სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

XIX საუკუნის პოეტების ლირიკული პორტრეტები XX საუკუნის ტექსტებში

მეცხრამეტე საუკუნე ჩვენი მწერლობის განსაკუთრებული ეტაპია რომანტიკული და რეალისტური მწერლობის უმდიდრესი მემკვიდრეობით, ავტორებით, რომლებიც არ ყოფილან მხოლოდ მწერლები, არამედ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს მათ საზოგადო მოღვაწეობას, დაუცხრომელ ბრძოლას მწვავე სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი – ეს სახელები მუდამ ოქროს ასოებით იქნება ამოტვიფრული ქართველი ერის მეხსიერებაში. დრო მათ დიდებას მეტი სინათლითა და შარავანდედით მოსავს. მეოცე საუკუნის ავტორებს, მიუხედავად მათ მიერ შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის მწერლობისა, მაინც წინაპარ ხელოვანთა ჩრდილში უწევდათ ყოფნა და ამას არც თავად უარყოფდნენ. მათ შემოქმედებაში უამრავჯერ გაცოცხლებულა მეცხრამეტე საუკუნის პოეტების ხატები, მათი იდეები, შექმნილა დაუვიწყარი პორტრეტები. გავიხსენოთ გალაკტიონ ტაბიძისეული გადაძახილები. „ძვირფასი ლანდები“ – მის მიერ შექმნილი მხოლოდ ეს ერთი პოეტური ხატი ეპოქალური მნიშვნელობის დამტევი ცხადი ილუსტრაციაა მათდამი გალაკტიონის  დამოკიდებულებისა. მას თავის შედევრებში არაერთხელ გაუმხელია, რომ ბარათაშვილისა და აკაკის პოეტური მემკვიდრეობის გამგრძელებლად წარმოიდგენდა საკუთარ თავს.

რაღაცნაირი „ოქროს კვეთით“ არის დაყოფილი XIX და XX საუკუნეების ქართული მწერლობა. რომანტიზმი და რეალიზმი XIX საუკუნის I-II ნახევარში, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი XX საუკუნის I-II ნახევარში.  ამ ეპოქებს შორის იდეური ბმა ცხადად შეინიშნება. მიუხედავად სტილური და იდეურ-მხატვრული მრავალფეროვნებისა, უწყვეტი ძაფებით იყვნენ ამ მიმდინარეობის ადეპტი მწერლები ურთიერთდაკავშირებულნი. ვფიქრობ, ცალკე კვლევის საგანია მეცხრამეტე საუკუნის კლასიკოსთა კვალი მეოცე საუკუნის მოდერნისტული მწერლობის საგანძურში. ამჯერად კი ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლირიკის ორი უდიდესი წარმომადგენლის – გივი გეგეჭკორისა და მურმან ლებანიძის დამოკიდებულება მეცხრამეტე საუკუნის პოეტებისადმი. ამ კონკრეტული წერილის თემად საკმარისია ყურადღება შევაჩეროთ ორ ლექსზე, რომლებიც წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებშიც შევიდა. მაშ, ასე: გივი გეგეჭკორის „მეცხრამეტე საუკუნის პოეტები“ და მურმან ლებანიძის „ეტლი“. ორივე ლექსი უაღრესად საინტერესო მასალა იყო აბიტურიენტებისთვის ეფექტური იდეურ-მხატვრული თხზულების დასაწერად, თუმცა მათ სიღრმეებში წვდომა არ გახლავთ იოლი ამოცანა და საიმისოდ, რომ აბიტურიენტს ეს დავალება წარმატებით დაეძლია, დიდძალი პარალელური ცოდნა, ნაკითხობა, გემოვნება და ორიგინალური ხედვა უნდა გამოემჟღავნებინა, უნდა წარმოეჩინა ეპოქებს შორის კავშირები, გაეაზრებინა ფართოპლანიანი ლიტერატურული სარბიელის ესთეტიკა.

მურმან ლებანიძის ლექსი „ეტლი“ ეძღვნება აკაკი წერეთელს, რომელსაც პოეტი წარმოაჩენს, როგორც მამას, ქურუმს, ღვთაებრივს. ლექსი პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ბრწყინვალე ნიმუშია. როგორც ეს პოსტმოდერნისტებისთვის არის დამახასიათებელი, მასში ცოცხლდება მითოსური არქეტიპები. თვით აკაკის სახეც მითოლოგიზებულია. ეტლიც მითოსური ალუზიაა ელია თეზბიტელის ბიბლიური ისტორიიდან. ხოლო „თეთრად ჩაცმული, ფეხშიშველი და დაქანცული 30 ქალწული“, რომელიც ეტლს მიაქროლებს, თითქოს ვესტალები არიან, ქალღმერთ ვესტას ქურუმი ქალწულები, რომელთა მოვალეობა იყო მარადიული ცეცხლის შენარჩუნება ვესტას ტაძარში. ცხადია, ცეცხლის შენარჩუნება სიმბოლურ-ალეგორიულად გამოსახავს XIX საუკუნის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მისიას, რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღდგინებასთან დაკავშირებულს. ლექსში იკვეთება სამი მთავარი იდეა: 1) აკაკი არის ღვთაებრივი, უკანასკნელი ორი საუკუნის ქართული ლირიკის მამა და ის ჩვენს აღფრთოვანებას იმსახურებს; 2) მისი შემოქმედება ეროვნული ხსნის იდეებთან არის გადაჯაჭვული; 3) თავისუფლების იდეა არის უზენაესი, მონობა სირცხვილია და პოეტს მითუმეტეს არ შეჰფერის მორჩილება. „სირცხვილი მონას და ისიც მგოსანს!“ – ასე რადიკალური ფორმით ახმოვანებს პოეტი აკაკის იდეურ პათოსს. მწერლობას რომ უდიდესი ძალა აქვს და აკაკის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ რეალობაზე, საზოგადოების ცნობიერებაზე, მოწმობს პოეტის ეს მიმართვა: „სხვა საუკუნე მოდის და მოვა / და წავა შავი წარსულის ჯანღი! / შენ გიყვარს მეტი ქართველი ხალხი!“

გენიალურია ის მეტაფორული სახე-სიმბოლოები, რომელთაც მურმან ლებანიძე აკაკის სახის გამოსაძერწად იყენებს: ღვთაებრივი ჩანგი, თეთრი ვარდის აკიდო, არწივის ჭანგი, მამულის მწყემსი/მწყემსი კეთილი, კისერი – სალამური, ცეცხლად გადაქცეული ლექსი (ეს სიმბოლო ელიას ცეცხლოვანი ეტლების ალუზიად გვესახება), ლომური ჭაღარა, ნისლში აფრიალებული სახელი. ყოველი მათგანი იმდენად ტევადი, ღრმა და გამომსახველია, რომ დეკოდირების განსაკუთრებული მცდელობის გარეშეც დაკვირვებული მკითხველი იოლად ამოიცნობს მათ ქვეტექსტებს. რაც შეეხებათ ახალ ვესტალებს, ისინი თავს არ ზოგავენ პოეზიის მამის დიდების სამსახურში:

„და მიქრის ეტლი, და დაღლილ ქალწულთ

არც შეჩერება, არც ეტლიდან გამოხსნა არ სურთ –

თავს უზენაეს ბედქვეშა რაცხენ… სულმნათო!

შენი მირონი აცხე მათს ნათელ შუბლებს,

მოჰფინონ რათა ათასწლეულებს ძენი თვისნი,

რომ, ოდეს ეტლით შენ ჩაუქროლებ საუკუნეებს,

მათ ყვავილები მოგაყარონ მეტი და მეტი!“

ისინი თითქოს ის ქართველი დედები არიან, რომელთაც ილია ამ მისიას ჩააგონებდა თავის ლექსში „ქართვლის დედას“:

„აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, –
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს…

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს“.

გივი გეგეჭკორი და მურმან ლებანიძე ერთი ეპოქის შვილები არიან. ნიშანდობლივია, რომ ორივე ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, 2002 წელს გავიდა ამა სოფლიდან. ასაკობრივი სხვაობა კი მათ შორის მხოლოდ 11 წელი იყო. თუ მურმან ლებანიძის მოცემული ლექსი მხოლოდ აკაკის მონუმენტური სახის დახატვას ისახავს მიზნად, გივი გეგეჭკორის ლექსში ცოცხლდებიან მეცხრამეტე საუკუნის უკვდავი სახელები. საგულისხმოა, რომ ეტლის სახე-სიმბოლო გეგეჭკორის ლექსშიც იხატება, ოღონდ განსხვავებული რაკურსით. თუ აკაკის ეტლს ოცდაათი ტურფა ქალწული მიქროლებდა, აქ ლექსის ლირიკული გმირების მიმართ ავტორის პიეტეტი ასე არის გამოხატული: „…ღამის შრიალში ათიათასჯერ გიხდით ბენეფისს, ეტლში ცხენები გამოვუშვით, უნდა გატაროთ,  ეტლში შევებათ, როგორც ცხენები“… ანუ აქ უკვე საუკუნის ეტლში მეოცე საუკუნის პოეტები ებმებიან. ამით ავტორი იმასაც მიანიშნებს, რომ მწერლები აგრძელებენ მამულის ეტლის ტარების, ეროვნული იდეების მესაჭეობის ფუნქციას. პოეტი ასე ხედავს მეცხრამეტე საუკუნის პოეტების როლს: მათ ცრემლებში თრთოდა საქართველო და მათი ლექსებით გულს იოხებდნენ, ხოლო მათი შარავანდედი „აკვანზე დახრილ ქართლის დედას მუდამ ამკობდა“. ეს იდეა იკვეთება მურმან ლებანიძის „ეტლშიც“ და ზემოთ დამოწმებულ ილიას ლექსში.

რასაკვირველია, გივი გეგეჭკორს არ გამორჩენია თავის წინამორბედთა ჯვარი, თუ რა  რა სირთულეების გადალახვა უხდებოდათ მწერლებს იმპერიის ცენზურის წინაშე: „საცოდავია, ვინც პირდაპირ სათქმელს ვერ ამბობს და იშველიებს ალეგორიებს“… თუმცა ამ თემაზე შეგვიძლია ვეკამათოთ პოეტს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“ და ალეგორიული აზროვნება ჩვენს მწერლობას მეტ იდეურ სიღრმეს, იდუმალებასა და ხიბლსაც სძენდა.

ვინ არიან გივი გეგეჭკორის ლექსის ლირიკული გმირები? მართალია, ავტორი ლექსს ასე ასათაურებს – „მეცხრამეტე საუკუნის პოეტები“ და ამ სინტაგმით ალბათ ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ტექსტში ის კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ახსენებს, პოსტმოდერნისტული ტექსტებისთვის დამახასიათებელი მანერით, სიტყვების თამაშით, მინიშნებებით, ალუზიებით გვიცოცხლებს თავის გმირებს. გენერლის მუნდირის მატარებელი – ცხადია, ეს ან გრიგოლ ორბელიანი უნდა იყოს ან ალექსანდრე ჭავჭავაძე, თუმცა ვინაიდან აქვე იხსენიება შუამთა – ალექსანდრე ჭავჭავაძის განსასვენებელი, გენერლისმუნდირიანად ალბათ სწორედ „გოგჩის“  ავტორი უნდა მივიჩნიოთ. აქვე იხსენიებიან: მასწავლებელი ქართლის სოფელში – ეს უდავოდ, ვაჟა-ფშაველაა, ხოლო მომრიგებელი მოსამართლე დუშეთის მაზრის ან „ივერიის თანამშრომელი“, ცხადია, ყველამ იცის, რომ დიდი ილიაა. საინტერესო სახეა „ნამესტნიკის მოხელე“, რომელიც, სავარაუდოდ, რაფიელ ერისთავი უნდა იყოს. იხსენიება ლირიკულ გმირთა საფლავები მთაწმინდაზე, დიდუბეში, ქისტაურსა და შუამთაში. ქისტაურში დაკრძალული გახლავთ პოპულარული ლექსის („სამშობლო ხევსურისა“) ავტორი რაფიელ ერისთავი. პოეტის აზრით, მთავარი მახასიათებელი მეცხრამეტე საუკუნის პოეტებისა არის გულწრფელობა და უმანკოება („ო, თქვენი მზერა რა უმანკოა!“), რამაც მათ შემოქმედებას გზა ფართოდ გაუხსნა ხალხის გულებისკენ. პოეტი აღიარებს, რომ მათი „უბიწო და გულუბრყვილო ლექსის ხაფანგში“ ბავშვობიდანვე „გაება“ და ამით ამაყობს კიდეც. როგორც მურმან ლებანიძის ლექსში, აქაც ავტორი ხაზს უსვამს ამ ორი საუკუნის საუკუნის ავტორთა უწყვეტ კავშირს, როცა ლექსის დასასრულს აღნიშნავს, რომ ოდესღაც „ყველა ერთად შეიკრიბება“…

დაახლოებით ისეთსავე მეტაფორულ სახე-სიმბოლოებს იყენებს გივი გეგეჭკორი ლირიკული ხატების გამოსაძერწად, როგორსაც გვთავაზობს მურმან ლებანიძე: მათი შუბლი ეკლესიის თეთრი პორტალია, მათი მეტყველი თვალები ყოვლისმხედველია, ხელებზე დაყრდნობილი ნიკაპი თავდაჯერებისა და ურყევი რწმენის გამომსახველია. შთამბეჭდავი მხატვრული სახეა ამაყი ბოტი, რომელიც კრავების კუნტრუშს დაჰყურებს ზემოდან… მეცხრამეტე საუკუნის პოეტები დევების ქორწილის სტუმრებად წარმოადგინა პოეტმა, რადგან მათ იმპერიის შავბნელ მახინასთან უწევდათ გამუდმებით ჭიდილი, მათი იმედი – მერცხალია, ცრემლები – იაგუნდის ქინძისთავები, ხოლო წიფლის შიმელი, ნორჩი ყლორტი სიახლის, ძიების, ახალი თაობებისადმი იმედის მეტაფორაა. მართალია, მათ გესლავდა ეჭვის მორიელი, ალბათ ეჭვისა იმაზე, შეძლებდა თუ არა ქართველი ხალხი რუსული იმპერიისთვის სახელმწიფოებრიობის გამოგლეჯას, თუმცა საკუთარ თავგანწირვაში სკეპსისი მათთვის უცხო იყო. მათი ჰეროიკული სახეების გარშემო ესთეტიზმისა და შემოქმედებითი აზროვნების უამრავი სიმბოლო ტრიალებს, მაგალითად: ჭრიჭინების კაპელა, ათასი ჩუმი ვარსკვლავი, ჩოხის კალთები, როგორც მაგიური მფარველი ძალა, მათ ამაყ მხრებზე შემომსხდარი კვირიონები, ღაზლის წინდები, მშობლიური რეალობის სახე-სიმბოლო…

ყველასთვის კარგად ნაცნობ ლირიკულ გმირებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს პოეტი, ისინი თითქოს ფანჯრებთან მდგარნი იყურებიან, ხოლო მათი ნაღვლიანი ლექსის სტრიქონი, როგორც კომეტა, ჩაუქროლებს ახალ ეპოქებს. ისინი ქტონური ღმერთებივით ისევ და ისევ მოდიან, უკან ბრუნდებიან „ოცდამეერთე საუკუნის მისადგომებთან“…   ეს ძვირფასი, წუხილის გამქარვებელი სახეები ისედაც მშობლიურია ჩვენი ხალხისთვის, თუმცა როცა თანამედროვე პოეტი ესოდენი სიყვარულით გვიცოცხლებს მათ სახეებს, ეს მკითხველში საოცარ ემოციებს აღძრავს, განსაზღვრავს ახალი თაობების დამოკიდებულებას ამ უკვდავი სახელების მიმართ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი