხსნის” ღმერთს; ღმერთად წოდებული ბუნების შემოქმედებით უნარსა და სასიცოცხლო ძალას აღიარებს, როგორც მისტიკურ, ისე სულიერ მოვლენათა ერთიან სუბსტანციად”. (ო. ჯინორიას კომენტარი ი. ვ. გოეთეს ფილოსოფიური ლირიკის თარგმანზე, ჟურნალი ,,ცისკარი”, 1974, N 9, გვ. 85).

ვაჟა-ფშაველა თავის ლირიკაში და მთელ შემოქმედებაშიც ერთმანეთის მონაცვლეობით იყენებს ,,ღვთიური წესის”, ,,ქვეყნის დამდგენის” და ,,ბუნების ზნის” ცნებებს, თუმცა ეს მისთვის განსხვავებული თავისთავადობებია (ლექსში ,,ერთი რამ მინდა სათქმელად” ვაჟა ღვთის, ,,ქვეყნის დამდგენის წყალობად” მიიჩნევს გაზაფხულის დადგომას ან თუნდაც ლექსში ,,ქებათა-ქება” პირდაპირ აღიარებს ბუნების ღვთაებისგან გაჩენას), რომლებსაც მწერალი არ აიგივებს მსგავს ფენომენებად, როგორც ამას ლ. თეთრუაშვილი განმარტავს.

ასე რომ, შეიძლება, ბუნების არსი ვაჟასთან, ისევე როგორც გოეთესთან, სხვადასხვა ტერმინსა და სახელში მოიაზრება (თუნდაც ,,მიწის კანონი” ან ,,წუთისოფლის თვისება”), მაგრამ არ შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორც გოეთეს ,,ფაუსტში” ღმერთისა და ბუნების არსი გაიგივებულია, ვაჟა-ფშაველასთანაც არ რჩება თითქოს ადგილი პიროვნული ღმერთისთვის (თუნდაც ,,ალუდა ქეთელაურში” ალუდას მიერ მოპოვებული ,,ახალი” ღმერთი, რომლის სამწყსოა რჯულიანიცა და ურჯულოც, სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანული მსოფლაღქმა, ,,გიყვარდეს მტერი შენით”, ყველა რელიგიის ღმერთისგან გამორჩეული – იესო ქრისტე).

ბუნების ,,თავ-ბოლოს”, ,,წესს” სამყაროს უდიდეს საიდუმლოდ მიიჩნევს ვაჟა (,,შენი წესი და თავ-ბოლო საიდუმლობა მთელია”). ასევე შეუძლებლად მიაჩნია ბუნების საიდუმლოთა შეცნობა, ,,წაკითხვა” გოეთეს ლირიკულ გმირს (ლექსი ,,მგზავრი”).

ვაჟასთან, ისევე როგორც გოეთესთან, ღმერთი რელიგიურ-ფილოსოფიური კატეგორიაა, არა მარტო რელიგიური ხატი, არამედ მორალური, ეთიკური იდეაც. ასეთივე დამოკიდებულებას ამჟღავნებს გოეთეს ნათქვამი ეკერმანთან 1832 წლის 11 მარტს, რომელშიც იგრძნობა ,,მოწიწებული თაყვანისცემა” ქრისტესადმი და, ასევე, იგი მისთვის ,,ზნეობრიობის უმაღლესი პრინციპის ღვთაებრივი განცხადებაა”.

ვაჟა-ფშაველასთან სიკეთე და ბოროტება, როგორც გოეთესთან, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისია, პოლუსი, რომელთა ერთმანეთის თუ ერთიანობის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. სწორედ ეს დაპირისპირებულთა ერთობა ქმნის ღვთის მიერ დადგენილ ,,ბუნების ზნესაც”.

ეს მაიმპულსირებელი ურთიერთდაპირისპირებულობაა ლექსში ,,ვედრება” პოეტის (,,შეძრწუნებული-შეწუხებული”) მიზეზიც (,, ნუ დამასვენებ ნურასდროს,/მამყოფე შეძრწუნებული,/მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,/როცა ვარ შეწუხებული;/როცა გულს ცეცხლი მედება,/გონება მსჯელობს საღადა,-/მაშინ ვარ თავისუფალი,/თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა”). გოეთესთანაც ბუნება ,,უფსკრულს თხრის ყველა არსებას შორის და აი, ყველას სწადია, ერთურთს გადაეჭდოს, მან ყველა განაცალკევა, რათა ისევ ერთად შეეკრა”.

ვაჟას ლექსში ,,ღამე მთაში” ბუნება ,,საცა პირიმზეს ახარებს, იქავ მთხრელია ზვავისა”, ხოლო ახალგაზრდა გოეთეს მიაჩნია, რომ ,,სიკვდილი ფანდია ბუნებისა, რათა სიცოცხლე ამრავლოს”. ვაჟასთვისაც ნაცნობია სამყაროს, ბუნების ეს მუდმივი წინააღმდეგობრიობის პრინციპი და დაპირისპირებულ ძალთა არსებობის კანონზომიერი გარდუვალობა: ,,ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა და შენც, სიკვდილო, ფასი გძე, სიცოცხლის ნაწყენობითა”.

თუ პანთეიზმში ინდივიდს არ აღიარებენ, რადგან ის ბუნებაშია გათქვეფილი, ,,ერთია ყოველი”, სწორედაც ის გარემოება, რომ ვაჟა-ფშაველას ლირიკაში თუნდაც გმირი გამორჩეულად თავისთავადი, ინდივიდუალურია, (როგორც ჯ. ჭუმბურიძე ამბობს, ეს არის ,,ინდივიდუალური სახის”, ,,ცალკეულის”, ყოველი მოვლენის თავისთავადობა), ეწინააღმდეგება პოეტის მსოფლგაგების პანთეისტურად მიჩნევას.

გოეთეს პანტეიზმის თანამოაზრედ მისაჩნევად ძალიან სუსტია ის არგუმენტი, რომ ვაჟას პოეზიისათვის დამახასიათებელია გმირების ბუნებისმიერი სიმტკიცე-დაუქვემდებარებლობა, ,,თავისი ბუნების ყმობა” და, აქედან გამომდინარე, ნიცშესეული ზეადამიანობა – ,,მშვენიერი ადამიანის” გოეთესეული იდეალი თავისი არსით ვაჟს ,,დიდებული ადამიანის” ტოლფასია. ,,ვაჟა იმზომ ამაღლებული მისწრაფებებით ,,აღკაზმავს” სამყაროს მიმართ სიყვარულით გამსჭვალულ თავის ადამიანურ იდეალს – ,,კაი ყმას”, რომ გოეთეს ,,მშვენიერი ადამიანის” მსგავსად, კაი ყმასა და ბუნება-ღმერთს შორის ოდენობრივი განსხვავება თუღაა”. (ლეილა თეთრუაშვილი, ,,ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისათვის”, 1982 წ., გვ. 19)

კაცთა გაღვთიურების, ადამიანისა და ღმერთის სწორფრობის დასტურად ლ. თეთრუაშვილი იშველიებს იმ არგუმენტს, რომ ვაჟას ლირიკულ გმირს ღმერთთან სიახლოვის, მასთან ლაპარაკის წინაპირობად, როგორც ჭეშმარიტ ერეტიკოსს და არა მართლმორწმუნე ორთოდოქს-ქრისტიანს, ღვთისადმი მონური მორჩილება კი არ ესახება, არამედ საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მაგრამ ღვთისადმი მონური მორჩილება არცაა ქრისტიანობა, რადგან ქრისტე სწორედ თავისუფლებაა (ოღონდ ზნეობრივი, რასაკვირველია) და სიყვარული. სწორედ ამიტომაა, როგორც ავტორიც მიიჩნევს, სამყაროსადმი ტოტალური სიყვარული ვაჟას ფილოსოფიის საფუძველი, ხოლო მისი გმირების ზნეობრიობის უმთავრესი ნიშანი ზნეობრივი (აქედან გამომდინარე, რელიგიურიც) მრწამსისადმი ერთგულება. ,,ვაჟასთან, გოეთეს მსგავსად, დოგმატური რელიგიის საპირისპიროდ, ღვთაებისადმი შიშს ენაცვლება მის მიმართ სიყვარული, ნათესაური, მიმნდობლური განწყობილება (იხ. ლექსი ,,მთას ვიყავ”). ვაჟას ლირიკული გმირისთვისვე იმანენტურია ღვთაებასთან სიახლოვის შეგრძნება სულის სიმტკიცისა და ამაღლებული მისწრაფებათა წილ, როგორც ახალგაზრდა გოეთეს ლირიკული გმირისთვისაა იგი ორგანული”. (ლეილა თეთრუაშვილი, ,,ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისათვის”, 1982 წ., გვ. 21) – სხვა არც არაფერია ქრისტიანობა…

ასე რომ, ვაჟასთან ჭირ-ვარამთან შეგუების ნაცვლად რწმენის სიმტკიცეა, ,,ტიალი წუთისოფლისადმი” პასიური განდგომის ნაცვლად მისი მიღება ისეთის, როგორიც ის არის, ორსაწყისიანი და ამით დაბალანსებული (,,არ ვუღალატებ სიცოცხლით/გზას, ჩემს ეკლიან სავალსა”). ვაჟას ქრისტიანობა სწორედ ისეთია, როგორიც ის იდეაშია: არა მონური მორჩილება დოგმატისადმი თუ საეკლესიო ავტორიტეტისადმი, არამედ ადამიანთა, სამყაროს სიყვარული და ამ უკანასკნელის მიღება თავისი ორსაწყისიანობით, სიკვდილ-სიცოცხლით. ესაა მისი ფილოსოფიის საფუძვლის და რწმენის სიმტკიცის წინაპირობაც. ქრისტეც სიყვარულით თავისუფლება არაა?…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი