შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

უოლტ უიტმენის სამყარო

ლიტერატორთა ნაწილი დიდ პოეტს – უოლტ უიტმენს ქრისტეფორე კოლუმბს ადარებს ხოლმე. მაგალითად, ზვიად გამსახურდია შემოქმედსა და მოგზაურს შორის არსებულ ერთ მნიშვნელოვან მსგავსებაზე ამახვილებდა ყურადღებას. კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა, კონტინენტს მიაკვლია, ახალი მიწის არსებობის შესახებ ამცნო დანარჩენ სამყაროს. უიტმენის მთავარი დამსახურებაც ამერიკის აღმოჩენა გახლდათ, ოღონდ თეთრწვერა მოხეტიალემ სასარგებლო წიაღისეულის, კოლონიზაციისთვის ხელსაყრელი სივრცეების ნაცვლად უზარმაზარი უცნობი ქვეყნის სული გვაპოვნინა. ამერიკაზე ფიქრისას ყოველთვის „ბალახის ფოთლების“ ავტორი წარმომიდგება თვალწინ, რადგან პოეტმა ამერიკის ყოველდღიურობაზე დაკვირვებით, მისი საიდუმლოებების ამოხსნით ყველასთვის გასაგებად და მარტივად ახსნა ადამიანად ყოფნის არსი, ადამიანის მთავარი მისია დედამიწაზე.

როგორ შეძლო პოეტმა არამატერიალურ სფეროში კოლუმბის ფუნქციის შესრულება?

ნიჭისა და მოწოდების, ზებუნებრივ ძალებთან უდავო კავშირის გარდა უიტმენის შემოქმედებაზე თავისი ღრმა კვალი ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც დატოვა. იგი დაიბადა მრავალშვილიანი ფერმერის ოჯახში, რომელსაც გაჭირვების გამო ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. არც ბავშვობის შემდეგ ყოფილა ლონგ აილენდელის ყოფა სტაბილური. სხვადასხვა დროს ორჯერ სცადა მასწავლებლობა, ხშირად მუშაობდა ჟურნალისტად და რედაქტორად, თავადაც გამოსცემდა გაზეთს, რომელიც ერთ წელიწადში დაიხურა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ის მხოლოდ სიტყვით, თავისი ლექსებითა და სტატიებით არ უმაგრებდა ზურგს ამერიკის ერთიანობისა და მონობისგან გათავისუფლებისთვის მებრძოლ პრეზიდენტ ლინკოლნს. უიტმენი ფიზიკურად შრომობდა ლაზარეთებში, უვლიდა დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებს, მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში. მისი ლექსები და კრებულები მრავალჯერ ყოფილა უსამართლო გაკიცხვისა და გარიყვის მსხვერპლი. მოკლედ, დიდი პოეტი ყოველთვის ახლოს იყო ხალხის მასებთან, ქუჩაში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან, განცალკევებით მდგარი გლეხური კარ-მიდამოების მოსახლეებთან, ბრძოლაგამოვლილ სამხედროებთან, ყოველთვის იზიარებდა, საკუთარ მაგალითზეც აცნობიერებდა ჩაგრულთა ბედს და შედეგად, მუდამ გრძნობდა თავისი ხალხის მაჯისცემას. მათმა სიყვარულმა, მათდამი მოკრძალებამ გაუხსნა პოეტს ბუნებისა და მთელი სამყაროს შემეცნებისკენ მიმავალი გზა.

როგორ სამყაროს ქმნიდა უოლტ უიტმენი თავისი შემოქმედებით?

უიტმენის სამყაროს რამდენიმე მახასიათებლის გამოსაკვეთად ჩემს საყვარელ ლექსებს მოვიხმობ. ჩემთვის პოეზიის შერჩეულ ნიმუშებში ყველაზე უკეთ ჩანს ამერიკელისთვის დამახასიათებელი ჰუმანიზმი, მისი მსოფლმხედველობის სხვა წახნაგები, ადამიანის ბუნებრივი მოვალეობანი. შეგვიძლია სამოქალაქო ომის მონაწილე პოეტის ნამდვილ მანიფესტად მივიჩნიოთ სულ რამდენიმე ბწკარისგან შემდგარი ლექსი „მე ყოველ კაცში …“:

” მე ყოველ კაცში ჩემს თავს ვხედავ,

არავინ არის უკეთესი ან უარესი ქრთილის ოდენად,

ვინც სხვას ამცირებს, მეც მამცირებს,

და ვფიცავდე, არ მივიღებ არაფერს ისეთს,

რაც არ შეხვდება ყველას თანაბრად,

ვასახიერებ ყველა ტანჯულს, ყველა განკიცხულს,

რასაც მე ჩემსას დავარქმევ, დაარქვით თქვენიც,

სხვაგვარად არ ღირს, მოსმენაც ჩემი. ”

დააკვირდით!!! ხელის გულზე დევს ყველა ის ღირებულება, რომელთაც ამერიკელი თავისი მახვილი კალმით იცავს. უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანთა თანასწორობას ქადაგებს და ხმამაღლა შეგვახსენებს, რომ განსხვავებებისა და მრავალფეროვნების მიუხედავად ყველანი ღმერთის შვილები ვართ. აქვე, უოლტ უიტმენი მკაცრად ილაშქრებს ჩაგვრის წინააღმდეგ, გვიმტკიცებს, რომ თავისუფლების ერთი ცალკეული გამოვლინების შელახვა და გათელვა ნიშნავს ყველა ადამიანის თავისუფლებაზე მიტანილ იერიშს. რაც მთავარია, ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი ადამიანის უმთავრეს მოვალეობაზე სვამს აქცენტს და მკითხველს მის ხელთ არსებული სიკეთის გაზიარებისკენ, განაწილებისკენ მოუწოდებს. გაზიარებითა და განაწილებით შეუძლია ადამიანს თავისი ამქვეყნიური მისიის ყველაზე უკეთ შესრულება.

მაგრამ მხოლოდ ადამიანთა თანასწორობის აღიარება, ერთი ადამიანის ჩაგვრის საყოველთაო ჩაგვრად აღიარება და სიკეთის დანარჩენებისთვის განაწილება საკმარისი არ არის. აუცილებელია თითოეული ჩვენგანის კიდევ ერთი გამორჩეული თვისების აღიარება:

„…მთელი სამყარო მოიარა ჩემმა გონებამ

ყოველი არსის თანაგრძნობის მატარებელმა

ვეძებდი ყველგან ჩემს თანაბარს მოსიყვარულეს და მეინახეს მივაგენი

ყოველ მხარეში ყველა თქვენგანი უსაზღვროა განუზომელი

და ყოველ მათგანს უფლება აქვს  დედამიწაზე

გაიზიაროს მარადიულ ცხოვრების აზრი

ყველა თქვენგანი ღვთიურია და თანაბარი.“

მაშასადამე, ადამიანები მხოლოდ თანაბარნი კი არ არიან, მინის ტარის ქარხანაში ერთ თარგზე გამოჭრილი ბოთლებივით ერთნაირნი კი არ არიან… არამედ ყოველი ადამიანი ცალკე სამყაროს წარმოადგენს, ღვთიურ, უსაზღვრო და განუზომელ, მრავლის მომცველ სამყაროს, რომელთა სრულყოფილად შემეცნება შეუძლებელია, მაგრამ მათი არსებობისადმი პატივისცემა უპირობოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პლანეტაზე ცხოვრების გაკეთილშობილების საქმეში.

უოლტ უიტმენის მიერ აღწერილი და მხარდაჭერილი წესრიგის დასაცავად, შესანარჩუნებლად მხოლოდ განაწილება არ კმარა. ერთი ადამიანის სამყაროს გადასარჩენად და გამოსავლენად მეორეს თავდადება უნდა შეეძლოს, არაორდინარულ ქცევას არ უნდა ერიდებოდეს, გაბატონებული წესებისა და კანონების წინააღმდეგ უნდა დგამდეს ნაბიჯებს. თან სხვა ადამიანისთვის თავგანწირვა მარადიული უნდა იყოს, მზის ჩაქრობამდე უნდა გრძელდებოდეს. სწორედ ერთი ღვთიური, უსაზღვრო და განუზომელი ბუნების ხსნის მიზნით უნიშნავს უოლტ უიტმენი მეძავს პაემანს:

„დამშვიდდი, კდემა განიშორე ჩემთან –

მე ვარ უოლტ უიტმენი,

ბუნებასავით უხვი და მძლავრი

და ვიდრე შენ მზე არ უარგყოფს არც მე უარგყოფ

ვიდრე წყალი დის შენთვის

და შრიალს არ იშლიან შენთვის ფოთლები

ეგრევ ჩემი ხმაც არ მოიშლის დენას და შრიალს შენს გასაგონად,

ჩემო გოგონი, მე გინიშნავ პაემანს…“

სანამ ადამიანები „ბალახის ფოთლებს“ კითხულობენ, ამ „ფოთოლებზე“ დაწერილ განუმეორებელ პოეზიას ამჩნევენ, ყოველთვის შეძლებენ „უოლ სტრიტის მგლების“ მიღმა დარჩენილი ამერიკის, უოლტ უიტმენის ამერიკის შემჩნევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი