პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჯუანშერ ტიკარაძე – პოეტი – მეტამორფოზა

თამარ კაციტაძე

ის მასწავლებლად მუშაობდა

ქალაქის ერთ არაფრით გამორჩეულ სკოლაში
და წლიდან წლამდე ხდებოდა თანამონაწილე
ერთი და იმავე გაცვეთილი სასწაულის:
ფაიფურის ფაქიზი ანგელოზები
მის თვალწინ კარგავდნენ ფრთებს
და ტლანქი ხისგან გამოჩორკნილ მოსამართ თოჯინებს ემსგავსებოდნენ.

– ეს ლექსი, ჯუანშერ ტიკარაძემ წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. თუმცა, მისმა პედაგოგიურმა გამბედაობამ მხოლოდ ერთი თაობის მოსწავლეების გაზრდას გაუძლო და სკოლაში მისი 10-წლიანი მოღვაწეობა, ამ მოსწავლეების სკოლის დამთავრებისთანავე, დასრულდა. მას შემდეგ განათლებით ფილოლოგ, პოეტს მასწავლებლობაზე აღარც უფიქრია. დღეს კი ყოფილი კოლეგებისადმი ერთი მთავარი თხონა აქვს – უყვარდეთ ბავშვები და არასოდეს დაამსგავსონ ისინი “ხისგან გამოჩორკნილ მოსამართ თოჯინებს”.

პოეტი, რომელიც ხელოვანთა საზოგადოებაში, ფაქტობრივად, არ ჩნდება, ლექსების ორი კრებულის ავტორია. ორივე წიგნი თავის დროზე წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია “საბაზე”. მართალია, ჯუანშერ ტიკარაძე ამ პრემიის მფლობელი არ გამხდარა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარი, წერით მიღებული სიამოვნებაა.

 
– საერთოდ არ ვარ საზოგადოებრივი ადამიანი. მიმაჩნია, რომ ადამიანები რაღაც ნიშნით არ უნდა დამეგობრდნენ. ასეთი გაერთიანებების არ მესმის და არც მომწონს. ჩემთვის სიმოვნება არის ის, რომ მე თვითონ ვწერ. სულ არ განვიცდი, ვინ რას იტყვის. ეს დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ჯერ კიდევ იქიდან, როცა წერა დავიწყე. პირველი ლექსი სკოლის დამთავრების შემდეგ დავწერე. მამაჩემი, მწერალი ჯუმბერ ტიკარაძე, იყო მწერალთა კავშირის წევრი, მოწონდა საზოგადოებრივი ცხოვრება და სულ მეუბნებოდა, გამოაქვეყნე რაიმეო. მაგრამ, როგორც ჩანს, “მამათა და შვილთა ბრძოლის” გამოც, არავითარი სურვილი არ მქონდა დამებეჭდა ლექსები. ჩემი მკითხველები ჩემივე მეგობრები იყვნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი მუშაობა დავიწყე მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელობით კოლეგიაში. ამ შენობაში იყო “ცისკარი”, მისი დამატება “ნობათიც”, სწორედ აქ გამოქვეყნდა ჩემი პირველი ლექსი, გივი ალხაზიშვილმა მაიძულა და უარი ვერ ვუთხარი.

– თქვენი პოეზიის უდიდესი ხიბლია სულიერი ემოციის ზუსტად და მძაფრად გადმოცემა, რომელიც არასოდეს ავიწყდება მკითხველს, თუ ერთხელ მაინც წაიკითხავს თქვენს ლექსებს

მწერლობაში დაახლოებით 30 სიუჟეტია, თავისი განშტოებებით. პოეზიაში ეს რიცხვი კიდევ უფრო მცირდება. ძირითადად, პოეზია სამ თემაზეა დაყრდნობილი – მე მიყვარს, მე მძულს და უარყოფა, შემდეგ მოდის ვარიაციები, უზარმაზარი მრავალფეროვნებაა. მთავარია, როგორ ამბობს პოეტი და როგორ გადმოსცემს განწყობას, თორემ, სათქმელი დიდი ხნის წინ არის ნათქვამი, ახალს ვეღარაფერს იტყვი. ადამიანი როცა იწყებს წერას, ჰგონია, რომ შედევრი შექმნა, მაგრამ, ეს ხომ ასე არ არის, წერასაც სწავლა უნდა – როგორ მიიტან მკითხველთან შენს განცდას და როგორ გადასცემ მას ენერგიას. აქედან იწყება პრობლემაც. მწერალთა უმეტესობა გაუცხოვებას ვერ ახდენს საკუთარ თავთან, რომ კითხველის თვალით შეხედოს საკუთარ ნაწარმოებს – ესეც პრობლემაა. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ გიწევს სვლა იმისკენ, რომ შენი სათქმელი თქვა და გქონდეს შენი სტილი, რითაც განსხვავდები სხვებისგან.
– ალბათ, ამ გამოცდილების გაზიარება ხშირად გიწევს დამწყები პოეტებისთვისაც

კი მოდიან ბავშვები, მაკითხებენ თავიანთ ნაწერებს და მეკითხებიან აზრს. მათაც ამას ვეუბნები, უნდა ისწავლოთ წერა, ბევრი უნდა იმუშაოთ, რომ მიიღოთ შედეგი. უნივერსიტეტში როდესაც ვსწავლობდი, ჩემი ლექტორი იყო მწერალი ოთარ ჩხეიძე. ის მავალებდა, კვირაში ხუთი ლექსი დამეწერა, მინდოდა თუ არა, მეწერინებოდა თუ არა. მაშინ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, ხან მეზარებოდა დავალების შესრულება. მერე მივხვდი, როგორც მხატვარი ავარჯიშებს ხელს, როგორც ფეხბურთელს სჭირდება ვარჯიში, ასეა მწერალიც. დოსტოევსკი ციხიდან რომ გამოვიდა, წერდა, ჩემი სიტყვები გახევებულები არიანო. ბავშვებსაც ამას ვეუბნებოდი, თუ გინდა რაღაცას მიაღწიოთ, უნდა გამუდმებით წეროთ. პოეტმა უნდა გადმოსცეს სიტუაციური განწყობა, არ არის აუცილებელი კონკრეტული სიტყვით თქვა სათქმელი, მკითხველიც უნდა ააზროვნო.
იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე მწერლად ან პოეტად, პირველი – საჭიროა ნიჭი, მერე – განათლება და მესამე – შრომის მოყვარეობა.

– განათლების მიღების ერთ-ერთი მთავარი ადგილი სკოლაა, თქვენ როგორ მიხვედი მასწავლებლობამდე?

სიმართლე გითხრათ, მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია. სკოლაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ე.წ. გერმანულ სკოლაში 1990 წელს მივედი, რადგან ეს იყო ექსპერიმენტალური სკოლა და დამაინტერესა. აქ ასწავლიდნენ ახალგაზრდა მასწავლებლები, რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ სასწავლო პროგრამებს, სხვა სკოლებისგან განსხვავებით მოსწავლეებს არ ეცვათ სპეციალური ფორმები და დადიოდნენ თავისუფალი ტანსაცმელით. მოკლედ, სწავლა იყო თავისუფალ გარემოში, თავისუფალი პროგრამებით. პირველად შევედი მეორე კლასში და მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ვასწავლიდით.
საბჭოური სწავლის მეთოდისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი გაწერილი იყო, ამ სკოლაში მთავარი იყო ურთიერთობა. ყველა პედაგოგს ჰქონდა სწავლების თავისუფალი არჩევანის უფლება. ფაქტობრივად, ეს იყო ექსპერიმენტი. თუმცა, ამ გადასახედიდან, მე სკოლებში ექსპერიმენტების მომხრე არ ვარ, რადგან ბავში ერთხელ არის მეორე, კლასში, მესამეში და როდესაც ექსპერიმენტს ატარებ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს დაგეგმილი და გააზრებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეცდომა უარყოფით შედეგის იძლევა, რომელიც 10-15 წლის შემდეგ ვლინდება. ამ ექსპერიმენტის შედეგიც საბოლოოდ აღმოჩნდა ის, რომ ჩვენი სკოლადამთავრებულმა ბავშვებმა რაღაცა მიმართულებით მიიღეს დიდი ცოდნა, მაგრამ რაღაცა მიმართულებით აშკარად ჩამორჩებოდნენ ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეებს. ეს დაბალანსებული და გათვლილი არ იყო.

– მოსწავლეებმა თუ იცოდნენ თქვენი შემოქმედებითი მხარე. და საერთოდ, ახდენს თუ არა გავლენას მოსწავლეზე ის, რომ მისი პედაგოგი არის შემოქმედებითად გამორჩეული ადამიანი.

იმ პერიოდში მე დიდად პოპულარილი არ ვყოფილვარ, თუმცა მოგვიანებით “არილში” დაიბეჭდა ჩემი ლექსები და ბავშვებმაც გაიგეს. მაგრამ ამით მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილია. მოსწავლისთვის მათვარია, გრძნობდეს შენს სიყვარულს. ბავშვს ვერ მოატყუებ. სიყვარული არ ნიშნავს მისთვის თავზე ხელის გადასმას, ან კარგი ნიშნის დაწერას. მე ძალიან მკაცრი ვიყავი, ხშირად ვსჯიდი მოსწავლეებს, ცემას არ ვგულისხმობ, მაგრამ ბავშვები გრძრობდნენ, რომ რასაც ვაკეთებდი, ეს ყველაფერი მათთვის იყო. ამიტომ, მეც ვგრძნობდი მათ სიყვარულს და დღემდე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მგონია, რომ ბავშვისთვის სიყვარულზე უკეთესი დამატებითი სტიმული არ არსებობს.

– და რატომ დაემშვიდობე პედაგოგობას?

როდესაც სკოლაში მივედი, მეც ისეთივე ახალბედა ვიყავი, როგორც ის ბავშვები. მათთან ერთად ვსწავლობდი, ვიზრდებოდი და როდესაც მთელი კურსი გავიარეთ, მოულოდნელად მივხვდი, რომ თუ კიდევ ავიყვანდი ახალ კლასს, მე ვიქნეობი ჩამოყალიბებული პროფესიონალი და შემდეგ სასწავლო წელს ვეღარ შევძლებდი, რაღაც ახალის აღმოჩენას. მომიწევდა უკვე აღმოჩენილი მეთოდების და ჩამოყალიბებული სტილის გამეორება. მივხვდი, რომ ეს ჩემთვის აღარ იქნებოდა საინტერესო და ბავშვებსაც ვეღარ მოვატყუებდი.

– რას უსურვებთ მასწავლებლებს, რომლებიც დღეს სკოლაში აგრძლებენ მოღვაწეობას?

მე ცუდი მრჩეველი ვარ. ჩემი აზრით, პირველ რიგში მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვი, უნდა იყოს მკაცრი და სამართლიანი. პროფესიონალიზმზე არაფერს ვამბობ, ეს ისედაც ცხადია. მასწავლებლობა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და უზარმაზარი შრომა. მოსწავლე მალე სწავლობს და მალევე ავიწყდება. ბავშვი გაფუჭებული ონკანივით არის, რომელსაც ხელს თუ გაუშვებ, წყალი გაასხამს, ამიტომ სულ უნდა უჭირო, უჭირო ვიდრე, ბოლომდე არ მიიყვან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი