ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ნახატი – ასოციაციები

ჰენრი მატისი (Henri Matisse; 31 დეკემბერი1869 – 3 ნოემბერი1954)

ფრანგი მხატვარი და მოქანდაკეა. საოცარია მისი ფერისა და ფორმის შერწყმით ნახატში ასახული ემოცია. მაროკოზე გატარებულმა ორმა ზამთარმა მისი შემოქმედება აღმოსავლური მოტივებით გაამდიდრა, ხოლო მზიან სანაპიროზე ცხოვრებამ მის ნახატებს კაშკაშა პალიტრა შეჰმატა. მის ნახატებს (ქალის ფიგურები, ნატურმორტები, პეიზაჟები) ხშირად ,,ბავშვურს” უწოდებდნენ, რაც  ბუნებრივი ფორმებისა და მათი თამამი გამარტივების ხანგრძლივი შესწავლის შედეგია. მატისი ფორმებს მოცულობითის ნაცვლად სიბრტყობრივად გამოსახავდა, ძირითად აქცენტს კი კაშკაშა ფერების გამომსახველობაზე აკეთებდა.

ამ ნახატზე კი უცნაურად იდუმალი განცდაა სილამაზისა. მატისის ყურებისას მიჩნდება ხოლმე შეგრძნება, რომ ოდესღაც ვიყავი მიუსაფარი, დროისა და სივრცის იმ შემოსაზღვრულ მონაკვეთში, რომელიც ნახატზეა, ნაწილი ამ მტკივნეული მელანქოლიისა…

 

ედუარდ მანე (Édouard Manet; დ. 23 იანვარი1832პარიზი — გ. 30 აპრილი1883, იქვე) – ფრანგი მხატვარი-უნივერსალისტი. მისმა ნამუშევრებმა, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა და დიდი კამათი გამოიწვია, დასაბამი მისცა იმპრესიონიზმს. მისი ნამუშევრები, რომლებშიც პირველადაა ასახული თანამედროვე ცხოვრების ობიექტები, რეალიზმისა და იმპრესიონიზმის დამაკავშირებლადაა მიჩნეული.

„საუზმე მდელოზე” (1883) სწორედ ამ „ყბადაღებულ” ნახატთაგანია. სხეულის მშვენიერების ანტიკური აღქმა და განსაკუთრებული განწყობა. ამ ადამიანებს თითქოს გაჰქრობიათ მიწიერი ვნებები და საზრუნავი, რაღაც უცხო სამყაროში დაქრის მათი გონება…

 

 

 

სალვადორ დალი  (11 მაისი1904ფიგერასიკატალონია ― გ. 23 იანვარი1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარიფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურრეალიზმის წარმომადგენელი. თითქოს მისი ცხოვრებისეული უჩვეულობები და სკანდალები მის ნახატებში გადასახლდა. ეს უკანასკნელი კი თითქოს ქვეცნობიერიდან წამოსული ხილვით, ყოფიერების, სამყაროს სიღმეების ასახვასა და აზრში ჩაწვდომის მცდელობაა.

,,მადონა პორტ-ლიგატას (ფრაგმენტის)” ასოციაცია – ლაღები მიყვარს, რისკიანები, რომ არ ჩაიხვევენ გულში რაღაცას და მერე მთელი ცხოვრება არ იბოღმებიან, რთულის გამარტივებას რომ ცდილობენ და არა პირიქით. სიცოცხლე რომ უყვართ ისეთი, როგორიც არის და ბევრს არ მოითხოვენ მისგან. თავიც უყვართ, მაგრამ მასზე უფრო ბევრი სხვა რამ: ღმერთი, მოყვასი, სამშობლო. ქცევის და ურთიერთობების უბრალოება რომ უყვართ და ყველაფერში ქვეტექსტებს არ ეძებენ. თანადგომა და თავგანწირვა რომ შეუძლიათ და ამის არდაყვედრება. მადლის ქვაზე დადება რომ იციან და აღმა-დაღმა ხეტიალი თავგადასავლების საძიებლად. თვალებში ბავშვური სიღრმე რომ აქვთ და არა მარტო სამყაროს ანარეკლი. გული გონიერი სიკეთით. უბრალოები, მაგრამ ამაყები, არავის არაფრისთვის რომ არ წაელაქუცებიან. ღმერთთან სიმართლეს რომ ყოველთვის ორიენტირად თვლიან თავისი თუ სხვისი შეფასებისას. სამაგიეროს გადახდა რომ არ იციან და გულისტკივილს წამსვე პატიობენ, ერთი ღიმილის ფასად. რომ არ გიღალატებენ და წაქცეულს ზურგს არ გაქცევენ… ასეთების სულის ერთი აღმასვლა გადაწონის მრავალ ჩავარდნას, ისეთია. ხან უჩვეულოდ ძლიერები, ხან ადამიანურად სუსტები. წიგნიც რომ იციან და ცხოვრებაც. პირობითობებისგან გათავისუფლება რომ შეუძლიათ. რომ წაიქცევიან, მაგრამ არ დაიჩოქებენ. რომ კვდებიან, მაგრამ იმარჯვებენ… მინდოდა, ასეთი ვყოფილიყავი, ნამდვილი ა დ ა მ ი ა ნ ი.

 

დანიელ გერბერი (1880 -1958) – ამერიკელი ფერმწერი
ლამაზი, მაგრამ წარმავალი მატერია – ჩვენი სხეული რომ გამჭვირვალე იყოს, დავინახავდით ღვთაებრივ ყვავილს – სულს. თუმცა სულიც ხრწნადობისკენაა მიდრეკილი, როცა სხეულშია. ამიტომ ისწრაფის მისგან განსაშორებლად. არის, როგორც ,,ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა…”. სულის სილამაზე კი სწორედ მის თავისუფლებაშია. იქნებ ჩვენი ცხოვრებაც არც არაფერია, სულის სხეულის ჩარჩოებისგან თავდაღწევის შეუმჩნეველი სწრაფვის გარდა?

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი