პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რა არის პირადი ბრენდი და რაში სჭირდება ის მასწავლებელს?

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაფასდა მასწავლებლის ინტერნეტაქტიურობის უნარ-ჩვევა – ბლოგების, სოციალური ქსელების, მესინჯერებიანი არხების დახმარებით. და ეს შესანიშნავია, რადგან სწორედ ონლაინაქტივობა ეხმარება თანამედროვე მასწავლებელს არა მხოლოდ მოსწავლეებთან კონტაქტში, არამედ საკუთარი, პირადი ბრენდის განვითარებაში. რა არის პირადი ბრენდი და რაში სჭირდება ის მასწავლებელს?

მასწავლებელს შეუძლია, იყოს ინერტული და მოთმინებით ელოდოს დროს, როდესაც საზოგადოება ძველებურად დააფასებს მის რთულ პროფესიასა და შრომას, მაგრამ უმჯობესია, დრო არ დაკარგოს და თავად შეუდგეს საკუთარ პრესტიჟზე ზრუნვას. ამისათვის არასაკმარისია სკოლის გარემოში გულმოდგინე მუშაობა. პირადი პრესტიჟის გასაზრდელად მასწავლებელს სულ ცოტა არაფორმალური ბლოგი მაინც უნდა ჰქონდეს, გაჯერებული სასარგებლო და ვიზუალური საგანმანათლებლო ლაიფჰაკებით, რაც, ასევე, გაზრდის მისი საგნისადმი ინტერესს.

სწორედ ეს არის პირადი ბრენდი – გარე კომუნიკაციის არხების დახმარებით საკუთარი სტატუსის ამაღლება მოსწავლეების, მშობლებისა და კოლეგების თვალში.

თუმცა, პირადი ბრენდი არ არის მხოლოდ ანგარიშის შექმნა Instagram-ზე და სხვა არხებზე. ჩვეულებრივი საჯაროობის მიღმა ამ აქტივობას უნდა ახლდეს რაღაც, რაც სასარგებლო და ღირებული გახდება აუდიტორიისთვის. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია ლაიფჰაკების მომზადება საკუთარ საგანში, ვთქვათ, თუ ინგლისურის მასწავლებელი ბრძანდებით, ახსენით როგორ შეიძლება სიტყვების უცხო ენაზე სწრაფად დამახსოვრება. უმჯობესია ეს გააკეთოთ არაფორმალურად, არატრადიციული სწავლების გზით. მასწავლებელმა უნდა გასცეს ცოდნა, რაც შეიძლება სახალისოდ, მოკლედ, მარტივად, არატრივიალურად – ისე, რომ ვიდეოს ან პოსტის გაზიარების სურვილი ბევრს გაუჩნდეს.

კიდევ ერთი ვერსიაა შთამბეჭდავი, კარგად დაგეგმილი ლექცია-გაკვეთილების ჩატარება. მაგალითად, სკოლის გაკვეთილის ფარგლებში სრული ლექციის ჩატარება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ თუ YouTube-ზე თქვენს არხს გამართავთ და რაიმე საკითხზე ისე ისაუბრებთ, თითქოს კონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდეთ, ეს საინტერესო სანახავი და მოსასმენი იქნება.

ნუ მოგერიდებათ თავისუფლად გაუზიაროთ თქვენი მასალა მოსწავლეებს, კოლეგებსა და მშობლებს – ასე თქვენ გაიჩენთ სასტარტო (და სხვათა შორის, ყველაზე ერთგულ) აუდიტორიას. შემდეგ კი, უკვე თქვენ გადაწყვეტთ,  როგორ გააოცებთ ამ აუდიტორიას, წაახალისებთ, აღაფრთოვანებთ თუ ა.შ. რის შემდეგაც თქვენი პოსტები აუცილებლად გაზიარდება.

ეს არ უნდა იყოს იაფფასიანი პოპულარობა და არც ყველაფრის გამარტივების მცდელობა – ეს უნდა იყოს კიდევ ერთი პედაგოგიური ინსტრუმენტი და შესაძლებლობა იმისა, რომ განათლების პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, მეთოდისტებთან დაუსრულებელი კონსულტაციების გარეშე.

თანაც, თქვენი პირადი ბრენდი, თქვენეული ხელწერა განათლებაში,  დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და დიდი შანსია, რომ შეგიქმნით ეკონომიკურ სტაბილურობას.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მასწავლებლები ძირითადად საჯარო მოსამსახურეები არიან, შეიძლება დაფიქრდნენ იმაზე, როგორ არის შესაძლებელი საკუთარი ინტელექტუალური კაპიტალის სხვამ ხრივ გამოყენება და იპოვონ კიდეც მათთვის მისაღები მომგებიანი სფეროები.

ახალ სამყაროში მასწავლებელი ვერ დარჩება ისეთად, როგორიც გუშინ იყო. სწრაფი ცვლილებები ყველა სფეროში, თუნდაც, ტექნოლოგიებში, აიძულებენ მასწავლებელს (და არა მარტო მას), შეიცვალოს, ადაპტირდეს რეალობასთან. დღეს ერთ ადგილზე დგომა უკან დახევის ტოლფასია. საჭიროა უწყვეტი განვითარება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირადი ბრენდი დაეხმარება მასწავლებელს, იყოს კოლეგებისგან და კონკურენტებისგან გამორჩეული, თუნდაც, რეპეტიტორულ საქმიანობაში, მომავალი სტუდენტების მომზადებაში და ა.შ.

პოპულარობა ეხმარება მასწავლებელს, უფრო შესამჩნევი გახდეს  საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე, ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი თავის შესახებ, გახდეს გამორჩეული სხვა პროფესიონალთა შორის. პირადი ბრენდი მას ფინანსურად ნაკლებად მოწყვლადს ხდის და მის  გვერდით ყოველთვის კრებს ადამიანებს, რომლებიც ენდოებიან მის ცოდნა-გამოცდილებას, მზად არიან ფინანსურად უზრუნველყონ ის შრომისათვის – როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულებებში.

დღეს ბევრი ბლოგერი საუბრობს პროფესიულ განვითარებასა და ფსიქოლოგიურ თერაპიაზე. პირადი ბრენდი ერთდროულად თერაპიაც არის და პროფესიული განვითარებაც. რეგულარული ბლოგინგი საშუალებას აძლევს მასწავლებელს განსხვავებულად შეხედოს საკუთარ თავს, შეისწავლოს თავისი ძლიერი მხარეები, შეცდომები და განავითაროს საკუთარი პედაგოგიური სტილი.

პირადი ბრენდი უნიკალურობის სინონიმია. უნიკალურობის გარეშე, როგორც ბიზნესში ამბობენ, ვერაფერს შექმნი. ეს ნიშნავს, რომ ნებით თუ უნებლიეთ, მასწავლებელი იწყებს რაიმე გამორჩეული ნიშის ძიებას და თუ კარგად იშრომა, იპოვის კიდეც. მასწავლებელი უფრო ხშირად დაწერს სასარგებლო სტატიებს ან უფრო თამამად შეძლებს საკუთარი იდეების, ახალი ცოდნის ტრანსლირებას პირდაპირ ეთერში. ეს ყველაფერი ხარისხიანი ტრენინგივითაა: ის ხელს უწყობს ზეპირსიტყვიერების ან ტექსტის შემუშავების უნარების დახვეწას, აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს, რაც უფრო თანამედროვე, მოქნილ, მოწინავე და კონკურენტუნარიან სპეციალისტად აქცევს მას.

დღეს ბევრი მასწავლებელი წარმატებით იპყრობს სოციალურ ქსელებს.

სოციალური მედია ქმნის ხიდს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. სოციალურ ქსელს ენდობიან, მით უფრო, თუ მასწავლებელი თავის გამოცდილებას იქ აზიარებს. სოციალური ქსელი წყაროა, არხი კომუნიკაციისთვის, სადაც მოსწავლეს და მასწავლებელს შეუძლია საერთო გადაკვეთის წერტილის მოძიება, სწავლის, ურთიერთობის გაიოლება, დროის მოგება. რამდენიმე წლის წინ, გეხსომებათ, რომ ასეთი შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობდა, ახლა კი არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერნეტში მასწავლებელმა გარკვეული წესები უნდა დაიცვას, არ გადასცდეს პროფესიული ეთიკის ჩარჩოებს.

მაგალითად, სოციალურ ქსელებში დაუშვებელია მასწავლებელმა წამოიწყოს  არაჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა: ალკოჰოლი, მოსაწევი და სხვ. ასევე, დაუშვებელია „სულის სიშიშვლის“ დემონსტრირება, რადგან მასწავლებლის პოსტებს არა მხოლოდ მოსწავლეები კითხულობენ, მის ვიდეოებს კიდევ უფრო დიდი აუდიტორია ნახულობს.

რამდენად საჭიროა მასწავლებელი სოციალურ ქსელში ბოლომდე გულწრფელი იყოს? ვის სჭირდება ეს? ხომ არ ვნებს ვინმეს? ამაზე მასწავლებელი სულ უნდა ფიქრობდეს და სწორ გადაწყვეტილებას იღებდეს. ცხადია, ჩვენ არ მოვუწოდებთ მასწავლებელს ორმაგი ცხოვრებით იცხოვროს – სკოლასა და სოციალურ ქსელებში, მაგრამ საზოგადოების წინაშე მისი მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, „სულიერი სიშიშვლის“ კონცეფციის მიმართ დიდი სიფრთხილე მართებს.

ბუნებრივია, სოციალურ ქსელებში მასწავლებლის თვითცენზურა უნდა მუშაობდეს. წარმოიდგინეთ, როგორი არასასიამოვნოა, როდესაც მასწავლებელი, სამაგალითო და განათლებული პიროვნება (ასეთად ხედავს მას საზოგადოება), სადმე კომენტარში წერს, რომ აუტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა აუცილებელია, რადგან ასეთი ბავშვები გაკვეთილებზე სხვა მოსწავლეებს დროს ჰპარავენ. ეს დაუშვებელია! მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ მას გავლენა აქვს სხვა ადამიანებზე, ვინც კითხულობენ. ამიტომ შეგნებულად უნდა მიუდგეს იმას,  რასაც საჯაროდ აქვეყნებს. ნებისმიერი გავლენიანი ადამიანი პასუხს აგებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე. მასწავლებელი სწორედ ასეთი ადამიანია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი