სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მესტია. სოფელი ფარი

მალე სკოლა დაიწყება…

ქუთაისიდან პირდაპირ მესტიაში…

ლამაზი სოფელი ჩანს ფარი: ნისლში ჩაფლული ვეება მთებით,
პატარა მდინარეებით , რუებით, ლურჯი ცითა და ღრუბლებიდან მომღიმარი „მზეთუნახავი” მზით,..
მოფუსფუსე, შრომაში ჩართული ხალხით… სვანური დიალექტით :(…..

15 სექტემბერი _ ცნობისმოყვარეობითა და მოლოდინებით
აღვსილი დილა..

_ როგორი იქნება პირველი სასწავლო დღე ჩემთვის ფარის
საჯარო სკოლაში?… ბავშვები?… მასწავლებლები?…

წავედი…

ერთი ღობე… მეორე… უკვე სკოლის ჭიშკართან ვდგავარ….
სიჩუმეა… რამდენიმე მოსწავლე გამოჩნდა… იმალებიან… თითქოს მორცხვობენ… და ჩურჩული:
„ეს არის! ეს არის!”… აი პირველი დიალოგიც: სალამი, ახალი სასწავლო წლის მილოცვა
და დიდი „გამარჯობა” პატარებისაგან ახალ მასწავლებელს. შემდეგ სკოლის კიბეები, სამასწავლებლო,
დიდებული კოლექტივით, პირველი ზარი და ლამაზი თვალებგაბრწყინებული ბავშვები…

პირველი სასწავლო დღეც დასრულდა, ვბრუნდები შინ შთაბეჭდილებებით
დახუნძლული, გაოცებული თემის გულთბილობით, სტუმართმოყვარეობით, მოხიბლული ვარ მოსწავლეებით
მათი ბავშვური სილამაზითა და გულწრფელობით, თვალწინ მიდგას ფრაზა: „ბავშვის თვალების
მიღმაა სიწმინდე თქვენ რომ დაეძებთ”… დღევანდელი დღე წარმატებულია: უკვე დიდი ოჯახის
სრულუფლებიანი წევრი ვარ!


………..

ვფიქრობ რომ საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობ, ყოველ დილით
ვიცი სახლიდან გავალ და რაღაც საინტერესოს წავაწყდები, უცნაური ისტორიის მხილველი და
მონაწილე გავხდები…

ვხედავ და გული მწყდება, რომ მთაში ბევრი ნიჭი უკვალოდ
იკარგება. მოხიბლული ვარ ჩემი მოსწავლეების შემოქმედებითობით, მათი მუსიკალურობით.
აქ ბევრი თვითნასწავლი მხატვარი და არქიტექტორია. მიყვარს ბავშვების ენთუზიაზმით აღვსილი
თვალები, რომლებიც ყოველთვის დაჟინებით გიცქერენ, ახალს და საინტერესოს მოელიან შენგან…
მსიამოვნებს მათთან თანამშრომლობა, მახალისებს ბავშვური გულუბრყვილო, სასაცილო პასუხები:
ორფეხა კურდღელზე, რქებიან სპილოზე…  ზოგჯერაც
მოსწრებული ანალოგიები: სექტორი _ლექტორთან, პროცესორი  _ პროფესორთან…   მკაცრ ბუნებაში გაზრდილები სიდინჯით გამოირჩევიან…
ჩემთვის აღმოჩენაა მე–5 კლასელი გოგონა, რომელიც ყოველდღე 6 კმ–ით დაცილებული სოფლიდან
ცხენზე ამხედრებული მოდის სკოლაში და რომლისთვისაც გაკვეთილების გაცდენის მიზეზი მხოლოდ
ცხენის უპასუხისმგებლობაა:

_ ვერიკო რატომ გააცდინე გაკვეთილი?

_ცხენი ვერ დავიჭირეთ
მას…

…..

პირველი თოვლი

აი პირველი თოვლიც…
კარგი განწყობა მაქვს დილიდან, დარწმუნებული ვარ დღეს ბავშვები გაკვეთილების ჩაშლასა
და თოვლში თამაშს შეეცდებიან. წინასწარ ვემზადები, თუ გარეთ გავალთ, მაშინ ჩემი მათემატიკური
ინტუიციით მოსწავლეებს თეთრი  გეომეტრიული ფიგურების
გამოძერწვა მოუწევთ. ვისაუზმე… სკოლისაკენ გავემართე და…    აი პირველი კრახი _ ყველაზე მეტად თეთრი ამინდით
გაკვირვებული მე აღმოვჩნდი.

 ….

ლამპრობა

5 თებერვალი
_ ზამთრის სუსხიანი დილაა… არა ჯერ ისევ ბნელა. გარეთ ხმაურია. ვიცი რომ ადრე უნდა
ავდგე, დგეს ხომ სვანეთში ცეცხლოვანი ლამპრობა (ყოველი მეომარი თითო ლამპარით) _ მამაკაცების
დღესასწაულია…. და მერე რა რომ მეომარი არ ვარ… წინასწარ ვიზრუნე _ ერთი ლამპარი
ჩემია!… უკვე ავდექით, გორაზე გამოჩნდა მეზობელი თემის ცეცხლოვანი რაზმი, ეხლა ჩვენი
ჯერია… ანთებული ლამპრებით მივემართებით სალოცავისაკენ. გარიჟრაჟზე სიჩუმეს ქათქათა
თოვლზე მოსიარული მეომრები აკრთობენ… მიხარია მეც ხომ ერთ–ერთი მათგანი ვარ…. შემდეგ
ლამპრები ერთდება, სინათლის სვეტი აღიმართება ცასა და დედამიწას შორის…. მამაკაცები
თემის უხუცესთან ერთად მზისკენ შემართულები თავიანთი მეომრების გამრავლებისათვის ლოცულობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი