ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვამეცადინოთ პირველკლასელები

ჩემი შვიდი წლის ბიჭი მეორეკლასელია. მე მისი ქართულის მასწავლებელი ვარ. გუშინ პირველად დაწერა საკმაოდ რთული ინსტრუქციის საშინაო დავალება დამოუკიდებლად. დავალება ამგვარი იყო: 1. წამმზომის მეშვეობით ხუთჯერ წაიკითხე მოთხრობა და რვეულში ჩაინიშნე დრო; 2. შეარჩიე ერთ-ერთი პერსონაჟი მოთხრობიდან „მოუთმენლობის მსხვერპლი“ და დაწერე გმირის რუკა. გმირის რუკაზე გაკვეთილზე ვიმუშავეთ და როგორც ჩანს, ნაყოფიერად, რადგან სწორად შეარჩია პერსონაჟი, მოიფიქრა მისი თვისება და არგუმენტიც დაწერა. ინსტრუქციის გაცნობას დიდი დრო დავუთმე. ამ ბოლო დროს საშინაო დავალების ინსტუქციას რამდენიმე მოსწავლე წერილობით ინიშნავს კიდეც.

დაწყებით საფეხურზე ყველა დეტალს  მნიშვნელობა აქვს.  ასოების ბადეში სათანადოდ განთავსებისა და მოხაზულობის შემდეგ უნდა ისწავლონ, როგორ დაწერონ თვე და რიცხვი, სათაური, ისარი, წერტილ-მძიმე; როდის უნდა დაიწყონ ახალი ხაზიდან წინადადება. მასწავლებელი მოდუნების საშუალებას ვერ აძლევს თავს – ერთ გაკვეთილზე თითოეულთან რამდენჯერმე მივდივარ.  მუდმივი თვალის დევნება სჭირდებათ, რათა პროცესი სწორად წარიმართოს, რომელიმე არ ჩამორჩეს  მუშაობის ტემპს. სამაგიეროდ, შედეგი არის ენითაუწერელი სიხარული. როდესაც გაკვეთილი სრულდება და შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად ფერადი კალმით ხელში მერხებს შორის დავდივარ, პატარა თითებით დაფიდან გადაწერილი თუ დამოუკიდებლად ჩაწერილი სიტყვები უდიდესი ძალით მავსებს.

თუმცა, დამოუკიდებლად შესრულებულ დავალებამდე დიდი და შრომატევადი გზა გამოვიარეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საკუთარი გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის გამო მასწავლებლის როლის შესრულება მშობლებს უწევთ. მე კი ჩემს გამოცდილებას დედისა და მასწავლებლის პოზიციიდან გაგაცნობთ.

პირველად პირველ კლასში

ეს იყო ექვსი წლის წინ. მაშინ ჩემი გოგონა სოფელ უწერის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი გახდა. თეკლა დამოუკიდებლობას იყო მიჩვეული. მეცადინეობის დრო რომ დაგვიდგა,ურთიერთობა დაგვეძაბა. მახსოვს, რამდენჯერმე ხმასაც ავუმაღლე. თეკლას ცრემლებმა გამომაფხიზლა. ვერ მოვრიგდით და მეც აღარ მიცდია ჩარევა. ვფიქრობდი, რომ რადგან ბევრს კითხულობდა, ეს დაეხმარებოდა ციფრებისა და ასოების სამყაროში გზის გაკვალვაში. ვფიქრობდი, რომ კალიგრაფიასაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მთავარი ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა, საკუთარ ძალებში დარწმუნება იყო. ახლა რომ ვუღრმავდები, ასე თავისუფალ ნებაზე მიშვება შეცდომა იყო. თუმცა, დრო რომ დაბრუნდეს, ალბათ, ვერაფერს შევცვლი, რადგან პირველკლასელის სწავლების მეთოდები მასწავლებლობისას ვისწავლე, ზოგი რამ – გამოცდილი კოლეგებისგან, ზოგი კი – პირადი დაკვირვების შედეგად.

მშობელი და მასწავლებელი

პირველი კლასი მნიშვნელოვანი ეტაპია სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ამისთვის მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობაა საჭირო. საწყის ეტაპზე მშობლებსაც სჭირდებათ სათანადო ცოდნის მიწოდება, თუ როგორ ამეცადინონ ბავშვები. მშობლებთან ურთიერთობის მრავალი ფორმა შეიძლება შევარჩიოთ: პრეზენტაცია, პირადი საუბრები, სოციალური ქსელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობას ორმხრივი დაინტერესება და ჩართულობა სჭირდება.

რაზე უნდა გავამახვილოთ მასწავლებლებმა ყურადღება მშობლებთან საუბრისას:  

მოთმინება

პირველკლასელი მოსწავლის მეცადინეობისას ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უპირობოდ უნდა გვახსოვდეს, ეს არის მოთმინება. ბავშვებისთვის ასოების წერა, წიგნთან და რვეულთან დამეგობრება ურთულესია. ის, რაც ჩვენ უკვე კარგად გამოგვდის, მათთვის მეკლდეურობას ან სიღრმეში ყვინთვას უდრის. თუმცა, თანამედროვე სამყაროს ცხოვრების რიტმი, ათასი მოვალეობა და საქმე ხშირად სიმშვიდეს გვირღვევს. სამწუხაროდ, მშობელთა უმრავლესობა მკაცრად ეპყრობა ბავშვებს. სწორედ ამ დროს სჭირდებათ მასწავლებლის დახმარება მათ, რადგან გაღიზიანებას და ბრაზს არცოდნა იწვევს. სასურველია, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ საწყის ეტაპზე ყველაფერი რთული და ბუნდოვანია. გვახსოვდეს, რომ წერა-კითხვის სწავლას ნამდვილად ყველა შეძლებს, უბრალოდ, მთავარია, როგორ ვასწავლით, რადგან თუ ამ ეტაპზე სწავლა სიამოვნებასა და სიხარულს არ დაუკავშირდება, დროთა განმავლობაში ბავშვებს გული აუცრუვდებათ. ჩვენი სასკოლო ცხოვრების რეალობას თუ ჩავუღრმავდებით, ადვილი შესამჩნევია, რომ მოსწავლეებს სწავლა ზედა საფეხურზე  აღარ მოსწონთ. ამის მიზეზი კი დიდწილად სწორედ დაწყებით საფეხურზე არასწორად წარმართული სწავლების ფორმა შეიძლება აღმოჩნდეს. თავდაპირველად ყველაფერი რთულია და მეტ დროს მოითხოვს. თითოეული ასოს, შემდეგ კი სიტყვისა და წინადადების ბადეში განთავსებას პატარა თითები ძლივს ახერხებენ, დიდი დრო სჭირდებათ და თითოეულ შეცდომას მღელვარებით ხვდებიან. მათი მდგომარეობის აღსაქმელად მშობლებს ხშირად ვთავაზობ ბადეში წერას. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ კიდევ უფრო მომთმენი მას შემდეგ გავხდი, რაც პირველკლასელებისთვის ნიმუშად ბადეში ასოებისა და სიტყვების გამოწერა დავიწყე.

სწავლა თამაშით

პირველკლასელები სკოლაში ერთგულად და დაჟინებით დაატარებენ თოჯინებს, დინოზავრებს, მანქანებს. საყვარელი ნივთები ახალ სამყაროსთან დამეგობრების საშუალებად გამოუნახავთ. ისინი თამაშობენ და თანამედროვე პედაგოგიკაც მასწავლებლებს უამრავ სტატიასა და მეთოდს გვთავაზობს, თუ როგორი მნიშვნელოვანია თამაშით სწავლება. თუ გვინდა, რომ სწავლისადმი ცნობისმოყვარეობა გავუღვივოთ, ასოებითა და რიცხვებით თამაში უნდა ვისწავლოთ. ჩემს პირველკლასელებს ანბანი გასულიერებული ამბებით ვასწავლე. მე ვუამბობდი თითოეულ ასოზე ახალ-ახალ ამბავს, ისინი მოსმენილს ხატავდნენ,  შემდეგ კი სახლში ჰყვებოდნენ და ეს ყველაფერი ძალიან მშვენიერია.

შექება

ჩემი დაკვირვებით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რა გამოსდით კარგად. შექება და წახალისება ძლიერი იარაღია. საკუთარ ძალებში დარწმუნება უმნიშვნელოვანესია, რადგან დაბალი თვითშეფასება სწავლაში ხელს შეუშლით. ზედმეტი სიმკაცრე კი მათ ფაქიზ ბუნებას უზარმაზარ ტრავმას აყენებს. მშობლებს ხშირად ვუმახვილებ ყურადღებას შექების მნიშვნელობაზე. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ გადაჭარბებული თვითშეფასებისგან თავის ასარიდებლად შექების სწორი ფორმულირებაც უნდა ვისწავლოთ, მაგალითად, „შენ ყველაზე მაგარი ხარ!“ – არასწორი მიდგომაა და დროთა განმავლობაში იმდეგაცრუების მომტანიც აღმოჩნდება. ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთვის საუკეთესოები არიან, მაგრამ ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ სხვაც საუკეთესოა მისი მშობლებისთვის. აი, მასწავლებლებს კი დიდი ძალისხმევის გაღება გვმართებს, რომ თითოეულმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.   მთავარია, მისი პატარა მცდელობა და მიღწევაც კი არ დავტოვოთ  ყურადღების მიღმა და არასდროს შევადაროთ ერთმანეთს ისინი. ვიღაც სწრაფად წერს, ვიღაცას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიღაც მოწესრიგებულია, ვიღაცას კი ერთ ადგილზე გაჩერება უჭირს. ხასიათისა და შესაძლებლობების მრავალფეროვნება ქმნის სოციუმის ატმოსფეროს და თუ ის ჯანსაღი მიდგომით არის გაჯერებული, თუკი, შექება-წახალისების მექანიზმი სწორად არის წარმართული, კარგი შედეგიც არ აყოვნებს.    

შეცდომები

გასაკვირია უფროსების ხისტი დამოკიდებულება შეცდომებისადმი. ახლა ჩემი შვიდი  წლის ბიჭი სკეიტბორდზე დადგომას მასწავლის. მომიშვერს მხრებს და მეც იმედიანად ვებღაუჭები. როლებს თუ გავცვლით, მათი შეცდომებიც აღარ გაგვაღიზიანებს. ვაღიარებ, რომ ერთი და იმავე ინსტრუქციის ათასჯერ გამეორების შემდეგ კვლავ რომ შეცდომა დაუშვია, საყვედურიც მითქვამს, მაგრამ გაბრიელი მყარ არგუმენტს მახვედრებდა ხოლმე, მე პირველკლასელი ვარ და ახლა ვსწავლობ წერასო. სკეიტბორდზე დგომას ის კიდევ უფრო მეტ მოთმინებას ამჟღავნებს. ჩვენ მათგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ.

სწავლება შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია. შეცდომა გამოცდილებად უნდა ექცეთ. მთავარია, სწორი მიმართულება მივცეთ და საკუთარი შეცდომებისადმი უგულო დამოკიდებულება თავიდან ავიცილოთ. პრაქტიკულ რჩევად შემიძლია შემოგთავაზოთ ერთი მარტივი ხერხი – თავად ჰკითხეთ, გამოწერილი ასოებიდან რომელი მოსწონს ყველაზე მეტად და ფერადი კალმით ან ფანქრით გააფერადეთ, ჩასვით „გულში“ ან „ბუშტში“, შემდეგ მოძებნეთ ის ასო, რომელსაც „დახმარება“ სჭირდება – დაგრეხილია, სხვის ხაზზეა ჩასკუპებული ან ფეხი აკლია და ისიც გააფერადეთ.

იუმორი

რამდენიმე წელი და პრაქტიკული საქმიანობა დამჭირდა იმისთვის, რომ იუმორი სწავლების პროცესში ერთგვარ მეთოდად გამომეყენებინა. მაგალითად, როდესაც გაბრიელი დაკლაკნილ ასოს წერს, ვეუბნები, რა არის, ო-ს როგორი მოგრეხილი ფეხი აქვს ან რა მოფახფახებულია ქ-ს ზურგი-მეთქი და პატარა ბიჭიც გულიანად ხითხითებს. აქაც ზომიერებაა საჭირო, რადგან ხითხითი შეიძლება თავშეუკავებელ ხარხარში გადაიზარდოს და აკანკალებული ხელით კიდევ უფრო გაუჭირდება წერა.

ნებისყოფა

მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვებს ნებისყოფა არ აქვთ. ამის მიზეზად ტექნოლოგიური სამყაროს მიმზიდველობა და  მიჯაჭვულობა დავასახელოთ. ეკრანთან ყველაფერი მარტივია: თითს გადაუსვამ ეკრანს და გოგონას ვარცხნილობას წამებში გააფერადებ, ვირტუალურ სამყაროში ყველაფერი ადვილად მისაღწევია. ყურებაც სტატიკური პროცესია – კიდურები გაჩერებულია, თვალი არ მოძრაობს. აი, სკოლაში კი თითები მჭიდროდ უნდა მოუჭირონ კალამს და წვრილ ბადეში ასო ჩატიონ, უნდა მოისმინონ, უნდა გააფერადონ, მაკრატლით უნდა გამოჭრან… კიდევ  ათასი „უნდა“ ატყდებათ თავს. მასწავლებლისთვის ადვილი შესამჩნევია, რომელ ბავშვს აქვს სათანადო სკოლამდელი განათლება მიღებული. წერა-კითხვის ცოდნას არ ვგულისხმობ, ეს ინდივიდუალური და მრავალშრიანი საკითხია. ადვილი შესამჩნევია, რომელ ბავშვს უყვებოდნენ და უკითხავდნენ ზღაპრებს, რომელ ბავშვთან ერთად ხატავდნენ და ჭრიდნენ სხვადასხვა სახალისო აპლიკაციისთვის დეტალებს.

თუმცა, არც პირველ კლასში არ არის გვიანი. ნებისყოფის გამოსამუშავებლად ძალიან კარგი მეთოდია ხმამაღალი კითხვა. როგორც დიმიტრი უზნაძე წერს, ნებისყოფა თანდაყოლილი თვისება არ არის, ის ბავშვს თანდათან უნდა განვუვითაროთო. არ იდარდოთ, არ იღელვოთ, თუ თქვენი პირველკლასელი შვილი ყურადღების მოკრებას ვერ ახერხებს. ახლა შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, მაგრამ, თქვენი ჩართულობით, თანდათან ნებისყოფაც განუვითარდება. ამისთვის შეარჩიეთ ისეთი წიგნი, რომელიც თქვენთვისაც უცნობია და ყოველდღიურად წაუკითხეთ. გახაზეთ საინტერესო სიტყვები და წინადადებები. გააკარით კედელზე ფორმატი და ბავშვთან ერთად შინაარსი დახატეთ. შეგიძლიათ მინისპექტაკლიც დადგათ. ბავშვებს სჭირდებათ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სინამდვილეა. ფანტაზიის სამყაროში მეგზურობა – რეალობიდან გასვლა და უკან მშვიდად დაბრუნება, ხმამაღალი კითხვით ნებისყოფის გამომუშავება, ნდობის გაცხადება, სიტყვათა მარაგის დაგროვება და დადებითი შთაბეჭდილებებით დამუხტვა ნამდვილად შესაძლებელია.

რუტინა

ეს ის საკითხია, რომელიც პირადად ჩემთვის აქილევსის ქუსლად ქცეულა. სამი შვილის, სახლის საქმეების, სადილის მზადებისა და სამსახურის პარალელურად ერთი და იმავე დროის გამოძებნა პირველკლასელი ბიჭის სამეცადინოდ ძალიან რთული აღმოჩნდა. თან შარშან ჩემი გოგონა 6 თვის იყო. ვიცი, რომ უდროობა ბევრ დედას თავმოუბმელ პრობლემად რჩება, თუმცა, პირველ ეტაპზე აუცილებლად სჭირდებათ დახმარება მეცადინეობისას. პრობლემის გადაჭრის გზად შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ ბავშვი გადააბაროთ ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც საშინაო დავალებების მომზადებაში დაეხმარება მას, რომელიც შეცდომების დაშვებისას არ ეჩხუბება და ერთსა და იმავე დროს დასვამს სამეცადინოდ.

დავალების რაოდენობა

საშინაო დავალება არ შეიძლება პირველ კლასში იყოს ძალიან ბევრი. ყველას გვსმენია იტორიები დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის ტექსტების დაზეპირების მიცემის შესახებ. ამ დროს, ბავშვებს, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ სკოლასთან შეგუება.  ამ ზაფხულს აგარაკზე ერთმა მშობელმა მიამბო, რომ მის პირველკლასელ გოგონას დასაზეპირებლად ჰქონდა მწერლის ბიოგრაფია. ბავშვს გაუჭირდა სკოლსთან შეგუება. ასეთ დროს გამოსავალი ორმხრივი დიალოგია. ვფიქრობ, მასწავლებელთან საშინაო დავალების შესახებ საუბარი ბევრ გაუგებრობას გაფანტავს.

 ინსტრუქცია

საშინაო დავალებების გასაგებად სკოლასთან თავმოყრილი მშობლები თანამედროვე სკოლის რეალობაა. ეს პროცესი სოციალურ ქსელშიც გრძელდება ხოლმე. ცხადია, არ ვგულისხმობ გამონაკლის შემთხვევებს, თუმცა, დღეს მშობლები საკუთარ თავზე იღებენ საშინაო დავალებების გაგებას და ეს წლობით გრძელდება.  ამიტომ პირველივე კლასში დიდი დრო უნდა დაეთმოს მკაფიო ინსტრუქციის მოფიქრებას, ბავშვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. საწყის ეტაპზე შუამავლობა მშობელს აკისრია, ნელ-ნელა კი დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაიზარდოს. თუკი ამ მხრივ მასწავლებლები და მშობლები გულისხმიერად ვიმუშავებთ, პრობლემაც მოგვარდება და ბავშვებიც დამოუკიდებლები გახდებიან. მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ და, მეტიც, ჰაერივით სჭირდებათ.

 

დამოუკიდებლობა

რა მოლოდინი გვაქვს სკოლისგან? თუკი, ამ შეკითხვას ფურცელზე დავწერთ და პასუხებს ჩამოვწერთ, დამაფიქრებელ შედეგს მივიღებთ. დამოუკიდებლობა – ეს არის ის, საიდანაც იწყება ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება. საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება კი მკაფიო  ინსტუქციას, ყურადღების მობილიზებასა და სწავლებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას უკავშირდება. მთავარია, პასუხისმგებლობა დავაკისროთ, მათ ნაცვლად არ ვიმოქმედოთ და ისინი ამას ნამდვილად შეძლებენ.

 

თანამშრომლობა მასწავლებელთან

პირველი მასწავლებელი დაუვიწყარი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში. როგორც წესი, მასწავლებელი ბავშვისთვისაც შეუცვლელ ავტორიტეტად იქცევა ხოლმე და „მასწავლებელმა თქვა“ კი – უპირობო ჭეშმარიტებად. ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის გავლისას აუცილებელია მშობლისა და მასწავლებლის კეთილგანწყობილი ურთიერთობა. ბავშვი მშობლის დამოკიდებულებას ძალიან კარგად გრძნობს და, თუკი გვინდა, რომ მეცადინეობა სიხარულს, სიამოვნებას უკავშირდებოდეს და შედეგიანიც იყოს, ორმხრივი ჩართულობა მოგვიწევს.

ურთიერთობა

ჩვენი პირველკლასელი შვილები და აღსაზრდელები მალე იზრდებიან. არასდროს დაბრუნდება უკან ის დრო, როცა ისინი კანკალით წერდნენ ასოებს. უფრო თავისუფლად დაიწყებენ წერას, საუბარს, აზრის ჩამოყალიბებას. აღარც „დიდედა“ ეგონებათ მდინარე ან დედა, აღარც „მკვეხარაზე“ იტყვიან, რომ „ბლატნოის“ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, მათი პასუხები ისეთივე სასაცილო და გულწრფელი არ იქნება, როგორც ეს ახლა არის. ამიტომ დატკბით ამ ეტაპით. შექმენით ურთიერთობის თქვენეული კუნძული და გაუფრთხილდით ამ დღეებს, აღიჭურვეთ რკინისებური მოთმინებით, შეიყვარეთ თქვენი შვილის მასწავლებლები, წიგნები, სასკოლო ნივთები, შეცდომები, შეაქეთ და წაახალისეთ, უთხარით, რომ შეცდომები ბუნებრივია, ესაუბრეთ ინსტრუქციის მნიშვნელობაზე და იცინეთ მათთან ერთად. შფოთვა დაივიწყეთ და ნდობა გამოუცხადეთ პატარა ადამიანს, რომელსაც  უზარმაზარი პასუხისმგებლობა დასტყდომია თავს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი