პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

თემა – ადამიანი და ბუნება

„როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს ცხოველი?“

„როგორ ჩავუნერგოთ შვილებს ბუნებისა და ცოცხალი არსებების პატივისცემა?“

„რა უნდა გავაკეთოთ სკოლებში, რომ ბავშვებს ცოცხალი არსებების მიმართ ფრთხილი და მზრუნველი, უსაფრთხო მიმართებები ჩამოუყალიბდეთ?“

 

ეს კითხვები მშობლებსა და მასწავლებლებს უჩნდებათ. პასუხისმგებლობაც თანაბრადაა გასანაწილებელი. წერილში საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის მომზადებული გაკვეთილის გეგმა მინდა გაგიზიაროთ. მხატვრული ლიტერატურა ხომ ღირებულებების, განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესში შეუცვლელი რესურსია.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში არაერთი ისეთი ტექსტია შეტანილი, რომლებიც თემას „ადამიანი და ბუნება“ ეხება. ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს თემატური საკვანძო შეკითხვების და შესაბამისი ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით ისეთი საკითხების დამუშავებას, როგორიცაა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა.

 

მასწავლებელს გაკვეთილის გამოწვევის ფაზაზე შეუძლია დასვას ისეთი კითხვები, რომელთა მეშვეობითაც მოცემულ თემაზე მოსწავლეებში ცოდნას, განცდებს, შთაბეჭდილებებს გაააქტიურებს. დაეხმარება მათ გაიხსენონ, რა იციან, რა სმენიათ, რა გამოცდილება აქვთ.

 

სოფლად ან ქალაქში მცხოვრებთ ცხოველებთან ურთიერთობის ყოველდღიური გამოცდილება აქვთ. შინაური ცხოველი, შეიძლება, ყველას არ ჰყავდეს, მაგრამ, მაგალითად, მიუსაფარ, უპატრონო ძაღლებსა და კატებს ყველანი ვხვდებით.

რას ვგრძნობთ მათი ხილვისას? შიშს? სიბრალულს? ზიზღს? შინ წაყვანის და მოვლის სურვილი გვეძალება თუ ქვის მოხელთებას და ამ მოუვლელი არსების რაც შეიძლება შორს განდევნას ვცდილობთ?

რას გვასწავლის ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე შექმნილი ტექსტები? რამდენად და როგორ დაგვეხმარება მათი გაცნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 

საკითხის გასაშლელად ორ ტექსტს გთავაზობთ. ერთი – პოეტურია, მეორე -პროზაული.

ერთი – მეცხრამეტე საუკუნის ფრანგ პოეტს, შარლ ბოდლერს ეკუთვნის, მეორე – მეოცე საუკუნის ქართველ მწერალს, რეზო ინანიშვილს.

 

გამოწვევის ფაზის შემდეგ მოსწავლეები ბოდლერის ლექსს, „ალბატროსს“, გაეცნობიან.

ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, გივი გეგეჭკორის, მიერ ფრანგულიდან ბრწყინვალედ თარგმნილი ეს ლექსი საოცრად შთამბეჭდავია და მოსწავლეებს დაეხმარება, „გადაბარგდნენ“ საკლასო ოთახებიდან ზღვის უკიდეგანო სივრცეში მცურავი გემის გემბანზე.

შარლ ბოდლერი – ალბატროსი

აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,

როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,

იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს, დიდ ალბატროსებს,

რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

 

მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,

ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,

მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება

და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

 

ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,

ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,

ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში

და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

* მოცემულია ლექსის პირველი სამი სტროფი

 

დავეხმაროთ მოზარდებს, წარმოსახვაში გააცოცხლონ ეს სურათი.

რას ვხედავთ?

აბორგებულ, აზვირთებულ ზღვას – სტიქიონს რომ უწოდებს პოეტი.

გემბანზე მატროსები, მეზღვაურები შეკრებილან. მოცალეობის ჟამი აქვთ, როგორც ჩანს.

საქმე არ აქვთ.

ეს პირქუში, მუდამ შრომასა და ჯაფაში, ფიზიკურ შრომაში დაქანცული კაცები მოწყენილობის გაქარვებას ცდილობენ და…

ზღვის ულამაზეს ფრინველს, ალბატროსს იჭერენ.

„მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს“ –

 

წარმოიდგინეთ, თავისუფალ ფრენას, ნარნარს, ზღვასა და უკიდეგანო სივრცეს მიჩვეული ცოცხალი არსების განცდები, როდესაც მას იჭერენ და უხეშად ახეთქებენ გემბანს.

პოეტი ამ ფრინველს ლაჟვარდის მეფეს უწოდებს. გასაოცარი ეპითეტია. ლაჟვარდი – აქ ლურჯ ცას ნიშნავს. ალბატროსი – ლურჯი ცის მეფეა.

და ის მოსწყვიტეს ცას და სინათლეს.

როგორ გრძნობს თავს?

 

„შერცხვენილი უმწეოდ კვდება და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს“ –

როგორი ზუსტი და თვალსაჩინოა ეს შედარება.

მკითხველი ხედავს მშვენიერ არსებას, წუთის წინ ლაღად რომ ფრენდა, ახლა კი ფრთები ნიჩბებივით დამძიმებია, ძლივს მიათრევს სველ გემბანზე.

 

როგორ იქცევიან ადამიანები ამ დროს? „ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში და ხორხოცით ბაძავენ დაკოჭლებულ ფრთოსანს, ხტუნვა-ხტუნვით.

საზარელი სანახაობაა – ადამიანები გემზე მოწყენილობისგან თავის დასაღწევად საზარელ რამეს იკადრებენ.

რა ფიქრები აღძრა ლექსმა?

ამ შთამბეჭდავი, საოცრად სურათხატოვანი მხატვრული ტექსტით რა „დახატა“ პოეტმა?

 

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვთხოვთ, განცდილი სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ხერხით გამოხატონ. მაგალითად, დახატონ ილუსტრაცია მოსმენილი ლექსის მიხედვით.

ინსტრუქცია:

აარჩიე რომელიმე მონაკვეთი (რამდენი  კადრია ლექსში, რომელიც „ცხოვლად სულს დააჩნდება“…) – მაგალითად, როგორ მისდევენ ფრენა-ფრენით ალბატროსები გემს, როგორ მოიხელთებენ ერთ-ერთს მატროსები ან ნებისმიერი, შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და დახატე.

თუ ფიქრობ, რომ ხატვა არ გამოგდის, სიტყვიერი ილუსტრაცია შექმენი. სიტყვიერად აღწერე, რას და როგორ დახატავდი, როგორ გაანაწილებდი ფურცელზე, რა ფერებს გამოიყენებდი, რამდენი მოქმედი პირი იქნებოდა შენს ნახატზე, რა ფერებს გამოიყენებდი, რა განწყობის შექმნას შეეცდებოდი ილუსტრაციით.

 

მასწავლებლის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია სხვა ტიპის კომპლექსური დავალების პირობის შეთავაზებაც – მაგალითად, ალბატროსის ხედვის კუთხის წარმოდგენა პირველ პირში – რას გრძნობს ის? რას განიცდის? რაზე ფიქრობს? ამგვარი შემოქმედებითი გარდასახვა ემპათიის გრძნობასაც გაააქტიურებს.

 

ამ სამუშაოს შემდეგ ( რომელსაც შეიძლება ორი ან მეტი გაკვეთილიც კი დაეთმოს. ლექსში არაერთი საინტერესო მხატვრული ხერხი და სახეა, რომლებზე მსჯელობაც საკვანძო ცნებების დამუშავების შესაძლებლობასაც აძლევს მასწავლებელს…) პროზაული ტექსტი შევთავაზოთ მოსწავლეებს.

რეზო ინანიშვილის მოთხრობა „თეთრი ყანჩა“ .

თავიდანვე გააფრთხილეთ მოსწავლეები, რომ მოთხრობის მხოლოდ ნაწილს გააცნობთ. კარგი იქნება, თუ მათ სურვილი გაუჩნდებათ და დავალებების შესრულების შემდეგ თავად მოიძიებენ მოთხრობას, ბოლომდე გაეცნობიან.

 

თეთრი ყანჩა

გოგი, მეექვსეკლასელი ფერმკრთალი, მაღალი ბიჭი, ბაღში შევიდა. ბაღი დათოვლილი იყო, თანაც ისევ თოვდა: მშრალი, მსუბუქი ფიფქები უწესრიგოდ ბორიალობდნენ ბურუსიან ჰაერში. გაზონებს შორის ჯერ არავის გაევლო.

გოგის ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეყო. ნიკაპზე ლურჯი ფუმფულა კაშნე შემოეხვია, მაღალყელიან შავ ფეხსაცმელებს ფრთხილად ადგამდა თოვლზე და კაკლის მურაბასავით პრიალა თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა… თოვლი მხოლოდ წიწვოვანი ხეების ქვეშ არ იდო, იქ მიგრეხილმოგრეხილი ხმელი ფოთლები და ნემსებივით წამახული წიწვები ეყარა. ყველაფერს მოწყენილობის იერი დაჰკრავდა, ქუჩიდან შემოსული ავტომობილების ხმაურსაც კი.

უცებ გოგი შედგა და თავი წინ წასწია, რაღაცას დააკვირდა. ხელები ჯიბიდან ამოიღო, რამდენიმე ნაბიჯი კიდევ უფრო ფრთხილად გადადგა, ისევ გაჩერდა, ისევ რაღაცას დააკვირდა და სახე თანდათან გაუნათდა. ერთი გაბარდღული შავი ფიჭვის ძირში, მრგვალად მოხაზულ შავ მიწაზე, მაღალფეხება თეთრი ყანჩა იდგა, თავი ბეჭებზე დაედო, ვარდისფერი ნისკარტი წინ წამოეშვირა და სთვლემდა. გოგიმ ქვას დაუწყო ძებნა. იპოვა გაზონების პირას გაყოლებული ტუიების ძირში, ერთი არ იკმარა, მეორე და მესამეც მოძებნა, ფრთხილად, ფეხისწვერებზე სიარულით ყანჩას გვერდიდან წამოუარა და, ათიოდე ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, ქვა მთელი ძალით ესროლა. ქვა ჯერ ფუნჯივით დაშვებულ წიწვებს მოხვდა, მერე ფიჭვის ძირს და, უკან გადმოვარდნილი, ხტუნვა-ხტუნვით შეგორდა თოვლში. ყანჩა წინ წავარდა, კისერი დაიგრძელა, ფრთები მიწაზე წაათრია, რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა და ისევ შეჩერდა, წვრილ, უსაშველოდ აწოწილ ფეხებზე უმწეოდ ქანაობდა. გოგიმაც რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ და ახლა მეორე ქვა ესროლა. მეორეს მესამეც მიაყოლა, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოარტყა. ყანჩა აფლატუნდა, თოვლი ააფორიაქა და ტუიების ღობეში შეიყუჟა. გოგი მიხვდა, ყანჩა ვერ ფრინავდა. კვალში გადახტა. ხელები ფეხბურთელთა მეკარესავით ასწია მკერდთან, უკანასკნელი ნაბიჯები სულ ფრთხილად, ფრთხილად წადგა და, როცა დარწმუნდა, უკვე მისწვდებოდა, უცებ წავარდა თოვლში. ყანჩა აფათქუნდა, გოგიმ ხელებში მისი ცივი, სველი ბუმბული იგრძნო, იმასაც მიხვდა, ყანჩამ ნისკარტი რამდენჯერმე დაჰკრა მაჯაზე, მაგრამ ხელები აღარ გაუშვა. ასევე, თოვლში მწოლიარემ მოიქცია ყანჩის ორივე ფეხი და ერთი ფრთა მარცხენა ხელში, წამოდგა და ახლა აფათქუნებულ მეორე ფრთაში წასწვდა. ყანჩა ნისკარტს სცემდა, მაგრამ იმდენად უნიათოდ, რომ სულ არ სტკიოდა. მეორე ფრთაც რომ დაუჭირა, გახარებული გაიქცა შინისაკენ. ყანჩა ძალიან მსუბუქი აღმოჩნდა თავის ტანთან შედარებით. გოგი შეჩერდა და ბეჭები მოუსინჯა: ხელში მხოლოდ ტყავგადაკრული წვრილი ძვლები მოხვდა, გული ეტკინა, მაგრამ მაშინვე გადაწყვიტა, რომ კარგად აჭმევდა და მალე მოაღონიერებდა.

 

ტექსტის დამუშავება – სანიმუშო ინსტრუქციები

საკუთარი თავი წარმოიდგინე გოგის ადგილზე.

მიდიხარ შენთვის და უცბად – მაღალფეხება თეთრ ყანჩას დაინახავ.

ვარდისფერი ნისკარტი აქვს.

თვლემს.

ბუნების შვილი, ლამაზი ყანჩა – ქალაქის შუაგულში.

როგორ მოიქცევი?

გადაგხდენია თუ არა თავს მსგავსი რამ?

როგორ მოიქცეოდი, შენ რომ დაგენახა უსუსური არსება?

იფიქრე და ივარაუდე…

როგორ ფიქრობ, რას გააკეთებს გოგი შინ მისვლისთანავე?

როგორ გაგრძელდება ამბავი? რას ფიქრობ გოგიზე? რას ურჩევდი გოგის, მასთან გასაუბრება რომ შეგძლებოდა?

წერითი სამუშაო

ეს ფიქრები წერილობით მოაწესრიგე და რვეულში ჩაწერე.

 

დააკვირდი  ტექსტის ენას

იმისთვის, რომ მწერალმა „იქ ყოფნის განცდა“ შეგიქმნას, ის იყენებს აღწერას, აღწერაში კი ეპითეტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ძალიან ზუსტი წარმოდგენა გვექმნება – როგორია გარემო?

მიგრეხილმოგრეხილი ხმელი ფოთლები და ნემსებივით წამახული წიწვები ეყარა იმ ბაღში.

ყანჩა კი გაბარდღული შავი ფიჭვის ძირში თვლემდა.

როგორი სიტყვაა – გაბარდღული…როგორ ფიქრობ, რას უნდა ნიშავდეს? როგორი წარმოიდგინე ეს ფიჭვი?

საინტერესო იქნება ამ ორი ტექსტის შედარებაც. როგორაა წარმოჩენილი თემა – ადამიანი და ბუნების შვილი – ორი განსხვავებული ჟანრის ტექსტში? რა მიმართებები იკვეთება?..

 

მრავალფეროვანი დავალებები, შთამბეჭდავი და საინტერესო აქტივობები, ტექსტები დაეხმარება მოსწავლეს, გამოავლინოს და განივითაროს შემოქმედებითი უნარები. მოცემულ ნიმუშებზე დაყრდნობით მასწავლებლებს შეუძლიათ თავადვე შექმნან კომლექსური დავალებების ანალოგიები კლასის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი