ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვასწავლოთ გონებას დასვენება და დამახასოვრება -რჩევები  მასწავლებლებისთვის

Digital Promise-მა (რომლის მისიაა, ხელი შეუწყოს ინოვაციებს განათლებაში სწავლების გასაუმჯობესებლად), და გამოყენებითი ნეირომეცნიერების ინსტიტუტმა გამოიკვლია, როგორ მუშაობს მოსწავლის ტვინი სწავლის დროს და შეადგინა რჩევების ჩამონათვალი, რომლებიც მასწავლებლებს გაკვეთილების ეფექტიანობის ამაღლებაში ეხმარება.

ოტივაცია:

  1. მოსწავლეების მოტივაცია ყოველთვის უფრო დიდია, როდესაც ისინი დაინტერესებულნი არიან იმით, რასაც სწავლობენ, ესმით რატომ სწავლობენ და აქვთ არჩევანის თავისუფლება, ასევე, გადაწყვეტილების მიღებისთვის სასურველი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, აირჩიონ საკითხავი წიგნები ან დავალებების შესრულების ფორმა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ არჩევანის ოფციების ოპტიმალური რაოდენობა სამიდან ხუთამდე უნდა მერყეობდეს.
  2. სწორი მოტივაცია და მათი პროქსიმალური განვითარების ზონაში მუშაობა, ისე როგორც სხვა არაფერი, ამჟღავნებს მოსწავლეების პოტენციალს. შეეცადეთ აუხსნათ მოსწავლეებს, რომ მათი მოვალეობაა დაგეგმვა და დავალებების შესრულება. მიეცით ბავშვებს მეტი უკუკავშირი, ხშირად შეახსენეთ მათივე წარმატებები და დააიმედეთ, რომ შეძლებენ სირთულეების გადალახვას.
  3. შესწავლილი მასალის ღრმა გააზრება ეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირებაში, ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებასა და სწავლის მნიშვნელობის პოვნაში. გამოუყავით დრო თქვენს მოსწავლეებს იმისათვის, რომ ერთმანეთს დაუკავშირონ თქვენ მიერ ნასწავლი მასალა, საკუთარი ცხოვრება და მათ გარშემო არსებულ სამყარო. როდესაც ისინი დაინახავენ, თუ როგორ ეხება ესა თუ ის საგაკვეთილო მასალა მათ ცხოვრებას და ინტერესებს, ცოდნის საჭიროებაზე უფრო საფუძვლიანი წარმოდგენა შეექმნებათ.

ეცადეთ დაუსვათ რთული კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს გამოადგებათ კავშირის დამყარებაში ახალ ცოდნასა და უკვე არსებულ ცოდნას შორის. თუ თქვენი სკოლა პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაშია ჩართული, აირჩიეთ ისეთი პროექტები, სადაც მოსწავლეებს რეალურ მიზნებთან და აუდიტორიასთან მუშაობა დასჭირდებათ. მაგალითად, ისეთი პროექტები, რომლებიც გადაჭრიან რაიმე რეალური პრობლემას თქვენს ქალაქში, რაიონში ან სკოლაში.

საგანმანათლებლო სივრცე:

  1. სწავლის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს ბავშვების ფიზიკური მდგომარეობა, მათ შორის კვება, ძილი და ვარჯიში. ის მოსწავლეები, რომლებიც კარგ ფიზიკურ და ფსიქიკურ ფორმაში არიან, ჩვეულებრივ, უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებს აჩვენებენ. აშკარაა, რომ მასწავლებლებს არ შეუძლიათ მუდმივად აკონტროლონ მოსწავლეების მდგომარეობა, მაგრამ შეუძლიათ უზრუნველყონ მათი საკმარისი ფიზიკური დატვირთვა შესვენების დროს და გაკვეთილის მიმდინარეობისას. ასევე, მაგალითად, არცთუ უსარგებლო იქნება მშობლებს შევახსენოთ ხოლმე ციფრული ეკრანების უარყოფითი გავლენის შესახებ ბავშვების ძილის ხარისხზე და ვურჩიოთ, რომ ისინი დაძინებამდე ერთი საათით ადრე აღარ მოიხმარონ.

 

  1. მთლიან გარემოს – დაწყებული სივრციდან დამთავრებული ტემპერატურის რეჟიმით, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ინფორმაციის დამახსოვრებისა და ანალიზის უნარზე. მოსწავლეები, რომლებიც თავად ირჩევენ სამუშაო გარემოს, უფრო მეტად იღებენ პასუხისმგებლობას სწავლის შედეგებზე. ავეჯი – საგანმანათლებლო სივრცეში ტრანსფორმერების ან გორგოლაჭებიანი ავეჯის გამოყენებამ დიდი შანსია, რომ ხელი შეუწყოს უფრო ჰარმონიულ სწავლებას.

თუ თქვენს კლასს აქვს ნაკლები ბუნებრივი სინათლე, ვიდრე გსურთ ჰქონდეს, ლურჯი ან სრული სპექტრის ნათურები ხელს შუწყობენ მოსწავლეების კოგნიტური მუშაობის გაუმჯობესებას. კლასში ატმოსფეროს შეცვლა ოთახის მცენარეებსაც კი შეუძლიათ.

ეხსიერება:

  1. კვლევითი საქმიანობა ხელს უწყობს ინფორმაციის ათვისებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ნათელი ასოციაციები ან „ძლიერი მოგონებები“, რომლებიც ბავშვებში არასტანდარტული დავალებების შესრულებისას ჩნდება, ერთგვარი გასაღებია უკვე გავლილი მასალის უკეთ დასამახსოვრებლად.

ისეთი აქტივობები, როგორიცაა თვითტესტირება (მარტივი ვიქტორინების სახით), დაგეხმარებათ გაიხსენოთ ის, რაც ისწავლეთ. ტესტის კითხვებზე პასუხების ძიებისას, ტვინს სჭირდება ინფორმაციის ამოღება გრძელვადიანი მეხსიერებიდან – ეს დადებითად მოქმედებს სწავლის პროცესზე.

უმჯობესია ტესტები იყოს მარტივი და მოკლე. გახსოვდეთ, რომ მათი მთავარი მიზანია ნასწავლის გამეორება და განმტკიცება და არა ცოდნის შეფასება. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს, რომ თავად შეიმუშაონ კითხვები, რომლებიც დაეხმარება მათ მასალის უფრო სრულყოფილად დამუშავებაში.

  1. სწავლის დროს შესვენებები და მრავალფეროვანი მასალის გამოყენება სწავლებას უფრო ეფექტურს ხდის და ეხმარება მოსწავლეებს ყურადღების შენარჩუნებაში. მაგალითად, ბარათები ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მოსწავლეებს, რომ შეადგინონ საკუთარი დიზაინის ბარათები, იმ სურათებისა და განმარტებების გამოყენებით, რომლებიც მათთან ახლოა. ბარათების დახმარებით მოსწავლეებს შეეძლებათ საკუთარი თავის ტესტირება და იმის გარკვევა, თუ რაზეა საჭირო მუშაობა.

თანამშრომლობა:

  1. ადამიანები ბევრად უკეთ სწავლობენ, როდესაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და კავშირში არიან სასწავლო პროცესის სხვა მონაწილეებთან. ნამდვილი თანამშრომლობა გულისხმობს მოსმენასა და კომპრომისზე წასვლას. მოიწვიეთ მოსწავლეები ჯგუფებში ნათლად განსაზღვრული როლების შესასრულებლად, რათა ყველამ იცოდეს თავისი პასუხისმგებლობის სფეროები.
  2. მასწავლებელთან და კლასელებთან ურთიერთობა ახდენს სწავლების სტიმულირებას, რადგან ააქტიურებს, ე.წ. სოციალური ტვინის მუშაობას. ბავშვები ძალიან მგრძნობიარე არიან სოციალური დინამიკის მიმართ და ამ იმპულსის გამოყენებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს სწავლის პროცესზე. საერთო მიზნებზე ერთად მუშაობა მოტივაციაა მოსწავლეებისთვის, რათა იმსჯელონ ნასწავლზე, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი აზრები და ზოგადად, ისწავლონ აზროვნება.
  3. სხვების სწავლება სოციალური ტვინის გააქტიურების შესანიშნავი გზაა. საგანმანათლებლო პროცესი ხშირად ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც ასწავლის. ასე რომ, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოირგოს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის როლი, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიაროს საკუთარი აზრები, საუკეთესო პრაქტიკა და მასალები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი