პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ონლაინ სწავლება – „წიგნების თაროს“ სკოლის მაგალითზე

ონლაინ სწავლებაზე დიდი ხანია საუბრობს მსოფლიო. ტექნიკური საშუალებების და რესურსების დახვეწასთან ერთად, კაცობრიობამ მზადება დაიწყო, რათა განათლების სისტემა მთლიანად მორგებულიყო დისტანციურ სწავლებას და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა განათლება მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში. მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა სხვადასხვა კურსი გაასაჯაროვეს, შეიქმნა ხანის აკადემია, პოპულარობა მოიპოვა ონლაინ მასტერ-კლასების პლატფორმამ და ა.შ. მხოლოდ ე.წ. ონლაინ-ტუტორიალებითაც კი არაერთმა ადამიანმა ისწავლა ესა თუ ის ხელობა და პროფესია. თუმცა როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა იმ რევოლუციურ საჭიროებას, რომელიც 2020 წელს დადგა, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე. კორონავირუსმა ათასი პრობლემის კვალდაკვალ აუცილებელი გახადა სწრაფი და რადიკალური ცვლილებები განათლების სისტემაში, რასაც მსოფლიომ ფეხი აუწყო. ფეხი ავუწყეთ ჩვენც და გადავერთეთ ტელე თუ ონლაინ სწავლებაზე, მასწავლებლებმა ელვის სისწრაფით დაამუშავეს შესაბამისი მასალა ამ ტიპის სასწავლო პროცესის საწარმოებლად, მოსწავლეებმაც ძალაუნებურად გაიზიარეს ონლაინ სწავლების პლიუსები და მინუსები..

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სწავლება ხელმისაწვდომს ხდის ათასგვარ მულტიმედიურ მასალას, არის უფრო კომპაქტური, ტექნიკურად მოხერხებული, თანამედროვე და მარტივი, საკუთარ თავში გარკვეულ საფრთხეებსაც მოიცავს, რაც ბავშვებისა და კომპიუტერის ხშირ და ხანგრძლივ თანაცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის გადაჭრას კი, განსხვავებული მიდგომით შეეცადა „წიგნების თაროს“ სკოლა. ამჯერად, სწორედ ამ მიდგომაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

თანამედროვე ბავშვისთვის კომპიუტერი ძალიან ახლო „მეგობარია“. ის კომპიუტერს იყენებს კომუნიკაციის, გართობის, ინფორმაციის მიღების და თვითგამოხატვისთვის. ონლაინ სწავლების მთავარი პრობლემა სწორედ აქ იკვეთება, რადგან ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ბავშვს უწევს კომპიუტერთან ყოფნა. რა გააკეთა ამ დროს „წიგნების თარომ“? ბავშვებს კომპიუტერთან გასატარებელი დამატებითი საათები კი არ შესთავაზა, არამედ სწავლების მეთოდიკა ააწყო მთლიანად პრინციპზე „შემეცნება გართობით“, რითიც სკოლისთვის განკუთვნილი დროით ბავშვების მიერ კომპიუტერთან თამაშისთვის გასატარებელი დრო ჩაანაცვლა. ერთი მხრივ, არ იზრდება ის დრო, რომელსაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს, მეორე მხრივ კი თამაში ხდება უფრო შემეცნებითი, საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული და სასარგებლო. ეს უნიკალური მიდგომა უკვე ორი კურსის განმავლობაში გამოიცადა, გაზაფხულზე და ზაფხულში და ორივეჯერ გაამართლა. ბავშვებს შეუყვარდათ გაკვეთილები და მასწავლებლები და ყოველგვარი დამატებითი დატვირთვის გარეშე გათვითცნობიერდნენ იმ საკითხებში, რომელსაც „წიგნების თაროს“ სკოლა საკუთარ სასწავლო პროგრამაში მოიაზრებს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ „წიგნების თაროს“ სკოლა დაწყებითი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელშიც დღეისათვის 7 საგანი ისწავლება: ადამიანი და ჯანმრთელობა; მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება; და რაღა თქმა უნდა, მსოფლიო ლიტერატურა. სკოლაში დარეგისტრირება და სწავლების დეტალების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საიტზე www.school.wignebistaro.ge

საინტერესოა, რომ თითოეულ საგანს მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სახეები, პროექტ „წიგნების თაროს“ მონაწილე ახალგაზრდები ასწავლიან, რაც კიდევ უფრო უშუალოს ხდის სწავლების პროცესს, რადგან მასწავლებლები ბავშვებს, ფაქტობრივად, „მათივე ენაზე“ ესაუბრებიან. ბავშვებს თითო გაკვეთილს შესაბამისი სფეროს პროფესიონალები, ცნობილი ადამიანებიც უტარებენ, რაც მათ ნდობას და ინტერესს აღრმავებს აღნიშნული საგნის მიმართ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწავლება მიმდინარეობს ათასგვარი მულტიმედიური მასალის დახმარებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით, ინტერაქციული თამაშებით, ტესტების, ქვიზების და სხვადასხვა რესურსების დახმარებით, რაც გაკვეთილისთვის განკუთვნილ 30 წუთს ბავშვებისთვის ერთ დიდ თამაშად აქცევს და მთელი ამ გასართობი პროცესის განმავლობაში მათ ეტაპობრივად უზიარებს ცოდნად შესაბამისი თემის გარშემო.

ვფიქრობ, მსგავსი მეთოდი ყველაზე გამართლებულია იმ პირობებში, როდესაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ბავშვებს დიდი დროის გატარება უწევთ სახლში და შესაბამისად, კომპიუტერთან. „წიგნების თაროს“ სკოლის მიდგომა ბავშვის აღქმაში კომპიუტერს, როგორც გასართობ ობიექტს და კომპიუტერს, როგორც ინფორმაციის, შემეცნების წყაროს ერთმანეთთან აიგივებს, შესაბამისად ბავშვს აყვარებს ამა თუ იმ საგანს და უჩენს აზარტს, მეტი გაიგოს აღნიშნული საკითხის შესახებ.

ერთი სიტყვით, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ, ონლაინ სწავლება ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს შევუსაბამოთ და მეტად სასარგებლოდ ვაქციოთ, ამისთვის კი „წიგნების თაროს“ სკოლა ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი