სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნინო ჩაკვეტაძე – ორშრიანი დუპლექსის მიღმა

რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემომედავოთ, პატარა უფლისწული რა შუაშიაო და მხატვარსაც ხომ ის საერთოდ არ უხსენებია, მაგრამ მისი ნახატების ხილვის დროსაც ზუსტად ისევე გავლღვი, როგორც ხეები – თებერვლის ბოლოს. მე არ მახსოვს სხვა მწერალი, გარდა ეგზიუპერისა, რომელსაც თავისი ბავშვურ-დიდური ფილოსოფიით და უნივერსალური სიკეთით ჩვენი გაუხეშებული მერქანი კარაქივით დაერბილებინოს და სხვა მხატვარი, რომელსაც ასე შესძლებოდეს, გამოვეძვრინეთ მანქანების ნერვული ხმაურიდან, ოფისების ალიაქოთიდან, ერთი სიტყვით, მთელი ამ დიდური რუტინიდან და მშვიდ ბავშვობაში დავებრუნებინეთ. მისი ფერწერა ერთგვარი ტრანსპორტია, უფრო კი მატარებლის სინქრონული ხმაური, რომელსაც პირდაპირ დასაწყისისკენ მივყავართ.
ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედების დასაწყისი ერთგვარი ძიება იყო, რომელმაც ჩვენთვის ასეთი “მატარებელი” გამოაგონებინა:
“ახლა როგორსაც ხედავთ ჩემს ნამუშევრებს, უფრო ბოლო პერიოდს ეკუთვნის. ბევრს არ ვმუშაობდი და არც ხშირად გამოჩენის პრეტენზია მქონია, პატარები მყავდა შვილები. ნიკოლაძე დავამთავრე, მერე – სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. კლასიკურად, ვხატავდით ფანქარში ნატურას ან პორტრეტს და ფერში – კომპოზიციებს თავისუფალ თემაზე. ახლა რომ ვიხსენებ, ხშირად ვხატავდი ბებია-ბაბუას და ბავშვებს. სულ ძიების პროცესში ვიყავი. ირაკლი ფარჯიანი მიყვარდა ძალიან. ახლაც მიყვარს. იმდენად მომწონდა, ერთ დროს მის გავლენასაც კი განვიცდიდი, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, სწავლის და ძიების ჩვეულებრივი გზაა. ახლა გავთავისუფლდი გავლენებისგან.
პროპორციების დარღვევის მიუხედავად, ჩემი ნახატები არ არის აბსტრაქტული. სამი წლის წინ მივხვდი, რომ ეს იყო ორგანული ჩემთვის, აქ უნდა ვყოფილიყავი, ასეთ ნამუშევრებში. ასე თუ ისე, გაამართლა და თავსაც კომფორტულად ვგრძნობ, ცოტა დავმშვიდდი, რაღაცას მაინც მივაგენი-მეთქი”.
შესაძლოა, მიაგნო საფულეში ჩარჩენილ ფულს, გადავიწყებულ კაბას, საჭირო მისამართს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთჯერადია: ფულს დახარჯავ, კაბას გაცვეთ, რომელიმე ქუჩის რომელიმე ნომრიდანაც ერთსაათიანი ვიზიტის შემდეგ წამოხვალ. მისი ნახატები კი ისევე ვერ იქნება ერთჯერადი, როგორც ჩვენი ძალიან, ძალიან ნოსტალგიური ბავშვობა. ამ ბავშვობას, ამ სენტიმენტალურ მეხსიერებას მუდამ და ყველგან თან ვატარებთ. 


გაიხსენეთ თქვენი მზერა, რომელსაც ბავშვობაში კაკლის მურაბის ქილას აბჯენდით. გაიხსენეთ თქვენი მომლოდინე ბებიები და პაპები. გაიხსენეთ ხის კენწეროები, რომლებიც ხანდახან არაკეთილსინდისიერად გექცეოდნენ და მიწაზე გაბრუნებდნენ. გაიხსენეთ დიდი ხნის ნახმარ ჩანთასავით გადატყავებული თქვენი მუხლები. გაიხსენეთ სასკოლო ზეიმები, რომლებზეც რაც უფრო ხმამაღლა იტყოდით ლექსს, პათოსი მით უფრო დაგიფასდებოდათ ერთით მეტი მანდარინით ან კანფეტით. გაიხსენეთ ბავშვობისდროინდელი ფინჯნები ზედ მიხატული გეტრებიანი გოგოთი და პატარა ობობათი. გაიხსენეთ თქვენი საბავშვო ოთახის შპალერი ცხოველებით, გნომებით და ზღაპრული სამყაროთი… მერე ისიც ისევე გააქრეს, როგორც სხვა ყველაფერი, – ადგნენ, ააფხრიწეს და სტრუქტურული ვინილით, მეტალირებული შპალერით თუ ორშრიანი დუპლექსით შეცვალეს. დიდობისას ინტერიერი უნდა შეიცვალოს გამძლე პროდუქციით…
და როცა ამ დიდობის ინტერიერიდან გაქცევა გინდება, ნინოს “მატარებელი” ყველაზე სწრაფი და მშობლიური ტრანსპორტია, თუმცა ცოტათი სევდიანიც – რაც მეტად გენატრება, მით მეტად სენტიმენტალური ხდები: 

“ჩემი სევდიანი პერსონაჟების გამო ხშირად ჰგონიათ, რომ მწარე ბავშვობა მქონდა. არადა, მოსიყვარულე მშობლები მყავდა, არც ბებია-ბაბუას გავუზრდივარ, თუმცა კი ისინი ისევე ზრუნავდნენ ჩემზე, როგორც მსოფლიოს სხვა ბებია-ბაბუები – საკუთარ შვილიშვილებზე… სევდიანი ნახატები ალბათ იმიტომ გამომდის, რომ არანორმალურად მენატრება ის დრო. 18 წლისა საბოლოოდ მივხვდი – უკვე ძალიან დიდი ვიყავი, თან არეული 89 წელი იდგა. ახალ თაობას ვერც კი წარმოგვედგინა, რომ თავისუფლება ასე ახლოს იყო…”
ნიკოლაძის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მერე რამდენიმე წელი იქვე ასწავლიდა, უფრო მერე – სკოლაში. ამბობს, რომ სტაბილური სამსახური დროის კარგვაა, ეს დრო შეიძლება უფრო კარგი საქმეების საკეთებლად  გამოიყენო. აი, მაგალითად, “ბაკურ სულაკაურის” ან “პალიტრა L-ის” წიგნები გააფორმო, ან პერსონალურ გამოფენას მიხედო, ან ხიმენესის ქართული თარგმანის დასურათებაზე იოცნებო. ასეთი ოცნება სწორედ რომ საქმეა, მით უმეტეს, თუ მის ასახდენად რამდენიმე ნახატსაც შექმნი:

“პლატერო და მე” ძალიან ჩემია. დიდი ხნის წინ წავიკითხე რამდენიმე ფრაგმენტი ამ წიგნიდან, დაბეჭდილი “ლიტერატურულ საქართველოში”. ძალიან ამაღელვა. სათაური არ დამამახსოვრდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ესპანელი მწერლისა იყო. სულ ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა მიმეგნო ამ წიგნისთვის. ინტერნეტშიც ვეძებე ყველა სავარაუდო სახელით. შარშან კი დეიდაშვილის მეგობარი მესტუმრა. ხელში წიგნი ეჭირა და ამ სიტყვებით გადმომცა: “ვფიქრობ, აუცილებლად მოგეწონება, საშენოაო”. დავხედე და ჩემი დიდი ხნის ნაძებნი “პლატერო და მე” შემრჩა ხელში. ძალიან გამიხარდა. ეს წიგნი ამ ქალბატონისთვის მთარგმნელს, მანანა გიგინეიშვილს უჩუქებია. მერე კი თავად მთარგმნელმა ნახა ჩემი ნამუშევრები ფეისბუქზე და ავტოგრაფით გამომიგზავნა ხიმენესი. გავიგე ტელეფონის ნომერი, რომ მადლობა გადამეხადა. მან მითხრა, რომ მოხიბლული იყო ჩემი ნამუშევრებით, აღნიშნა, შენი ნახატები ამ წიგნს ძალიან ჰგავსო და მისი დასურათება შემომთავაზა. ასე რომ, იდეა არის, მაგრამ რამდენიმე გამომცემლობამ უარი თქვა – მომგებიანი არ იქნებაო… ერთ-ერთი ნოველის სიუჟეტი დავხატე კიდეც: ბავშვები ლამპის შუქზე ვახშმობენ, ვირუკა პლატერო ფანჯარას მოადგება, ბავშვებს შეეშინდებათ და გაცვივდებიან, ეს კი იყურება თავისი უზარმაზარი თვალებით… მერე კიდევ დავხატე ერთი პლატერო, ხიმენესთან ერთად რომ მიდის… პერსონაჟები მხოლოდ მაშინ მიყვარდება, თუ ამაღელვეს”.
ილუსტრაციებზე მუშაობა სპონტანურად დაიწყო, მაკა მიქელაძისა და ნინო ჩაკვეტაძის დუეტი, მათი განხორციელებული იდეები კი, დარწმუნებული ვარ, მომგებიანი ინვესტიციაა გამომცემლობებისთვის. ამგვარი ინვესტიციები მხოლოდ მატერიალურ მოგებას არ ნიშნავს – ბავშვების გემოვნების დახვეწა უფრო საინტერესო, უფრო დიდი  საქმეა. ამას შეიძლება მომავლის ინვესტიციაც დავარქვათ:
“ჯერ კიდევ ბავშვობაში რვეულებში ვიწერდი ლექსებს და ვაფორმებდი. დედას შენახული აქვს ეს მცირე “არქივი”. მერე, დაახლოებით 2000 წელს, “დილაში” მიმიყვანა ახლობელმა, მიმიღეს და ბედნიერი ვიყავი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში თითო-თითო გვერდს ვაფორმებდი. ეს ჩემთვის დასაწყისივით გახლდათ. მერე ერთხანს ჩემთვის ვხატავდი საბავშვო თემატიკაზე. ერთხელ, დიდი ხნის წინ, მე და მაკა მიქელაძე ერთმანეთის მეზობლად ვისვენებდით აგარაკზე. დროს კი ასე ვკლავდით: მაკამ ჩემი ილუსტრაციის ტიპის ნახატები ნახა და ამით შთაგონებულმა, რამდენიმე ლექსი დაწერა. დაგვიგროვდა ასეთი ლექსები და განვიზრახეთ მათი გამოცემა. სწორედ მაშინ ინერგებოდა საქართველოში კარგი ხარისხის გამოცემის პრაქტიკა. სერიაც გავაკეთეთ – ოთხი სხვადასხვა ფორმის წიგნი: მზის ფორმისა – მზის ბავშვის ამბავი, მთვარის ფორმისა – მთვარის ბავშვის ამბავი, ვარსკვლავისა – ვარსკვლავის ბავშვის ამბავი და ღრუბლისა – ღრუბლის ბავშვის ამბავი. დიდი მონდომებით შევუდექით საქმეს, მაგრამ წიგნად ჯერ არ გამოგვიცია, თუმცა გამომცემლებს მოეწონათ. თუ გამოვეცით, ბევრი რამის შეცვლა მომიწევს, რადგან ძველ ნამუშევრებს უკვე კრიტიკული თვალით ვუყურებ, ეს კი საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამგვარად გაფორმებული წიგნი იმდროინდელი საქართველოსთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იქნებოდა. 

2007 წელს პირველად მოვხატე სერიოზული წიგნი – “ბერძნულ-რომაული მითები”, რომლის ტექსტიც ასევე მაკა მიქელაძეს ეკუთვნის. ეს “ბაკურ სულაკაურის” პროექტი გახლდათ. გამაკეთებინეს რამდენიმე საცდელი ილუსტრაცია, მოეწონათ და ამიყვანეს. თავად არ ვარ აქტიური პიროვნება და მიჭირს გამომცემლობაში ამბიციებით მისვლა. პროექტმა გაამართლა, დღემდე კარგად იყიდება ეს წიგნი. ვთანამშრომლობ სულაკაურის და “პალიტრის” გამომცემლობებთან. 
მულტფილმებიდან გამომდინარე, ბავშვები უფრო პრიმიტიულ ტიპაჟებს ამჯობინებენ, რასაც აწვდიან, ის მოსწონთ. მე ძველი, კლასიკური ილუსტრაციები მირჩევნია. კარგი ნახატების გარეშე ბავშვს გემოვნება ვერ დაეხვეწება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში ხელოვნების სწავლება და ბავშვებისთვის მისი სწორად, მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება. გული მწყდება, რომ ხელოვნება ისევე იჩაგრება, როგორც, მაგალითად, ფიზაღზრდა: თუ ფიზიკური უნარები, რომლებიც არაგონებრივ, სავსებით ხორციელ რესურსებს მოითხოვს, ყველა ბავშვისათვის ვერ იქნება ადვილი საქმე, არც ისე რთულია, თითოეულმა ბავშვმა თავი გაართვას საგანს, რომელიც არა კუნთების, არამედ გონების მუშაობის შედეგად იქნება მისაწვდომი”.
ნინოს ნახატებში “მომავლის ინვესტიციის” დაბანდება ერთ ჩეხ ქალბატონსაც სურდა, რომელიც ნინოს ინტერნეტით დაუკავშირდა და ცნობილი გადაინგლისურებული ჩეხური ზღაპრის დასურათება შესთავაზა. შეთანხმება შედგა, თუმცა საგამომცემლო სირთულეთა გამო წიგნი ვერ გამოიცა: 
“ილუსტრაციები დიდხანს მეწყო, მერე იმ ქალისგან ნებართვა ავიღეთ, ქართულად გვეთარგმნა და გამოგვეცა. “პალიტრა L-ს” მოეწონა ძალიან და სულ რამდენიმე კვირაა, რაც წიგნის თაროებზე იან კარაფიატის “ციცინათელები” გამოჩნდა.

მე საბავშვო მხატვარს მიწოდებენ, თუმცა ჩემს ნახატებზე მეტი რეაქცია უფროსებს აქვთ. ილუსტრატორი ნამდვილად საბავშვო ვარ. არიან მხატვრები, რომლებსაც არ ადარდებთ ხალხის რეაქცია და არ აქტიურობენ, არ მართავენ გამოფენებს, ჩემთვის კი ეს პრაქტიკა მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია ახალი იდეებიც, მაგალითად, დედა-შვილის დუეტი: მინდოდა, “შობის დილიდან” ერთ პერსონაჟზე, დიდთვალება გოგოზე დამეწერა, საინტერესო ტიპაჟია და მისი ამბები პატარებს, ვფიქრობ, დააინტერესებდათ. ჩემს თექვსმეტი წლის შვილს, რომელსაც წერა ემარჯვება, ვთხოვე, ერთად გვემუშავა ასეთ პროექტზე – ის დაწერდა, მე დავხატავდი. შეშინდა, ვერ გამომივაო…”
ოჯახის გარემოცვაში მუშაობა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები მეტისმეტად პატარები არიან საიმისოდ, რომ გაიგონ: მათი დედა მხოლოდ დედა არ არის, მხატვარიცაა.
“როცა მივხვდი, რომ არ მექნებოდა მუშაობისთვის იდეალური პირობები: დიდი, ნათელი სახელოსნო თბილისის ლამაზი ხედით და ბევრი სიმშვიდე, – გადავწყვიტე, ყოველგვარ სიტუაციას მოვრგებოდი და გამომივიდა. მართალია, ყოფითი, ყოველდღიური წვრილმანები მეხება, რადგან ოჯახი მაქვს, მაგრამ ვინაიდან არსად ვმუშაობ დილიდან საღამომდე მკაცრად განსაზღვრული რუტინული გრაფიკით, სახატავად დრო ნამდვილად მრჩება.
ის კი აუცილებლად უნდა დამრჩეს, რომ ადამიანებისგან დადებითი მუხტი მივიღო. ერთმა კარგმა მხატვარმა მითხრა, რა წარმატებული გამოფენა გქონდაო და მეორე დაეთანხმა, ჰო, მოენატრა ხალხს ლირიკაო. ჩემთვის ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ფართო მასებისთვის არ არის განკუთვნილი და არც მხოლოდ თვალს ახარებს – ბევრი გამოცდილი ფერმწერისა თუ ხელოვნებათმცოდნისგან გამიგონია გულწრფელი აღტაცება. ძალიან მნიშვნელოვანი, სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ჩემი და ზაზა აბზიანიძის წარდგენაც ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. ვნახოთ, რა იქნება”.
ნინოს დარჩენილი დრო ჩვენ გვეკუთვნის: მათ, ვისაც მოენატრა ლირიკა, მათ, ვისი ბებიებიც ისეთივე ტკბილები და დანაოჭებულები იყვნენ, როგორც მათივე დამზადებული ჩირი, ასხმულებად რომ კიდებდნენ სამზარეულოს კედლებზე, მათ, ვისაც შეეძლო, ბაბუაწვერებში ეთამაშა და ალერგია არ დასწყებოდა და მათ, ვისაც დღეს უკვე ქარის ყოველ შემობერვაზე აცემინებს.
სალომე შენგელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი