მკითხველის „დასაწყისი“ და ქართული  საბავშვო ლიტერატურა

#სტატია მომზადებულია საბავშვო ლიტერატურის კონკურსის “ოქროს ბუმბული” ფარგლებში

როგორ იწყება მკითხველის მეხსიერება და საერთოდ, როდის იწყება მკითხველი? ანუ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ეყვარება კითხვა, ყოველ  თავისუფალ წუთს წიგნში ჩაჭყეტვა მოუნდება, წიგნის სიუჟეტებს თავის ფანტაზიაში გააგრძელებს,  სასასთუმლე, სამაგიდო თუ სამოგზაურო წიგნები ექნება და სამყაროს ყველა კითხვაზე ერთი პასუხს მაინც მოძებნის მხატვრული ლიტერატურიდან.

როდის და ალბათ იმ ჯადოსნურ წუთს, როდესაც ბავშვი სათამაშოებს გადააწყობს, ეზოში ველოსიპედის ქროლვასა და მეგობრებთან გართობის მერე თაროსთან მივა, ერთ, რომელიმე ლამაზყდიან წიგნს ჩამოიღებს და ლიტერატურასთან მისი ჯადოსნური შეხვედრა შედგება.

ეს შეხვედრა ბევრ რამეს განაპირობებს, ერთგვარად საბედისწეროა. თუ ახალბედა მკითხველის ხელში ზუსტი წიგნი არ აღმოჩნდა, მეორე შეხვედრა შესაძლოა ან ძალიან გვიან ან სულაც აღარასდროს შედგეს.

კარგი საბავშვო წიგნი ბავშვისთვის  ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვალიფიციური პედიატრი, ჯანსაღი საკვები და მშობლების სითბო. ამიტომაც არასდროს გვავიწყდება ბავშვობის წიგნების უძვირფასესი სახელები, პერსონაჟები, განწყობა, ფერები და გემოებიც კი.

საბავშვო ლიტერატურის განვითარების აუცილებლობას ყველა მოაზროვნე ადამიანი ხედავს და ხედავდა, ამიტომაც ქართული საგანმანათლებლო მოძრაობის სახელები, როგორებიც არიან იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ნუნუ ნაკაშიძე და სხვები, სახელმძღვანელოების ავტორები თუ სკოლების დამაარსებლები, თავიანთი მოღვაწეობის დიდ ნაწილს საბავშვო ლიტერატურას უთმობდნენ. სწორედ მათ შექმნეს ტექსტები, რომელთა საშუალებითაც ქართველი ბავშვი ქართულ ამბებს ქართულ ენაზე  კითხულობდა. სწორედ მათი თაოსნობით დაიწყო სუნთქვა ქართულმა საბავშვო პერიოდიკამ.

ნაცნობი გარემო, მშობლიური კონტექსტი, ნაცნობი ტოპონიმიკა, სახელები, ამბები ძალიან მნიშვნელოვანია პატარა მკითხველისათვის, ამიტომაც აუცილებელია მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის შედევრებთან ერთად, ქართულ ტექსტებსაც კითხულობდეს.

ქართული საბავშვო ლიტერატურის თარო ბევრ ძალიან კარგ და მკითხველისთვის საყვარელ წიგნს მოიცავს, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ერთგვარ რეტროსპექტივას თუ მივადევნებთ თვალს, მნიშვნელოვანი ავტორების  ჩამონათვალი შეგხვდება, დღესაც არაერთი საინტერესო ავტორი წერს ბავშვებისთვის. საბავშვო ავტორების გარდა, გვყავს „სადიდო“ ავტორებიც, რომლებიც ბავშვებისთვის წერენ, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა.

მაინც, ნებისმიერ მკითხველს რომ ჰკითხოთ, ქართველი ავტორის სახელსა და გვარს იშვიათად დაგისახელებთ, წიგნის სათაურს – კიდევ უფრო იშვიათად.  წიგნის მაღაზიაში მისული მშობელი შვილისათვის უცხოელ ავტორს შეარჩევს, თუნდაც თანამედროვეს, უცხოს, ურჩევნია ენდოს ე.წ. ბეჭედს „ნათარგმნია“, ვიდრე ქართველი ავტორის წიგნი წაიყოლოს. რასაკვირველია, ბედნიერი გამონაკლისები არსებობს, თუმცა მაინც ძალიან ცოტა. სფეროს სჭირდება ხელშეწყობა, განვითარება, მხოლოდ ავტორი და მკითხველი კი არა, საბავშვო ლიტერატურის მკვლევარი, კრიტიკოსი, შემფასებელი.

ბოლო დროს, იშვიათ, მაგრამ მნიშვნელოვან ინიციატივებსაც ვაწყდებით, ახლახანს  ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოაცხადა საბავშვო ლიტერატურის კონკურსი „ოქროს ბუმბული“ 3 ნომინაციით: საუკეთესო საბავშვო რომანი, მოთხრობების კრებული და ნახატებიანი წიგნი, თითოეულის საპრიზო ფონდი სოლიდურია,  5000 ლარი.

ქართული საბავშვო ლიტერატურული კონკურსების ისტორია არცთუ ხანგრძლივი და მდიდარია, თუმცა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. 2008 წელს ჩატარებული „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებული ნატო დავითაშვილის, ფენტეზის ჟანრის ქართველი მწერლის წიგნი გახდა, რომელიც ძალიან შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, საბავშვო წიგნის კონკურსისთვისაა დაწერილი ზაზა თვარაძის „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“,თამრი ფხაკაძის „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“, თეა თოფურიას „ვარაზვაჩე“ და სხვა ნაწარმოებები, რომელთაც საბავშვო ლიტერატურის ქართული თარო შეავსეს და გაამდიდრეს.

ასე რომ, საინტერესო პროცესი იწყება, კონკურსი ძალიან კარგი სტიმულია ავტორებისთვის, მითუმეტეს, რომ  ნომინაციების ჟანრული დაყოფა ბევრ საინტერესო საბავშვო წიგნს გვპირდება. იქნებ სულ მალე, რომელიმე ქართული საბავშვო წიგნი მსოფლიო ბესტსელერიც გახდეს. თუმცა ამაზე მთავარი, ბავშვი მკითხველების პირველი ლიტერატურული თავგადასავლისთვის ახალი და საინტერესო, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი ისტორიის შექმნაა.

სტატია მომზადებულია საბავშვო ლიტერატურის კონკურსის “ოქროს ბუმბული” ფარგლებში

 

 

 

კომენტარები

comments