პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მეტაკოგნიტური სავარჯიშოები  აღქმის, ფაქტის, მოვლენისა და ცნებების გააზრებისათვის

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, საბაზო საფეხურზე ისტორიის სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს ისტორიული ეპოქების აღქმასა და მათი მახასიათებლების გააზრებაში, ერთმანეთთან/თანამედროვეობასთან შედარებაში და თანამედროვეობასა და წარსულს შორის მჭიდრო კავშირის დანახვაში.

 

საბაზო საფეხურის საგნობრივი პროგრამა სტანდარტის შედეგების მისაღწევ გზად ძირითად ცნებებზე ორიენტირებულ სწავლებას გვთავაზობს. ისტორიის საგნის შესწავლაც  რამდენიმე ძირითად  ცნებაზეა ორიენტირებული. მოცემულ შემთხვევაშიც კონკრეტული  მიზანი:  ისტორიული ეპოქების აღქმა და მათი მახასიათებლების გააზრება, ერთმანეთთან/თანამედროვეობასთან შედარება და თანამედროვეობასა და წარსულს შორის მჭიდრო კავშირის დანახვა – კონკრეტული ცნებების დამუშავების გზით უნდა განხორციელდეს.

 

თავისთავად, ისტორიული ეპოქის აღქმა გულისხმობს წარმოდგენების ჩამოყალიბებას წარსულზე  (მატერიალური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული  ცხოვრების დეტალებზე და ა.შ.), ისტორიულ დროზე (ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების დროში ხანგრძლივობა და თანმიმდევრულობა), ისტორიულ სივრცეზე (მოვლენის დაკავშირება კონკრეტულ ადგილმდებარეობასთან, სივრცესთან), ან კიდევ უფრო მეტიისტორიაზე მსჯელობის დროს უმთავრესი, რაც მოსწავლეს ახსენდება, რასთანაც ის ასოცირებას ახდენს, ესაა ისტორიული ფაქტი და მოვლენა.

 

და  მაშინ, რატომ ცნებები?

ისტორიის მეთოდოლოგიაში ფაქტი ნიშნავს იმას, რაც მოხდა, რაც გაკეთდა, შესრულდა. მას ვერ დააკვირდები და ვერ მოახდენ მის „კვლავ განმეორებას“. ესაა ისტორიული ფაქტის სპეციფიკა. ფაქტები აუცილებელია ისტორიული კავშირურთიერთობების დასადგენად და  შესადარებლად,   მათი განზოგადებისა და განსაზღვრისათვის.  მოვლენები –  ცალკეული ფაქტებია, „შედარებით მცირე ერთეულებია“  (მაგალითად, „დიდი გამყინვარება“, „სამამულო ომი“, „სამოქალაქო ომი საქართველოში“ და ა.შ.).  ცალკეული ფაქტების შესწავლა, რომლებიც განუმეორებელია თავიანთი ხასიათითა და შინაარსით, ეხმარება მოსწავლეს, გაიგოს და შეითვისოს ტიპური მოვლენები – საზოგადო ცნებები (მაგალითად, რევოლუცია, აჯანყება…), რომლებიც არაა დაკავშირებული კონკრეტულ ფაქტებთან, სადაც არაა მითითებული ადგილი, დრო და  მონაწილეები, მაგრამ „მრავალჯერადია“ (მაგალითად, „ფეოდალური  სასამართლო სისტემა“, „შუა საუკუნეების ბაზარი“ და ა.შ.). მათი დადგენისა და გააზრების საფუძველზე მოსწავლე შეიმეცნებს ისტორიულ პროცესებს (ისტორიული მდგომარეობის ცვლილებებს – მიმართულს განვითარებისკენ ან პირიქით). ანუ ესაა მთელი ჯაჭვი დროში ურთიერთდაკავშირებული ფაქტებისა, როდესაც არსებობს დამაკავშირებელი მიზეზები და შესაბამისი შედეგები (მაგალითად, მანუფაქტურების წარმოშობა შუა საკუნეებში, რომელსაც თან ახლდა  შუა საუკუნეების ქალაქების წარმოშობა და ა.შ.).

 

 

რაც შეეხება ისტორიულ ფაქტებს –  სწავლების დროს, ცნების შინაარსში წვდომის თვალსაზრისით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ისტორიული ფაქტები იყოფა ორ ჯგუფად: მთავარი და არამთავარი. მთავარი ისტორიული ფაქტებია ისინი, რომლებზეც აგებულია გაკვეთილის თემის ძირითადი შინაარსი, ანუ ისინი ქმნიან შესასწავლი მოვლენის სურათს და მოვლენას ხსნიან მისი არსებითი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მხარეების წინ წამოწევით. მთავარი ფაქტის განმსაზღვრელი, დამახასიათებელი  ნიშანი ისაა, რომ ის განაპირობებს მნიშვნელოვან თეორიულ დასკვნებს, რომლებიც აუცილებელია ისტორიული ცნებების, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებებისათვის.

მთავარი ფაქტებისთვის არსებითია:

  • გარმომცველი სამყარო;
  • მატერიალური საგნები;
  • ადამიანები – ისტორიული მოვლენების მონაწილეები;
  • დროსა და სივრცეში ლოკალიზებული ფაქტები;
  • დროსა და სივრცეში ლოკალიზებული სტატისტიკური ფაქტები.

 

არამთავარ (მეორეხარისხოვან) ფაქტებს მიეკუთვნება ნაკლებად ინფორმაციული ფაქტები, რომლებიც „ხელს უწყობენ“ მთავარი ფაქტის გახსნას:

  • მეორეხარისხოვანი დინამიკური ფაქტები, მათი დროითი და სივრცობრივი კავშირები;
  • მეორეხარისხოვანი სტატისტიკური ფაქტები, მათი დროითი და სივრცითი ურთიერთობები;
  • ისტორიულ-სტატისტიკური, ქრონოლოგიური და კარტოგრაფიული მასალები.

 

მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ფაქტების ანალიზი, მთავარისა და მეორეხარისხოვანის გამოყოფა, მათი კავშირურთიერთობების დადგენა საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ჩამოუყალიბდეს:

  • დასკვნების გაკეთების, გაანალიზების, შედარების, კანონზომიერების დადგენის და ა.შ. უნარები, რომლებიც მას ცნებების გახსნაში, გააზრებასა და ათვისებაში დაეხმარება.

 

ზოგადად, ისტორიული ეპოქის აღქმისა და ისტორიული წარმოსახვის განვითარებისათვის  ყველაზე ხელსაყრელ საშუალებად ითვლება თვალსაჩინოებების გამოყენება: სურათები, ფილმები, სამეცნიერო-პოპულარული და მხატვრული ლიტერატურა, ისტორიული შინაარსის ტექსტები, საისტორიო წყაროები, დოკუმენტები, ისტორიული და გეოგრაფიული რუკები, ასევე სქემატური და თემატური რუკები, აპლიკაციები, მათი  სიმუალციები, მოდელირებული სტრატეგიები და ა.შ.,  რომელთა სწორად შერჩევა და შესაფერისი მეთოდური მიდგომების გამოყენება დაეხმარება მოსწავლეს სტანდარტით განსაზღვრული ისტორიული ცნებების დაუფლებაში და მასთან დაკავშირებული თეორიული მასალის ათვისებაში.

 

მთავარია გვახსოვდეს, რომ ისტორიული წარმოსახვა,  როგორც ისტორიული აღქმის შემადგენელი ნაწილი, ისტორიული ცოდნის  „პირველი საფეხურია“, რომელზე ასვლის გარეშეც მოსწავლე ვერ გაიგებს ისტორიული პროცესის არსს და ვერ  შეძლებს ცნებების ფორმირებასა და სიღრმისეულ გააზრებას.

 

მაგრამ რამდენადაც ისტორიის შესწავლასა და ისტორიული წარმოსახვის განვითარებაში, წარსულსა და თანამედროვეობას შორის კავშირურთიერთობების დადგენაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ისტორიული წყაროები,  ისტორიული დოკუმენტები, შეიძლება ითქვას, რომ მათზე მუშაობა (რომელზეც ბუნებრივადაა მიბმული  კანონებისა და თეორიების ცოდნაც) ცნებებზე ორიენტირებული სწავლების საყრდენი  წერტილია.

 

როდესაც გვინდა, მოსწავლემ შეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა და წარმოსახვის განვითარება, წარსულსა და თანამედროვეობას შორის უწყვეტი კავშირის დანახვა და ამ მიზნით საჭიროა ისტორიული წყაროებისა და დოკუმენტების მოშველიება,   სტანდარტის შედეგების მიღწევა უნდა შევძლოთ მასალისთვის შესაფერისი ეფექტური დავალებების შერჩევით.

 

ამ მიმართულებით საბაზო საფეხურის ისტორიის სწავლების მეთოდიკური ორიენტირები გვთავაზობს მეტაკოგნიციაზე აქცენტირებულ  დავალებებს, როგორც წარმატების მიღწევის ერთგვარ გარანტს.

 

მაგალითიმეტაკოგნიციაზე აქცენტირებული  ზოგადი ხასიათის იმ დავალებების – სავარჯიშოების/ შეკითხვების ტიპოლოგია, რომლებიც საგნობრივი აპარატის, ისტორიული ცნებების, ისტორიული ფაქტების, მოვლენებისა და  პროცესების გააზრებაში დაეხმარება მოსწავლეებს (მკვიდრ წარმოდგენასთან დაკავშირებულ საკვანძო შეკითხვებთან ერთად, რომლებიც თან ახლავს საგნობრივ პროგრამას) და ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესს:

 

  • კითხვები, რომლებიც მოითხოვს ლაკონურ პასუხებს (ტერმინებს, ცნებებს, თარიღებს, დასკვნებს);
  • არგუმენტირებული მსჯელობა: მოსწავლის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვა და მტკიცებულებების მოყვანა;
  • ძირითადი ცნებების განსაზღვრა;
  • რუკაზე მუშაობა (ტექსტში დასახელებული ისტორიულ-გეოგრაფიული ობიექტების მითითება);
  • ქრონოლოგიური ცხრილების შედგენა;
  • ტექსტის ძირითადი იდეის განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა;
  • შედარებისა და კლასიფიკაციის სქემების შედგენა;
  • ციფრული ინფორმაციის გადაყვანა გრაფიკულ ნახაზებში, სტატისტიკური ცხრილებისა და დიაგრამების აგება;
  • ისტორიული ამბის თანამედროვის თვალით გადმოცემა;
  • ავტორისეული ტექსტის შედგენა;
  • ტექსტის დასათაურება;
  • სიმულაციური თამაშები

და ა.შ.

 

წყაროს ტექსტებზე, დოკუმენტებზე  მუშაობა  სპეციფიკურ მიდგომებს მოითხოვს.  ცნებებზე ორიენტირებული  სწავლების პირობებშიც  ეს თავისებურებები გათვალისწინებული უნდა იყოს.  ყველაზე მთავარი აქ ორი  საკითხის გადაწყვეტაა:

  1. ისტორიული დოკუმენტის ტიპის დადგენა და
  2. დოკუმენტის შესაბამისი შეკითხვების ტიპოლოგია/შესაბამისი  დავალებების შერჩევა.

მაგალითი  – სტანდარტის შედეგების გათვალისწინებით, გთავაზობთ  ისტორიული დოკუმენტების ტიპებს და მეტაკოგნიტური შეკითხვების ტიპოლოგიას/დავალებების ნიმუშებს, რომლებიც დაეხმარება საბაზო საფეხურის მასწავლებელს (სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების შესაძლო გზებთან ერთად, რომელიც ასევე ახლავს საგნობრივ პროგრამებს)  ისტორიულ დოკუმენტებთან   მუშაობისას ძირითადი ცნებების ათვისებაში (დრო, სივრცე, საზოგადოება, ძალაუფლება; ისტორიული მოვლენა-პროცესი; წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა) და ისტორიულ წარმოსახვას, ფაქტსა და მოვლენას შორის,  წარსულსა და თანამედროვეობას შორის კავშირურთიერთობების დადგენაში:

 

 

 

დოკუმენტის ტიპი შეკითხვების ტიპოლოგია  / დავალებები
სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტები; სიგელები, ბრძანებები, კანონები, სახელმწიფო მოხელეთა სიტყვები, ოქმები და ა.შ.

 

სად, როდის და რატომ წარმოიშვა ეს დოკუმენტი? (აღწერეთ ამ დოკუმენტის შექმნის პირობები);

–  ვინ ითვლება დოკუმენტის ავტორად? რა ვიცით ამ ადამიანის შესახებ, მისი საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ?

1.         – განსაზღვრეთ ძირითადი/ახალი ცნებები, რომლებიც დასახელებულა ტექსტში;

2.         – რომელი ფენების, საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესები იკვეთება დოკუმენტში?

–       რით განსხვავდება ეს დოკუმენტი ან მისი ცალკეული ნაწილი მსგავი, მაგრამ ადრე შექმნილი  დოკუმენტისგან?

–       რა სახის ცვლილებები მოიტანა ან შეეძლო მოეტანა სახელმწიფოში ამ დოკუმენტს?

–       მოიფიქრეთ ისტორია, რომელიც გახსნის დოკუმენტის ძირითად იდეას  (იმიტირებული სასამართლო პროცესი,  ოპოზიციის ქმედება,   სამეფო აუდიენცია, სახალხო მღელვარება და სხვ.)

–        ა.შ.

საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტები: ხელშეკრულებები, შეთანხმებები; აქტები; საქმიანი მიმოწერები და ა.შ. –      მიუთითეთ რუკაზე სახელმწიფო, რომელმაც შეადგინა ეს დოკუმენტი;

–      დაახასიათეთ მისი შექმნის ისტორიული პირობები;

–      აღწერეთ დოკუმენტი, გამოყავით მისი შემადგენელი ნაწილები;  შეაფასეთ მისი მნიშვნელობა (დადებითი მხარე, ზარალი…) როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მნიშვნელობით;

–      ახსენით, რატომ და როგორ შეიქმნა ეს დოკუმენტი ასეთ პირობებში (ერთი მხარის სასარგებლოდ და სხვათა საზიანოდ, ან  თანაბარ, პარიტეტულ საფუძველზე…);

–      როგორი პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული ცვლილებები წარმოიშვა (ან მოსალოდნელი იყო) ამ დოკუმენტის საფუძველზე?

–      რა ხასიათს  – ღია თუ ფარულ მიზნებს – ატარებდა მოცემული დოკუმენტი  და რატომ?

–      შეაფასეთ დოკუემენტი;

–      მოიფიქრეთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს დოკუმენტი პოლიტიკურ ძალთა სხვაგვარი გადანაწილების პირობებში;

–      და ა.შ.

დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ბრძოლასთან; პროგრაგმები; მოწოდებები; პლაკატები; დეკლარაციები და ა.შ. –      ვინ არის დოკუმენტის ავტორი? როგორია მისი პოლიტიკური შეხედულებები?

–      სად და როგორ პირობებში შეიქმნა  დოკუმენტი?

–      რას შეეხება დოკუმენტი? რას მოგვითხრობს ის?

–      საზოგადოების რომელი ფენის ინტერესებს გამოხატავს დოკუმენტი?

–      რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას უნდა მიეკუთვნებოდეს ავტორი? რომელი ფენის ჭეშმარიტ დამცველად გვევლინება იგი?

–      რა წინაპირობა არსებობდა/ რა შეიძლება მოჰყოლოდა დოკუმენტის შექმნას?

–      შეაფასეთ დოკუმენტი ისტორიკოსის პოზიციიდან.

ისტორიული ხასიათის დოკუმენტები; ანალები; ქრონიკები; მატიანეები; ისტორიული თხზულებები

 

–  რომელი ისტორიული ფაქტია ასახული დოკუმენტში?

– მიუთითეთ ადგილი რუკაზე, სადაც მოხდა დოკუმენტში ასახული ამბავი;

– განსაზღვრეთ დრო, როდესაც მოხდა აღწერილი ამბავი, თუ ის არ არის მითითებული დოკუმენტში (წელთაღრიცხვის სისტემის გათვალისწინებით);

–      როგორ ხსნის ავტორი მიზეზებს, რომლებიც განსაზღვრავს დოკუმენტის მნიშვნელობას?

–      როგორია ავტორის დამოკიდებულება  აღწერილ მოვლენასთან? როგორი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება აღწერილი ამბის მიმართ?

–      რაში  ემთხვევა/ არ ემთხვევა/  ავტორის პოზიცია თანამედროვე შეხედულებებს იმავე /მსგავს საკითხებზე?

–      შეაფასეთ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა  ანალოგიური პერიოდის ისტორიულ თხზულებებთან მიმართებაში.

პირადი ხასიათის დოკუმენტები მემუარები, დღიურები, წერილები, თვითმხილველთა ჩანაწერები

 

 

–      ვინ არის  დოკუმენტის ავტორი? როგორია მისი  სოციალური მდგომარეობა? საქმიანობა? რა კავშირშია აღწერილ მოვლენებთან?

–      რას მოგვითხრობს დოკუმენტის ავტორი? როგორია მისი დამოკიდებულება მოცემულ მოვლენებთან? მოიყვანეთ საკუთარი მოსაზრებების დამდასტურებელი არგუმენტები.

–      რით ახსნით ავტორის ამგვარ დამოკიდებულებას  აღწერილ  მოვლენებთან?

–      რითი ჰგავს/განსხვავდება ეს პოზიცია სხვა ავტორთა პოზიციებისგან, რომლებიც იმავე  ფაქტს აღწერენ?

–      რამდენად სანდოდ მიგაჩნიათ ავტორის მონათხრობი?

–      იზიარებთ თუ არა ავტორის შეხედულებებს, შეფასებებს, შედეგებს?

ლიტერატურული დოკუმენტები, როგორც ეპოქის ისტორიული ძეგლები: პროზა, პოეზია, დრამა,  ეპიტაფიები, სიმღერები, მითები,  სატირა და სხვ.

 

–      მოძებნეთ რუკაზე ადგილმდებარეობა, სადაც ხდება მოქმედება დასახელებულ ნარატივში;

–      ყოფა-ცხოვრების დეტალების მიხედვით: ტანსაცმელი, ქცევა და ა.შ.  მიახლოებით  განსაზღვრეთ ნაწარმოების/ტექსტის შექმნის დრო. იპოვეთ მინიშნება, რომ მოცემული ნაწარმოები შეიქმნა ამა და ამ ეპოქაში.

–      იპოვეთ ადგილი რუკაზე,  სადაც ხდება აღწერილი მოქმედება;

–      ისტორიული გმირების, მოვლენების როგორი სახე შექმნა ავტორმა? რა შეიძლება იყოს მასში გადამეტებული, გამოგონილი და ა.შ.

–      როგორ ფიქრობთ, რა მიზნით გააკეთა ეს ავტორმა? რისი თქმა სურდა ამით?

–      როგორ ახსნით ისტორიული გმირების საქციელს? ეთანხმებით თუ არა მის არგუმენტებს?

–      რომელ საზოგადოებრივ ფენას მიეკუთვნება ავტორი? რამდენად ობიექტური და მიუკერძოებელია ის?

–      რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებში შეხვედრიხართ მსგავს სიუჟეტს? რით უნდა აიხსნას მისი პოპულარობა?

 

მსგავსი ტიპის საგაკვეთილო აქტივობებითა და პრაქტიკული  სავარჯიშოებით მოსწავლე შეძლებს სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას, ისტორიული წარმოდგენების ფორმირებას, წარსულსა და თანამედროვეობას შორის კავშირურთიერთობის დანახვას, ცნებების ათვისებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი