ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კომუნიკაციის პრობლემები

ყველაფერი კარგად არის მანამ, სანამ ჩემი შვილები მიყვებიან, რა ახარებთ და რა აბრაზებთ, რა მოსწონთ და რა არა. რა ხდებოდა იქ, სადაც უჩემოდ იყვნენ და რაზე ფიქრობენ ხოლმე შეკრული შუბლით. ჯერ პატარები არიან და ვიცი, ეს ყოველთვის ასე ვერ იქნება.

თუკი რამის მეშინია, ერთ-ერთი ისაა, არ გამომეპაროს მათი უხმო დაძახილი. ისე არ მოხდეს, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდეთ და ამას ვერ მივხვდე, ზედმეტი კითხვები დავსვა და მოსაწყენი გავხდე, მათი ნდობა დავკარგო, მხარდამჭერად აღარ ვეგულებოდე.

 

ალბათ ნდობა და გამართული კომუნიკაციაა ის, რამაც შეიძლება ბევრ საფრთხეს აგვარიდოს თავიდან, სირთულეები უფრო მარტივად გადაგვალახინოს, კიდევ უფრო გაგვზარდოს და ურთიერთობაც სასიამოვნო გახადოს – არა მხოლოდ ბავშვებსა და უფროსებს შორის, არამედ ყველანაირი.

 

როცა ჩვენს სკოლებსა და ოჯახებზე ვფიქრობ, მგონია, რომ კომუნიკაციის პრობლემები ზედაპირზე დევს და ბევრი სხვა გართულება, რაც მერე იჩენს ხოლმე თავს, ამის შედეგიცაა. უფროსებს უჭირთ, გამონახონ დრო და ნებისყოფა ბავშვების მოსასმენად, მათი თვალით შეხედონ მოვლენებს. უფრო მეტს სხვა უფროსებზე ფიქრობენ, ვიდრე პატარებზე და ასე იჭყლიტება ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვები კიდევ ჭკვიანები არიან: თუ მიხვდნენ, რომ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, შვების მაგივრად პრობლემები მოგაქვს, აღარ დაგელაპარაკებიან. მერე ვდგავართ და ვიძახით, რომ ეს ჩვენ არ უნდა დაგმართნოდა, ამას არ ვიმსახურებდით, ეს როგორ გაგვიბედეს, ეს როგორ ვერ შევნიშნეთ, ამას როგორ ვერ წარმოვიდგენდით  და სულ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილიც არის – უფროსების, რომლებსაც ბავშვების მოსმენა არ გამოგვდის; სკოლების, რომლებიც მშობლების გულის მოგებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ბავშვების მხარდაჭერაზე; გადაწყვეტილების მიმღებების, რომლებსაც საერთოდ არ ესმით ბავშვების, ისიც კი არ ახსოვთ, თვითონ როგორები იყვნენ ბავშვებობაში.

 

ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, რაც ბავშვებსა და დიდებს, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთად გვაქვს გადასატანი. დაკეტილი სკოლები, გაღრმავებული უთანასწორობა, სწავლება ეკრანიდან, იზოლაცია, შიში და გაურკვევლობა. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმაზე სალაპარაკოდ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმანეთის დასახმარებლად; იმაზე მსჯელობისთვის, რა არ მოგვწონს სწავლების პროცესში და როგორ შევცვლიდით მას; იმის სათქმელად, რა არ ვიცით და არ გამოგვდის; იმის საღიარებლად, რის გვეშინია; და იმისთვისაც, რომ მოქმედებებთან ერთად დრო ფიქრისთვის დავიტოვოთ, უკეთ რომ გავერკვეთ იმაში, სად ვართ და რა გვინდა.

 

ჩემი შვილი პირველი კლასში დისტანციური სწავლების რეჟიმში აღმოჩნდა. არავინ იცის, რას ფიქრობენ ეს ბავშვები სკოლაზე, რომელიც მათთვის ფიზიკურად არ არსებობს, ნაცნობობასა და მეგობრობაზე, რომელიც ეკრანის მიღმაა, როგორი იქნება მათი წარმოდგენები სწავლასა და ცოდნის მიღებაზე, მასწავლებლებსა და კლასელებზე. ჩვენ ამგვარი გამოცდილება არ გვაქვს, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ პროცესი უდავოდ საინტერესოა და უნდა დავაკვირდეთ.

 

აი რამდენიმე ხრიკი, რომელიც კომუნიკაციის აწყობასა და იმის გარკვევაში დაგვეხმარება, რას ფიქრობენ ერთმანეთზე ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები.

 

  • ჰკითხეთ ბავშვებს, რა მოლოდინი ჰქონდათ სკოლისგან და რამდენად შეესაბამება ეს მოლოდინი რეალობას;
  • სთხოვეთ, გაიხსენონ სკოლის ცხოვრებიდან ყველაზე ამაღელვებელი, სევდიანი, მხიარული და დამაფიქრებელი ორი ეპიზოდი;
  • მოაწყვეთ დისკუსიები პატარა ჯგუფებში, სადაც ბავშვები იმსჯელებენ, როგორი იქნება მათთვის იდეალური სკოლა;
  • იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად დისტანციური სწავლების სიკეთეებსა და სირთულეებზე; ელაპარაკეთ იმაზე, რა უჭირთ ყველაზე მეტად, როგორ შეცვლიდნენ არსებულ პროცესს, რომ მათთვის უფრო მისაღები გამხდარიყო; მოუყვევით იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც თქვენ გქონდათ სწავლისა და სწავლების სხვადასხვა ეტაპზე.
  • ააწყვეთ პლატფორმა, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ, ანონიმურად მოგწერონ თავიანთი სათქმელი. ყურადღებით მოეკიდეთ მათ წერილებს.
  • ჰკითხეთ მოსწავლეებს, რისთვის გამოიყენებდნენ იმ დროს უფრო სიამოვნებით, რასაც გაკვეთილებისთვის იყენებენ და რომელიმე გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად შეეცადეთ, ერთად განახორციელოთ ყველაზე საინტერესო იდეები.
  • იყავით სამართლიანი და გულწრფელი, ელაპარაკეთ ბავშვებს თქვენს შიშებზე, გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებზე, ამ წარმატებამდე მისასვლელ რთულ გზებზეც.
  • ასწავლეთ ბავშვებს მოსმენა და მოსმენის მნიშვნელობა, საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, დისკუსიებში მონაწილეობის წესები და კულტურა.
  • ჩართეთ პროცესში მშობლებიც. ვიცი, ადვილი არ არის და ხშირად მშობლებთან კომუნიკაცია ბავშვებთან კომუნიკაციაზე რთულია, მაგრამ მოკავშირე საჭიროა; საჭიროა საერთო პრინციპებზე შეთანხმებაც და შემდგარი დიალოგების პრეცენდეტებიც.
  • ითხოვეთ დახმარება, თუკი ხვდებით ამის საჭიროებას და სხვებსაც უთხარით, რომ თუ დასჭირდათ, შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ.

წინ მძიმე ზამთარი გველოდება. როგორ ფორმატშიც არ უნდა იყოს სწავლება, ადვილი არ იქნება – ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთ იმაზე, როგორ გავხადოთ ეს წელი ნაკლებად საზიანო და მეტად საინტერესო ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც, რომლებსაც მათზე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი