პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

 შეკითხვების დასმა და  ტექსტის გააზრება

„ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა“

კითხვა – რატომ? – როგორც უსასრულო ფიქრის დასაწყისი

მაღალი კლასის მოსწავლეთათვის „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე თავი უკვე ნაცნობია, გნებავთ ნასწავლი, თუმცა მაინც უძნელდებათ ტექსტის იდეური გზავნილის – „ავთანდილის ანდერძის“ – გააზრება. მიუხედავად იმისა, რომ წინარე ცოდნა მეტ-ნაკლებად აქვთ, თან არსებობს ტექსტის სხვადასხვა გამოცემები, რომლებიც მოსწავლეებს შინაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება, ნაწარმოების ინდივიდუალური გააზრება  მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რა დასამალია, რომ მასწავლებლებიც ძნელად შეელევიან კორიფეთა ნააზრევს. არაა ადვილი, შენეული ხედვით „გასინჯო“ ის, რასაც რუსთველოლოგია, როგორც მეცნიერება, დღემდე შეისწავლის. ვინაიდან  სწავლების თანამედროვე მიდგომები და მაღალი სააზროვნო უნარები შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა იყოს ამგვარი აზროვნების მაგალითი. სხვაგვარად ვერც დააინტერესებს და ვერც დაარწმუნებს მოსწავლეებს, რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა. ამ ურთულეს საქმეს გონებით, სიახლეების ძიებით უნდა მივუდგეთ და არა მხოლოდ აღიარებული ინტერპრეტაციებით.

   ტექსტის აღქმისა და გააზრების პროცესი წარმოუდგენელია შეკითხვების გარეშე. ამისათვის კი შეკითხვებს – რას და ვისთვის აკეთებს ავთანდილი? რას ამბობს? რას ელოდება? – უნდა შევუნაცვლოთ: რატომ ამბობს? რატომ მიდის? რატომ  არ ეშინია სიკვდილის და ა. შ.

  • რატომ ითხოვს ავთანდილი მეფისაგან შენდობას?
  • რატომ არის დარწმუნებული, რომ ამგვარი წერილით შეიძლება როსტევანის მოსალოდნელი „ქმედებების“ თავიდან არიდება?

ზეციური და მიწიერი მეუფების წინაშე („ორთა მათ ჩვენთა უფალთა“) ავთანდილი იაზრებს მიწიერი მეუფის, როგორც ზეციურისგან ხელდასხმულის როლს და ამით როსტევანის არა მარტო მიწიერ ძალაუფლებას, არამედ ზეციურთან წილნაყარობას ადასტურებს. სავარაუდოდ, სამყაროს ჰარმონიულ განვითარებაში პიროვნების როლის განუზომლობის მიუხედავად, ავთანდილს მეფისადმი, მისი კანონებისადმი მორჩილება არანაკლებ საგულისხმო-პატივსაცემად მიაჩნია. „ძებნად ჩემგან საძებრისად“ – ამით ავთანდილი ერთი კონკრეტული ადამიანის ნება-მოვალეობას წამოსწევს წინა პლანზე და, ფაქტობრივად, შეახსენებს მეფეს, რომ ზეციური მეუფისათვის ადამიანი უფლის ხატია. მას აქვს მიწაზე ღვთაებრივი როლის შესრულების უფლება, რამეთუ, სამყაროში ღმერთსა (ასევე მიწიერ მეფეს) და ადამიანს თავ-თავისი მისია აკისრიათ. კაცობრიობის გონებრივი  და ესთეტური განვითარება მხოლოდ მეფეებზე არ ყოფილა დამოკიდებული. მეტიც, მეფეს მამობრივი როლი უნდა შეესრულებინა ერთან დამოკიდებულებაში და ეს სულიერებაზე ზრუნვასაც მოიაზრებდა. საინტერესოა, რომ ავთანდილის ღვთაებრივი ნების „ობიექტი“, ანუ ტარიელი შეფარულადაა მის მიერვე გაცხადებული. რატომ? ძნელია, რუსთაველის დიდოსტატობას ახსნა გავუბედოთ და ჩვენი ვერსიის ნამდვილობა დაბეჯითებით ვამტკიცოთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ესეც მიზანმიმართული მხატვრულობაა – კონკრეტულ სახელებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანის (სრულქმნილ ადამიანს ვგულისხმობ) დახმარებაა აუცილებელი, ე. ი., ასეც უნდა მოხდეს.  ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ ტარიელი არაა რიგითი პიროვნება, ის ინდოეთის მეფეა და ავთანდილს სურს, დაუბრუნოს ის ობიექტურ სინამდვილეს. სამომავლოდ კი ინდოეთში ისტორიული სამართლიანობაც აღდგეს. ფაქტობრივად, ავთანდილი არა მარტო მიჯნურ ტარიელს, არამედ ინდოეთის მეფეს ეხმარება. და თუ ყოველი მეფე უფლისაგან ხელდასხმულია, მაშინ ღვთიური სამართლის აღდგენასაც მოიაზრებს „ძებნად ჩემგან საძებრისად“, „ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად“ წასვლა.

  • რატომ აირჩია ავთანდილმა „კაცი ბრძენი“ საკუთარ ეპითეტად?
  • რატომ უნდა ესმოდეს „მოყვრის“ გაწირვა-არგაწირვის საკითხი სიღრმისეულად მას და არა სხვას?

ავთანდილი ადამიანის გონების მწვრთნელად, უპირველეს ყოვლისა, ცოდნას მოიაზრებს. როსტევანს იგი მოკრძალებით მიმართავს – „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ“… პლატონის ფილოსოფიური ნააზრევის მოხმობით ის მაღლდება მკითხველის თვალში, რამეთუ ისეთი არგუმენტი მოჰყავს, შეკამათება ძნელია. სიმართლეს არ შეიძლება დაუპირისპირდეს სიცრუე, რადგან, როგორც აღვნიშნე, ღვთიური წესრიგი მხოლოდ სიმართლეს ეყრდნობა. ის ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული წესრიგია, შეცვლას არ ექვემდებარება. სამაგიეროდ, ადამიანს ჰმართებს გაილაშქროს სიცრუისა და ორპირობის წინააღმდეგ, რათა ამით აქაც და იქაც არ დააკნინოს მისი როლი. თუ ადამიანი სულის კანონებს არ გაიხდის აუცილებელ შესასრულებლად, მხოლოდ მეფეთა კანონები ვერ აზიარებს მას ადამიანის უმთავრესი დანიშნულების არსს.

მეორე არგუმენტიც – „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ – უკონტრარგუმენტოა, რადგან ფილოსოფიური შეხედულებები თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებად არ ვაქციეთ, მაშინ ისინი გინდ ყოფილა და გინდ არა! „განა ყოველი“ არ იცის მეფემ, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ყმა ბედავს „ურჩობას“, არგუმენტები „მეფის მცნებებზე“ მაღლა უნდა დადგეს. მეფის კანონები სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ძლიერებას განაპირობებენ, უპირველესად, ფილოსოფია კი აზროვნების შეცვლისა და განვითარების წინაპირობაა, ამდენად: „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“, ანუ ჩვენი ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს, ზეციურ ჰარმონიას უნდა შევუერთდეთ (უფალს მივუახლოვდეთ). ზეციური ჰარმონია კი თავად ადამიანის მოსაპოვებელია, ის მეფეთა წყალობის საგანი არ არის, ამიტომაც ასე ზედმიწევნით ხსნის ავთანდილი ანდერძში წასვლის აუცილებლობას.

  • ხომ არ იყო ეს წერილი, ამავდროულად, შოთას ანდერძი თამარ მეფისადმი?

თუ მივემხრობით იმ კრიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოემა ეძღვნება არა თამარ მეფეს, არამედ დავით აღმაშენებელს, მაშინ იმის დაშვებაც შესაძლებელია, რომ ავტორი დავითის იდეურ კონცეფციას უტოვებს თამარ მეფეს ანდერძად, ანუ შოთა რუსთაველი დავითის იდეურ-პოლიტიკური შეხედულებების ერთგულია, მისი ხაზის გამგრძელებელი, რაც ძალიან მოკლედ ასეა ფორმულირებული – „ვეფხისტყაოსანი“ ჰიმნია პიროვნების ღირსებისადმი მიძღვნილი. თუ ეს ვერსია დასაშვებია, მაშინ, „ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია… მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია“,  ხომ არ გვეუბნება იდეურ „შეფარვაზე“?!  და იქნება ამიტომაც დევნიდნენ პოემასა და მის ავტორს, რომ თამარს  გაუბედა და „მიუთითა“?! იქნებ ავთანდილი თავად ავტორია, რომელიც ტარიელს, ანუ იდეას თუ არ დაეხმარება, არ გადაარჩენს, მაშინ ისტორიული სამართლიანობის – პიროვნების ღირსების დაცვის გზა – დავით აღმაშენებლის იდეური გზა „დაჭკნება“?!

ავთანდილს არ შეუძლია წაუსვლელობით როსტევანს ასიამოვნოს. ჰერმან ჰესეს „პოეტი“ გაგვახსენდება – არ უნდა ჰან ფოკს მამის წყენინება, მაგრამ ჭეშმარიტი ხელოვნება მოითხოვს მსხვერპლს – ყველასა და ყველაფერზე უარის თქმასა და აბსოლუტურ განმარტოებას. ავთანდილის სამწლიანი მოგზაურობა ასეთივე ძიების გზაა. მანაც უნდა იპოვოს ტარიელი, რომ „უცხო მოყმის“ ფენომენის ახსნით ახალ აზროვნებას ჩაეყაროს საფუძველი, მან უნდა აირჩიოს თავისუფლება, კიდევ გავიმეორებ, პიროვნული თავისუფლება – „ჩემთა სახმილთა გზნებისა“, ანუ საკუთარი ნებისამებრ უნდა იმოქმედოს. აღარ დაეძებს რა მოუვა, მთავარია, ტარიელს დაეხმაროს. სწორედ ამიტომ მიდის მარტო, თორემ არ გაუჭირდებოდა საუკეთესო მეომრების შერჩევა. ტარიელი როგორ მოიქცა, როცა ნესტანი იყო მოსაძებნი?! დიახ, ავთანდილი სულიერ სრულყოფილებას მიელტვის, ეს გზა კი ტარიელის გზისაგან განსხვავდება, ეს გზა მარტოა გასავლელი. ავთანდილს ვერავინ დაეხმარება. ჰან ფოკიც ასე მოიქცა და განსაცდელის მიუხედავად, შეძლო სამყაროს უზადო ხატება უფრო უზადო გაეხადა თავის შემოქმედებაში. გავიმეორებ, სამყაროს სრულქმნილი ქმნილებაა ტარიელი და არ შეიძლება მისი უარყოფა, ეს ხომ ღვთის უარყოფის ტოლფასი იქნება.

როგორ გავიაზროთ ავთანდილის სიტყვები:„თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად: მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად“?

ტექსტის თითოეული სტროფი ახალ რეალობას, ახალ თვალთახედვას ავითარებს. ავთანდილი არც მეტი, არც ნაკლები, ეუბნება მეფეს, რომ მათი არჩევანი განსხვავებულია – მეფეს მხიარულება, დიდება და სიმდიდრე უსურვა, როგორც ამქვეყნიური ძლიერების „სიამენი“, საკუთარი თავისთვის კი სახელი და დიდება აირჩია, რომელსაც ტარიელის გვერდით ყოფნით მიაღწევს. ერთ მხარესაა ამქვეყნიური ნეტარება, ხოლო მეორე მხარეს – ზეციური ნეტარებისაკენ სწრაფვა, მოყვასის სიყვარულით ნასაზრდოები. მეფესა და ავთანდილს შორის კონფლიქტია, ღირებულებათა კონფლიქტი და სპასპეტი საკუთარი გზის ჭეშმარიტებაზე იმიტომ უყვება მეფეს, რომ ამ გზის გარდაუვალობა დაანახვოს, მეტიც უანდერძოს.

ამ გადაწყვეტილების სისწორეში ავთანდილი იმდენად დარწმუნებულია, რომ მზის დარი ხელმწიფის სამსახურში არ ერიდება ხიფათს. საინტერესოა ისიც, რომ დროს, როგორც ფილოსოფიურ კატეგორიას ისე უყურებს – ტარიელის დახმარება ახლა და ამ წუთასაა აზრის მატარებელი, თორემ მერე, უკან მიდევნებული ლამპარი გზას ვერ გაუნათებს ვეფხისტყავიან მოყმეს – „რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა!“. ასეთ საქმეში ფეხის თრევა კაცისთვის ლაჩრობაა და სხვა არაფერი.

  • რატომ ვერ დაუწუნებს როსტევანი ავთანდილს ანდერძს, იგივე თათბირს?!
  • განა მეფეა და არა აქვს მომადლებული „ერთი კაცის უფლება?!
  • ვერ დაადევნებს ავთანდილს მდევარს და ვერ მოაბრუნებს სამეფოში?
  • ვერ დაადანაშაულებს მეფის დაუკითხავად სამხედრო საქმის შერმადინისთვის გადაბარების გამო?!

ეტყობა რუსთაველის ლიტერატურული ესთეტიკა მხოლოდ გამოგონილის ესთეტიკა არაა – არაბეთს სურს რაღაც ახალი, რამეთუ თუ წინ არ მიდიხარ, უკან მიიწევ (მდგომარე მდგომარეობა არ არსებობს). უცხოს მიერ დანახვებული სამყარო სხვაგვარია – დაუნდობელი, მუხანათი, ცრემლიანი, ტკივილიანი, უსამართლო, მკვლელი… თუ ეს სამყარო იმძლავრებს, მაშინ არაბეთის კეთილდღეობა იქნება ვიწრო მსოფლხედვაზე, ეგოიზმზე დაფუძნებული. ავთანდილი არაბეთს უღებს სულიერ კარებს, რადგან  მაგალითი მისცეს დანარჩენ სამყაროს. როგორ ჰგავს ბარათაშვილის „მერანის“  კონცეფციას: „მოძმესა ჩემსა სირთულე გზისა გაუადვილდეს“. გამოცდილების დასაგროვებლად ბევრი რამაა საჭირო, სულიერი გამოცდილების შესაძენად –  მით უფრო; განა ნაკლებღირებულია მეგობრისთვის სიკვდილი, ვიდრე დიდძალი სიმდიდრის ფლობა. ისინი ერთმანეთს არ ეცილებიან, მაგრამ პირველი მეორის გარეშე მომაკვდინებელი ძალისაა.

  • ეს ის ავთანდილი არაა, რომელიც ჭაშნაგირს უცერემონიოდ, ცივსისხლიანივით კლავს?
  • განა ასე უგულოდ გამეტება კაცის – „შეურივა ტვინი თმასა“- იმ მაღალ ზნეობრიობაზე მიგვანიშნებს, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ?

არა! მაშინ ახსნაც უნდა ვუპოვოთ. ტარიელი პირადი ღირსებით გამორჩეულია, მზესავით (ღმერთივით) ბრწყინვალეა. სამართლიანადაც მას ეკუთვნის ინდოეთის მეფობა. ავთანდილი ტარიელში უფლისმიერი სამართლიანობისა და წესრიგის დამრღვევთა მსხვერპლს ხედავს. ასე რომ ჭაშნაგირი არაა მაღალზნეობრივი ადამიანების კატეგორიიდან, არ ეკუთვნის მათ, ვინც ღვთიურობას ასხივებენ. ბუნებრივია, ეს არ ამართლებს მის მკვლელობას, მაგრამ ავთანდილის მსხვერპლი  ისეთი „მტკივნეული“ არაა მკითხველისათვის, რომ ნაწარმოების ემოციური ფონი შეცვალოს. ტარიელს შეუძლია „ქმნა მართლისა სიმართლისა“, ის სამყაროს სიმართლეა, რომელმაც ახალ სამყაროს უნდა გაუხსნას გზა. მას რომ არ გასჭირვებოდა, ეს გზა არასდროს გამოჩნდებოდა და ვერც ავთანდილი იტყოდა -„მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე“. ტარიელი სპასპეტის ფიქრში დასახლდა და ის ვერ გადაასახლებდა მას, რადგან „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

  • სადა გაქრა ამ დროს გამიჯნურებული ავთანდილი, რატომ გადაინაცვლა თინათინმა მეორე ადგილას?!

იქნებ აქ ადგილების მიკუთვნება ხელოვნურია და ავთანდილი თინათინის მეფობის დაკავშირებას „სხვა“ არაბეთთან ფიქრობს, რომელიც ახალი აზროვნებით, მოყვრობის, მეგობრობის ფილოსოფიური ხედვით გაჯერებულ-გასხივოსნებული იქნება. რა მოხდება, თუ ავთანდილს მუხთალი ბედი არ დაინდობს და მოკვდება?! ალბათ, ამიტომაცაა საჭირო ანდერძი, რომ მისი იდეური გზა გააგრძელოს სხვამ და ის სხვა, შესაძლოა, მეფეა ან თუნდაც შერმადინია. როგორც ალუდასი მინდია, ასეა „ვეფხისტყაოსანშიც“, ავთანდილის „გამგრძელებელია“ შერმადინი… განა შემთხვევითია, რომ ავთანდილი ეუბნება ყმას: „იყავ ვითამც ავთანდილი“. ყოველწამიერი სიკვდილის მოლოდინისთვის ავთანდილი მზადაა – „სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“.

საწუთროს უპირისპირდება ავთანდილი, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ შეიძლება ამ დაპირისპირებაში საწუთრომ „გაიმარჯვოს“ და  დარჩეს უცხო მხარეში, აღზრდილთა და ახლობელთაგან დაუტირებელი. აი, მაშინ ითხოვს კვლავ შებრალებას მეფისაგან, ლმობიერი და მოწყალე გულის პატრონისაგან.

  • რატომ ქველმოქმედება სიკვდილის შემდეგ და არა მანამდე?
  • წასვლამდე რატომ არ გაანაწილა ავთანდილმა თავისი აუწონელი ქონება?!

სულზე ზრუნვა ამქვეყნად არყოფნის შემდეგაც გრძელდება. აქ გაცხადებულია, რომ სული მუდმივად ითხოვს მიწიერ შესაწირს. თუ როსტევანი გაამდიდრებს უპოვართ, გაათავისუფლებს მონებს ავთანდილის სახელით, მათი ლოცვა მის სულს მიეწევა. უპოვართა გულმხურვალე ლოცვამ სიკვდილის შემდეგაც უნდა შეუნარჩუნოს ავთანდილს სულიერი განუმეორებლობა. მიწიერი ცოდვებისაგან გათავისუფლებისთვის არაბეთის სპასპეტი გაიღებს ყველაფერს, ურიცხვსა და ვერ ანაწონებს. ე. ი. ავთანდილი მიდის „საომრად“, მაგრამ არა მტრების, არამედ მოყვასთა „დასალაშქრად“.

სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისათვის უფრო მეტად საინტერესო რომ გახდეს, პირველ რიგში, მასწავლებლები უნდა გახდნენ მაძიებლები, შემოქმედნი. მოზარდისათვის მასწავლებლის აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც პატივი ვცეთ საკუთარ აზრებს, ბუნებრივია, ამ დროს მთავარი, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ტექსტი და ტექსტის გააზრების თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების ცოდნა და ფლობა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი