რამდენიმე გზა კითხვის სწავლებისთვის

წერა-კითხვა ის ფუნდამენტური უნარებია, რომელთა განვითარებასაც დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიზეზი მარტივია – მათ გარეშე შეუძლებელია განათლების მიღება. არაერთხელ მომიკრავს ყური მოსაზრებისთვის, რომ მშობლიური ენის სწავლა-სწავლება ძალიან მარტივია, რადგან ეს ენა დაბადებიდან გვესმის და კომუნიკაციის დროს თავისუფლად ვიყენებთ. თუმცა ასე მარტივადაც არაა საქმე. კითხვის პროცესი რამდენიმე კომპონენტს (ფონოლოგიური უნარ-ჩვევა, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული კითხვა, წაკითხულის გაგება-გააზრება) მოიცავს და თითოეული მათგანის დაუფლებას საკმაო ძალისხმევა სჭირდება (კომპლექსური უნარების ერთობლიობას წარმოადგენს წერის პროცესიც). ზემოაღნიშნული კომპონენტები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და თუ რომელიმე მათგანი სათანადოდ არ განვავითარეთ, კითხვასთან დაკავშირებული სირთულეები მალევე იჩენს თავს.

და მაინც, რის ცოდნას/შეძლებას გულისხმობს გაწაფული კითხვის უნარი?! პირველ რიგში, ბგერის (რაც გესმის, რასაც წარმოთქვამ) ასო-ნიშანთან დაკავშირებას. ანბანის შესწავლასთან ერთად, მოსწავლეს სიტყვის, წინადადების, ტექსტის სტრუქტურის აღქმაც უნდა შეეძლოს, რასაც ფონეტიკური უნარების (სიტყვის ასო-ბგერებად/მარცვლებად დაშლა-გამთლიანება და ა.შ.) განვითარება და მცირედი გრამატიკული ინფორმაციის (რა არის სიტყვა, წინადადება, სასვენი ნიშანი და სხვ.) გააზრებაც სჭირდება. კითხვის პროცესის ტექნიკურად გამართვის (ასოების/მარცვლების – სიტყვებად, სიტყვების წინადადებად გამთლიანება, კითხვის ტემპი, ინტონაცია…) გარდა, წაკითხული მასალის შინაარსიც უნდა გვესმოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ ენას ვსწავლობთ, ლექსიკური მარაგის შევსება მაინც გვჭირდება, რადგან კომუნიკაციის დროს  სამწერლობო ლექსიკას იშვიათად ვიყენებთ. ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტის დაუფლება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წაკითხული მასალა სიღრმისეულად გავიაზროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

საუკუნეების განმავლობაში წერა-კითხვის სწავლებასთან დაკავშირებით საკმაო გამოცდილება დაგროვდა, თუმცა დღემდე ვერ თანხმდებიან, რომელი გზაა უფრო ეფექტური. ამ საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა თანამედროვე სახელმძღვანელოებშიც შეიმჩნევა. ზოგიერთი მათგანი ეფუძნება სინთეზურ (ნაწილების შეერთება, გამთლიანება) მეთოდს, რაც გულისხმობს ნაწილიდან მთელისკენ, ანუ ასო-ბგერიდან – მარცვლისკენ, შემდეგ კი სიტყვისკენ სვლას. აღნიშნული მეთოდის თანახმად, მოსწავლე ჯერ დაასახელებს შესასწავლ ასო-ბგერას და წაიკითხავს ასოებად დაშლილ სიტყვას, რომელიც, ახალთან ერთად, ნაცნობი ასო-ბგერებისგან შედგება. შემდეგ ამავე სიტყვის ამოკითხვას დამარცვლით შეეცდება, ბოლოს კი გაამთლიანებს.

მასწავლებელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაცილებით ეფექტურია მთლიანიდან დეტალებისკენ მიმავალი გზის გამოყენება, მაგალითად – მოსწავლეს ჯერ აჩვენებ/უკითხავ წინადადებას და მასაც ამეორებინებ. ამის შემდეგ იწყებ სიტყვებზე დაკვირვებას – მიუთითებ კონკრეტულ სიტყვაზე, წაიკითხავ და მასაც ათქმევინებ. შემდეგ კი ამ სიტყვის დეტალებზე დაკვირვების პროცესი იწყება. მოსწავლეს ეკითხები, რომელ ასო-ბგერაზე იწყება მის მიერ დასახელებული სიტყვა, რამდენი ასო-ბგერისგან შედგება და ა.შ. აღნიშნულ მეთოდს ანალიზურსაც უწოდებენ.

კითხვის სწავლების ორივე გზას –  სინთეზურ (აღმავალ) და ანალიზურ (დაღმავალ) მეთოდებს თავიანთი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავთ. თუმცა დღემდე ორივე მათგანი აქტიურად გამოიყენება წერა-კითხვის სწავლების პროცესში. სინთეზური მეთოდის გასაკრიტიკებელ ელემენტად დღემდე რჩება დაშლილი სიტყვების გამთლიანებასთან დაკავშირებული სირთულეები (ბავშვების გარკვეულ ნაწილს მთლიანი სიტყვის ხატის ცნობა და დასახელება უფრო ეადვილება, ვიდრე ასოებად/მარცვლებად ამოკითხული სიტყვის გამთლიანება). გარდა ამისა, უინტერესო, ერთმანეთთან აზრობრივად დაუკავშირებელი ფრაზების ამოკითხვა მოსწავლეთა კითხვის მოტივაციას მნიშვნელოვნად აქვეითებს.  ანალიზური მეთოდი სწორედ ამ სირთულეების აღმოფხვრას ცდილობს. მისი მამოძრავებელი ძალა ენის მთლიანობაა. ასაკის შესაბამისი ლექსიკისა და შინაარსის მქონე პატარა ტექსტების მოსმენით, ფრაზების/წინადადებების მრავალჯერ გამეორებით, ინტუიციისა და ანალოგიის პოვნის თანდაყოლილი უნარების დახმარებით, მოსწავლეები ახერხებენ ფონოლოგიური უნარების განვითარებას და სიტყვის/ტექსტის სტრუქტურის გააზრებას. კითხვის მოტივაციაც იზრდება, რადგან საკითხავი მასალა ბავშვებისთვის საინტერესო საკითხებს მოიცავს და მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების ასპექტების გამოვლენის საშუალებასაც აძლევს. თუმცა აღნიშნული მეთოდით სწავლებისასაც შეიძლება წააწყდეთ გარკვეულ სირთულეებს. მათგან ყველაზე ხშირია ნაცნობ ტექსტს მოცილებული ცალკეული სიტყვების ამოკითხვის/ცნობის პრობლემა.

კითხვის სწავლების ორივე გზის დაბალანსებისა და მათი საუკეთესო დეტალების გაერთიანების შედეგია ანალიზურ-სინთეზური მეთოდი (მაგ., იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა“). მეოცე საუკუნის ბოლოს კი კითხვის სწავლების კიდევ ერთი გზა გაიკვალა.  კომბინირებული მეთოდების მიმდევრები ბავშვის განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით ცდილობენ ეფექტური მიდგომების შერჩევას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიცაა ფონემური ცოდნა, გაწაფული კითხვა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ტექსტის მახასიათებლების ცოდნა და წაკითხულის გააზრება.

წერა და კითხვა თითქმის თანადროული პროცესია, თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენელთა აზრი ამ მიმართულებითაც არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ წერა-კითხვა სინქრონულად უნდა ისწავლებოდეს, რადგან ორივე მათგანი მიმართულია საერთო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ზოგჯერ კი მათ აცალკევებენ და კითხვის სფეროში გარკვეული ცოდნის დაგროვების შემდეგ იწყებენ წერის მიმართულებით მუშაობას (აზრთა სხვადასხვაობას სახელმძღვანელოების მაგალითზეც კარგად დაინახავთ), რადგან ანბანის ცოდნის, ფონეტიკური უნარების თუ სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების გარდა, წერის პროცესი სივრცის აღქმას, საწერ ბადეში ორიენტირებას, წერის მიმართულების გააზრებას/დაცვას, ასოთა სწორად მოხაზვას და სხვა ტექნიკური კომპონენტების დაუფლებასაც გულისხმობს.

საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ვფიქრობ, უმჯობესია, კითხვის სწავლების პროცესი წერისთვის მომზადების ეტაპად გამოვიყენოთ. პირველკლასელთა უმრავლესობას, როგორც წესი, დასახვეწი აქვს წვრილი მოტორიკა. აქედან გამომდინარე, სჯობს, მოსწავლეებს ამ უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები მივაწოდოთ. აღნიშნული საქმიანობა თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშიროთ შესასწავლ ასო-ბგერას, მაგალითად – ასო ,,ს“-სთან დაკავშირებული ტექსტის კითხვისას, მოსწავლეებს წერტილებით აწყობილი სპილოს კონტური გავამთლიანებინოთ და გავაფერადებინოთ, ან ასო-ბგერების კონტურების გამთლიანება-გაფერადების გზით ანბანის წიგნაკები შევაქმნევინოთ; ბავშვებს ასევე ძალიან მოსწონთ ასო-ბგერების, სიტყვების, წინადადებების გამოძერწვა, ქვიშაში წერა, ასოების ჰაერში მოხაზვა და ,,ასოების მასაჟი“. მსგავსი თამაშების დახმარებით ახალბედა მოსწავლეები ასოების მოხაზულობასაც გაეცნობიან და რვეულის ბადეში მათი გადატანის დროს უფრო თავისუფლად იგრძნობენ თავს.

ქართულ რეალობაში უმეტესად ისევ წერა-კითხვის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეყრდნობიან, სახელმძღვანელოთა უმრავლესობასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გათანამედროვებული „დედა ენა“. თუმცა სიტყვა „თანამედროვე“ ნაკლებად შეეფერება საანბანო პერიოდის ტექსტებს. რას ვიზამთ, რაც არ უნდა მოვინდომოთ, ვერაფრით გავამდიდრებთ საანბანო ტექსტების („აი თითა, აი თათი, აი ათი თითი“ და სხვ.) შინაარსს. ამიტომ, კითხვის მოტივაციის ამაღლების და ანბან-ქალაქთან გაშინაურების მიზნით, ხშირად ვიყენებ, ე.წ. საანბანო წიგნებს. ამას გარდა, ასო-ბგერათა ზოგიერთ თავგადასავალს თავადაც ვიგონებ. მე დასაწყისების მწერალი ვარ, მოსწავლეები კი ჩემს მონათხრობს სხვადასხვა დასასრულს უსადაგებენ. სახელდახელო ამბებს ფონეტიკური სავარჯიშოებიც უხდება. ამ წერილსაც ერთ-ერთი ასო-ბგერის შესახებ მოთხრობილი პატარა ისტორიით და ფონეტიკური თამაშით დავასრულებ:

ანბანის სახლში, მეორე სართულზე, ანის და ინის მეზობლად ერთი ახალი ასო-ბგერა – თანი დასახლდა. თანი ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა და თავისი ახალი საცხოვრებელი ადგილი ძალიან მოსწონდა. იგი ძალიან მხიარული ვინმე იყო, სულ თამაშისკენ მიუწევდა გული. განსაკუთრებით კი სიტყვობანას თამაში მოსწონდა და ვიდრე ქალაქში სხვა ასო-ბგერები დასახლდებოდნენ, ანის და ინის დახმარებით რამდენიმე სიტყვა ააწყო. მოდი, ჩვენც ვითამაშოთ სიტყვობანა…

შენიშვნა: თამაშისთვის საჭიროა მოძრავი/მაგნიტური ანბანი.

ინსტრუქცია: მოსწავლეებს ვუხსნით, რომ მოცემული ასო-ბგერების (ა, ი, თ) სიტყვაში საჭიროებისამებრ განმეორებით გამოყენების უფლება აქვთ.

სავარაუდო სიტყვების ჩამონათვალი:  ათი, თათი, თითა, თითი, თათია, თათა, თაია…

მარცვლებად დაშლილი სიტყვების აწყობა: თამაშის ეს ვარიაცია ეფექტურია საკითხავი მასალის დამუშავების პროცესში. დაფაზე არეული თანმიმდევრობით ვაკრავთ წებოვან ქაღალდებზე დაწერილ მარცვლებს და ვყვებით, როგორ დაუბერა ანბანის ქალაქში ძლიერმა ქარმა და სიტყვებს მარცვლები სულ აუწეწა. შემდეგ კი მოსწავლეებს ვთხოვთ, მარცვლებს ერთმანეთის პოვნასა და სიტყვებად გამთლიანებაში დაეხმარონ.

კომენტარები

comments