ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთხელ ჯადოსნურმა ჯოხმა რაღაც ჩამჩურჩულა…

თუ აქამდე არ შეგიმჩნევიათ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩვენ, მასწავლებლებს, ჯადოსნური ჯოხები გვაქვს, ოღონდ უხილავი. ჯოხი მაშინ ჩნდება ჩვენთან, როცა მასწავლებლობას ვიწყებთ და რჩება, სანამ მასწავლებლები ვართ. ჯადოსნურ ჯოხს ჯადოსნური ხასიათი აქვს, სიკეთესაც შეუძლია ემსახუროს და ბოროტებასაც, გააჩნია, როგორი პატრონი შეხვდება. იყო დრო, როდესაც ბოროტება სიკეთის ტყავში ეხვეოდა და სისასტიკე მომავალი კეთილდღეობის სურვილით მართლდებოდა. საბედნიეროდ, დრომ ახალი ღირებულებები მოიტანა და, რა თქმა უნდა, სიკეთის სახელით ჩადენილი ბოროტებაც გადაფასდა.

მასწავლებლისთვის ჯადოსნური ჯოხი პიროვნულ ინდივიდუალობას გამოხატავს და ის მხოლოდ საკლასო ოთახში, ბავშვებთან ხდება ჯადოსნური, მანამდე უჩინარია.

ჯოხის მიზანი ბავშვების ბედნიერებაა.

მინდა მოგიყვეთ, ჩემმა ჯადოსნურმა ჯოხმა ერთი ამბავი როგორ დაატრიალა და ბავშვებს ახალი სამყაროების შექმნაში დაეხმარა.

შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს, როცა საგაკვეთილო რუტინას მოწყენილობაც ერთვოდა, ჩემმა ჯადოსნურმა ჯოხმა ჩამჩურჩულა:  დროა, ბავშვებმა ცოტაოდენი ჯადოსნობა ისწავლონ და ახალი სამყაროები შექმნანო.  ეს როგორ? ამ წვიმაში რა დროს ახალი სამყაროებია, ბავშვებს ხომ არ დავასველებ-მეთქი? საკლასო ოთახიდან გასვლა სულა არ დაგჭირდებათ, ქაღალდი და კალამიც საკმარისიაო – ჯოხმა.

მოსწავლეები გაფაციცებით შემომყურებდნენ, იგუმანეს, რაღაც საინტერესო ამბავი გველისო.

ჰოდა, რაც არის, არის, დავუჯერებ-მეთქი, ვიფიქრე, ბავშვებს კი გავძახე: „აბა, ყველაფერი შეინახეთ, დღეს მხოლოდ რვეულები და კალმები დაგვჭირდება, სამყაროების შექმნა უნდა ვისწავლოთ!“

დაფაცურდნენ და რაღაც ძალიან მაგარის მოლოდინში გაინაბნენ.

მოკლედ, ჩამჩურჩულებდა ჩემი ჯოხი ჯადოსნურ სიტყვებს, მე კი მათ ბავშებს გადავცემდი.

თურმე როგორც კი ორი სიტყვა ერთმანეთს დაუკავშირდება, წინადადებად იქცევა და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ციცქნა სამყაროც მზადაა. მაგალითად: გოგონა თამაშობს. აბა, დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ, რას ვხედავთ? – იატაკზე მიმოფანტულ კუბებს, თოჯინებს, დათუნიებს. პატარა გოგონა აშენებს ფერად კოშკს, რომელშიც საყვარელი დათუნიასთვისაც გამოინახება ოთახი. როგორია გოგონა? წითელბაფთიანი ან ცისფერკაბიანი, ქერათმიანი ან შავთვალა. როგორსაც წარმოიდგენ. ამ სამყაროს ბატონ-პატრონი შენ ხარ.

გაკვეთილზე 15 ბავშვი იჯდა და სულ რამდენიმე წუთში 15 სამყარო დაიბადა – ნაირ–ნაირი ფერებითა და თვალხატულა გოგონებით.

„მოდი, უფრო გავართულოთ“, – მკარნახობს ჯოხი და მეც იმავეს ვუმეორებ მოსწავლეებს.  ახლა სამყარო წარმოსახვაში კი არა, ფურცლებზე შევქმნათ. ისე, როგორც ამას აკეთებენ მწერლები, რომლებიც სინამდვილეში ამბების არქიტექტორები და მშენებლები არიან. სიტყვა-აგურებისგან აგებენ ქალაქებს, იგონებენ პერსონაჟებს და თავგადასავლებს, ბოლოს კი ამ ყველაფერს მოხდენილი ფრაზებით ალამაზებენ.

– გინდათ, გახდეთ უხილავი სამყაროს შემოქმედები?

რა თქმა უნდა, უნდათ.

მაშ, დავიწყოთ.

 

თუ გინდათ, სრულფასოვანი სამყარო შექმნათ, დაგჭირდებათ…

  • წიგნაკი იდეებისთვის

სულ პაწაწინა წიგნაკი, რომელსაც თან ატარებთ, სადაც ჩაინიშნავთ ყველაფერს, რისი ჩანიშვნაც და დამახსოვრებაც მოგინდებათ: ყურმოკრულ დიალოგებს, სიზმრებს, მხიარულ, უჩვეულო საინტერესო შემთხვევებს, გონებაში მოულოდნელად გაელვებულ სიტყვებს და ფრაზებს.

 

  • ახალი ამბები

იკითხეთ ჟურნალ–გაზეთები. ინტერნეტი ყველას გვაქვს, მაგრამ ჟურნალ–გაზეთების კითხვა გაცილებით საინტერესოა. როგორც ფილმებშია ხოლმე: კაკაოსა და  ფუნთუშასთან ერთად. დღის ან კვირის სიახლეებში შესაძლოა თქვენი მომავალი სამყაროს ბინადარი პერსონაჟებიც კი აღმოაჩინოთ. ან სულაც ახალი მცენარეები, ცხოველები, პლანეტები…

 

როგორ ავაშენოთ სამყარო

ჯერ შეარჩიე ადგილი, სადაც შენი სამყარო დაიწყებს არსებობას. როდესაც ადამიანი სახლის ან ქალაქის აშენებას გადაწყვეტს, ჯერ ასაშენებელ ადგილს არჩევს. სამყაროსაც სჭირდება შესაფარისი ადგილი.

ასეთი ადგილი კი შეიძლება იყოს პლანეტა, კუნძული, კოსმოსი, ოკეანე… არათუ ადგილი, შეგიძლია დროც კი ამოირჩიო: შორეული წარსული თუ შორეული მომავალი.

დაგჭირდება პერსონაჟებიც. პლასტილინით ან თიხით ხომ გიძერწავს? პერსონაჟის შექმნაც ამას ჰგავს, ოღონდ ამ შემთხვევაში საძერწი მასალა სიტყვაა. ნელ-ნელა უნდა გამოძერწო პერსონაჟის ხასიათი, გარეგნობა, თვისებები.

ჰო, სამყაროს უნდა ჰქონდეს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული, თუმცა ახლა მოდურია ტექსტები, სადაც დასასრული მკითხველის ფანტაზიასაა მინდობილი.

ციბრუტივით ტრიალებს ჩემი ჯოხი, ბავშვები წერას იწყებენ. წერენ და წერენ. ირეკება ზარი – არ ესმით, მეორე გაკვეთილი იწყება – ისევ წერენ.

წარდგენა ცალკე ამბავია. უფ, როგორ უყვართ! ყველას უნდა, თავისი სამყარო გადმოშალოს ფურცლებიდან. გახსოვსთ ზაზა თვარაძის „სიტყვები“? აი, ის რომანი, რომელშიც სიტყვებს სხეულები აჩუქა და ჰაერში ალივლივა? ასეთი ამბებია ჩვენთანაც. ზედსართავი სახელები წითლად ღვივიან, ზმნები არსებითებთან იხლართებიან… ჯადოსნური ჯოხიც ბედნიერი და ვალმოხდილია. უკრავს და უკრავს ტაშს,  არ იშურებს აღფრთოვანების შორისდებულებს: „უჰ, რა მაგარია!“; „ნამდვილი მწერალი ხარ!“; „აუ, წიგნი უნდა გამოსცე აუცილებლად!“; „გამაოგნე“; „გამაოცე“ – და ასე შემდეგ. მის სიტყვებს, რა თქმა უნდა, მე ვახმოვანებ.

ჩვენი ამბავი აქ არ მთავრდება, ეს სამყაროები დღესაც ცოცხლობენ, ერთ ხელნაკეთ წიგნში. თვითონ წიგნი კი, ლამაზი ილუსტრაციებით და ამბებით სავსე, ერთი სკოლის ერთ ბიბლიოთეკაში ინახება და ხშირად ათვალიერებენ მოსწავლეები. რა ხდება ამ წიგნში? ეს თავად უნდა ნახოთ, სამყაროების გამეორება ხომ წარმოუდგენელია და ამას არც ვაპირებ.

ჰოდა, რისთვის დავწერე ეს წერილი: მიუგდეთ ყური თქვენს ჯადოსნურ ჯოხებს და გამოიყენეთ მათი მაგია. ის თქვენ ნამდვილად გაქვთ, მთავარია, აღმოაჩინოთ.

P.S. ჩემმა ჯადოსნურმა ჯოხმა მორიდებით გამიმხილა, რომ წიგნაკის და გაზეთის იდეა ამოუღია წიგნიდან: „როგორ ვწეროთ მოთხრობები, ლექსები, რეპორტაჟები, წერილები და იმეილები“, რომლის ავტორები ანა ფონდესი და სელია უორენი არიან. ქართულ ენაზე კი წიგნი „პალიტრა L-ს“ გამოუცია. იქ უამრავ საინტერესო იდეას იპოვითო, დაამატა ბოლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი