პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მომავლის პროფესიები

ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, დღევანდელი საშუალო სკოლის მოსწავლეების 69%-ს მომავალში ისეთი პროფესია ექნება, რომელიც ჯერ არც არსებობს.

 

„მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისთვის მზადება“.

ჯონ დიუი

 

თქვენ ალბათ ხშირად გაგიგონიათ სამოტივაციო ფრაზა: „როცა წვიმს ლიმონი, გააკეთე ლიმონათი!“ ეს გასაგებია, მაგრამ ამჯერად „რისი წვიმა წვიმს“ და რა გავაკეთოთ? ამ მეტაფორას მრავალგვარი პასუხი შეიძლება მოვუძებნოთ იმის მიხედვით, თავად რისი გაკეთება გვსურს… თუ წვიმს ალუბალი, შეგვიძლია განსხვავებულად მოვიქცეთ: უბრალოდ, ცოცხლად მივირთვათ, წვენი გამოვწუროთ, მოვხარშოთ მურაბა ან კომპოტი… ან ხელი ჩავიქნიოთ და დალპეს!

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენს პლანეტაზე „ციფრული ტექნოლოგიების წვიმაა“ და ჩვენ არა მხოლოდ ციფრული ალტერ ეგოები უნდა შევქმნათ, არამედ ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები, რომ ჩვენი პროფესიებით დავპორტირდეთ ახალ რეალობაში ან სულაც დავეუფლოთ ახალ პროფესიებს!

თუ ლოგიკას გავყვებით, თავად შეგვიძლია, გამოვიცნოთ ციფრული რეალობა და ტექნოლოგიები რომელ პროფესიებს „დააბერებს“ და რომელს აღმოაცენებს. ავტომატურ საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიები „აორთქლდება“, რაც ნიშნავს, რომ მათ „ჭკვიანი მანქანები“ თავისუფლად ჩაანაცვლებს… ამ ავტომატურ პროფესიებში ხშირად მასწავლებლებს და პროფესორებსაც მოიხსენიებენ… დიახ, დიახ, არ მოგესმათ და მესმის უკვე მკითხველის უკმაყოფილო შორისდებულები: „როგორ შეიძლება ასე სწავლება…? რომ სასწავლო პროცესი მასწავლებლისა და მოსწავლის, პროფესორისა და სტუდენტის „ცოცხალი ურთიერთობაა“; მესმის და გეთანხმებით კიდეც, მაგრამ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, აგერ უკვე პირველი ავატარი-ლექტორიც გამოჩნდა BTU – ში და, როგორც ამბობენ, საკმაოდ „ცოცხალი ურთიერთობაც“ შეგიძლიათ დაამყაროთ მასთან. თქვენ კი… გინდ დაიჯერეთ და გინდ – არა!  ამ კურსის აღწერაში ვკითხულობთ:

„ეს არის პირველი ქართულენოვანი სტარტაპ კურსი, რომელიც სრულად ხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტით, ადამიანური რესურსის მონაწილეობის გარეშე. კურსი აერთიანებს მოდულებს მენეჯმენტის, ინოვაციური მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც გაუძღვება ავატარი – პირველი, ქართულენოვანი ციფრული ლექტორი. ავატარის მიერ წარიმართება ლექციები, სასემინარო აქტივობები შესაბამისი დავალებებით, ჩატარდება ვებინარები. ავტომატიზირებული კურსის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელიც აღრმავებს აღნიშნულ სფეროებში თეორიულ ცოდნას და მონაწილეს უვითარებს პრაქტიკულ უნარებს წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად.“

https://www.marketer.ge/innovations-and-technologies-in-georgian/

რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა, ლექტორებმა, პროფესორებმა? სანამ ტრადიციული განათლების სისტემა იქნება შენარჩუნებული, იმას გააკეთებენ, რასაც აქამდე, მაგრამ უკვე ყველა უნდა გადაეწყოს ონლაინ-პლათფორმაზე, „ცოცხალი“ განათლების პლათფორმაც იარსებებს, მაგრამ, სავარაუდოდ, იქნება ძალიან ძვირი და დასაქმდება ცოტა;  ვფიქრობ, საშინაო სკოლები და ალტერნატიული განათლების კერებიც გაძლიერდება და შესაბამისი მეთოდოლოგიების დაუფლებით აქაც შეძლებენ დასაქმებას მასწავლბლები; განსხვავებული სწავლების ფორმების არსებობის პირობებში დიდი მოთხოვნა იქნება ისეთ პროფესიაზე, რომელიც დააკვალიანებს მოსწავლეს/მშობელს, რომელი პროფესია აირჩიოს და როგორი განათლება მიიღოს ამისათვის? განათლების სპეციალისტები/მრჩეველები  მალე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია გახდება საგანმანათლებლო სივრცეში; ონლაინ-პედაგოგიკის განვითარება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის განათლების მუშაკებს!

კიდევ რომელი პროფესიები გახდება მიმზიდველი? ციფრულ რეალობასთან ერთად  კომუნიკაციის ფორმები და მეთოდებიც იცვლება, ტრადიციული რეკლამები უკვე აღარ მუშაობს, მომხმარებლების დიდი ნაწილი რეკლამებს წაუკითავად ბლკოკავს; ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება რეკლამის სხვა ფორმები, ერთი ასეთია – ინფლუენსერები.

რით არის გამორჩეული ეს მიმართულება? ინფლუენსერი მხოლოდ ბრენდს კი არ წარადგენს, არამედ ის ჰყვება მის შესახებ ამბებს, ბრენდის მოხმარება მისი პირადი ისტორიის ნაწილია; ანუ ბრენდი და ინფლუენსერი ერთმანეთს წარადგენს. ეს სრულიად ახალი ფორმატია, დიალოგური, სანდო და საინტერესო;

ასე შეგვიძლია წარვადგინოთ კოსმეტიკა, სამოსი, ფეხსაცმელი, საოჯახო ტექნიკა…. ან სულაც წაკითხული წიგნები; წინა პლანზე მოდის ემოციური ინტელექტი და არა ტრაფარეტული, დავარცხნილი სარეკლამო ტექსტები; ბუნებრიობა გახდა ყველაზე მიმზიდველი. საგანსა და ნივთს დამოუკიდებელი ღირებულება ნაკლები აქვს, მაგრამ როცა მას წარადგენს მომხმარებელი და საკუთარი ცხოვრების ამბად აქცევს, – სულ სხვაა. ინფლუენსერებს მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, მათი შექმნილი სთორითელინგები უნიკალურია;

შემოქმედებითობა, მაღალი ემოციური ინტელექტი, კრეატიულობა – ეს ის უნარებია, რომლებზეც უნდა იმუშაოთ, რომ მომავლის სამყაროში დაიმკვიდროთ ადგილი, შეცვალოთ საკუთარი თავი და ამით გავლენა მოახდინოთ სხვა ადამიანებზე. სიტყვაზე არავინ გენდობათ, უნდა იმოქმედოთ! ლამაზი სარეკლამო სიტყვების დრო წავიდა…

საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ–ერთი დამფუძნებელი – ედვარდ ბერნეისი ამბობდა: ,,რატომ უნდა მოვახდინო გავლენა მილიონობით ადამიანზე, თუ შემიძლია ერთი ადამიანით მოვახერხო იგივე”.

ეს ერთი ადამიანი შენ ხარ! შეძლებ, შეცვალო და გააბედნიერო საკუთარი თავი, მაშინ შენ შეძლებ შეცვალო სამყარო შენ გარშემო! მანამდე კი, გადახედე მომავლის პერსპექტივას და ციფრული სამყაროს შესაძელბლობები აქციე გამოწვევად.

მომავლის პროფესიები სწორედ ციფრულ სამყაროსთან არის დაკავშირებული. დამთავრდა რუტინული სამსახურები, მათ ჭკვიანი რობოტები შეცვლიან. გაქრებიან:  მოლარეები, ოპერატორები, კონსულტანტები, მდივნები, ასისტენტები, ბუღალტრები, ექიმები და მასწავლებლები (ტრადიციული ფორმატით), იურისტები, აუდიტები და ბევრი სხვა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები სხვადასხვა კვლევებით არის/იქნება შემდეგი:

  • 3D ბეჭდვის ოსტატები;
  • ციფრული მარკეტოლოგები;
  • მომხმარებელთა გამოცდილების დიზაინერები;
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორები;
  • პროგრამისტები;
  • რობოტ-ტექნიკის შემქმნელები;
  • ინჟინრები;
  • VR ტექნოლოგიების სპეციალისტები;
  • დრონის ოპერატორები;
  • ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები;
  • კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები;
  • კონტენტის შემქმნელები, დიზაინერები, კოპირაიტერები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და სხვა;

კომპანია  ”Fast Future”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, მომავლის პროფესიების ჩამონათვალშია: კოსმოსური ხომალდის მფრინავები, კოსმოსური გიდები, პოლიციელი მეტეოროლოგები (ალბათ ცუდ ამინდს დასჯიან :D), კლიმატის შემცვლელები, ნანო-ექიმები, სხეულის ნაწილების დიზაინერები და სხვა;

მართალია, დღეისთვის ეს ჩამონათვალი ცოტა ფენტეზურად გამოიყურება, მაგრამ ხვალ რეალობად იქცევა;

 

ასე რომ, Welcome ახალ ციფრულ ეპოქაში, ადამიანო!

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი