პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

 თეატრი პანდემიაში. მეგობარი და მასწავლებელი.

„დიდმა ხარმა დაადგა ფეხი ჩემს ენას. ხმა რომ ამოეღო თავად ამ სახლს, ცხადად იტყოდა; მე, ჩემდათავად, ვინც რამე იცის, მისთვის მაქვს სათქმელი და ვინც არ იცის, მისთვის მეც არაფერი მახსოვს…“ – ვკითხულობთ ესქილეს ტრილოგია „ორესტეას“ პირველ ნაწილში (თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა). ამ სიტყვებს წარმოთქვამს სასახლის ქონგურზე მდგარი გუშაგი, რომელმაც ტროას ომიდან დაბრუნებულ აგამემნონს პირველმა უნდა გაუღოს კარიბჭე. რა იმალება მისი შემზარავად იდუმალი მონოლოგის მიღმა? რა არის ის, რაც არ ითქმის მის ბაგეთაგან და რაც მხოლოდ ციხის ქონგურებზე აბრიალებული ჩირაღდნის ცეცხლმა უნდა შთანთქას?

ჩემთვის ზუსტად ეს იდუმალებაა თეატრი. ფრაზებსა და ქმედებებს შორის ჩამწყვდეული ენერგია, რომელიც „აქ და ახლა“ – განზომილებაში შობს სიცოცხლის ახალ პატერნებს და გმუხტავს ილუზიით, რომ ეს შენი პირადი პროექციაა, ის სინამდვილეა, რომელიც სხვა რეალობათა შორის ყველაზე ცოცხალი, ხელშესახები და ღვთაებრივია.

არ ვიცი, რას იტყოდა ან რას დამალავდა სასახლის გუშაგი, აგამემნონის ლაშქრის ნაცვლად, თანამედროვე დროში, კორონაშეყრილი კაცობრიობის ლეგიონი რომ ეხილა; განჭვრეტდა იმის მომავალს, რისი პირმშოც თავადაა, რის ბინადრადაც აქცია ის საუკუნეების წინ დიდმა ტრაგიკოსმა?!

გუშაგის მონოლოგი ისევ ესქილეს დავუთმოთ, ჩვენ კი მისივე სამზერისკენ გავაპაროთ თვალი და დროის კალენდარზე მოვნიშნოთ ერთი დღე, რომელმაც ახალი რეალობა სრულიად საჩინო გახადა – 2020 წლის 27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე. ეს დღე მსოფლიო თეატრებმა ცარიელ დარბაზებში, უმაყურებლოდ აღნიშნეს.

პანდემიამ ჩვენს პლანეტაზე ახალი დღის წესრიგი შექმნა და შესაბამისად, ეს წესრიგი შეეხო ხელოვნების სფეროებსაც, მათ შორის თეატრს, ამ 26-საუკუნოვან სახელოვნებო დარგს, რომლისთვისაც უმთავრესი – ცოცხალი კომუნიკაცია – შეზღუდვათა და აკრძალვათა ჩამონათვალის პირველ ნომრად იქცა.

ბუნებრივია, თეატრი მოუმზადებელი შეხვდა ამ ახალ გამოწვევას (გნებავთ, განსაცდელს), მას დაჩქარებული წესით მოუწია გამოსავლის გზებზე ფიქრი და მსჯელობა. თუმცა, თეატრი თავად გულისხმობს კრიზისიდან გამოსავალს, ის იდეაშივე ფლობს ძალას, რომელიც ზუსტად ამგვარ გამოწვევებზე და წინააღმდეგობებზე უნდა რეზონირებდეს, ბადებდეს ახალ სივრცეებსა და სიტუაციებს, სადაც ის მუდმივად განახორციელებს თავის მთავარ აქტს – სიცოცხლის აქტს. გამოსავლის გზები გამოინახა, თუმცა ისეთმა პრობლემებმაც იჩინა თავი, რომლებსაც აქამდე აქტიურ ფაზაში მყოფი თეატრალური საზოგადოება ვერ ამჩნევდა.  პანდემიის დასაწყისში თეატრებმა ინტერნეტის საშუალებით სპექტაკლების ონლაინტრანსლირება დაიწყეს. ერთი მხრივ, თეატრმა უამრავი მაყურებელი მოიზიდა, მეორე მხრივ კი, მასთან ცოცხალი კავშირი დაკარგა. ამასთან ერთად, ამ ხელოვნურმა მასშტაბურობამ კიდევ უფრო საგრძნობი გახადა უამრავი ტექიკურ-შინარსობრივი პრობლემა და იყო შემთხვევებიც, როცა სპექტაკლის ონლაინჩვენების დასაწყისში, ეკრანებთან მობილიზებული ათასობით მაყურებლიდან, სპექტაკლის ბოლოს „ინტერნეტ-მრიცხველმა“ მხოლოდ რამდენიმე ათეული დაითვალა.

ახალ ვითარებას ფეხი ქართულმა თეატრმაც შეძლებისდაგვარად აუწყო. თეატრების უმრავლესობამ საკუთარი ვიდეო-არქივი გაასაჯაროვა, შედგა რამდენიმე ონლაინჩვენება (პერფორმანსი, აქცია), მათ შორის სატელევიზიო ეთერში. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, წერილში „თეატრი მორიგი განახლების პირისპირ, ანუ ჰიბრიდული თეატრის ერა იწყება?“ პანდემიის რეჟიმში მომწყვდეულ თეატრალურ პროცესებს ეხება და აღნიშნავს: „პანდემიამ ევროპული თეატრი, როგორც მძლავრი კულტურულ-ეკონომიკურ-ტურისტული ინდუსტრია გააჩერა, მაგრამ წინასწარ შემუშავებულმა თავდაცვის მექანიზმმა ის განადგურებისგან იხსნა. ქართული თეატრი კი თავდაცვის ინსტრუმენტებს არ ფლობს და ამიტომაც COVID-19-მა მას ორმაგი დარტყმა მიაყენა. ზედაპირზე ამოტივტივდა ქართული თეატრის წინაშე მდგარი მწვავე და აქტუალური პრობლემები. ახლა, თვითიზოლაციისას შემოქმედებით სფეროს წარმომადგენლებს (არა მხოლოდ სათეატრო) – დაფიქრების, მსჯელობის, დისკუსიის (რისთვისაც აქამდე თითქოს არ ეცალათ) საშუალება მიეცათ. აღმოჩნდა, რომ მათ წინაშე პანდემიამდეც უამრავი პრობლემა იდგა, რომელთა გადაჭრაზე ფიქრი კულუარებს არ გასცდენია. ახლა კი დაიწყო ხმამაღალი და საჯარო საუბარი რეფორმების აუცილებლობაზე, სათეატრო პოლიტიკის და შემოქმედებითი პროცესის გაჯანსაღებაზე, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე და სხვ.“.

ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ ქართველ რეჟისორებს და მსახიობებს, რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს კარანტინში „მოყოლილი თეატრის“ ბედი.  ვკითხეთ მათ, თუ რა ტიპის სირთულეებს შეეჩეხნენ თავად, როგორია მათი განცდა პანდემიურ ყოფაში.

იოანე ხუციშვილი (რეჟისორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი): უმთავრეს პრობლემად მაინც მიმაჩნია რეგულაციები და თეატრის, როგორც შემოქმედებითი ორგანიზაციის, არასწორი დამოკიდებულება პანდემიასა და მის რეგულაციებთან. ვერ და არ გამოვიყენეთ ეს დრო ისეთი აქტივობებით, რაც სამომავლოდ უფრო გააძლიერებდა თეატრსა და მის დაბრუნებას ჩვეულ ტემპში. გამონაკლისია რამდენიმე თეატრი, რომელმაც არ შეწყვიტა „მუშაობა”, შიდა შემოქმედებითი პროცესი არ გააჩერა, რაც მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად თეატრისთვის და რაც მთავარია, არტისტისთვის – ყველანაირი გაგებით. ეს უმოქმედობა მომავალში უფრო დიდ დანაკარგს გამოავლენს და გვიჩვენებს, რომ სპექტაკლის ართამაშზე მეტად სარეპეტიციო პროცესის შეწყვეტა გაცილებით დიდი ზარალის მომტანია.  არადა, ერთი მხრივ, სახელმწიფოსგან გრძელდება თეატრალური პროექტების დაფინანსება და მეორე მხრივ, ზღუდავს თავისი რეგულაციებით. ვფიქრობ, სწორედ აქ არის გასააზრებელი ოქროს შუალედის პრინციპი და  სახელმწიფოსგან ეს ნაბიჯი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოოდ ისე არ გამოვიდეს, რომ მათი ეს დამოკიდებულება მხოლოდ თეატრების და ხელოვანების გასაჩუმებელი პოლიტიკაა და სხვა არაფერი. პრობლემა ჩვენშია…

თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი): მოულოდნელად დაიკეტა თეატრის კარი… დავრჩით უსაქმურები… თავიდან თითქოს ცოტა დავისვენეთ… ვითომ გამოვიძინეთ… პირადად მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა დედამიწის ჩაკეტვამ, რომ თეატრი ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი გადამრჩენელია! მართლაც ზღაპარია, რომელშიც უნდა იმოგზაურო! მეგონა მაქსიმუმ ერთ თვეში გავიხსნებოდით და ამასობაში, სახლში დარჩენით ჩატარებულ კულინარიულ შეჯიბრში გავიდა 8 თვე. ჩვენი პროფესია პროცესის გარეშე ფერს კარგავს და ხუნდება… მეშინია არ შევეჩვიოთ! თეატრი, კოსტიუმი, გრიმი, რეპეტიცია, სპექტაკლი, პრემიერა, მაყურებელი, კომუნიკაცია მენატრება.

ლუკა ინწკირველი (რეჟისორი):  რადგან თეატრი ცოცხალი ხელოვნებაა, ის მთლიანად  დამოკიდებულია მაყურებელთან ცოცხალ კონტაქტზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მწვავედ პრობლემა ამ კუთხით გაჩნდა და არ ვგულისხმობ მხოლოდ მაყურებლის ფიზიკურად დაშორებას თეატრთან. როცა პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ სხვადასხვა სფერო თანდათან ამოძრავდა, თეატრის არგახსნის მომენტი თითქოს ყველასთვის უმნიშვნელო და შეუმჩნეველი დარჩა. ეს ფაქტი, რომ საზოგადოებამ თეატრის გახსნა არ მოითხოვა, საგანგაშო მესიჯი იყო ჩვენთვის. დაგვრჩა შეგრძნება, რომ მოსახლეობისთვის და სახელმწიფოსთვის ეს სფერო საერთოდ უინტერესოა, რომ მაყურებელი თეატრს მხოლოდ ფიზიკურად არ დაშორებია.  ეს სიმართლე ალბათ ყველა თეატრალისთვის რთულია, მაგრამ ფაქტია.

კითხვაზე, რაიმე „სარგებელი“ თუ ახლავს ამ ახალ გამოწვევას თეატრისთვის, ან რაიმე ტიპის ინსპირაციად თუ იქცა ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, ასეთი პასუხები  მივიღეთ:

თამუნა ნიკოლაძე: ყველაფრის მიუხედავად, ეს დრო მაინც არაჩვეულებრივი საშუალებაა დაფიქრებისთვის, გააზრებისთვის და გაზრდისთვის. ბევრი რამ გადაფასდა და დაფასდა. ბევრი სიახლე და აღმოჩენა გაკეთდა. დედამიწისხელა პრობლემებია ჩვენს სფეროში და დროა ახალი წამოწყებების და მაყურებლის თავიდან მოშინაურების. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ მეშინია მაყურებელი არ გადაგვეჩვიოს! ისედაც დიდი ხანია დაწყებულია ინტერნეტით ადამიანური მეგაბაიტების ამოწურვა. დროა დავფიქრდეთ, რა სჭირდება თეატრში მოსულ ადამიან-მაყურებელს? რით შეიძლება ყველა ასაკის მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება?! ეს კითხვები მიტრიალებს თავში. საკუთარ თავს პასუხს ალბათ მხოლოდ მაშინ გავცემ, როცა თეატრი გაიხსნება!

იოანე ხუციშვილი: პანდემიამ ბევრი კარგი რამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თეატრალური ხელოვნების შესაძლებლობებში და მის უალტერნატივო ცოცხალი ხელოვნების თვისებების სიჭარბეში. იმაში, რომ ყველაზე ცოცხალი ხელოვნება არის თეატრი და მის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ადამიანი – მსახიობი/მაყურებელი ცოცხალ პლანში! პანდემიამ ასევე ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა ქართული (და არა მარტო) თეატრის, თუ რამდენად უნდა ქართულ თეატრ(ებს)ს სიცოცხლე ანუ მოქმედება, თუ სურს ხელფასით იყოს უზრუნველყოფილი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია?!… აქტივობები უფრო მეტად იგრძნობა დამოუკიდებელ არტისტებში და არა სახელმწიფო თეატრებში, არადა ამ თეატრებს ახლაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვთ ამ პრობლემებთან გამკლავებისა. პანდემიამ გამოავლინა ბევრი თეატრის არაშემოქმედებითი უნარი და მისი აუცილებლობა. პანდემიამ პირველ საწყისებთან დააბრუნა თეატრი და მისი შენობიდან გამოსვლამ ბევრი კარგი იდეის შესაძლებლობა გაუჩინა, თუმცა ბევრი თეატრი ისევ უმოქმედოდ დარჩა შენობებში. პანდემიამ გამოავლინა, რომ თეატრალური სამყარო ჩვენს ქვეყანაში არაა თანმიმდევრული და პროტესტის უნარის მქონე პრობლემასთან მიმართებაში და  მას არ შეუძლია ბევრ საკითხში/ზე დიალოგი და შეთანხმება. ამიტომ, ლოგიკურად ვხდებით დამოკიდებული იმ გამოსავალზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს ზოგადად კულტურის და განსაკუთრებით თეატრის მიმართ. პანდემიამ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოგვცა შანსი საკუთარი თავის აღმოჩენის და თეატრში ჩვენი ფუნქციური არსებობის აუცილებლობაზე დაფიქრებისა, ან პირიქით. ეს არის თვითკრიტიკის ყველაზე მძაფრი და საჭირო დრო, სადაც გეძლევა საშუალება გადააფასო საკუთარი თავი, თეატრალურ ხელოვნებასთან მიმართებაში და არა მარტო… ეს პერიოდი აუცილებლად იქონიებს გავლენას მომავალში და უფრო მძაფრად გაგვააზრებინებს ბევრ ისეთ თემას, რომლებიც დღეს თითქოს დრომოჭმულია. სამყაროში ყველა კრიზისი საინტერესოა, რადგან ადამიანის ლუსტრაციის ხარისხი და მისი რეაგირება კრიზისზე უფრო დიდია. ერთგვარი ახალი ფორმების დაბადების შანსია ხელოვნებაში! რადგან თეატრში მაინც უმთავრესი მოქმედებაა! უმოქმედობა კი სიკვდილია, თუმცა ესეც პოზიციაა… პანდემია, მისი კატეგორიულობის მიუხედავად, მაინც გვიტოვებს არჩევანს… და არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა…

ლუკა ინწკირველი: ალბათ ისევ ძიება და ამ პრობლემაზე ფიქრი მიგვიყვანს იქამდე, როგორ შეიძლება გახდეს თეატრი მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, პანდემიის არაპროგნოზირებადობა და არასტაბილური მოცემულობაც არის პრობლემა, რომელთანაც, სამწუხაროდ,  რთული აღმოჩნდა გამკლავება და ეს მარტო ჩვენს ქვეყანას არ ეხება. პირადად მე ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც გათვლილი იყო ყველა მოცემულ რეგულაციაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ აქტიური გახდა და პრემიერამდე 1 კვირით ადრე მოგვიწია თითქმის მზა სპექტაკლის გაჩერება გაურკვეველ დრომდე, რაც, ბუნებრივია, ძალიან რთულია შემოქმედებითი ჯგუფისთვის. ის ენერგეტიკა, რაც ახლავს პროცესს და მით უმეტეს დასრულების ეტაპზე, თითქოს გაქრა. იმედია, სულ ცოტა ხანში თეატრიც და მთელი პლანეტაც შეძლებს დაუბრუნდეს იმავე ტემპს, მაგრამ იმ პრობლემების გადააზრება კი აუცილებლად უნდა დავიწყოთ, რაც ამ ვირუსმა გამოავლინა.

 

როცა სასახლის ქონგურზე გადმომდგარი აგამემნონის გუშაგი ხელს ანტიკური პათოსით მოიჩრდილავს და საუკუნეთა მიღმიდან გამოხედავს კარიბჭისკენ მომავალ ლეგიონს, ისევ რაღაც იდუმალი აზრი მოუვა თავში და სწორუპოვარ ექსპოზიციას უკარნახებს ვინმე დრამატურგს, ჩასაფრებულს ყველა ქონგურთან, საიდანაც მომავლის კონტურები მოჩანს.

და ეს იქნება თეატრი. თეატრი ყოველთვის იქნება, თუ ის თავის საიდუმლოს შეინარჩუნებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი