შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გურია და გერმანელი

გურიაში ვარ. დაკასთან, სკიჯის სახლში. წუხელ შემოვრჩით და რაღაც თავგადასავლები გვიამბო. ერთს თქვენც მოგიყვებით.

პირველი ტურისტი, ვინც აქაურობას ესტუმრა, თანაც სულმთლად გერმანიიდან, იყო ბატონი ფოლგერი, ხეტიალის მოყვარული ახალგაზრდა კაცი. რადგანაც ხიდისთავში ფოლგერა ეწოდა, მეც ეგრე მოვიხსენიებ. ფოლგერას ახლდა ცოლი. რუსულენოვანი ქალი. ან შეიძლება, სულაც რუსი. ხოლო გვიანგაზაფხულის ძალით ასე დაემთხვა, რომ ამინდი უჟმურია. გურიას კი არა, ორი მეტრის იქით ადამიანს ვერ დაათვალიერებ. ნისლი, წვიმა, ჭონჭყო. მოიწყინა სტუმარმა. არ იმჩნევს, თუმცა მოიწყინა. აუყვნენ ბახმაროსკენ. გზა გაჭირდა, მაგრამ მოითვინიერეს და აჰა – ბახმარო მთებიდან ახალმოწველილ რძეში იხარშება. გატყდნენ მასპინძლები. სევდას მიეცა ფოლგერა. ფიქრობს: აია, იი ნაქები Wunderschönen გურია, რაფერ მოვტყვილდი ამფერი მოგზაური კაძახი. ფიქრობს და უკვე ეტყობა ეს ფიქრი. პატარა ქოხს მიადგნენ. ასეთი ქოხები ბევრია იქ. საზაფხულო. მწყემსების. მანახეთო. მიუკაკუნეს. გამოვიდა მოხუცი კაცი. ძალიან მოხუცი. წვერი იმ ნისლის ნაფლეთი გეგონება. შემოდითო – მხიარულად. ლაპარაკის მოდელი ასეთია, რომ დაკა ეუბნება ფოლგერას ცოლს რუსულად, ცოლი ქმარს გერმანულად და ამას კიდევ მასპინძლის ქართული შეემატა. ბაბილონია ქოხში. ბაბილონი და ყველის ამოყვანა. ყველის ამოყვანა დიდი სცენაა და ამ მაგიამ შეიტყუა ჩვენი გერმანელი. ჩამოსხდნენ ჯორკოებზე. რამე კარგი უთხარი გერმანიაზეო. დაკამ. მოხუცმა – „უფ, რაფერ წააგო წუხელ გერმანიამ, რაფერ მეწყინაო”. ფოლგერამ არ იცის წუხანდელი ანგარიში და უკვირს, ამან საიდან გაიგო. მაგრამ მოკლეა ეს გაკვირვება და ისევ დუმილი. რამე, უფრო გრძელი თუ იციო – დაკამ. კიო, ამბავი მე მაქვს, თუ მაქვსო – მწყემსმა. თქვა და თვალები წამოენთო. აბა, რაო? რაო და მეო, ომში ვიყავიო. ფოლგერა გაშრა. იცით, ალბათ, რა რთულია ამ შესანიშნავი ხალხისთვის იმ დროის შეხსენება. როგორ რცხვენიათ ახლა სხვის მაგივრად. სიკვდილი ურჩევნიათ. წამებით სიკვდილი. ჰოდა, ფოლგერა ამინდზე უფრო გაიყინა. ომში, ვიყავიო – ჯიუტად და მხიარულად აგრძელებს მოხუცი – აგერ, შემხედეთ თვალზეო, კარგად, კარგად შემხედეთო. ეს თვალი, იქ დავკარგეო. ფოლგერა კედელს მიეყრდნო. ცახცახებს. დაკა პატიოსანი ადამიანია, უჭირს, არ უნდა, მაგრამ რასაც ეუბნებიან, იმას თარგმნის. ეგ რა არისო – ამბობს ეშმაკური ღიმილით მწყემსი – ტყვედაც ჩავვარდიო. ჩავვარდი და ერთი კვირა ვეგდე ბანაკში და ერთ დილით გვეძახიან; ,,აბა, წავედითო”. გამოგვიყვანეს. დაგვამწკრივეს. წყალი არ გაუვა, დასახვრეტად მივყვართ. მხდალი არ ვიყავი, მაგრამ ვატყობ ცოტა მუხლები მიკანკალებს. გვერდით ახალგაზრდა გერმანელი მომყვება ფიქრიანი სახით. ვფიქრობ, თავში მაინც მესროლოს და უცებ გამათავოს. ამ ფიქრში ვარ და უცებ ვხედავ, ხევია. აგერ, ერთი ფეხის გადაყოფა უნდა და ჩავგორდები. იქით, გორებს ვცნობ. იქით, ჩვენები არიან. გავხედე ამ გერმანელ ბიჭს და მიყურებს. უცებ მიხვდა, რასაც ვფიქრობ. უცებ. და ვიფიქრე, აი, ახლა გადატენის და აქვე – ,,ბრახ-ბრახ”. ის კიდევ გაჩერდა. მარცხნივ, შორს გაიხედა და ხელით მანიშნა. მიდიო. მიდიო. მიდიო. ვისკუპე და ჩავგორდი. და აი, აგერ ამოვგორდი! – დაამთავრა მოხუცმა და ყველს ამოურია. ფოლგერა გაცოცხლდა. გაცოცხლდა კი არა გაცეცხლდა. არის ასეთი გაცეცხლებაც – სიხარულით. სულ სხვა ცეცხლია ეს. სულ სხვა ყინულს ალღობს. წამოხტა ფოლგერა და ეცა მწყემსს. ეხვევა და ყვირის: ,,ხომ ვამბობდიო! ხომ ვამბობდი, რომ ჩვეულებრივ გერმანელ ხალხს თავს მოახვიეს ის საშინელებაო!” ფოლგერა ძლივს დამშვიდდა. და თქვა: გურია ყოფილა სამოთხეო!

ჰო, აჭარელმა კაცმა გურია გერმანელ კაცს ისე შეაყვარა, რომ ფოლგერას გურია არ უნახავს. ნახა მხოლოდ ნისლი. ნისლი ხან დიდი ამბებისკენ მიგვიძღვება. ის არის შემთხვევითობების მიწიერი სიმბოლო. შემთხვევითობები კი, მოგეხსენებათ, ხან რისი დამტრიალებლები არიან ადამიანის ცხოვრებაში. და საერთოდაც, არავინ არ იცის, ის ამბავი, ის ომი, ის გადარჩენა მწყემსის ცხოვრებაში მოხდა თუ არა ან ასე მოხდა თუ არა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ არაფერი. მნიშვნელოვანი არის სიხარული, რომელიც ადრეგაზაფხულზე, ნისლიანი ბახმაროს მივიწყებულ ქოხში დაიბადა ადამიანებს შორის. ეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. სხვადასხვა ბედისანი. მაგრამ სიტყვამ ერთ სიხარულად აქცია. ასე იყო აგი ამბავი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი