პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ შეიცვალა ცალკეული მოსწავლეების ქცევა დისტანციური სწავლებისას

დისტანციური სწავლების დაწყებიდან ძალიან მალე როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვისაც აშკარა გახდა, რომ ცალკეული მოსწავლეები, რომლებიც რეალურ სასკოლო გარემოში საკმაოდ პასიურობდნენ და გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნევლები რჩებოდნენ, უჩვეულოდ გააქტიურდნენ. რა თქმა უნდა, ყველა პასიურ მოსწავლეზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ცალკეული მოსწავლეების ქცევაში ასეთი ცვლილება იმდენად თვალში საცემია, რომ ამაზე საუბარი ნამდვილად ღირს.

ამ ცვლილების ასახსნელად უნდა ვიცოდეთ, რა განაპირობებს მოსწავლეთა პასიურობას რეალურ სასკოლო გარემოში:

* ყველაზე ხშირად ამის მიზეზი სოციალური და ემოციური დაუცველობის შეგრძნებაა. როცა ბავშვი სოციალურად და ემოციურად უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს, იმის შიშით, რომ ვიღაცამ მის ნათქვამზე არ გაიცინოს, ირონიული გამომეტყველებით არ შეხედოს, მისი პასუხი სისულელედ არ მიიჩნიოს, ის ამჯობინებს, შეუმჩნეველი დარჩეს. ხშირად ეს მდგომარეობა ჯგუფში მის სოციალურ სტატუსზეც აისახება და გაკვეთილზე ასეთი ბავშვის ყოფნას უმეტესად არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ თანაკლასელებიც კი ვერ ამჩნევენ. დისტანციური სწავლება ასეთ ბავშვებს, რასაკვირველია, სრული უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს, მაგრამ განსხვავებული სასწავლო გარემო, ონლაინჩართვები სახლიდან, სადაც ისინი ოჯახის წევრების ყურადღებით, სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი, მათ სოციალური და ემოციური დაცულობის უფრო ძლიერ განცდას უქმნის, გამბედაობას მატებს და ისინიც აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. თუმცა, ვინაიდან ბოლომდე უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობენ თავს, როგორც წესი, ვიდეოკამერები გამორთული აქვთ.

* შესაძლოა, რეალურ სასკოლო გარემოში ჩატარებულ გაკვეთილზე ბავშვი იმის გამო პასიურობდეს, რომ კარგად არ აქვს მომზადებული გაკვეთილი და დარწმუნებული არ არის საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებში. ონლაინსწავლებისას მას თამამად შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვოს შორიახლოს მდგომ მშობელს ან გვერდით დადებულ სახელმძღვანელოში ამოიკითხოს საჭირო პასუხი. ამის გაკეთება მას არ გაუჭირდება, თუ ვიდეოკამერა, ტექნიკური გაუმართაობის მომიზეზებით, გათიშული ექნება. სამაგიეროდ, თანაკლასელებს შორის ის მცოდნე მოსწავლის სახელს დაიმკვიდრებს და თავს მოიწონებს საკუთარი ცოდნით.

* რეალურ საგაკვეთილო პროცესში ბავშვი ხშირად იმიტომაც პასიურობს, რომ, თავისი ტიპოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, აქვს მოქმედებისა და მეტყველების შენელებული ტემპი და ვერ ასწრებს თანაკლასელებს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას. ონლაინსწავლება, როცა მასწავლებელს სწორად აქვს დაგეგმილი და ორგანიზებული სასწავლო პროცესი, იძლევა საშუალებას, მხოლოდ იმ მოსწავლემ ილაპარაკოს, ვისაც პედაგოგი მიმართავს. დანარჩენებს ის უბრალოდ გაუთიშავს მიკროფონებს, რაც კონკრეტულ ბავშვს პასუხისთვის ბევრად უფრო კომფორტულ და დაცულ გარემოს შეუქმნის.

* ონლაინსწავლებისას ბავშვის გააქტიურება შესაძლოა მშობლებისთვის თავის მოწონების მოტივითაც იყოს ნაკარნახევი. ხშირად მშობლები თვალს ადევნებენ ონლაინგაკვეთილს და საგაკვეთილო პროცესში შვილის ჩართულობას, მის ქცევას. ასეთ სიტუაციაში ბავშვმა მშობლების კეთილგანწყობა რომ მოიპოვოს და დაარწმუნოს ისინი, რომ არცთუ ისე ცუდი მოსწავლეა, შესაძლოა, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, ვიდრე რეალურ საკლასო გარემოში ჩატარებულ გაკვეთილზე.

თუმცა დისტანციურ სწავლებას მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის მოსწავლეთა ქცევა არ შეუცვლია – არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რეალურ საგაკვეთილო პროცესში საკმაოდ აქტიური ბავშვი ონლაინგაკვეთილებზე უჩვეულოდ პასიურობს. მსგავსი შემთხვევების ასახსნელად უნდა ვიცოდეთ, რატომ აქტიურობენ რეალურ გაკვეთილზე ასეთი ბავშვები:

* თუ რეალურ სასკოლო გარემოში ბავშვის აქტიურობა თანაკლასელებისთვის თავის მოწონებით, ჯგუფში სასურველი ადგილის დამკვიდრებით იყო მოტივირებული, შესაძლოა, ონლაინგაკვეთილებზე ის პასიური გახდეს და ინტერესიც კი დაკარგოს საგაკვეთილო პროცესის მიმართ, რადგან ონლაინ სასწავლო გარემო გარშემო მყოფებზე ეფექტის მოხდენის ნაკლებ შესაძლებლობებს აძლევს.

* შესაძლოა, რეალურ საკლასო ოთახში აქტიური ბავშვი ონლაინგაკვეთილებზე იმის გამო პასიურობდეს, რომ, ვირტუალური სასწავლო გარემოს თავისებურებებიდან გამომდინარე, სასურველ დროს ვერ ახერხებს თანაკლასელებისა და პედაგოგის ყურადღების მიპყრობას და დუმილს ამჯობინებს.

* ზოგიერთ ბავშვს ონლაინგაკვეთილებზე აქტიურობაში ხელს უშლის ის გარემოება, რომ თანაკლასელებსა და პედაგოგებთან მისი ურთიერთობა კომპიუტერული პროგრამით და ტექნიკური საშუალებებით არის გაშუალებული.

ამრიგად, სასწავლო გარემო და სწავლების ფორმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე, სასწავლო პროცესში მის ჩართულობასა და სასწავლო მოტივაციაზე. განსხვავებულ სასწავლო გარემოში მოსწავლის ქცევის შესწავლა, მისი გაანალიზება დიდ დახმარებას გაგვიწევს ცალკეულ მოსწავლეებთან მუშაობის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებაში და მათთან ურთიერთობისას მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი