სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ფაქტობრივი და სიტყვიერი კამათი

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მაღიზიანებს, როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რიგითი მოკვდავები ფაქტობრივი კამათის სიტყვიერ კამათში გადაყვანას ზეპირ და წერით კომენტარებში. განა, ამით ისინი რაიმე უკანონობას სჩადიან?! რა თქმა უნდა, არა. არაფერია უკანონო იმაში, როცა ცდილობ, მოგებული გამოჩნდე ვიღაცის, უფრო სწორად, მსმენელის და მკითხველის თვალში. მაგრამ საქმე ის კი არაა, რამდენად შეძლო მოგებულმა მხარემ სასწორის თეფშის გადახრა თავის სასარგებლოდ, არამედ გაფრთხილებულია თუ არა მისი მსმენელი/მკითხველი, იცის თუ არა აუდიტორიამ იმ ხრიკის შესახებ, რომელსაც მოპაექრე იყენებს და რომელიც იოლი გამოსავალია რთულ შეკითხვებზე პასუხის ასარიდებლად, დისკუსიის სხვა მიმართულებით წასაყვანად და პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლადაც კი? თუკი მყიდველისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სასწორის თეფშზე საქონლის აწონვისას, გირის საპირწონედ, საქონელთან ერთად რას შემოდებენ, კამათის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გზით გადაწონის ერთი არგუმენტი მეორეს – პინას გადაწონის თავად არგუმენტის სიმძიმე თუ მასთან ერთად იმ სიტყვების დახვავება, გადარჩევის შედეგად რომ უვარგისები ხდებიან? ამიტომაც სიტყვებით პაექრობისას მოწინაღმდეგე მხარეც და მსმენელიც/მკითხველიც ფხიზლად უნდა იყოს ან ფრთხილად მაინც.

ჩვენი მოსწავლეები რომ არ აღმოჩნდნენ მათ შორის, ვისაც სასწორზე, გასაყიდ საქონელთან ერთად, სიყალბეს შეაპარებენ, ვისაც ადვილად წამოაგებენ ანკესზე, ვისაც მარტივი ფანდის ამოცნობა გაუჭირდება, ჩვენი, მასწავლებლების მოვალეობაა, გავაფრთხილოთ ისინი ამის შესახებ და ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცნენ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო პრობლემა. რას ნიშნავს, როცა პაექრობის დროს დისკუსანტებს ფაქტობრივი კამათი სიტყვიერში გადაჰყავთ? ჩემს მოსწავლეებთან ამ საკითხზე მსჯელობისას ასეთ გზას მივმართავ, შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს:

  1. ფაქტობრივი კამათის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტის შესახებ არსებულ, თუნდაც განსხვავებულ, მოსაზრებებს და არა სიტყვების მნიშვნელობებს, მაშინ, როდესაც სიტყვიერი კამათისას წინ წამოიწევს ეს უკანასკნელი – სიტყვა. თუკი ფაქტობრივი კამათის დროს გამარჯვებულია ის, ვინც უკეთ წარმოადგენს დამაჯერებელ არგუმენტს, მონაცემებს სადისკუსიო თემაზე, სიტყვიერი კამათისას გამარჯვებული ისაა, ვინც დაარწმუნებს მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის აღქმის მისეული ვარიანტის სისწორეში.

უკეთ რომ  გავარკვიოთ, რომელია ფაქტობრივი და რომელია სიტყვიერი კამათი, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაციები:

„- ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისად შექმნა.

– ღმერთი არ არსებობს.“ – ეს დიალოგი სიტყვიერი კამათის ელემენტს შეიცავს, ვინაიდან პირველი მოსაუბრე რასაც აცხადებს, მეორე მოსაუბრე იმ მოსაზრებას კი არ უარყოფს ან ამტკიცებს, არამედ საუბარს  სხვა მიმართულებას აძლევს და ამიტომაც გაგრძელებაც შესაბამისი იქნება.

„- შენი დაგებული გზა ჩაინგრა.

– შენგან შენიშვნას ვერ მივიღებ, შენ ხომ არცერთი გზა არ აგიგია.“ – ეს დიალოგიც სიტყვიერია, ვინაიდან მეორე დისკუსანტი განსახილველი ფაქტის სისწორე-სიმცდარეზე კი არ პასუხობს პირველს, არამედ წამოაძახებს მის მიერ განვლილი ცხოვრების ერთ ასპექტს.

„- შენს ნაწერში ბევრი შეცდომაა.

– შენს ნაწერებშიც.“ – ეს დიალოგიც სიტყვიერი კამათის ნიმუშია, რადგან საკუთარ ნაწერში არგუმენტების მოძებნის ნაცვლად, სხვის ნაწერზე გადაგვაქვს საუბარი.

ხშირად სიტყვიერ კამათში გადაზრდას იწვევს თავად ენა და მასში არსებული სიტყვების აღქმა, თუნდაც საორჭოფო/საჭოჭმანო (weasel words) და ბუნდოვანი (vague words) სიტყვების არსებობა წინადადებაში.

ა) საჭოჭმანო/საორჭოფო სიტყვების გამოყენების მაგალითებია:

„მასწავლებელი: – არ გიმეცადინია!

მოსწავლე: – როგორ არა, საკმარისი დრო დავუთმე მეცადინეობას!“ – ამ შემთხვევაში არ ჩანს, რა დრო დაუთმო მოსწავლემ მეცადინეობას. მოსწავლე შესაძლოა, სიმართლეს ამბობდეს და მან იმეცადინა, მაგრამ ფაქტია, მასწავლებელს მეცადინეობისთვის დათმობილი დრო არასაკმარისად მიაჩნია, განსხვავებით მოსწავლისგან.

„გამომძიებელი: – ეს იყო?

მოწმე: – მგონი/ალბათ/თითქოს, კი.“ – სიტყვები „მგონი“, „ალბათ“, „თითქოს“, „შესაძლოა“, „ეგებ“ და სხვა მსგავსი სიტყვები საორჭოფო/საჭოჭმანოა და მათი გამოყენებაც საფრთხის წინაშე აყენებს ფაქტობრივ კამათს.

„რეკლამა: – ჩვენი პროდუქტი დაზიანებულ თმას 25%-მდე  აღადგენს“. მიდი ახლა და არკვიე, რამდენია თმის 100 და მერე იმის მეოთხედი პროცენტი. რა თქმა უნდა, ადვილია ასეთ თემაზე საუბარში საორჭოფო/საჭოჭმანო სიტყვების გამოყენებამ, ფაქტობრივიდან სიტყვიერში გადაზარდოს კამათი.

ბ) ბუნდოვანი სიტყვების გამოყენების მაგალითებია:

„მოსწავლე: – მე სკოლიდან შორს ვცხოვრობ.“ – რას ნიშნავს „შორს“, რასთან შედარებითაა მოსწავლის საცხოვრებელი სახლი შორი?

„პაციენტი: ბევრს ვჭამ.“  – „ბევრი“ ისეთივე ბუნდოვანი სიტყვაა ამ კონტექსტში, როგორც „შორი“ იყო წინა მაგალითში.

„დამსაქმებელი: – ჩვენთან მაღალი ანაზღაურება გექნებათ!“ – ცხადია, „მაღალი“ ბუნდოვანი სიტყვაა, რადგან ხელფასის მოცულობა და მისი აღქმა ინდივიდუალურია სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დროს და ადგილას.

  1. როდესაც გავარკვევთ მოსწავლეებს, რა საფრთხეების შემცველია კამათის დროს საორჭოფო/საჭოჭმანო და ბუნდოვანი სიტყვების გამოყენება, სასურველია ავხსნათ, რას ნიშნავს ფაქტი. განსაკუთრებით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურაში.

ფაქტი (მამრ. factus, მდედრ. facta, საშ. factum) ლათინური სიტყვაა. თუკი დავაზუსტებთ და გრამატიკის მოშველიებით გავარჩევთ მას, ის ნამყო სრული დროის ვნებითი გვარის მიმღეობაა (perfect passive participle). ლათინურიდან წარმომდგარი ეს სიტყვა ზმნა facio-დან მომდინარეობს, რომელიც ჩადენას, გაკეთებას, მოქმედებას აღნიშნავს. ამავე ზმნიდან იწარმოება სიტყვები „ფაქტურა“ და „ფაქტორი“, რომლებიც, თავის მხრივ, არაერთ სიტყვას აწარმოებენ. თავად სიტყვა „ფაქტი“ კი მომხდარს, გაკეთებულს, ჩადენილს ნიშნავს, შესაბამისად, ის უტყუარია, მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. მაგრამ, ამ სიტყვის ხშირ გამოყენებასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ფაქტი სულაც არ ყოფილა ყოველთვის ჯიუტი. ასე გაჩნდა ენაში ისეთი წყვილები, როგორებიცაა, მაგალითად, „უზუსტო ფაქტი“, „მცდარი ფაქტი“, „არასწორი ფაქტი“, რაც სხვა შემთხვევაში ოქსიმორონი იქნებოდა, რადგან შეუძლებელია, ფაქტი, განმარტების მიხედვით, სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, ტყუილი იყოს.

საკითხში რომ უკეთ გავერკვეთ, მოვიშველიოთ მაგალითები სხვადასხვა დისციპლინიდან.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაკვირვებიდან თეორიამდე გრძელი გზაა გასავლელი. ამ გზაზე ფაქტები უმთავრეს როლს თამაშობენ, ფაქტებია ექსპერიმენტების შედეგები, შეგროვილი მონაცემები და სხვ. ფაქტები სამშენებლო ქვებია, რომლითაც თეორიას აგებენ. მაგრამ ხდება ისეც, რომ ის, რაც მანამდე ფაქტი გვეგონა, ანუ ის, რაც ნამდვილი გვეგონა, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მცდარი აღმოჩნდება. ეს საბედისწერო მომენტი ჩამოშლის თეორიას. ბანალურია, მაგრამ გეოცენტრიზმიდან ჰელიოცენტრიზმამდე გზა სწორედ ფაქტების გადაფასების შედეგია – ის, რაც მანამდე ფაქტად იყო აღიარებული (sc. უძრავი დედამიწა და მოძრავი მზე), ტყუილი აღმოჩნდა და ფაქტებად მიჩნეული მცდარი შეხედულებების ჩამოშლამ ახალი თეორია წარმოქმნა.

იგივე ვითარებაა სოციალურ მეცნიერებებშიც. როცა წყარო ფაქტადაა მიჩნეული, შესაძლოა, ახალი წყაროს აღმოჩენის შემდეგ ფაქტის სიზუსტე და სანდოობა სადავო გახდეს და აღიარებული ჭეშმარიტება თვალსა და ხელს შუა გამოგვეცალოს. ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, არავინ უყურებს სოციალურ მეცნიერებებს, როგორც ზუსტ მეცნიერებებს – ძალიან დიდია იმის ალბათობა, გადამოწმებისას ფაქტად მიჩნეული ჭეშმარიტება საპნის ბუშტივით გასკდეს. როგორც არ უნდა ცდილობდნენ ამ სფეროს (სოციალური მეცნიერებების) წარმომადგენლები, შეამოწმონ ფაქტები, შეადარონ, დააპირისპირონ ისინი ერთმანეთს, აქსიომაა: სოციალურ მეცნიერებებში თეორიების ასაგებად მოძიებულ ფაქტებს ვერც ბრმად მიენდობი და ვერც დაეყრდნობი. მაგრამ სხვა გზა არ არსებობს და ამ სფეროში არსებული თეორიები მაინც ვარაუდები იქნება.

რაც შეეხება ლიტერატურას, ლიტერატურაში ფაქტები ნაწარმოებებში გვაქვს. როგორც არ უნდა მოიწადინოს მკითხველმა, ის ვერ გაექცევა, ვერ გასცდება ტექსტით შემოსაზღვრულ მწერლის მიერ დაწესებულ ჩარჩოებს. თუმცა ლიტერატურული ფაქტებიც იწვევს გაუგებრობას. ამას წინათ ფეისბუქზე საინტერესო დისკუსიას ვადევნებდი თვალს. ერთ-ერთი ლიტერატორი წერდა (დიალოგი შემოკლებული სახით გადმოვიტანე წერილში გია არგანაშვილან შეთანხმების შემდეგ), რომ „როგორც უნდომლად მოკლული თავის ლამაზი ძმისთვინა“ ავტორი „ლამაზ ძმაში“ ალუდას მიერ მოკლული მუცალის ხორციელ ძმას გულისხმობს და არა თვითონ მუცალს. პოსტის ავტორისთვის ტექსტიდან მოხმობილი ციტატის საფუძველზე მისი მოსაზრება ფაქტი იყო, მაგრამ ფაქტი სხვა ლიტერატორებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო და მათ თავიანთი მოსაზრების, განსხვავებული წაკითხვის გასამყარებლად, ისევ ტექსტიდან მოიხმეს ციტატები: მუცალის ძმას „ქურდკანტალას“ უწოდებს და ეს არ არღვევს „ლამაზ ძმად“ მუცალის ხორციელი ძმის გააზრების დასაშვებობას? ფეისბუქზე კამათი იმით დასრულდა, რომ მასში მონაწილე პირები მაინც თავიანთ აზრზე დარჩნენ. რამ გამოიწვია ეს? იმან, რომ ლიტერატურაში ფაქტი სიტყვებს ეფუძნება, სიტყვები კი ყველა ადამიანს თავისებურად ესმის, სიტყვები კონტექსტში იკითხება და კონტექსტი აღმქმელისთვის ხშირად სუბიექტურია.

რატომ მოვიხმე ეს დისკუსია? ჩემი აზრით, ვიღაცას, შესაძლოა, არასწორად ეგონოს, რომ ეს კამათი სიტყვიერია. არავითარ შემთხვევაში. როგორც აღვნიშნე, ლიტერატურაში ფაქტები სიტყვებს ეფუძნება, ამიტომაც ზემოთ მოტანილი დისკუსია ფაქტობრივია და არა სიტყვიერი. სიტყვიერი მაშინ იქნებოდა, მასში მონაწილე მხარეებს სიტყვების მნიშვნელობა  სხვადასხვაგვარად აღექვათ და ამაზე ედავათ. მაგალითად, ვისთვის რა არის ლამაზი (სხვადასხვა ეპოქაში და კულტურაში სილამაზის სხვადასხვა სტანდარტზე დავა და სხვ.) ან ვისთვის რა მიიჩნევა მოკლულად (შემთხვევით, უნებლიეთ, გამიზნულად. დაგეგმილად და ა.შ.).

  1. როდესაც მოსწავლეებს ავუხსნით ბუნდოვან და საორჭოფო/საჭოჭმანო სიტყვებს, გავარკვევთ ფაქტების მნიშვნელობაში და მათ როლს დისციპლინიდან დისციპლინაში, ვასწავლოთ შემდეგი: იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ და მოწინააღმდეგე მხარემ მიმართულება არ შეაცვლევინოს კამათს, არ აგვაცდინოს თანმიმდევრობას და არჩეული გზიდან არ გადაგვახვევინოს, კარგი იქნება, თუკი თავიდანვე შევთანხმდებით საკვანძო სიტყვების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი შეთანხმება არგუმენტირებული ნაწერის დასაწყისში. ეცადეთ, აუხსნათ მოსწავლეს, წარმოიდგინოს, რომ გამოცდაზე, როცა მის ნაწერს უცნობი გამსწორებელი ასწორებს და მან არ იცის, რა მნიშვნელობას დებს მოსწავლე წერისას სიტყვაში, რომელიც ამოსავალია მსჯელობისთვის, აუცილებელია, ნაწერში თავიდანვე განიმარტოს სიტყვა. მეც, მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, რას ვგულისხმობ ამა თუ იმ სიტყვის გამოყენებისას და ჩემი ნაწერიც ნაკლებად სადავო იყოს, ხშირად საკამათო ნაწერს სიტყვის განმარტებით ვიწყებ – ასე თავსაც ვიზღვევ და ჩემს ნაწერსაც ვაზღვევ. მკითხველმა თავიდანვე იცის, რას ვგულისხმობ საჯილდაო სიტყვაში. ასე ფაქტობრივი კამათი სიტყვიერ კამათში აღარ გადაიზრდება (ეს წერილიც ამის მაგალითია, დასაწყისშიც და მერეც შევეცადე, რამდენიმე საკვანძო სიტყვა თავიდანვე განმემარტა).

და ბოლოს, გაიხსენეთ, თქვენ ან თქვენს მოსწავლეებსაც ხომ არ გადაგყავთ ფაქტობრივი კამათი სიტყვიერში? თუ ასეთი რამ არ გახსენდებათ, გილოცავთ, რადგან დღესაც და გუშინაც მუდმივად იმის შემსწრენი ვართ, საქართველოში როგორ გადაჰყავთ ფაქტებზე დავა სიტყვიერ დავაში და როგორ გვაკარგვინებენ დროს უსაგნო და უმიზნო საუბრების მოსმენაში ტელევიზიებიდან და ხანდახან მაღალი ტრიბუნებიდანაც. თუკი სკოლის მერხიდან არ ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს ფაქტების მოძიებას, არგუმენტის გაბათილებას ან დადასტურებას ფაქტებით, სიტყვების მნიშვნელობის თავიდანვე განმარტებას, სამწუხაროდ, ჩვენი მოსწავლეებიც არასწორ გზას დაადგებიან – ქვეყანას არც სამ ხმაში სიმღერა და არც უსაფუძვლო კამათი აშენებს და, მით უმეტეს, არც სიტყვებზე გამოდავება და მათზე უსაგნო დავა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი