ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რეზო კვესელავა – ბედნიერია ის, ვინც მოძმეს უმსუბუქებს მდგომარეობას

– თქვენ ერთხანს მუშაობდით “ქართული ფილმის” I შემოქმედებითი გაერთიანების მთავარ რედაქტორად და სამხატვრო საბჭოს წევრად, ახლო ურთიერთობა გქონდათ ბევრ კინორეჟისორთან, მსახიობთან, მწერალთან, ლიტერატურისმცოდნესთან, თავადაც აქტიურად მონაწილეობდით ფილმების შექმნასა და ლიტერატურულ საქმიანობაში. გვაინტერესებს, რა როლს აკისრებთ ხელოვნებას საზოგადოების განვითარებაში და რატომ შესუსტდა მისი გავლენა დღევანდელ საქართველოში?
– დროება შეიცვალა, და საკმაოდ სწრაფად. დღეს ტექნიკური სასწაულების დროა. ტელევიზიამ და კომპიუტერმა მაგარი დარტყმა მიაყენა მხატვრული სიტყვის ოსტატებს – შეუმცირა მკითხველი. მოვესწარი იმ დროს, როცა სოფლისა და ქალაქის სამკითხველოებს აწყდებოდა მკითხველი საზოგადოება. სასურველი წიგნებისთვის რიგი იდგა. კინოთეატრები მუდმივად სავსე იყო მაყურებლით. ბევრი პირდაპირ იატაკზე იჯდა ფეხმორთხმით. თუმცა გემოვნებიანი მკითხველი და მაყურებელი ყოველთვის ცოტა იყო. ხარისხი ელიტარულია. საქართველოში ჯერ კიდევ წიგნისა და ფილმის კულტი იყო გამეფებული, როცა პარიზში მხატვრული სიტყვის გავლენის შესუსტების გამო, გოდების ხმა გაისმა. გოდებდა რომანისტი ფრანსუა მორიაკი: ზნეობრივი კრიტერიუმები ირყევაო, თუ ღალატი ჩვეულებად იქცა, თუ ერთგულება დასაცინი გახდა და ასე შემდეგ, რას დაემყაროს დრამატურგიაო. მორიაკის ამ აღსარებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტმა განვლო. ზნეობრივი საფუძველი უფრო შეირყა. 
ადამიანის დამცირება, თვით მოკვდინებაც, ჩვეულებრივ საქმედ იქცა. განა ასეთ ატმოსფეროში დაიწერებოდა ილია ჭავჭავაძის “სარჩობელაზედ”, რომლის პროვინციელი გმირი-გლეხკაცი ადამიანის მოსაკვდინებლად აღმართული სახრჩობელის რეალობას ვერ იჯერებს და ფაქტი ილუზია ჰქონია.
სულ ახლახან ჩვენს სოფელში, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მთელი სოფელი გლოვობდა. დღეს?.. ვაი, ცოცხლად დარჩენილს, მან თავის თვალით იხილა “მგლოვიარე” თანასოფლელები! ამ, მორალური ფასეულობათა დაცემის ხანაში, მწერალმა ოთარ ჩხეიძემ შესანიშნავი რომანები შექმნა, თანაც ისეთი ფორმის რომანები, სადაც იოტის ოდენს ვერაფერს იპოვნის იაფფასიანი სენსაციების მოყვარული მკითხველი. მწერალმა შეუძლებელი შესძლო, რომანს შეუნარჩუნა კლასიკური ხარისხი და სიწმინდე. მისი მთავარი იარაღია იუმორი, ირონია და გოდება საქართველოს ბედის გამო. ტენდენცია გასაგებია თითქოს, მაგრამ ოთარ ჩხეიძის გაგება დიდ გონებრივ მუშაობას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ქართულ მხატვრულ სიტყვას ემსახუროს, სერიოზულად მოკიდებს ხელს მისი შემოქმედების შესწავლას.
– მწერლობას, როგორც თვითგამოხატვის იარაღს, დღესაც კიდევ უფრო აქტიურად მიმართავენ ახალგაზრდები, თუმცა არ გვაქვს უამრავი სამწერლო ჟანრი და მაღალმხატვრული ნაწარმოებები იშვიათად იქმნება. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
– მიზეზი იგივეა: ზნეობრივი საფუძვლების მკვეთრი რყევა! საზოგადოების დიდი ნაწილი, უფრო მეტად ახალგაზრდები, ინდიფერენტიზმმა და წვრილმანმა ეგოიზმმა მოიცვა. და თუ მაინც იქმნება მაღალმხატვრული ნაწარმოები, ეს სასწაულის ფენომენს უნდა განეკუთვნოს. ეს სასწაულია! ამ, ასე ვთქვათ, ბურუსის გასაფანტავად მარტო ყმაწვილური ექსტაზი და მახვილგონგიერება არ კმარა. გახსოვთ, რა უთხრა დოსტოვსკიმ ახალგაზრდა მწერლებს? “ტანჯვაა საჭირო, მეგობრებო, ტანჯვა”. ხელოვნურად, ტყუილია, ვერ დაიტანჯები. თანაც, ბედისგან რჩეული პიროვნება გრძნობს პასუხისმგებლობას, აი, ისეთს, ბარათაშვილთან რომ აცხადებს ნაპოლეონი: “ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!” მართალია, ახალგაზრდები მიმართავენ მწერლობას, როგორც თვითგამოხატვის იარაღს, მაგრამ მთავარია, რას გამოხატავენ. რომ შეიძლებოდეს “შინაგანი სიცარიელის” ტანჯვის ხარისხში აყვანა, მაშინ, იქნებ, სხვა სურათი გვქონოდა. რობერტ ფროსტმა უფრო ნათლად გამოხატა ეს გრძნობა ლექსში “შიში ქარბუქის წინ”. სიტყვასიტყვით:
“თოვს, თოვს, რა უცებ მოვიდა ღამე…
მე არ მეშინია კოსმოსის სიცარიელის:
ვარსკვლავებზე ადამიანთა მოდგმა არ ცხოვრობს,
მე ჩემი მაქვს სიცარიელე,
აი, ეს მასხამს სიმწრის ოფლს.”
ჩვენ გვყავდა და გვყავს კარგი მწერლები. მაგალითად, რეზო ინანიშვილი. ხომ მომხიბვლელია მისი ნაწერები? წერდე ასე მარტივად და შთაგონებით, ეს უნიკალურია. მწერალი თავისებურად გულუბრყვილო უნდა იყოს. მწერალი ის არის, ვისაც ასჯერ მოატყუებენ, თვითონ კი ერთხელ არ მოატყუებს არავის. ეს თავის თავზე თქვა გიორგი ქუჩიშვილმა. ტყუილად როდი მეგობრობდა მასთან გალაკტიონი. მწერალი მიმნდობია და, ამავე დროს, მომტყუებელზე უკეთ ერკვევა ყველა სივერაგეში.
– თქვენ ათეული წლები გიწევდათ ურთიერთობა ახალგაზრდებთან, სად ვუშვებთ მათი აღზრდის დრო შეცდომას?
– ეს იძულებითი ურთიერთობა იყო. ძნელად ვიტან ხალხმრავლობას.
უკიდურესად ცუდ დღეში ვიყავით ჩაცვენილები. არავითარი სამუშაო, თუ რამეს დაწერ, არავითარი ჰონორარი. დაღუპვისგან ივანიშვილის ჯგუფმა მიხსნა. გვიხსნა… სტუდენტს პატივს ვცემ, განსაკუთრებით იმას, ვისაც უყვარს ხელოვნება. ძნელ დროში მოუწიათ მათ ცხოვრებამ. იდეალი გაქრა, თითქოს ასეთი რამე არც არასდროს ყოფილა. ფინანსებიც გაქრა. კინო კი ინდუსტრიაა. როგორ უნდა გადაიღო ფილმი? სტუდენტები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და იღებდნენ პატარა-პატარა ეტიუდებს. ბევრმა ვერ გაუძლო, დაიფანტნენ. საბრალოა სტუდენტი, მისი ორგანიზმი ჯანსაღია, ფიზიკა ოპტიმისტურად არის განწყობილი, გარემოება კი პესიმისტურია.
ახალგაზრდების აღზრდა აზრად არ მომსვლია, მაგრამ რაღაც გავლენას მათზე უსათუოდ ვახდენდი. მე მხოლოდ მათი გემოვნების დახვეწას ვცდილობდი, მაგრამ სწავლების არავითარი მოწესრიგებული მეთოდი არ გამაჩნდა. მხოლოდ ექსტაზით გავდიოდი ფონს. და ეს მომაბეზრებელია. იყვნენ ნიჭიერი ყმაწვილები, დრო გავიდა, მაგრამ მათი სახეები არ შემინიშნავს ტელეეკრანზე, არც გაზეთის ფურცლებზე. დროდადრო ვფიქრობ მათზე, სად არიან, რას აკეთებენ, რა ბედი ეწიათ… ესაა და ეს.
– ჩვენი საზოგადოება მუდმივად საუბრობს ქართული განათლების სისტემის პრობლემატურ საკითხებზე, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა თქვენი დროის სკოლასა და თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებს შორის?
– დღევანდელობა უპირატესობას ტექნიკას ანიჭებს. ამერიკული პრაგმატიზმის პრინციპია: ჭეშმარიტია ის, რასაც სარგებლობა მოაქვს. ტექნიკის ცოდნას დიდი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ ტექნიკით სულის გაჟღენთა, სახიფათოა. ჰაიდეგერის აზრით, იმ საფრთხის მიზეზი, რასაც „მანქანები და სხვა ათასგვარი მოწყობილობა იწვევს, თვითონ ადამიანის არსშია: ადამიანი სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ თავისი სურვილების დაკმაყოფილების მასალად თვლის, ხოლო ბუნების საიდუმლოებას ტექნიკის ყველა საშუალებით ებრძვის. ხსნა, თუ ის საერთოდ შესაძლებელია, მდგომარეობს ადამიანის აზროვნების ორიენტაციის შეცვლაში”.
და აი, ადამიანის აზროვნების ორიენტაციის შეცვლას შეუდგნენ. ოღონდ, სამწუხაროდ, არა იმ მიმართულებით, რასაც გვირჩევს დიდი ფილოსოფოსი, არამედ, სწორედ, მისი რჩევის საწინააღმდეგოდ: ადამიანის სურვილების სრული აღვირახსნით, “მომეც სურვილთა დათმობა” კი არა, არამედ მომეც ჩემი ბნელ ქვეცნობიერის ლეგალიზაციის უფლება.
ჩვენი სკოლა კონსერვატიული იყო და საკმაოდ უპრეტენზიოც. ჩვენი მასწავლებლები არსებითად ყაზბეგის, ილიას, აკაკის, დავით კლდიაშვილის წიგნებზე იყვნენ აღზრდილნი. ჩამორჩენილობას თავისი დადებითი მხარეც აქვს, ბევრი რამ არ ვიცოდით, არც ნარკომანია, არც კარიერიზმი და დემაგოგია, არც ტერორიზმი… ნეტავი, ბევრი რამ არ გვცოდნოდა და ცოტა ხანი კიდევ გვეცხოვრა რობიზონ კრუზოს სამყაროში. განა ფლობერი ჰაერში ამბობდა: ყოველი განვლილი დღე უარესია წინა დღეზეო. რეზო ინანიშვილს არაერთხელ დაუწერია და ჩემთვისაც უთქვამს, – სიკეთის ნამცეცებს ვაგროვებო. ამიტომაც მის მხატვრულ სამყაროს პატრიარქალური იერი დაჰკრავს.
 
ბრძანებთ, დღეს ბევრი ლაპარაკია განათლების სისტემის პრობლემატურ საკითხებზეო. ბევრს იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ფეხქვეშ მყარ ნიადაგს არ გრძნობენ. ყველაფერი თვალისდახამხამებაში იცვლება. იაპონელმა პოეტმა ბაშიომ როდის-როდის თქვა: – თუ არ იცი, რა არის უცვლელი, საყრდენს კარგავ, თუ არ იცი, რა არის ცვალებადი, სათანადო სტილს.
ტელევიზიამ და ინტერნეტმა ხელში ჩაიგდო სუსტი სულები და ერთბაშად გარდაქმნა ისინი. ძველი ცინიკური იუმორი – წუთისოფლის შვილები ვართ, მალე წავალთ ამქვეყნიდან, ამიტომ: კარგი ვსვათ და კარგი ვჭამოთ, ამის მეტი რა შეგვრჩებაო – სახელმძღვნელოდ იქცა ბევრისთვის.
– იქნებ გაიხსენოთ თქვენი მოწაფეობის წლები, რამდენად განსაზღვრა სკოლამ თქვენი პროფესია, თქვენი ჩამოყალიბება პიროვნებად?
– სკოლა ცხოვრების ნაწილია და მისი გავლენა გარდაუვალია. ჩემს (და არა მარტო ჩემს) მასწავლებლებზე არაერთხელ დამიწერია და როცა ვიგონებდი მათ, საამო წუთები განმიცდია. ცუდი მასწავლებელი არ გვყოლია. მაინცდამაინც ბეჯითი მოსწავლე არ ვყოფილვარ. ლიტერატურა მიყვარდა, წიგნი მიყვარდა და კალამიც მიყვარდა, რითაც წიგნი იწერებოდა. განა არ ვიცოდი, რომ წიგნს გონება წერდა, მაგრამ იმასაც ვფიქრობდი, რომ კალამსაც წვლილი მიუძღვის წიგნის შექმნაში. ერთი სტუდენტი ჩამოვიდა თბილისიდან სოფლად, საკურსოს დასაწერად.
შუაცეცხლს ვუსხედით. სტუდენტი წერდა და წერდა, თვალს არ ვაშორებდი მისი კალმის მოძრაობას ქაღალდზე. ასე გაგრძელდა მთელი კვირა, თქმით არაფერი მითქვამს მისთვის, მაგრამ, ეტყობა, იგრძნო ჩემი მდგომარეობა და, როგორც კი სამუშაოს მორჩა, დამიბარა და საწერკალამი მაჩუქა. ასევე დამამახსოვრდა აკაკი გაწერელიას საწერკალამი. ორიოდე დღით ჩამოვიდა სოფელში და თან თავისი ნაშრომის – “მახვილი ქართულ ლექსში” კორექტურა ჩამოიტანა ჩასასწორებლად. მთელი მასალა და საწერ-კალამი დაბალ სკამზე დაალაგა. ბედნიერ კაცად მიმაჩნდა, შეეძლო დაეწერა და გამოექვეყნებინა კიდევაც. აკაკის უყვარდა საწერკალამი და თუ გაუცვდებოდა, შეინახავდა, არავითარშემთხვევაში არ გადააგდებდა. როცა აკაკის ნათესავს, არაბეთში გადახვეწილ მიშა გაწერელიას საშუალება მიეცა, აკაკის დამასკოდან ოქროს საწერკალამი გამოუგზავნია. ამ საჩუქარს აკაკი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ისიც კარგად მახსოვს, კონსტანტინე გამსახურდია როგორ ელოლიავებოდა თავის ძვირფას ავტოკალმებს. ხუმრობით იტყოდა: ავტოკალამსა და ცოლს ვერავის ვათხოვებო. ამოიღებდა გულის ჯიბიდან ავტოკალამს და მის თავგადასავალს გვიამბობდა. ნამდვილად, ავტოკალამი იმხანად სულიერ არსებად გვევლინებოდა. ნეტავი იმ დროს, ავტოკალამი ძნელი საშოვარი რომ იყო! 
ადამიანის აღზრდაში უარყოფითი ემოციებიც მონაწილეობს. ხშირად მაგონდება ბაბუაჩემის დაბამბული ყურებიანი ქუდი, რომელიც აბუჩად აიგდეს ბავშვებმა. ზამთრის მშრალი ამინდი იდგა, ბაბუას ქუდი მეხურა და ბურთს ვთამაშობდით. ერთი უფროსი ბიჭი ზურგიდან მომეპარა, ქუდი გადამაძრო და წაიბურთავა. სხვებმაც მიჰბაძეს და დაიწყეს ქუდის გორება. ცრემლიანი დავსდევდი მათ და ვეხვეწებოდი, ქუდი დაებრუნებინათ. ამაოდ. რახან მე ბაბუა მიყვარდა და განვიცდიდი მის გარდაცვალებას, ამიტომაც დამსაჯეს. ამ აქტმა უფრო გულჩათხრობილი გამხადა.
– ჩვენი თაობა გაიზარდა თქვენი მონაწილეობით შექმნილი ფილმების მიხედვით, თქვენ რაზე გაიზარდეთ?
– ფილმები ჩვენზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენდა. ფილმის ხარისხს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სიცივისგან გათოშოლები საათობით ვიდექით კინოთეატრის ფოიეში. ბილეთის ფული არ გვქონდა, ველოდებოდით რომელიმე გულმოწყალე ადმინისტრატორს. თითქოს შემთხვევით გამოივლიდა კინოთეატრის დირექტორი კოლია მანჯგალაძე, გასცემდა ბრძანებას და დარბაზში შეგვრეკავდნენ. ფილმი უკვე გადიოდა. თანაც ბატონი კოლია ადმინისტრატორს უწყრებოდა, აქამდე რატომ არ შეუშვით ბავშვებიო. ომი იყო და სამხედრო ფილმებს უჩვენებდნენ. გერმანელის ეკრანზე გამოჩენა შიშს გვგვრიდა. იმდენ საზარელი ამბები მოუყოლიათ, რომ ძილშიც ჩაგვესმოდა გერმანელი ჯარისკაცის ავი მეტყველება. ის ფილმები, რომლის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი, მაგ. “ვედრება”, ჩემი დღესასწაული იყო. ნამდვილად ამ ფილმზე გავიზარდე. ხოლო ძველი ფილმები: “მამის მკვლელი”, “ელისო”, “ქრისტინე”, “ჯანყი გურიაში”, “არსენა”, “გიორგი სააკაძე”, “ქეთო და კოტე”, “ჯარისკაცის მამა”, “დაკარგული სამოთხე”. თითოეული ასჯერ მექნება ნანახი. არსებობს ნიჭიერი ფილმები ელდარ და გიორგი შენგელაიების, საშა რეხვიაშვილის, რეზო ესაძის, მიხეილ კობახიძის, გუგული მგელაძის, ნანა მჭედლიძის, შოთა მანაგაძის, ლანა ღოღობერიძეს, კოლია სანიშვილის, ვახტანგ ტაბლიაშვილს, მაკაროვისა და სხვათა, რომელთაც ყოველთვის ვნახავ. მე ამ ფილმების ფორმალური მხარე კი არ მხიბლავს, არამედ კოლორიტის სისუფთავე და ზოგჯერ, მიამიტი დამოკიდებულება მასალისადმი. ორად-ორი ფილმი, რომელიც ზეპირად დამამახსოვრდა: ჩარლი ჩაპლინის “დიდი ქალაქის ჩირაღდნები” და ვიტორიო დე-სიკას “მილანის სასწაულია”.
ხშირად მაგონდება ერთი კადრი დე-სიკას ფილმიდან: “პური და ფანტაზია”. გარნიზონის მეთაური გენერალი (მას თავად დე-სიკა თამაშობს) შენიშვნას აძლევს ბაზარში მოვაჭრე ურჩ ქალიშვილს (ლოლობრიჯიდა თამაშობს), რომელიც აგრესიულად თავს იმართლებს და საშუალებას არ აძლევს გენერალს, ხმა ამოიღოს. ლოლობრიჯიდა ულამაზესია ამ დროს. გენერალი იხიბლება და რისკს ეწევა: – მიყვარხარო, – ეუბნება, გაუბედავად. – რა? რა? – უყვირის ლოლობრიჯიდა. – არა, არაფერი! – პასუხობს სახტად დარჩენილი გენერალი.
კადრში მუსიკა არ ისმოდა, მაგრამ ეს კადრი იყო მუსიკა.
დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მაგრამ რეალობამ მალე აჩვენა თავისი სხვა საშიში მხარე: სიშმაგემ სხვა მიმართულება მიიღო. ერთ “მშვენიერ” დღეს გავიარე კინოსტუდიისკენ და რა ვნახე: პავილიონის წინ, ბალახებში, ეგდო მკვდარი ცხენი, რომელსაც თავი გამოუჩენია ბევრ ფილმში. შიმშილისგან მოკვდაო, მითხრეს. დამშეული ძაღლები ძლივს მოვაშორეთ. ასეთი იყო იმჟამად ე. წ. კულიორ ლოკალი – ჩვენებური კოლორიტი.
– რა მიგაჩნიათ ცხოვრების მთავარ ფასეულობად?
– ამ კითხვაზე ორიგინალური პასუხი არ არსებობს. ერთადერთი პასუხია: ქმნა სიკეთისა.
შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქე მდგომარეობა მოყვასს: რომის პაპი ამას გვირჩევს, და მართლმადიდებელიც ამას გვირჩევს. ილიაც ამას გვასწავლის და ვაჟაც, გურამიშვილიც და ბარათაშვილიც. “ვეფხისტყაოსანი”  ხომ სულმთლად ამაზეა აგებული: “რასაცა გასცემ, შენია, რას არა, დაკარგულია”.
ბედნიერია ის, ვინც მოძმეს უმსუბუქებს მდგომარეობას, თუნდაც კეთილი სიტყვით. ასეთ ადამიანს სიკვდილი ვერას დააკლებს.
ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი