პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სტრესი ბავშვებში – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

სტატიის სახელწოდების წაკითხვისას ბევრმა შეიძლება გაიოცოს და ბავშვთან მიმართებაში სტრესზე საუბარი ზედმეტადაც კი ჩათვალოს, რადგანაც ზრდასრულთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ მართალია სტრესი თანამედროვე ცხოვრებაში უკვე გარდაუვალი მოვლენაა და სტრესული სიტუაციები თითქმის ყოველი ადამიანის ცხოვრებას თან სდევს, მაგრამ ბავშვები, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენენ. ამ ადამიანების არგუმენტები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ის არის, რომ ბავშვობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, ბავშვებს არ უწევთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე ფიქრი, არა აქვთ რაიმე სერიოზული საზრუნავი, მშობლების გვერდით ისინი საკმაოდ დაცულად და უზრუნველად გრძნობენ თავს და ამდენად სტრესი მათთვის უცხო უნდა იყოს.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მართალია ზრდასრულთა ცხოვრებაში სტრესი ჩვეულ მოვლენად იქცა და უკვე დიდი ხანია,  რაც ის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების თანამდევს წარმოადგენს, მაგრამ, გარკვეულ სიტუაციებში, სტრესი ბავშვებშიც არანაკლები სიხშირით გვხვდება, ის მოზარდებში საკმაოდ ბუნებრივი და გავრცელებული მოვლენაა, რომელიც აღმოცენდება, როგორც დაცვითი რეაქცია მნიშვნელოვან ცვლილებებზე მათ ცხოვრებაში. სტრესი ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხია მის მიმართ წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე, ნერვული სისტემის რეაქცია მრავალფეროვან ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ გამღიზიანებლებზე.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების ამა თუ იმ   ეტაპზე შეიძლება აღმოჩნდეს სტრესულ სიტუაციაში. თუმცა, თუ უფროსებმა ვიცით როგორ შევიცნოთ და გავუმკლავდეთ სტრესს, ბავშვები, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არიან დაუფლებული სტრესთან ბრძოლის ეფექტურ ხერხებს, ხშირად იბნევიან და ვარდებიან პანიკაში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ბავშვს გამოიმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც სტრესისაგან განთავისუფლებაში დაეხმარება.

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს თავი გაართვას სტრესს? ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პრობლემის იდენტიფიცირება და იმ ნიშნების გამოკვეთა, რომლებიც სტრესის შეცნობაში დაგვეხმარება.

    სტრესის სიმპტომები ბავშვებში:

  • ცვლილებები ემოციურ სფეროში. გუნება-განწყობის სწრაფი ცვლაარცთუ ისე დიდი ხნის წინ მხიარული და ხალისიანი ბავშვი ახლა უარყოფითი ემოციებით არის დატვირთული, უარს ამბობს თამაშებში მონაწილეობაზე, ავლენს აგრესიულობას, ხშირად უმიზეზოდ ნაწყენდება, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის ახალ კონტაქტებს, განიცდის უჩვეულო სევდას, ხდება შფოთიანი, უჩნდება უნდობლობა გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ხანდახან უფროსებთან საუბარს ის ისტერიკამდე მიყავს, კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, ნერვული სისტემა წყვეტს ემოციების გაკონტროლებას. დეპრესია, დამთრგუნველი მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს;
  • პრობლემები ყურადღების კონცენტრაციის მიმართულებით სწავლაში ჩამორჩენა, აკადემიური მოსწრების დაქვეითება, საშინაო დავალებების დავიწყება, სწავლის ინტერესის დაკარგვა, მუდმივი დაღლილობა გაკვეთილებზე ყოფნისას;
  • სომატური ჩივილები ხშირი თავის ტკივილები, ასევე ტკივილები მუცლის არეში და სხვა სახის ფიზიკური დისკომფორტი;
  • მადის დაკარგვა, წონაში სწრაფი კლება, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები;
  • ნერვული ტიკები, ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, ენურეზი;
  • დარღვევები ინტელექტუალურ და მეტყველების განვითარებაში. იწყებს ენის მოჩლექით ლაპარაკს, მაშინ, როცა უკვე საკმაოდ კარგად იყო დაუფლებული მეტყველებას და გამართულად ლაპარაკობდა.

იმისათვის, რომ ბავშვს დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება და გამოვიყვანოთ სტრესული მდგომარეობიდან, სიმპტომების დაფიქსირებასთან ერთად საჭიროა გამოვიკვლიოთ სტრესის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.

     ბავშვებში სტრესის ძირითადი მიზეზები:  

  • ცხოვრების ჩვეული წესის, ჩვეული რიტმის დარღვევა, ცვლილებები, რომლებზეც თავად უფროსები მტკივნეულად რეაგირებენ, შფოთავენ, ნერვიულობენ. გარშემომყოფი, ბავშვისთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანების ასეთი რეაქციები ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე შეუძლებელია მოზარდისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. და, ყოველივე ეს მასში სტრესის გამომწვევი სერიოზული მიზეზი ხდება;
  • დაცილება ახლობელ ადამიანებთან, სასწავლებლად სხვა ქალაქში გამგზავრება ან ჰოსპიტალიზაცია;
  • საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლა;
  • მშობლების დაცილება;
  • უყურადღებობა მშობლების მხრიდან;
  • ახლობლის დაკარგვა და დაუცველობის გრძნობა;
  • მუდმივი საყვედურები და ზეწოლა მშობლების, ახლობლებისა და მასწავლებლების მხრიდან;
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
  • გამოცდები და მასთან დაკავშირებული შიშები;
  • აგრესიის მატარებელი კომპიუტერული თამაშებით გატაცება;
  • მნიშვნელოვანი ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი ბავშვის ორგანიზმში;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ქალა-ტვინის ტრავმები;
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
  • სომატური დაავადებები;
  • არახელსაყრელი მიკროკლიმატი ოჯახში და ბავშვის აღზრდის არასასურველი გარემო;
  • ერთ წლამდე ასაკი ბავშვებში სტრესის აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს: ცვლილება კვებაში, დედის გასვლა სამსახურში, საბავშვო ბაღში შეყვანა, ძიძის გამოჩენა მის ცხოვრებაში, ხანგრძლივი ავადმყოფობა, ჩხუბი მშობლებს შორის, რაღაცის ან ვიღაცის ძლიერი შიში.

როგორ მოვიქცეთ, როცა სტრესის სიმპტომები სახეზეა და მისი გამომწვევი მიზეზებიც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი.

რეკომენდაციები ბავშვებში სტრესის დასაძლევად:

  • ყველანაირად შევეცადოთ, რომ ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ბავშვის თანდასწრებით შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა, არ დავკარგოთ კონტროლი საკუთარ ემოციებზე და თავად ჩვენ არ გავხდეთ სტრესის „მსხვერპლი“. თუ სტრესს განვიცდით, ბავშვზე ნუ გადმოვაფრქვევთ ჩვენს რისხვას. სტრესი გაღიზიანებადობის დონეს მაღლა წევს ადამიანში და ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ავფეთქდეთ და დავატეხოთ რისხვა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან. ამიტომ, თუ სტრესს განვიცდით, შევეცადოთ მასთან ბრძოლას ბავშვისაგან მოცილებით;
  • ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მისთვის საყვარელ, მის ახლობელ უფროს ადამიანებს არ აშინებთ ცხოვრებისეული სირთულეები და ადვილად უმკლავდებიან სტრესს. ასე ის ბევრად დაცულად იგრძნობს თავს;
  • სერიოზულად მივუდგეთ ბავშვის განცდებს. ვაღიაროთ, რომ ისინიც განიცდიან სტრესს და შეიძლება უფრო ძლიერადაც, ვიდრე ჩვენ. თუ ჩვენთან თავის გრძნობებზე და ემოციებზე სასაუბროდ მოსულ ბავშვს თავიდან მოვიცილებთ სიტყვებით: „შენ ბავშვი ხარ! შეუძლებელია შენ რაიმე პრობლემა გქონდეს. ეს მე ვცხოვრობ სტრესებში“,  ის შეწყვეტს ჩვენთან თავის განცდებზე საუბარს, ჩაიკეტება საკუთარ თავში, მარტოსულად იგრძნობს თავს და ეს ბევრად უფრო სერიოზული სირთულეების წინაშე დაგვაყენებს მომავალში, ვიდრე მისი „წუწუნის“ მოსმენა. ამიტომ, გამოვყოთ დრო და მოვუსმინოთ ბავშვს, რათა გავიგოთ რას გრძნობს, რა აწუხებს, რა უხარია. შევუქმნათ მას პირობები იმისათვის, რომ გამოხატოს, გადმოაფრქვიოს თავისი ემოციები. ამისათვის ჩვენ დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დაგვჭირდება. საკმარისი იქნება უბრალოდ მოვუსმინოთ, თუ რას ლაპარაკობს ბავშვი – ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისთვის საკუთარი გრძნობების გამოსახატად;
  • გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა და ავუმაღლოთ თვითშეფასება ყოველ შესაძლო შემთხვევაში დადებითი კომენტარების გამოყენებით და მისი წარმატებების დაფიქსირებით. ცნობილია, რომ ყველაზე ნაკლები სტრესგამძლეობით ხასიათდებიან დაქვეითებული თვითშეფასების და საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ბავშვები;
  • ბავშვებში სტრესისადმი მდგრადობის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს რეგულარული დასვენება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, ჯანსაღი კვება, დროულად დაძინება, ძილის წინ მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნება, კომპიუტერულ თამაშებზე უარის თქმა;
  • ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ადვილად, უმტკივნეულოდ გადაიტანოს სტრესი და ამ სტრესით გამოწვეული დაძაბულობა, თუ მივხვდებით, გავიგებთ რა ემართება მას ამ დროს. თუ დაგვავიწყდა ჩვენი საკუთარი ბავშვური განცდები, გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერმა, რაც ბავშვს პირველად ემართება, შეიძლება გამოიწვიოს მასში შფოთვა. შევეცადოთ დავინახოთ სიტუაცია მისი თვალით და მაშინ უკეთესად გავიგებთ მის მიერ განცდილ სტრესს;
  • მოვამზადოთ ბავშვი მოულოდნელობებისთვის, რაც უფრო ნაკლები იცის მან ახალი სიტუაციის შესახებ, მით უფრო მეტად ეშინია მისი. ამიტომ, გავაცნოთ ბავშვს ყველაფერი, რისი გადატანაც მოუწევს მას. თუ ახალ სკოლაში გადადის, ვაჩვენოთ ის. რაც უფრო მეტად გავაცნობთ ბავშვს ყველაფერ იმას, რასთან შეხვედრა და რისი გადატანაც მოუწევს, მით უფრო ნაკლები სტრესი ექნება მას;
  • ავუხსნათ ბავშვს, როცა რაიმე ხდება, ამასთან ავუხსნათ მისთვის გასაგები სიტყვებთ;
  • ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან მუდმივად სანიმუშო ქცევას და მაღალ შეფასებებს. სტრესის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს ბავშვებში მშობლების მაღალი მოლოდინები წარმოადგენს. ამ შემთხვევაში სტრესის შესუსტების საუკეთესო საშუალება მშობლების მოლოდინების შეცვლაა;
  • გავუწოდოთ ბავშვს დახმარების ხელი, განურჩევლად მისი ასაკისა. მნიშვნელობა არა აქვს რა ასაკისაა ბავშვი, პატარა, რომელმაც ეს-ესაა დაიწყო სიარული, თუ მოზარდი, რომელსაც უკვე დამოუკიდებლადაც უნდა შეეძლოს ამა თუ იმ პრობლემისთვის თავის გართმევა, მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ მისთვის უსაფრთხოების გარანტი, ნავსაყუდელი, სადაც შეუძლია დაბრუნდეს, თუ რაიმე შეემთხვევა. ბავშვი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ახლობლებში და ენდობა მათ, იცის, რომ ისინი დაეხმარებიან, თუ გაუჭირდება, სხვებზე უკეთესად ახერხებს შეცვლილ გარემოსთან ადაპტირებას. რაც უფრო მეტად გრძნობს ბავშვი ახლობლების მხარდაჭერას, მით უფრო ადვილი ხდება მისთვის დამოუკიდებელ მოქმედებაზე გადასვლა და სტრესის დაძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრესი ბავშვის ცხოვრებაში საკმაოდ რეალური მოვლენაა   და არ იქნება გამართლებული მისი იგნორირება, უარყოფა, პირიქით უკეთესია დროულად ვიზრუნოთ მის დაძლევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მომავალში სტრესით გამოწვეული ისეთი პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ, რომელთაც  იოლად ნამდვილად ვერ გადავწყვეტთ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი