სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ფუნქციური ცოდნის ნიუანსები

ფუნქციური სწავლება, ზოგადი მნიშვნელობით, გულისხმობს სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის რეალურ  ცხოვრებაში გამოყენების უნარს, რომელსაც ადამიანი სკოლაში იძენს. ცოდნის შეძენის ორი მთავარი წყაროა: სკოლა (ნებისმიერი სახისა, სადაც პედაგოგები გადასცემენ სხვადასხვა ტიპის ცოდნას) და თვითონ ცხოვრება, რომელიც გამოცდილების სახით ეძლევა ადამიანს. ყოველდღიური ყოფა (ოჯახი, გარემო, დრო, სივრცე, ტრადიცია და სხვ.) უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ეს კარგად არის გამოხატული ილია ჭავჭავაძის სიტყვებში: „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა, მაგრამ მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის“.

ადამიანი  ორ განზომილებაში ცხოვრობს: ეს არის პრაქტიკული, რაციონალური, რეალური სამყარო და ფიქრის, წარმოსახვის, ოცნების, რწმენის სამყარო. გონიერი კაცისთვის ორივე მნიშვნელოვანია.  ეს გონიერება განაპირობებს სწორედ იმას, რომ ადამიანს შეუძლია ნაფიქრის ხორცშესხმა, წარმოსახულ იდეათა რეალურ სამყაროში განხორციელება. ცოდნა, რომელიც არა მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ფლობას, არამედ მისი კრიტიკული გადამუშავების უნარსაც გულისხმობს, თანამედროვე სამყაროში იმ სოციალურ-კულტურულ გარემოში შეიძინება, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ჰქვია. ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერებისაკენ, შინაგანი ჰარმონიისკენ, ეს კი პირადაპირ არის დაკავშირებული მატერიალურ კეთილდღეობასთან. ისევ ილია ჭავჭავაძის  გაუცვეთელი და დღესაც აქტუალური, ნათლად  ჩამოყალიბებული თვალსაზრისი გავიხსენოთ: „ცოდნა, სწავლა-განათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხ-ხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე თვალ წინ ედოს და ვერა ჰხედავდეს უცოდინარობით და ან ჰხედავდეს და არ იცოდეს, როგორ და რა გზით აიღოს და შინ შეიტანოს, და მცოდნე კაცი-კი ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ ამოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მოეჩვენება“ („ისევ განათლების შესახებ“).

მოსწავლეს და მასწავლებელს ხშირად არ „უყვართ“  ერთი და იგივე რამ, ამიტომ, ამ შემთხვევაში, პედაგოგმა უპირატესობა მოსწავლის ინტერესს უნდა მიანიჭოს. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებაც, უპირველესად, იმას გულისხმობს, რომ მოსწავლემ კარგად გაიაზროს, ნებისმიერი თეორიული ცოდნა იმისთვისაა საჭირო, რომ კომპლექსური ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრას. ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებელი ეი ჯეი ჯულიანი როდესაც კოლეგებს უზიარებს გამოცდილებას, დეილ კარნეგის ციტატა იმოწმებს: ”პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი და ნაღები, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ რატომღაც, უცნაური მიზეზით, თევზები მატლებს ამჯობინებენ. ასე რომ, როდესაც სათევზაოდ დავდიოდი, არ ვფიქრობდი იმაზე, რაც მე  მინდოდა, არამედ ვფიქრობდი იმაზე, რაც თევზებს სურდათ. სათევზაო კაუჭზე მე არ ვკიდებდი  მარწყვსა და ნაღებს, არამედ ჭიაყელას ან მწერს“. მასწავლებლები ხომ ერთგვარი მებადურებიც არიან, რომელთაც „მოსწავლე“ უნდა დაიჭირონ, ამიტომ კარგად უნდა შეარჩიონ „სატყუარა“. ამას ისიც აძნელებს, რომ ამ „სატყუარას“ ხშირი ცვლა  და, შესაბამისად,  დიდი შემოქმედებით-გამომგონებლური უნარი სჭირდება.

როგორც დიმიტრი უზნაძე წერს: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“. ამიტომაც წარუმძღვარეს ავტორებმა სწორედ ეს სიტყვები ეროვნულ სასწავლო გეგმას.

ფუნქციური ცოდნა იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანმა თანაბარი ინტენსივობით შეიგრძნოს თავისი შინაგანი მრავალფეროვნების არსი, ფიქრისა და მოქმედების შეთანხმებულობა. ფიქრი და შეგრძნება ხშირად არაცნობიერის წიაღიდან მოედინება, ამიტომ აუცილებელია მათი კონტროლის უნარის გამომუშავება: „გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, /რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან“, _ წერს რუსთაველი.  ამ შემთხვევაში, პოეტი გულის, ე.ი. ირაციონალური, ინტუიციური ძალის უპირატესობას აღიარებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია იმ ძალების განვითარება, რომლებიც ადამიანს ფიქრების ანალიზში დაეხმარება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში კარგად ჩანს, როგორ უნდა შეამოწმოს მასწავლებელმა, აქვს თუ არა მოსწავლეს ფუნქციური ცოდნა. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს შემაჯამებელი დავალებების შედგენისას. ეს უნდა იყოს კომპლექსური, განსაზღვრული შესწავლილი თემების მიხედვით და წარმოადგენდეს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოსწავლისგან მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას; ამგვარი დავალებების მოსაფიქრებლად და შესარჩევად პედაგოგს დიდი ძალისხმევა მართებს.

ორი ძირითადი საკვანძო სიტყვა, როგორც გასაღები, უნდა იქცეს იმის სიღრმისეულად გასააზრებლად, რასაც ფუნქციური ცოდნა ჰქვია, ესენია: დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დამოუკიდებლობა გულისხმობს სხვათა დახმარების გარეშე საკუთარი შესაძლებლობის გააზრების უნარს, სწორი ინტერესების განსაზღვრას. კონკრეტული საგნის შესასწავლი ინდივიდუალური ტექნიკის გამომუშავებას.

თავისუფლება ნიშნავს ნებისმიერი არჩევნისა და გადაწყვეტილების შესაძლებლობას, შეცდომის დაშვების შიშის დაძლევას. ეს მასწავლებელმა უნდა მოახერხოს იმ გზით, რომ  მოსწავლეს გააცნობიერებინოს საკუთარი არჩევნის უნიკალურობა და ღირებულება, იმის განცდა ჩაუნერგოს, რომ შეცდომის დაშვების უფლება აქვს, რომ შეცდომა დანაშაული არ არის და ამის გამო სიტყვიერი შეფასებითა თუ ქულათა სკალით არ „დაისჯება“.

რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორად  შეფასებას, რომელმაც უნდა გამოავლინოს სწავლის შედეგი (აქ იგულისხმება თვითშეფასება, სხვათა თუ მასწავლებლის შეფასება). ამიტომაც მოსწავლის შეფასების (განმსაზღვრელი და განმავითარებელი)  მიზნები, პრინციპები და ამოცანები ეყრდნობა იმას, რომ  აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან და შესაბამის  კონტექსტებში.

შეიძლება პედაგოგს ცხოვრებას „ურთულებს“, მაგრამ მოსწავლეს „უადვილებს“ ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვისაც ითვალისწინებს ამ პირობას:   „მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის აუცილებელია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა, რომლებიც  ყოველდღიური სასიცოცხლო ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავებას უზრუნველყოფენ“.

მოსწავლემ არა მხოლოდ უნდა თეორიულად იცოდეს რაღაც, არამედ მისი გამოყენება შეძლოს ყოფის ორივე განზომილებში: სულიერსა და მატერიალურში, რადგან ცხოვრება, რეალობა ორივეს თანაბრად გულისხმობს. ფიქრის სამყაროსაც ისევე სჭირდება მოწესრიგება, კლასიფიცირება, როგორც რეალურს. ადამიანი უნდა გაიწვრთნას იმისთვის, რომ ჯერ იფიქროს, აწონ-დაწონოს და მერე გადადგას ნაბიჯი.  მაგალითად, მათემატიკის ცოდნით მოსწავლეს  უნდა შეეძლოს: კანონზომიერებების შემჩნევა და აღწერა ჩვენს გარემომცველ სამყაროში. ფიზიკის ცოდნა საშუალებას უნდა აძლევდეს, ნივთიერებების ფიზიკური მახასიათებლების ცოდნა დაუკავშიროს სხვადასხვა პროფესიასა თუ საქმიანობის სფეროს; უნდა შეძლოს დიფუზიის მოვლენის როლის შეფასება ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში; არა მხოლოდ უნდა იცოდეს, როგორ  მიიღება ელექტროენერგია, არამედ ელექტრული დენის მაგნიტური თვისებების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაციონალურად და უსაფრთხოდ გამოყენებაც უნდა შეეძლოს.

თეორია და პრაქტიკა ისე ბუნებრივად უნდა გადაეწნას ერთმანეთს, როგორც ყოველდღიურ ყოფაშია. მოსწავლემ თავისუფლად უნდა იმსჯელოს, თუ რა გამოყენება აქვს სიჩქარის ცნებას ან  რა მნიშვნელობა აქვს ატმოსფერული წნევის ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში,  რა როლს ასრულებენ  მცენარეები და ცხოველები ადამიანის ყოფაში, რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა,   როგორ წარმოქმნება დამოკიდებულება  მავნე ნივთიერებებზე (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აქროლადი ტოქსიკური ნივთიერებები) და როგორ უკავშირდება ეს ჯანმრთელობას. ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნამ მოსწავლეს უნდა შეაძლებინოს ნებისმიერ თემაზე სწორი მეტყველება და წერა. ნაფიქრის სიტყვიერ ქსოვილში გადატანა,  ჩამოუყალიბდეს  ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრულ ტექსტებთან, გამოუმუშავდეს და განუვითარდეს ქვეტექსტის (იმპლიციტური ინფორმაციის) წვდომის,  მასალის კონტექსტში გააზრებისა და ინტეპრეტაციის, კრიტიკული აზროვნებისა თუ წაკითხულის შეფასების უნარები. მოსწავლემ ისე უნდა დაუკავშიროს წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს, რომ მხატვრულ ტექსტში გაანალიზებული სიტუაციები დაეხმაროს მატერიალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემების გადაწყვეტისას.

საბოლოო ჯამში, სხვადასხვა საგანში მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბების გზით ადამიანმა სამყარო უნდა გაიაზროს, როგორც ერთი მთლიანი სასიცოცხლო სივრცე თავისი მრავალფეროვნებით, როგორც რუსთაველი ამბობს: „სამყარო გვაქვს უთვალავი ფერითა“. ამ უთვალავ ფერს გაფრთხილება სჭირდება. ასე რომ, ფუნქციური ცოდნა  ადამიანს შეაგრძნობინებს იმას, რომ თვითონაც ერთი „ფერია“ და საერთო უზოგადესი კანონზომიერების ნაწილია, რომ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია თუ სხვა საგნები ერთ რომელიმე ფერს შეისწავლიან, სამყაროს მოზაიკის ნაწილებს უღრმავდებიან, რომლებსაც დამოუკიდებელი ღირებულებაც აქვთ, თანვე, ერთიანი დედამიწისეული სასიცოცხლო სისტემის შეუცვლელ კომპონენტებად გვევლინებიან. ამგვარი განცდა კი მოსწავლეს დაიცავს იმგვარი ფიქრისაგან, რომელიც   რომელიმე საგნის  „ზედმეტობისა“ თუ  „უსარგებლობის“ განცდისგან იბადება. ფუნქციური ცოდნა მოსწავლეს   იმ მომხმარებლური სულისკვეთებისაგანაც გაათავისუფლებს, რომელიც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დედამიწას, არამედ კოსმოსს. ამგვარად, ის არა მხოლოდ ცალკეული საგნის ფუნქციურ ღირებულობას გაიაზრებს, არამედ იმ ურთულეს საკითხსაც ჩაუფიქრდება, რომელსაც საკუთარი, ინდივიდუალური, პიროვნული  არსებობის ფუნქციის გარკვევა ჰქვია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი