პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„როგორც გინდათ, ეს ამბავი გაიგეთ…“

ოთახში კედელზე წიგნის თაროებია. ერთ-ერთიდან  ყდა მოჩანს, გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“. 1856 წლის 1 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პარიზის ლიტერატურული ჟურნალის „რევიუ დე პაღის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა. მალევე ავტორი, რედაქტორი და ორი გამომცემელიც მორალის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს და სასამართლოში გაურჩიეს საქმე. სკანდალურმა სახელმა რომანი ძალიან პოპულარული გახადა, გამამართლებელი განაჩენი კი 1857 წლის 7 თებერვალს იქნა გამოტანილი. იმავე წელს უკვე წიგნადაც გამოიცა.

დღეს ის რეალიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწარმოებად ითვლება.

შინაარსი ყველამ ვიცით. პროვინციაში მცხოვრები ერთი წესიერი, საშუალო შესაძლებლობის მქონე ექიმი ცოლად ახალგაზრდა ქალს ირთავს და გულწრფელად სწამს, რომ ოჯახურ ცხოვრებას მოიწყობს. ქალს კი გული გართობის, ფუფუნებისა და დიდი ქალაქებისკებ მიუწევს. ამიტომ ქმრის ღალატსაც არაფრად დაგიდევთ და უზარმაზარი ვალების დაგროვებასაც.

ბოლოს პრობლემებსა და ვალებში ახლართულმა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ბატონი ომეს აფთიაქში დარიშხანი დალია. მთელი ამ აბლაბუდის თავი და თავი კი ადგილობრივი ვაჭარი ლერე გახლდათ, რომელმაც მადამ ბოვარი ქმრის სახლში მისვლის პირველივე დღეს შეაგულიანა, ახალი ნივთების ყიდვა გულს ახალისებს, თქვენს ლამაზ გულს ხალისი არასდროს მოაკლოთო.

დეპრესიის, უხასიათობის ან რამეზე დარდის ჟამს გულის გადახალისება მართლაც მუშაობს. ამაზე მეცნიერებმაც იფიქრეს და სამეცნიერო ჟურნალ „ფსიქოლოგია და მარკეტინგში“ 2015 წელს ვრცელი კვლევაც კი დაბეჭდეს, როგორ ეხმარება, ე.წ. „შოპინგი“ ადამიანს დარდის დაძლევაში. სხვა ჟურნალში კი „შოპინგს“ აღდგენით თერაპიასაც ადარებენ.

ოღონდ აქ ერთიც არ უნდა დავივიწყოთ, „შოპინგისთვის“ ფულია აუცილებელი და სახსრები რეალურად უნდა გადანაწილდეს, რომ შემდეგ მადამ ბოვარის მსგავსად დარიშხანი არ გახდეს საძებარი.

იმ დღეს მეც სავაჭრო ცენტრში წავედი. ე.წ. „მას-მარკეტის“ ქსელებში შევიარე (ბრენდების სახელებს არ დავწერ). ოღონდ ჩემი მიზანი, ე.წ. ქიმიური გამოძიება გახლდათ. მაინტერესებდა, მაინც რომელი ნივთიერებებისგან შექმნილი ქსოვილებით კერავენ ეს ბრენდები ტანსაცმელს.

მაშ ასე, აგერ ქალის ბლუზა 82% ვისკოზა და 18% აკრილი; პოლიურიტანისგან შეკერილი ბატილიონები; პალტო – 75% მატყლი, 25% პოლიამიდი, სარჩული ვისკოზა; ჟილეტი – 93% პოლიესტერი, 7% ელასტანი; ბლუზი – 67% პოლიესტერი და 33% ბამბა; ბლუზი – 100% ვისკოზა; პალტო – 92% პოლიესტერი, 8% ელასტანი; კვლავ პალტო – 100% პოლიესტერი; შარვალი – პოლიურეტანი და პოლიესტერი; კაბა – ეკოლოგიური ტყავი; ქალის ჩანდა 100% ნაილონი და ა.შ. და ა.შ.

ხალხი უამრავი იყო და სანაძლეოს დავდებ, რომ არავინ არც შემადგენლობაში იყურებოდა და თუნდაც ჩაეხედათ, მაინც ვერ გეტყოდნენ, მაგ. რა არის ვისკოზა ან პოლიურეტანი. არა, ის ყველამ იცის, რომ 100% აბრეშუმი 100% პოლიესტერს ჯობია, მაგრამ რატომ?

ქსოვილებს ბუნებრივი და ქიმიური წარმომავლობა აქვთ. ბუნებრივი ქსოვილი თავის მხრივ შეიძლება იყოს მცენარეული ან ცხოველური.

მცენარეულია: ბამბა, სელი, კანაფი.

ცხოველურია: მატყლი, აბრეშუმი;

ბუნებრივი ქსოვილებიდან ბამბა ყველაზე პოპულარულია. რბილია, მოსახერხებელია, ჰაერს ატარებს; სინესტეს კარგად შთანთქავს და იაფია. თუმცა, თავად მცენარეს პესტიციდები და ბევრი მორწყვა სჭირდება, ქსოვილი კი მალე იჭმუჭნება, გარეცხვისას ფორმას კარგავს.

სელი ქსოვილებისთვის უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ჰაერგამტარი, მსუბუქი, მდგრადი და გამძლეა. თავად მცენარეს პესტიციდები არ სჭირდება, წყალიც ნაკლები უნდა, ნაკეთობა გარემოში ადვილად დეგრადირდება და გადამუშავებას ექვემდებარება. თუმცა, იოლად იჭმუჭნება და დელიკატური მოვლაც უნდა.

მატყლი არაჩვეულებრივი თბოიზოლატორია, რომელიც სხეულს სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება.  მტვრის და ჭუჭყის მიმართ მდგრადია, ჰაერს კარგად ატარებს, ხმარებაში მოსახერხებელი და სასიამოვნოა. თუმცა, ტარებისას ბუსუსები უჩნდება, იჭმუჭნება, ზოგჯერ ალერგიას იწვევს. ცხელ წყალში არ ირეცხება და შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გაშრეს.

აბრეშუმი რბილი და მდგრადია, ექვემდებარება გადამუშავებას. თუმცა ძვირია და დელიკატურ მოვლას საჭიროებს.

ქსოვილი სახელად რამი გაგიგიათ? იშვიათად შეგხვდებათ, ძვირია. ჭინჭრისგან ამზადებენ და თავადაც რაღაცით ჭინჭარს ჰგავს. მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადია, იწოვს სინესტეს, მალე შრება. იოლად იჭმუჭნება, დაბალი ელასტიურობა აქვს.

კანაფი ბამბაზე სამჯერ გამძლეა, „უფ“ გამოსხივებისადმი მდგრადია, ჰაერს ატარებს, პესტიციდები და სასუქი არ სჭირდება, იოლად გადამუშავდება. შეხებისას ოდნავ უხეშია, იოლად იჭმუჭნება. თუმცა, ესეც იშვიათად შეგხვდებათ.

ქიმიური წარმომავლობის ქსოვილები ასევე ორ ჯგუფად იყოფა – ხელოვნური და სინთეზური. ხელოვნურ ქსოვილებს მიეკუთვნება ვისკოზა; მოდალი; აცეტატი; ლურექსი; ლიოცელი; ბამბუკი.

სინთეზურია: ნაილონი; პოლიესტერი; აკრილი; ელასტანი (ლიკრა, სპანდექსი);

ხელოვნური მასალა ბუნებრივისგან არის მიღებული, ოღონდ… ქიმიურადაა გადამუშავებული. ამიტომ მთლიანად ქიმიურსაც ვერ დავარქმევთ, მაგრამ არც ბუნებრივია.

ვისკოზას ხშირად ტრაიონსაც უწოდებენ. ევროპაში ვისკოზაა, ჩრდილო ამერიკაში – ტრაიონი. ეს ხელოვნური ბოჭკოა ბუნებრივი წარმომავლობით. მიიღება ცელულოზის ქიმიური გადამუშავებით. ვისკოზა რბილი, იაფი, ანტისტატიკურია, ჰაერსაც ატარებს. თუმცა, ე.წ. „ბუსუსები“ ედება და ფორმასაც კარგავს. მისი წარმოებისას კარცეროგენული მასალები გამოიყენება. ანუ, წარმოება გარემოს აზიანებს. თუმცა, ამის შესახებ გაცილებით დაწვრილებით აქ წაიკითხავთ https://mastsavlebeli.ge/?p=7947

ვისკოზას გაუმჯობესებული ვარიანტი მოდალია. საწყის მასალას ევკალიპტის ან ბამბუკის ხისგან იღებენ. ნესტს იწოვს, არ ხუნდება, რბილი და ფაფუკია. არ იჭმუჭნება, ჰაერს ატარებს. მისი წარმოების დროსაც მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენება, თუმცა უფრო ნაკლები. ვისკოზასა და ბამბაზე ძვირია. შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

ლიოცელი იგივე ტენსელი – მასაც ცელულოზის გადამუშავებით იღებენ, ცოტა სხვა გამხსნელი სჭირდება და ეგაა. ძვირია, მდგრადია, ჰაერს ატარებს, რბილია და გარემოში იოლად იშლება.

კუპროს წინა წყარო მერქანი და ბამბაა. აბრეშუმს ჰგავს, რბილია, ჰაერს ატარებს, კარგად იღებება, გარემოში იოლად იშლება. ასევე, იოლად იჭმუჭნება და წარმოების დროს ქიმიკატებიც სჭირდება.

აცეტატის მისაღებად ვისკოზას ძმარმჟავას მარილებით ამუშავებენ. აბრეშუმს ჰგავს. ელასტიურია და ფორმას ინარჩუნებს, მალე შრება, კარგად იღებება. თუმცა, აბრეშუმისგან განსხვავებით, იოლად იმუხტება და ტანსაცმლის მფლობელს ტანზე ეკვრის. აცეტონში იხსნება (ლაქის მოცილებისას ფრთხილად), მაღალი ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა, მისი წარმოებისას გამოიყენება კარცეროგენური ნივთიერებები.

 

სინთეზური ქსოვილები?

 

აკრილი სინთეზური მატყლია. იაფი და მსუბუქია, არ იჭმუჭნება. „ბუწუწებს“ კი იკეთებს, ჰაერსაც ცუდად ატარებს, იოლად იმუხტება, არ გადამუშავდება,

ელასტანი ელასტიურია, ტანსაცმელს ფორმას უნარჩუნებს, სხვა ქსოვილებს, მაგ. ჯინსს, ურევენ, რომ წელვადი გახდეს. დროთა განმავლობაში კი წელვადობას კარგავს, რეცხვისას მიკრონაწილაკებს გამოყოფს და ჩამდინარე წყლებს აბინძურებს.

პოლიესტერს ყველაზე ხშირად შეხვდებით. იაფია, მდგრადია, არ იჭმუჭნება, ფერს და ფორმას ინარჩუნებს, იოლად შრება. თუმცა… ცუდად ატარებს ჰაერს, იმუხტება, არ იშლება გარემოში, რეცხვისას მიკრონაწილაკებს გამოყოფს.

ნაილონი პოლიამიდია. მდგრადია, იაფი და წყალს არ ატარებს. მისგან აკეთებენ ქოლგებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს. გარემოში რთულად იშლება, რეცხვისას ასევე მიკრონაწილაკებს გამოყოფს.

მაღალ ტემპერატურაზე ჰექსამეთილენდიამინისა და ადიპინის მჟავას ურთიერთქმედებით სინთეზური ბოჭკო ნაილონი მიიღება. თავისი თვისებებით ნატურალურ აბრეშუმთანაა ახლოს.

მაღალმოლეკულური ნივთიერებების წარმოქმნის რეაქციას, რომელსაც თან ახლავს დაბალმოლეკულური პროდუქტების მიღება პოლიკონდენსაცია ეწოდება.

ნაილონის ძაფებისგან გიტარის სიმებსაც ამზადებენ, მისგან ამზადებენ ქალის მარაოებს და ძვირადღირებულ ჩანთებსაც. აი, თავად ნაილონის წარმოება ხომ იაფია… ჩანთები კი ძვირი. ასეთია მარკეტინგის ხრიკები.

 

ასეა, 21-ე საუკუნეში პილიმერებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ. თორემ გალას ლექსის არ იყოს, ჩვენ…

„აბრეშუმი გვსურს და

არა ძონძები,

მშრომელები –

და არა ხორხონცები

არავისთვის

საიდუმლო არაა,

მუშას რად სურს

აბრეშუმის მარაო,

მაგრამ ამბობს:

გეყოფათო, კმარაო.

დაიჯერებ –

ან მეტი რა ჩარაა.

მუშასაც სურს

აბრეშუმი, ამრიგად,

როგორც გინდათ,

ეს ამბავი გაიგეთ…“. (გალაკტიონი, „აბრეშუმი გვსურს“)

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი