პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თვითშეფასება, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი (ნაწილი 2)

სტატიის წინა ნაწილში თვითშეფასება, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი (ნაწილი 1)  ვისაუბრეთ თვითშეფასების შესახებ და შევეხეთ კომპლექსური და ფოკუსირებული თვითშეფასების მიდგომებს. ამჯერად დავკონკრეტდებით კომპლექსურ თვითშეფასებასა და მისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე.

კომპლექსური თვითშეფასების დროს ხშირ შემთხვევაში განსაზღვრულია კონკრეტული კრიტერიუმები (ძირითადად მარეგულირებლის მიერ). სკოლა პერიოდულად, საშუალოდ, წელიწადში ერთხელ ახორციელებს თვითშეფასების პროცესს და ყველა მიმართულების მიხედვით იღებს მზა მონაცემებს. ამის შემდეგ ხდება მიღებული მონაცემების გაანალიზება, საჭიროებების გამოკვეთა და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მიდგომების სხვადასხვაგვარია, აქ მნიშვნელოვანი ზოგადი თვითშეფასების დადებითი და უარყოფითი მხარეებია. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ აკმაყოფილებს ზოგადი მონაცემები, შეუძლია ფოკუსირდეს კონკრეტულ სფეროზე და სიღრმისეულად გამოიკვლიოს ის. ასეთ დროს, სამწუხაროდ, მწირი ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ასევე რთულია თვითშეფასებს მთელი ამ პროცესის მენეჯმენტი დროში.

როგორც სტატიის წინა ნაწილში აღვნიშნეთ, თვითშეფასების პროცესში ერთ-ერთ რთულ საკითხს მონაცემების მოგროვება და მათი ანალიზი წარმოადგენს. კვლევის ინსტრუმენტების შექმნა, მათი გამოყენება და შემდგომ მონაცემების დამუშავება ბევრ დროს, ენერგიასა და შესაბამის ცოდნას მოითხოვს სკოლის წარმომადგენლებისაგან. ეს ერთგვარი გამოწვევაა არამხოლოდ ქართული, არამედ გერმანული სკოლებისთვისაც, რომლებსაც ასევე კანონი ავალდებულებს პერიოდულად თვითშეფასების ჩატარებას. პროცესის გამარტივებისათვის გერმანიაში, ბერტელსმანის ფონდმა სკოლებს თვითშეფასების ელექტრონული ინსტრუმენტი შესთავაზა. თვითშეფასების ელექტრონული მეთოდის (SEIS) გამოყენება დანერგილია გერმანიის რამდენიმე ნაწილში. ინსტრუმენტი შემუშავდა სასკოლო სისტემების საერთაშორისო ქსელის მიერ (INIS) სკოლების, ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით. თვითშეფასების ელექტრონული კითხვარის მეშვეობით ტარდება გამოკითხვა ყველა დაინტერესებულ ჯგუფში (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ა.შ.). ყველა განსხვავებული ჯგუფი მსგავს, ან მცირედით განსხვავებულ კითხვებს სცემს პასუხს. იგი მოიცავს ხარისხის ექვს სფეროს, რომლებიც 29 კრიტერიუმზე კონკრეტდება. ესენია:

  • სწავლის შედეგები – პერსონალური უნარები, საგნობრივი უნარები, სწავლისა და მეთოდური კომპეტენციები, პრაქტიკასთან დაკავშირებული უნარები, სკოლის შემდგომი ხედვა (მუდმივი სწავლის), სკოლით კმაყოფილება;
  • სწავლა-სწავლება – შიდასასკოლო კურიკულუმი, მოსწავლეთა მხარდაჭერა და წახალისება, სწავლის პროცესის საგნობრივი და მეთოდური აგება გაკვეთილზე, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა სასწავლო პროცესში, ურთიერთობების, სწავლისათვის განკუთვნილი დროისა და სასწავლო გარემოს ორგანიზება, მისაღწევი შედეგები და მათი შეფასება;
  • სასკოლო კულტურა – სკოლის, როგორც საცხოვრებელი გარემოს მოწყობა, ღირებულებები და სოციალური კულტურა კლასებში, მოსწავლეთა მხარდაჭერა (იგულისხმება დამრიგებლის ინსტიტუტი), მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა, საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
  • მართვა და მენეჯმენტი – მმართველი რგოლის პასუხისმგებლობა, მართვა და მენეჯმენტი, რესურსების მენეჯმენტი, საგაკვეთილო გეგმის ორგანიზება, სამუშაო პირობები.
  • მასწავლებელთა პროფესიონალიზმი – მიზანმიმართული პროფესიული განვითარება, პიროვნული ინვესტიცია, თანამშრომლობა.
  • ხარისხის განვითარების მიზნები და სტრატეგია – სასკოლო პროგრამა, შეფასება, დაგეგმვა, განხორციელება და დოკუმენტირება, პასუხისმგებლობა და ინოვაცია.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროგრამა მონაცემებს ითვლის ავტომატურად და შედეგები მხოლოდ სკოლის საკუთრებას წარმოადგენს. ამით სკოლის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ მიღებული შედეგები შეადარონ დაგეგმილს ან საკუთარ მოლოდინს და შეიმუშაონ შემდგომი მუშაობის სქემა. სისტემა ამარტივებს ასევე მონაცემთა ანალიზის ეტაპს – დაჯგუფებულ მონაცემებში ნათლად ჩანს, სადაა პრობლემა და რა კუთხით უნდა იმუშაოს სასკოლო თემმა გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ელექტრონული სისტემა ზოგავს ბევრ დროს, ენერგიასა და რესურსს. ამ შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციისათვის იგი ერთგვარ მაშველ რგოლადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. თუმცა მასაც აქვს სუსტი მხარეები, რაც ძირითადად თვისებრივი მონაცემების ინტერპრეტირებასა და მოგროვებას უკავშირდება. როგორ უმკლავდება ამ პრობლემას ფოკუსირებული თვითშეფასება, ამას სტატიის მომდევნო ნაწილში განვიხილავთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი