სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

 რა არის საქართველო?

საქართველო ვერ არის ადვილად სალაპარაკო. აბა, საკუთარ თავზე როგორ უნდა ილაპარაკო. თანაც ობიექტურად. ან საერთოდ არსებობს კი ობიექტური ლაპარაკი. არ მგონია. სულ ტყუილია, შეუძლებელი. ამიტომაც საკუთარი თავი უფრო სჯობს აქო, ვიდრე პირიქით. საკუთარი თავი, ანუ საქართველო.

მითხრეს დაწერე ხუთი ამბავი, რაც საქართველოს სხვა გააცნობსო. ეგეთი წერა მე არ მეხერხება და ჩემთვის რა არის, მაგას გეტყვით. კარგს მხოლოდ. ცუდიც ვიცი. ცუდს დავმალავ. ხომ გითხარით, ობიექტურობა მოჭორილი საქმეა.

პირველ რიგში, საქართველო არის ძებნა. ავთანდილისგან ტარიელის. ტარიელისგან ნესტანის. მეგობრობა და სიყვარული. განა ღვთიური და შეუცდომელი. სასიძოს რომ მიეპარება და მძინარეს მოკლავს, ეგ არის ამბავი. ცუდია, მაგრამ ამბავია. იქ ავთანდილი რასაც ჩაატარებს ფატმანთან. ეგეც, ეგეც. მაგრამ ესენი სხვა სიმღერისთვის ნამღერი ამბებია. იმად ნამღერი, რომ იდეალური გმირები არ არსებობენ. და თუ არსებობენ, ვერ ვარგიან. გმირი უნდა იყოს შემცდარი. გმირი უნდა იყოს ამოვარდნილი. და მერე გამარჯვებული. მერე კეთილი. ეგ ბოროტი, რომელსაც კეთილმა სძლია, შენში იყო და შენშივე დაამარცხე. აფორიზმიც ამაზე მგონია. „ვეფხისტყაოსანი“ საკუთარ თავში მოგზაურობის ისტორიაა. იქ არიან ეს გმირები. იქ არის საქართველო.

 

საქართველო არის მურმანი. აი, ის მზაკვარი მურმანი, ეთერს რომ ფეტვს შეაყრის. ერთად ვაძაგოთ ეგ კაცი, აუცილებლად ვაძაგოთ, მაგრამ მერე რა, ლექსს იტყვის?! ფაუსტურს. წამის შეჩერების ამბავში. ან მეტსაც. ,,ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო, ვეხვევი ბროლის გულ-მკერდსა, ვეღარ ვიხილავ მალეო’’ ვაჰ! ვაჰ!

 

საქართველო ალუდა ქეთელაურია. საკუთარ თავზე გამარჯვებული კაცი. ალუდა თემი იყო, იმ თემზე მეტი, ვინც მერე გააძევა. წესებს იცავდა კი არა, მაგალითს აძლევდა ამ წესების დაცვის. მაგრამ ალუდა ადგა და თემი გააძევა გულიდან. გრძელი ამბავია, ორი სიტყვით რატომ და რისთვის – არ გამოდის. ჰოდა, თემს შეეძლო ეცხოვრა ცალკე, ალუდას ცალკე. ერთ სოფელში. ალუდა დაეტეოდა. თემსაც დაატევდა. თემმა არ ისურვა და ახლა ალუდა დედამიწაზე ვერ ეტევა. იმაზე დიდია, რაც ახლა ვართ. იმაზე მეტი შეუძლია.

 

საქართველო ილია ჭავჭავაძეა. ილია ჭავჭავაძე კიდევ რამდენია – მწერალიც არის და ბანკირიც, ბანქოისტიც და მოსამართლეც, თეატრალიც და მოხელეც, რედაქტორიც და დუელიანტიც. ცოცხალიც და მოკლულიც. ძაგებულიც და წმინდანიც. რაღა არ. ვინღა არ. ეს კაცი რომ ბევრია, დამაბნევლად ბევრი – ეგ არის საქართველო.

 

საქართველო არის კოჭლი გენიოსი მერანზე. და ეგ მხედარი კიდევ რას ამბობს, რას გვიბედავს: ,,ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის’’. არ ან ვერ კი არა, ნუო. აი, ეგ გაბედვაა საქართველო.

 

საქართველო ეს ამბებია. ან არ არის და უნდა იყოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი