ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გიორგი ბერიაშვილი – მუსიკამ პიროვნებად აღმზარდა

ჩვენი სტუმარია გიორგი ბერიაშვილი, მუსიკათმცოდნე, პიანისტი, საფრანგეთის ხელოვნებათა აკადემიის დელ დუკას სახელობის პრემიის ლაურეატი.
– გიორგი, მოგვიყევით თქვენ შესახებ – რომელი სკოლა დაამთავრეთ, რა პროფესიებს დაეუფლეთ, ამჟამად რა საქმიანობას ეწევით, რა წარმატებას მიაღწიეთ ამ სფეროში…
– დავიბადე თბილისში, დავამთავრე 23-ე საშუალო სკოლა. ჩემი მუსიკალური ბიოგრაფია არატიპურია: მეცადინეობა ადრე დავიწყე, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ თავი მივანებე და მხოლოდ 14 წლისამ განვაგრძე. რამდენიმეწლიანი პაუზა, ცხადია, ძვირად დამიჯდა – ყოველგვარი სერიოზული საქმიანობა ისედაც მოითხოვს თავდადებულ შრომას, მე კი ბევრად უფრო თავდაუზოგავად და გონივრულად უნდა მეშრომა, მაგრამ უდიდესი ბედნიერებაა იმის განცდა, ამ შრომის წყალობით შინაგანად როგორ იზრდები.
სკოლის შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დავამთავრე საინჟინრო ქიმიის ფაკულტეტი ორგანული ქიმიის განხრით. ამ გზას ბოლომდე რომ გავყოლოდი, ალბათ კარგი ქიმიკოსიც დადგებოდა ჩემგან, მით უფრო, რომ სამეცნიერო ცოდნა ყოველთვის მიტაცებდა. დღესაც ასეა, მაგრამ მისთვის, სამწუხაროდ, ვეღარ ვიცლი. მუსიკის სამყაროს კი “ოფიციალურად” 23 წლისა შევუერთდი, როდესაც თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე და გავიარე მუსიკათმცოდნეობისა და თეორიიის სრული კურსი. მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში ვაგრძელებდი საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწას და ვყალიბდებოდი პიანისტად უამრავი შეცდომის, ჩიხისა თუ დაბრკოლების გავლით. პარიზში ჩასვლისთანავე აქტიურად ჩავები ამ სფეროში. ვცდილობდი სხვადასხვა მუსიკოსთან მუშაობის, მუზიცირების, მასტერკლასში მონაწილეობისა თუ კონცერტის გამართვის არც ერთი შესაძლებლობა არ გამეშვა ხელიდან. 2012 წელს საშემსრულებლო მოღვაწეობისთვის მივიღე საფრანგეთის ხელოვნებათა აკადემიის ჩინო და სიმონ დელ დუკას სახელობის პრემია, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა სპეციალობის ოთხ მუსიკოსს ენიჭება. ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასი მონაპოვარია. პრემიაზე ჩემს წარდგენაში დიდი როლი შეასრულა ჩემმა დისკმა “Récital Allemand”, რომელიც 2011 წლის დასაწყისსში Cristal Records-მა გამოსცა.
დღეს ერთდროულად სამ ფრონტზე ვმოღვაწეობ: ვასწავლი მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოსა და თეორიულ საგნებს; მაქვს ბევრი საკონცერტო გამოსვლა (საფრანგეთში არსებული კრიზისის მიუხედავად, ამ მხრივ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა და მსმენელი მყავს); მესამე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კი თეორიულ-კვლევითი სამუშაოა. საფრანგეთში სადოქტორო დისერტაცია დავიცავი. ჩემი ნაშრომი მეოცე საუკუნის მუსიკის ესთეტიკურ და თეორიულ პრობლემებს მიეძღვნა. ყოველწლიურად ვმონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში და ერთ-ორ კვლევით სტატიას ვაქვეყნებ.
– როგორ მოხვდით პარიზში და რა იყო არც ისე დიდი ხნის წინ თქვენი თბილისში სტუმრობის მიზეზი?
– პარიზში უმთავრესად ასპარეზის გასაფართოებლად და კვლევითი სამუშაოს გასაგრძელებლად წავედი. 90-იანი წლების მიწურულს საქართველოში საამისო ასპარეზი პრაქტიკულად არ არსებობდა. იმხანად დაწყებული მქონდა მუშაობა ორიგინალურ თეორიულ კონცეფციაზე, რომელიც განვითარებას მოითხოვდა, ამისთვის კი გარკვეული რესურსები და გარემო იყო საჭირო. ასეთი ჩანაფიქრის განხორციელება მხოლოდ რომელიმე დიდ კულტურულ ცენტრში შეიძლებოდა. ვინაიდან ფრანგული ჩემთვის მესამე სამეტყველო ენა იყო, გეზი პარიზისკენ ავიღე. ათი წლის წინანდელ საფრანგეთში მუსიკათმცოდნეობა დღევანდელზე გაცილებით აქტიური გახლდათ. დღეს უკვე ბევრი უჩივის კულტურის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის შესუსტებას, ახლა ამ დარგში უკვე ძალიან ძნელია თავის გატანა.
თბილისში კი კონცერტის გასამართავად ჩამოვედი. შარშან გამიჩნდა იდეა, თბილისელი მსმენელისთვის, განსაკუთრებით – კონსერვატორიის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, თანამედროვე ფრანგი კომპოზიტორის, ფრანსუა ბერნარ მაშის, მუსიკა შემესრულებინა. მისი მუსიკა თბილისში არასოდეს აჟღერებულა, თუმცა კი, ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ცოცხალ კომპოზიტორთა შორის.
კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში 5 ნოემბერს გაიმართა. ვიმედოვნებ, ქართველმა მსმენელმა შეიგრძნო მაშის ნაწარმოებების დიდი მხატვრული ღირებულება და ორიგინალურობა. იმავდროულად, ეს კონცერტი იყო ნიადაგის მოსინჯვა უფრო დიდი პროექტისთვის – 2013-ში, შემოდგომის თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე, ამავე ავტორის უფრო დიდი ნაწარმოებების შესრულებას ვგეგმავთ.
– ჩვენ ყველანი “მივდივართ შინიდან”, ყველა – სხვადასხვა მიზეზით. თქვენი წასვლის მიზეზი რა იყო?
– მინდოდა, საკუთარი თავი უფრო დიდ პროფესიულ ორბიტაზე გამომეცადა. როდესაც საქართველოდან წავედი, 29 წლის გახლდით და ეს არ ყოფილა საკუთარი თავის ძიება – უფრო, ასე ვთქვათ, უკვე ნაპოვნის გადანერგვა იყო სხვა ნიადაგზე, რომელსაც, მართალია, იდეალურს ვერ დაარქმევდით, მაგრამ მაინც საკმაოდ ნოყიერი ეთქმოდა. 70-იანი წლები რომ ყოფილიყო, ალბათ მოსკოვში წავიდოდი, რომელიც იმხანად მუსიკალური ხელოვნების პრაქტიკისა და თეორიის მნიშვნელოვანი ცენტრი გახლდათ. კარგი იქნებოდა, ყველას, ვინც პერიფერიულ ქალაქებში მოღვაწეობს, შესძლებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი საქმიანობის ასეთ ცენტრთან (ან ცენტრებთან) უშუალოდ დაკავშირება დარგში არსებული რეალური ისტორიული ვითარების გასაცნობიერებლად, მიმდინარე პრობლემატიკის გასათავისებლად, მისი მაჯისცემის შესაგრძნობად.
– დღეს საქართველოს სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტის მიხედვით ისწავლება მუსიკა როგორც სავალდებულო საგანი. როგორ ფიქრობთ, შედეგიანი იქნება მუსიკის სწავლება ამ ფორმით? რამეს ხომ არ ურჩევდით ჩვენს მასწავლებლებს?
– ის, რომ მუსიკა სავალდებულო საგანია, თავისთავად ძალიან კარგია. ასეა საფრანგეთშიც. სხვა საქმეა, რეალურად რა ხდება სკოლებში.
დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სკოლაში მუსიკის იმგვარად სწავლება, რომ ამან დიდი პოზიტიური ეფექტი მოახდინოს ქვეყნის საერთო კულტურულ კლიმატზე, თუმცა კი საქმის ისე წარმართვა, რომ მუსიკა არ იქცეს მოსაწყენ და უაზრო საგნად, ძალიან რთულია.
საფრანგეთში რომ ჩავედი, თითქმის ორი წელიწადი რამდენიმე სკოლაში მუსიკის მასწავლებლად ვიმუშავე. დიდი გამოცდილება მივიღე. ზოგიერთი სკოლა რთულ რაიონში იყო – მოგეხსენებათ, საფრანგეთში სოციალური ვითარება არ არის მშვიდი და ერთგვაროვანი. თუმცა მინახავს კოლეგები, რომლებიც ასეთ პირობებშიც კი მშვენივრად ართმევენ თავს საქმეს. ზოგიერთ სოციალურად რთულ უბანში პედაგოგები იძულებულნი არიან, “ქუჩური” მუსიკალური კულტურა აიღონ საყრდენად და აქედან სცადონ მოსწავლეებისთვის რაიმე უფრო დახვეწილის მიწოდება.
საფრანგეთის გამოცდილების საქართველოში დანერგვა ძნელია. მეთოდიკის, რეპერტუარის, მიდგომების ერთი საზოგადოებიდან მეორეში გადატანა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. იდეალური იქნებოდა, საქართველოში რამდენიმე მუსიკის გაკვეთილს დავსწრებოდი და რჩევა მერე მომეცა. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი თბილისშიც და რეგიონის რომელიმე სკოლაშიც.
მწვავედ დგას რეპერტუარის საკითხი. საფრანგეთის დღევანდელ კულტურაში მუსიკალური გამოსახვის ყველა ფორმა ერთნაირად ხელმისაწვდომი და ღირებულებრივად გათანასწორებულია. მაგალითად, ბავშვებისთვის სავსებით ბუნებრივია როგორც აფრიკული ფოლკლორის ნიმუშის, ისე საესტრადო სიმღერისა თუ შუბერტის ნაწარმოების შესრულება, მაგრამ ამაში სასიკეთო არაფერია. მუსიკალური ენების ამგვარ ნიველირებას საზოგადოების ერთგვარი უგრძნობლობა მოსდევს და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩემთვის ყოვლად აუტანელი სამომხმარებლო იდეოლოგიითაა გაჯერებული (მუსიკა როგორც მოხმარების საგანი). მაგრამ ახლა მე მხოლოდ ფაქტზე ვლაპარაკობ, ის კი ქართულ და ფრანგულ რეალობათა არცთუ იოლ თავსებადობაზე მეტყველებს.
ბავშვი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში, იღებდეს გამოცდილებას, თუნდაც ძალიან უბრალო ინსტრუმენტების გამოყენებით (დასარტყამები, ქსილოფონი, ბლოკფლეიტა…). ცხადია, სიმღერასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა იმას, რომ ბავშვებს რაღაც სახალისო სიმღერები ვამღეროთ, რაც საგან “მუსიკას” საგან “სიმღერად” აქცევს. შედეგიანია კითხვების დასმა (ან კითხვარების შევსება) მოკლე ფრაგმენტის მოსმენის შემდეგ: რა განწყობილების მუსიკაა? რას სიტყვებს მიუსადაგებდით? რომელი ქვეყნიდან მოდის? – და ა.შ., ან ორი ფრაგმენტის შედარება: რა არის მათ შორის საერთო? რა განსხვავებაა?
დღეისათვის მუსიკის კურსი ალბათ არ უნდა შემოიფარგლებოდეს არც კლასიკური მუსიკით და არც ფოლკლორით – იგი უნდა ეყრდნობოდეს მუსიკის როგორც, საზოგადოდ, ადამიანის აქტივობის ხედვას. ბავშვები მუსიკას რთული ტერმინოლოგიით არ უნდა ვაზიაროთ, უნდა ვერიდოთ იმას, რაც შეიძლება იქცეს ფორმალობად ან ფარსად. აქ დიდი სამუშაოა გასაწევი. შესაძლოა, საჭირო გახდეს რამდენიმე ქართველი პედაგოგის უცხოეთში სტაჟირებაზე გაგზავნა. მზად ვარ, ამაშიც მივიღო მონაწილეობა.
– თქვენ ევროპულ გამოცდილებას კარგად იცნობთ. რით შეუძლია მუსიკას, ხელი შეუწყოს პიროვნების აღზრდას? რა როლს ასრულებს იგი გემოვნების, კულტურის ჩამოყალიბებაში? როგორია ცოდნის გავრცელების გზები თქვენს სინამდვილეში, რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ აქ და როგორ მოვაგვაროთ ისინი? როგორ გავუღვივოთ მოსწავლეს ინტერესი?
– ევროპელების გამოცდილება ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ ის არ არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული და შედედებული რამ; ის განუწყვეტლივ იცვლება, ვითარდება. ამჟამად ევროპელები თავიანთი კულტურის ბევრ მომენტს კარგავენ და ეს სავალალოა. ევროპული ინტელიგენციაც შეშფოთებულია ამით. ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ დომინანტური კლასი ევროპაში ინტელიგენციასთან გახლდათ გაიგივებული, ახლა კი ეს კლასი და მმართველი წრეები აღარც ინტელიგენტურია, აღარც ინტელექტუალური, აღარც დახვეწილი და, სხვათა შორის, აღარც მაინცდამაინც კომპეტენტური. ეს თვისებები, ეს ღირებულებები მხოლოდ საშუალო კლასს შემორჩა, ისიც – ყველას არა. მუსიკის ადგილი ევროპელთა ცხოვრებაში დღითი დღე იცვლება, თუნდაც იმის გამო, რომ დომინანტური კლასი, რომელიც განსაზღვრულ მუსიკას მიიკუთვნებდა (კლასიკურს ვგულისხმობ), ახლა მას აღარ მიიკუთვნებს. ავიღოთ საკმაოდ ზედაპირული, მაგრამ მეტყველი მაგალითი: საფრანგეთის პრეზიდენტი ოპერაში დიდი ხანია არ ყოფილა, თუმცა ეს ჟანრი დაბადებიდანვე მმართველი წრის უმთავრესი თეატრალური სანახაობა გახლდათ.
რაც შეეხება ჩვეულებრივ, ადამიანურ გამოცდილებას, მუსიკა პიროვნების ბუნებრივი თვითგამოხატვის სფეროა, ისევე, როგორც სახვითი ხელოვნება თუ ცეკვა. იგი გაცილებით მეტია, ვიდრე გართობა ან “დროსტარება”, რაზეც სურს მისი დაყვანა გლობალიზაციის იდეოლოგიას. ის არის ადამიანთა შორის ერთობის განცდის უმძლავრესი ფაქტორი და მის გარეშე ნორმალური საზოგადოების შექმნა შეუძლებელია. ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია პრიმიტიული ტომები გავიხსენოთ. დედამიწაზე ყველაზე პრიმიტიულ ტომსაც კი თავისი მუსიკა აქვს და ის მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს.
ძველი ჩინელები ამბობდნენ: თუ მუსიკას უჭირს, სახელმწიფო დიდხანს ვერ გაატანსო. დღეს პოლიტიკური პრიორიტეტია, ყველაფერი თანაბრად ნებადართული იყოს, რასაც მუსიკის პრიმიტიულ-გამარტივებული ფორმების მოძალება მოჰყვება. განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნევა მუსიკალური “გაუთლელობის” კულტივირება, რაც გადაგვარების ნიშანია. კლასიკური მუსიკა კი ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული და მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული უტილიტარული მიზნით გამოყენებაზე, ვთქვათ, პარკინგში, ანტიკვარიატის მაღაზიაში ან დანტისტთან, ფონის შესაქმნელად… მაგრამ მუსიკას ხომ პიროვნების აღზრდაში უზარმაზარი წვლილის შეტანა ძალუძს.
მუსიკის მიმართ მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად ორი რამაა აუცილებელი: პირველი – მასწავლებელს უყვარდეს თავისი საქმე; მეორე – მასწავლებელს უყვარდეს მოსწავლეები. ეს რთული ამოცანაა. მასწავლებელმა უნდა იპოვოს გზა იმ მუსიკალური კულტურიდან, რომელიც ბავშვებისთვის შეიძლება იყოს მისაწვდომი, უფრო რთულისკენ, დახვეწილისკენ, დაანახვოს მათ უფრო ფართო ასპარეზი და წარმოსახვა განუვითაროს. კლასიკურ მუსიკაში უხვად არის ისეთი მაგალითები, რომელთა აღქმა ბავშვს არ გაუჭირდება. მათი გამოყენება სასკოლო კურსში არ არის ძნელი. რაც მთავარია, მუსიკალური ცოდნის გაფართოება უნდა მოხდეს ბავშვისთვის უკვე ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით. მინახავს კლასები, სადაც ბავშვების მუსიკალური კულტურა კომპიუტერული თამაშების თანმხლები მუსიკით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მასწავლებელი ახერხებდა, ამაზე დაყრდნობით უფრო მდიდარი მასალისკენ გაეკაფა გზა.
– რის თქმა გსურთ ყველაზე ხშირად თქვენი მოსწავლეებისთვის და რას ეტყოდით ჩვენს მასწავლებლებს?
– თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმე დავმოძღვრო. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ სასურველ შედეგს, თუ მასწავლებელს მართლა ეყვარება თავისი საგანი და მოწაფეები. ძნელია, ადამიანს სიყვარული მოსთხოვო, მით უმეტეს, ბავშვების პატარა საზოგადოება ხშირად აუტანლად იქცევა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საზოგადოება უფროსთა საზოგადოების მინიატურული მოდელია. რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით. ამიტომ სკოლის მასწავლებლის შრომა სახელმწიფომ საკადრისად უნდა დააფასოს. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, მასწავლებლის ჯაფა თითქმის დაუფასებელი გახლდათ. იმედი მაქვს, მომავალში ვითარება გამოსწორდება. თავის დროზე საფრანგეთში სკოლის მასწავლებელი უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. ახლა ეს დამოკიდებულება იკარგება. მართალია, გეზი ევროპისკენ გვიჭირავს, მაგრამ იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, საით მიდის თავად ევროპა და ჩვენც, ნაცვლად გარეგნული მიმბაძველობისა, სიღრმისეული ღირებულებების გააზრებისა და ათვისებისკენ ვისწრაფოდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი