შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რა სიკეთის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს დისტანციური სწავლება

ვფიქრობ ამ სტატიის სახელწოდების წაკითხვისას ბევრს მწარედ გაეღიმება, ზოგი გაბრაზდება, ზოგს აგრესიაც კი დაეუფლება, ადამიანთა გარკვეული ნაწილი უბრალოდ განაწყენდება. მართლაცდა რომელ სიკეთეზეა საუბარი, როდესაც მოზარდებისთვის აუტანელი გახდა საგაკვეთილო პროცესის ონლაინრეჟიმით წარმართვა, როდესაც მათი ემოციური და სოციალური განვითარება სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, როდესაც საგრძნობლად იმატა ბავშვებში შფოთიანობამ და დეპრესიამ. ცალკეულ მოზარდებში იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა  ონლაინსწავლება, რომ თვეების განმავლობაში ისინი მხოლოდ ფორმალურად ესწრებიან გაკვეთილებზე და მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემენ, არ მონაწილეობენ დისკუსიაში მაშინაც კი, როცა კარგად იციან განსახილველი საკითხი და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაც თავისუფლად შეუძლიათ. ზოგიერთი მოზარდი კი პროტესტის ნიშნად საერთოდ გაურბის გაკვეთილებზე დასწრებას. არანაკლებ აუტანელი გახდა ონლაინგაკვეთილები ბავშვებთან ცოცხალ ურთიერთობას მოკლებული პედაგოგებისთვისაც, რომლებიც გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც კი მზად არიან რეალურ სასკოლო გარემოში, საკლასო ოთახებში შეხვდნენ ბავშვებს, იქ გააგრძელონ სასწავლო პროცესი. და, რა თქმა უნდა,  მშობლები, რომლებიც, ვფიქრობ ყველაზე მეტად ნატრობენ ბავშვების სკოლაში გაშვებას. სამსახურში გასული და სამსახურეობრივი დავალებებით დატვირთული ბევრი მშობლისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება საკუთარი შვილის ონლაინსწავლებისთვის თვალის დევნება, რაც ცალკეულ ბავშვებს ონლაინგაკვეთილებისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ რა გვრჩება ისეთი, რაც ონლაინსწავლების სიკეთეზე საუბრის უფლებას გვაძლევს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს სამყაროში ნებისმიერ მოვლენაში შეიძლება რაციონალური მარცვალის პოვნა, ვფიქრობ ნამდვილად არ იქნება გაუმართლებელი, თუ ონლაინსწავლების სიკეთეზე ვისაუბრებთ. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ონლაინგაკვეთილებში, უამრავი ნაკლის მიუხედავად, ბევრი დადებითის აღმოჩენაც შეიძლება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ დადებით მომენტს შევეხებით და ეს ონლაინსწავლების პირობებში ახალ სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას უკავშირდება. არავისთვისაა უცხო ბავშვისთვის სკოლის შეცვლა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამა თუ იმ მიზეზის გამო მშობელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მისი შვილისთვის უკეთესი იქნებოდა სკოლის გამოცვლა. სკოლის დატოვების და სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანის მიზეზი შეიძლება გახდეს საცხოვრებელი ბინის შეცვლა, პედაგოგებთან გართულებული ურთიერთობა, თანატოლებთან ბავშვის კონფლიქტები, მოცემულ სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესით უკმაყოფილება და სხვა. რაც არ უნდა იყოს სკოლის შეცვლის მიზეზი, ახალ სასკოლო გარემოსთან შეგუება ბავშვისთვის მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება. განსაკუთრებით მტკივნეულია სკოლის შეცვლა გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდისთვის, რომლისთვისაც პრიორიტეტულია თანატოლებთან ურთიერთობა. იმ ჯგუფის შეცვლა, სადაც მას უკვე დამკვიდრებული ჰქონდა თავისი ადგილი და ახალ ჯგუფში გადასვლა, სადაც სერიოზული „ბრძოლა“ მოუწევს ადგილის დასამკვიდრებლად,  ბუნებრივია სირთულეების გარეშე ვერ წარიმართება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც სასკოლო გარემოზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ფიზიკური და სოციალური გარემო. ფიზიკურ გარემოსთან ადაპტაცია მოზარდისთვის ბევრად უფრო უმტკივნეულოდ და ნაკლები სირთულეებით მიმდინარეობს, ვიდრე სოციალურ გარემოსთან შეგუება. ახალი თანაკლასელები, თავისი ხასიათით, ინტერესებით, ღირებულებებით, რომლებიც შეიძლება მისი ღირებულებებისაგან სრულიად განსხვავებული და მიუღებელიც კი იყოს. ახალი პედაგოგები სწავლების და ურთიერთობის საკუთარი სტილით, რომელიც შეიძლება ასევე უცხო და მიუღებელი აღმოჩნდეს მოზარდისთვის. ამ ყველაფერს ემატება უცხო ფიზიკური გარემო, სადაც შესაძლოა ის მთლად დაცულად და უსაფრთხოდ ვერ გრძნობდეს თავს. ყოველივე აღნიშნული ბავშვში შფოთიანობის მომატების და სტრესის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი სკოლას იცვლის და ახალ სკოლაში ონლაინრეჟიმით აგრძელებს სწავლას. ასეთ დროს, როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, ახალ სკოლასთან ადაპტაცია ბავშვისთვის ბევრად უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ „საკუთარი ტერიტორიიდან“, სახლიდან ერთვება სასწავლო პროცესში, ის ბევრად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს, რაც მას გამბედაობას და სითამამეს მატებს; ყოველივე ეს კი საგაკვეთილო პროცესში მისი აქტიურად ჩართვის  და სასწავლო მოტივაციის გაძლიერების წინაპირობა ხდება. როგორც ასეთი ბავშვების ქცევაზე დაკვირვება გვიჩვენებს, ონლაინგაკვეთილებზე ისინი, ხშირ შემთხვევაში, ბევრად უფრო აქტიურობენ, ვიდრე მოსწავლეები, რომლებიც მათ ახალ კლასში დახვდათ.  ამასთან, ისინი არც ვიდეოკამერების ჩართვას და მონიტორზე გამოჩენას გაურბიან. როგორც ჩანს, ონლაინგაკვეთილები მათთვის ახალ სოციალურ გარემოში თავის დასამკვიდრებლად ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა.

როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, პირველკლასელებისთვისაც კი, რომელთა მდგომარეობა არცთუ უსაფუძვლოდ სერიოზულად ანერვიულებდა და აფიქრებდა, როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს, მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპთან და ახალ  სასწავლო გარემოსთან  ადაპტაცია ბევრად უმტკივნეულოდ წარიმართა, ვიდრე ეს შეიძლებოდა რეალურ სასკოლო გარემოში მომხდარიყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრი პირველკლასელისთვის, მის ცხოვრებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების მიღება და ახალ, მისთვის სრულიად უცხო გარემოსთან შეგუება სირთულეებს უკავშირდება. ექვსი წლის ბავშვისთვის ადვილი არ არის თუნდაც რამდენიმე საათით მოწყდეს მისთვის ნაცნობ, ჩვეულ გარემოს და დარჩეს იმ გარემოში, სადაც მისთვის ყველა და ყველაფერი უცხოა. ამასთან, ამ გარემოში მისგან მუდმივად გარკვეული წესების დაცვას ითხოვენ. ამიტომაც არის, რომ ბევრი პირველკლასელი სასწავლო წლის დაწყებიდან პირველ დღეებში გაუთავებლად ტირის, დედას სახლში წაყვანას ან უკეთეს შემთხვევაში საკლასო ოთახში მის გვერდით ყოფნას სთხოვს. ასე იყო ყოველთვის  და ატირებული პირველკლასელის ნახვა საზეიმოდ მოწყობილ სკოლის ეზოში არავისთვის უცხო არ არის. რა ხდებოდა მიმდინარე წელს, როდესაც პირველკლასელებს ონლაინრეჟიმში მოუწიათ სასკოლო ცხოვრების დაწყება და სასწავლო პროცესში ჩართვა. უნდა ითქვას, რომ საკუთარ სახლებში, დედის გვერდით, კომპიუტერის წინ მოკალათებულები ისინი ბევრად უფრო დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ამასთან საგაკვეთილი პროცესშიც საკმაოდ ხალისით ერთვებოდნენ. ყოველივე  ამან თავისი ასახვა იმაში ჰპოვა, რომ ორი კვირის შემდეგ სკოლაში მოსული ბავშვები ბევრად ადაპტირებულები აღმოჩნდნენ სასწავლო პროცესთან, ვიდრე შეიძლებოდა  ეს რეალურ სასკოლო გარემოში, იმავე პერიოდში მომხდარიყო.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სიკეთის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში უწევს ონლაინსასწავლო გარემოში ყოფნა. განუსაზღვრელი დროით ონლაინსწავლება საეჭვოა სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს არა მხოლოდ პირველკლასელისათვის, არამედ ნებისმიერი ბავშვისთვის, განურჩევლად იმისა რომელ ასაკობრივ საფეხურზე იმყოფება ის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი